აღმოსავლეთ უკრაინაში ისევ ომია? ვინ არიან და რას ვერ იყოფენ ლუგანსკის და დონბასის სეპარატისტები
24 ნოემბერს თვითგამოცხადებული ლუგანსკის რესპუბლიკის ლიდერი იგორ პლოტნიცკი თანამდებობიდან გადადგა - ოფიციალური მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია. მანამდე, სეპარატისტულ რეგიონში შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა იყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაუგებარი რჩებოდა, თუ ვინ მართავდა ტერიტორიას - ლუგანსკის ლიდერი იგორ პლოტნიცკი თუ მის მიერ თანამდებობიდან გადაყენებული იგორ კორნეტი. ვის წარმოადგენენ დაპირისპირებული მხარეები, რაზე ვერ თანხმდებიან, რა მიზნები აქვთ?
აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ისევ გრძელდება?
ომი სეპარატისტებსა და უკრაინის რეგულარულ არმიას შორის არ დასრულებულა. არტილერიულ ცეცხლს, პოზიციურ სროლას და შეტაკებებს ყოველდღიურად ეწირებიან სამხედროები და სამოქალაქო პირები ორივე მხრიდან. პოზიციური ბრძოლები დიდწილად მიმდინარეობს დონეცკის და ლუგანსკის მჭიდროდ დასახლებული გარეუბნებში, რის გამოც მშვიდობიან მოსახლეობაში ყოველდღიურად მსხვერპლია.
ყველაზე მძიმე ბრძოლები იყო 2014 წლის აგვისტოში ილოვაისკთან და 2015 წლის იანვარ-თებერვალში - დებალცევოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ამასთან დებალცევოში ბრძოლები 2015 წლის მარტამდე, მინსკის სამშვიდობო შეთანხმების [1] შემდეგაც გაგრძელდა. მაშინ თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებმა რუსული ძალების დახმარებით უკრაინას ქალაქის ტერიტორიის ნაწილი დაათმობინეს და რამდენიმე ასეული უკრაინელი ჯარისკაცი და მოხალისე ალყაში მოაქციეს. დებალცევოს ბრძოლებში სეპარატისტების მხარეს ბურიატიელი ჯარისკაცები იბრძოდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ რუსეთის არმიაში მსახურობდნენ. ერთ-ერთი ასეთი ტანკისტი დონეცკის საავადმყოფოში რუსმა მომღერალმა იოსებ კობზონმა მოინახულა. მასთან ინტერვიუ რუსულ პრესაშიც გამოქვეყნდა.
[1] შეთანხმება რუსეთის და უკრაინის ხელისუფლებებს, არაღიარებულ რესპუბლიკებსა და ეუთოს შორის. ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების თანდათანობით შეწყვეტას, ტყვეების გაცვლას, დონბასში განსაკუთრებული ტერიტორიის შექმნას. პირველ ასეთ დოკუმენტს ხელი მოეწერა 2014 წლის სექტემბერში, მეორეს - 2015 წლის თებერვალში (მანამდე, 2015 წლის იანვარში საბრძოლო მოქმედებები განახლდა).
დონეცკი და ლუგანსკი ცალ-ცალკე რესპუბლიკები რატომ არის და არა - ერთი?
მათ შორის არსებითი სხვაობა თითქმის არ არის. ეს არის ორი მარიონეტული კვაზისახელმწიფო, რომლის უკრაინისგან გამოყოფა 2014 წლის აპრილში, პრორუსულმა აქტივისტებმა, დონეცკსა და ლუგანსკში ადმინისტრაციული შენობების დაკავების შემდეგ გამოაცხადეს. მოგვიანებით, შენობები დაიკავეს ასევე მეზობელ ქალაქებში - სლავიანსკში, კრამატორსკში, გორლოვკაში, მაკეევკაში, ალჩევსკში, სევეროდონეცკში. ორივე რეგიონის ქალაქების ნაწილი უკრაინული ხელისუფლებისადმი ლოიალური დარჩა, ამიტომ ამ “რესპუბლიკების” ტერიტორიები არ ემთხვევა დონეცკის და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებს.
2014 წლის გაზაფხულზე, კრემლთან დაახლოებულმა პოლიტტექნოლოგებმა ახალი სახელმწიფოს - “ნოვოროსიის” შექმნის შესახებ განაცხადეს, რის შემდეგაც, 2014 წლის მაისში ლუგანსკის და დონეცკის სეპარატისტებმა ასეთი სახელწოდების კავშირის შექმნაზე შეთანხმება გააფორმეს. მოგვიანებით, პროექტზე უარი თქვეს. არსებობს ვერსია, რომ კრემლმა მხოლოდ ორი რაიონის საფუძველზე “ნოვოროსიის” შექმნა არასერიოზულად მიიჩნია.
