15 ნოემბერი 2017 - 02:30

რას ამბობს სელფი თქვენ შესახებ? ციფრული ავტოპორტრეტის ისტორია

სელფი - მობილური რევოლუციის ყველაზე თვალსაჩინო შედეგია. ადამიანები მასობრივად უღებენ საკუთარ თავს ფოტოებს, მაგრამ როგორც ეს ხშირად ხდება, დროსთან ერთად ეს პოპულარული მოვლენა ცუდ ტონად იქცა. ადამიანები სელფების გადაღებას არ წყვეტენ, მაგრამ უნდათ, რომ სოციალურ ქსელებში ასეთი ფოტოები ნაკლები იყოს. საკუთარ სელფებს ისინი აფასებენ როგორც ირონიულს და გულწრფელს, სხვებისას - მეტიჩრობად. მიუხედავად ამისა, სელფი ბევრი “ლაიქის” მოპოვების ყველაზე უტყუარ საშუალებად რჩება: ფოტოებს, რომელზეც ადამიანის სახეა გამოსახული, 38%-ით უფრო მაღალი შანსი აქვს “ლაიქის” მიღების, ვიდრე ფოტოებს ზოგადად სახეების გარეშე. იმავდროულად, ავტოპორტრეტებზე კომენტარის მიღების შანსი 32%-ით უფრო მაღალია.

სელფის ისტორია

ადამიანმა საკუთარი თავის გამოსახვა ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ფოტოკამერებს და სმარტფონებს გამოიგონებდნენ და გაჩნდებოდა სიტყვა ”სელფი”. მხატვრების გამოსახულებები გვხვდება როგორც ძველ ეგვიპტურ ფერწერასა და ქანდაკებაში, ისე ძველ ბერძნულ ლარნაკებზეც. ერთ-ერთი პირველი ავტოპორტრეტი ფარაონ ეხნატონის მთავარმა სკულპტორმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1365 წელს შექმნა. მაგრამ, მხატვრების იდენტიფიცირება მეტ-ნაკლებად ზუსტად შესაძლებელია XV საუკუნის შუა წლებიდან, როდესაც სარკეები და პანელური ფერწერა ფართოდ გავრცელდა. ერთ-ერთ პირველ ავტოპორტრეტად მიჩნეულია ფლანდრიელი მხატვრის, იან ვან ეიკის 1433 წლის ნახატი. ახალი დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტოპორტრეტისტ ვინსენტ ვან გოგს საკუთარი თავი 40-ზე მეტჯერ ჰყავს დახატული.

რაც შეეხება ფოტოაპარატით გადაღებულ პირველ სელფის, ის, სავარაუდოდ, 1920 წელს ფოტოსტუდია Byron Company-ს წარმოადგენლებმა შექმნეს. ეს ფოტო ქსელში ახლახან გაჩნდა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ვინ გამოიგონა სელფი

ტელეფონის კამერამ ფოტოგრაფიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. თანამედროვე სელფის ანალოგი 1997 წელს, ინჟინერ ფილიპ კანის წყალობით გაჩნდა. ის ცოლის მშობიარობას საავადმყოფოში ელოდებოდა. მშობიარობა დიდხანს გაგრძელდა - წყვილმა საავადმყოფოში 18 საათს დაჰყო. კანმა Casio-ს აპარატი გასაშლელ Motorola StarTAC-თან მიაერთა და როდესაც შვილი სოფია შეეძინა, ახალშობილის ფოტო მეგობრებს პირდაპირ სამშობიაროდან გაუგზავნა. 1997 წლისთვის ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო. ფოტოს მცირე უზრუნველყოფა ჰქონდა, ამიტომ მასზე მხოლოდ ბავშვი ჩანს, მაგრამ კანს რომ კადრი თანამედროვე სმარტფონით გადაეღო, ის ნამდვილი სელფი იქნებოდა.



მოგვიანებით მან თანამშრომლობა დაიწყო მობილურების იაპონელ მწარმოებლებთან, შემდეგ კომპანია Sharp-თან, მაგრამ ინჟინერმა პირველი კამერიანი ტელეფონის გამოშვება მაინც ვერ შეძლო, მას Kyocera-მ დაასწრო.

რატომ არ მოხდა რევოლუცია 2000-იან წლებში

მხოლოდ კამერა ტელეფონში საკმარისი არ აღმოჩნდა. ინდუსტრიას ამისთვის კიდევ 10 წელი დასჭირდა. 2010 წელს გავრცელდა სმარტფონები, რომლებიც ფოტოს გაუმჯობესებულ ხარისხს ქმნიდა და ამოქმედდა Instagram-ი - ადამიანებს ფოტოების გადაღების და მათი გაზიარების იოლი შესაძლებლობა გაუჩნდათ. ერთი წლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ გადატრიალება მოხდა - პირველად, სმარტფონმა პოპულარობით Flickr-ის სერვისის კამერას გაუსწრო. 2011 წელს მსოფლიოში გადაღებული ფოტოების დაახლოებით ნახევარი ტელეფონით იქმნებოდა, კიდევ ექვსი წლის შემდეგ კი მობილური ფოტოგრაფიის წილი 85%-მდე გაიზარდა.


იმავდროულად, Instagram-ი სულ უფრო პოპულარული გახდა. ადამიანებს მოეწონათ, რომ მათ მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოებს და სელფის მომენტალური რეაქცია მოსდევდა. ფოტოპროფილებმა პირადი ვებგვერდები ჩაანაცვლა და იქცა ადგილად, სადაც ადამიანი საკუთარ თავს წარმოაჩენს.

სელფი - დიალოგისკენ მოწოდებაა

სელფი - ურთიერთობის სწრაფი, ინფორმაციული საშუალება და იმავდროულად დიალოგისკენ მოწოდებაა. ზოგი შიშობს, რომ ის ეგოცენტრიზმის გამოვლინებაა, სხვებს მიაჩნიათ, რომ ამაში საშიში არაფერია. სინამდვილეში სელფი საკუთარ თავზე გარედან დაკვირვების და იმის გაგების საშუალებაა, თუ როგორ გვხედავენ სხვები და როგორებად გვინდა წარვდგეთ გარესამყაროს წინაშე.
 

სელფი უფრო მეტია, ვიდრე ავტოპორტრეტი

ის, რომ სელფი უფრო მეტია, ვიდრე ავტოპორტრეტი, უკვე ბევრჯერ დადასტურდა: სელფი - რეპორტაჟია. ფერდინანდ პუენტესმა სელფი გადაიღო მაშინვე, როგორც კი თვითმფრინავმა, რომლითაც ის მგზავრობდა ჰავაისთან ახლოს კატასტროფა განიცადა. პუენტესს ორმაგად გაუმართლა: ის გადარჩა და იმავდროულად, მსოფლიოში სახელი გაითქვა, როგორც ყველაზე ოპერატიული რეპორტაჟის ავტორმა; სელფი - ექსკლუზივია: ასტრონავტმა აკიჰიკო ხოსიდემ საკუთარ თავს ფოტო ღია კოსმოსში გადაუღო; სელფი - ყდაა, მაგალითად, ჟურნალებისთვის Interview ან Playboy; სელფი - ფლეშმობის საბაბია, როგორც ეს გამოჩნდა 2014 წელს Selfie Olympics-ის შემთხვევაში, როდესაც ადამიანები ორიგინალური სელფების გადაღებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ



წყარო: Meduza

სხვა თემები