ორივე არაღიარებულმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ უკრაინისგან დამოუკიდებლობა უნდათ. მათი მთავარი მისია - უკრაინის სახელმწიფოებრიობის ეჭვქვეშ დაყენება იყო, მათი გაერთიანება კი არასავალდებულო.
დონეცკის დეფაქტო მმართველი ალექსანდრე ზახარჩენკო დიდი ხანია რაც ლუგანსკის ტერიტორიის მიერთებაზე და გაერთიანებული მიწების მართვაზე ოცნებობს. მან რუსეთიდან მიმავალ ყველა ფინანსურ ნაკადს თავისთან მოუყარა თავი და ისეთი ტერმინიც შემოიღო, როგორიცაა “მალორასია”. ლუგანსკში დღეს არსებული კონფლიქტი, ნაწილობრივ ზახარჩენკოს ამბიციების დამსახურებაა.
ლუგანსკში სამხედრო გადატრიალება მოხდა?
მომხდარი უფრო ორ ძალოვან დაჯგუფებას შორის შეზღუდული რესურსებისთვის ბრძოლაა. ერთ მხარეს ლუგანსკის მოქმედი მეთაური იგორ პლოტნიცკი ხელმძღვანელობდა, მეორეს - “რესპუბლიკის” შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კორნეტი, რომელიც ზახარჩენკოს დახმარებით მოქმედებს.
მხარეებს თავის სიმართლეში მოსკოველი კურატორები უნდა დაერწმუნებინათ. მაგალითად, კორნეტს უნდა დაემტკიცებინა, რომ იგორ პლოტნიცკი არაეფექტიანი მმართველია და თავის შს მინისტრსაც ვერ უმკლავდება. ამ ეტაპზე ბრძოლა პლოტნიცკის გადადგომით დასრულდა, რამაც დაადასტურა, რომ ის, როგორც ლიდერი, ზახარჩენკოზე სუსტი იყო. გადადგომამდე პლოტნიცკი მოსკოვში შენიშნეს. ის მხარდაჭერას, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეძებდა.
ამ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებებს ადგილობრივი მოსახლეობა მხარს უჭერს?
სეპარატისტი მმართველების პოპულარობის განსაზღვრა რთულია. პირველი და ბოლო არჩევნები მათ 2014 წლის შემოდგომაზე ჩაატარეს. აირჩიეს ლუგანსკის და დონეცკის “რესპუბლიკების” პარლამენტები, ასევე დეფაქტო ლიდერები. ყველა კანდიდატი პრორუსული კურსის შესახებ აცხადებდა და მოსახლეობას უკრაინისგან დამოუკიდებლობას ჰპირდებოდა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა უკრაინის ტერიტორიაზე იმ დროს მოქმედ არცერთ პარტიას. ასევე არსად უცხოეთში ამ არჩევნების კანონიერება არ უღიარებიათ. იმავდროულად, ამ ტერიტორიებზე არასდროს ჩატარებულა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კლევები.
სეპარატისტული მთავრობების პოპულარობაზე ადგილობრივ მოსახლეობაში ლაპარაკი რთულია ასევე იმის გამოც, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, დონბასის კონფლიქტის ზონიდან იმ ტერიტორიებზე, რომელსაც კიევის ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, 1,5 მილიონი ადამიანი გადავიდა, კიდევ 750 ათასი - რუსეთში გაიქცა. ეს რეგიონის ხმის უფლების მქონე მოქალაქეების დაახლოებით ნახევარია. ომამდე ორივე რეგიონში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ახლა დონეცკის “რესპუბლიკის” ტერიტორიაზე ცხოვრობს 2,3 მილიონი, ხოლო ლუგანსკის ტერიტორიაზე - 1,4 მილიონი ადამიანი. კიდევ 2,7 მილიონი - ცხოვრობს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
იმის თქმაც არასწორია, რომ დარჩენილებიდან, ყველა არაღიარებული მმართველების მხარდამჭერია. 2015 წლის ივნისში, დონეცკის ცენტრში ომის წინააღმდეგ გამართულმა სტიქიურმა მიტინგმა დაადასტურა, რომ ადამიანები გაჭიანურებული ომით უკმაყოფილოები არიან და სეპარატისტებისგან უკრაინასთან დაზავებას მოითხოვენ. დონეცკის მართველებმა დემონსტრაციას დივერსია და კიევის პროვოკაცია უწოდეს, მონაწილეებს სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრნენ, ხოლო ჟურნალისტები, რომლებიც მიტინგს აშუქებდნენ, ტერიტორიიდან გააძევეს. მას შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები შეწყდა.
მოსახლეობა იქ როგორ ცხოვრობს და რით არსებობს?
2017 წლიდან, უკრაინამ დონეცკის და ლუგანსკის “რესპულიკების” წინააღმდეგ სავაჭრო ბლოკადა აამოქმედა და ისინი სრულად დამოკიდებულნი გახდნენ რუსეთიდან სურსათის მიწოდებაზე. პერიოდულად დონბასში ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება, მათ შორის სამშენებლო მასალები და სხვადასხვა ტიპის პროდუქტი. მოსკოვს მთლიანად თავის თავზე აქვს აღებული ამ ტერიტორიების რჩენა. გერმანული გაზეთი Bild-ი თავის გამოძიებაში წერს, რომ მოსკოვს ეს ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ევრო უჯდება. სეპარატისტული რეგიონების ძირითადი ვალუტა რუსული რუბლია. სკოლა და საავადმყოფოები მუშაობს. სოციალური ინფრასტრუქტურა ომამდელი მუშაობის რეჟიმს დაუბრუნდა, თუმცა დაწესებულებების საერთო რიცხვი შემცირდა.
ცხოვრების პირობები იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რომელ მხარეს დარჩნენ საცხოვრებლად ადამიანები. მაგალითად, დონეცკის “რესპუბლიკაში” მინიმალური პენსია 2,6 ათასი რუბლია (დაახლოებით 445 დოლარი), ხოლო კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე - 1452 გრივნა (დაახლოებით 3,2 ათასი რუბლი ანუ 548 დოლარი). იმავდროულად, ფასები დონეცკში რუსეთთან შესაბამისი გახდა, მაშინ როცა უკრაინაში საქონელზე და მომსახურებაზე უფრო დაბალი ფასებია, ზოგჯერ - 1,5-2-ჯერ. მანამდე, დონეცკის და ლუგანსკის ბევრი მცხოვრები სოციალური დახმარების მიღებას სეპარატისტებისგანაც და უკრაინისგანაც ერთდროულად ახერხებდა, მაგრამ სიტუაცია გართულდა მას შემდეგ, რაც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს და დანარჩენ უკრაინას შორის საზღვრის გადაკვეთის განსაკუთრებული წესები ამოქმედდა.
ამ ტერიტორიების მცხოვრებლები როგორ გადაადგილდებიან? კიევში გამგზავრება შეუძლიათ?
შეუძლიათ, მაგრამ 2017 წლიდან ეს იოლი აღარ არის. ამ “რესპუბლიკებს” და უკრაინას შორის გამყოფი ხაზი მინსკის შეთანხმებებით არის განსაზღვრული, რომელიც დღეს მოქმედი ფაქტობრივი საზღვარია. მისი გადაკვეთისათვის აუცილებელია განაცხადის შევსება და გაგზავნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის. ამ განაცხადში საკუთარ თავზე მონაცემების გარდა, გამგზავრების მიზეზი უნდა იყოს მითითებული. რეგლამენტის თანახმად, პასუხი განმცხადებლებს 10 დღეში უნდა ეცნობოთ, თუმცა პრაქტიკაში ის ერთი თვეც შეიძლება გაჭიანურდეს. დადებითი პასუხის შემთხვევაში “საზღვარზე” გადასვლაც და უკან დაბრუნებაც ოთხი სპეციალური პუნქტიდან ერთ-ერთით შეიძლება. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებსა და რუსეთს შორის საზღვრის გადალახვა უკრაინაში მიმოსვლის რეჟიმის დარღვევად მიიჩნევა, რის გამოც ქვეყნის მოქალაქეები შეიძლება დაჯარიმდნენ, ხოლო უცხოელებს - უკრაინაში შესვლა აეკრძალოთ.
მოსკოვს რა მიზანი აქვს?
“რესპუბლიკების”, სინამდვილეში კი რუსეთის, დეკლარირებული მიზანი - რეინტეგრაცია, კერძოდ - ძალიან ფართო ავტონომიის პირობით ტერიტორიების უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებაა. იმავდროულად, მოსკოვი უკრაინაში პრორუსული კურსის აღდგენას და დასავლეთის გავლენის მაქსიმალურად შემცირებას ცდილობს. უკრაინას, რომელიც ახლა უნიტარული ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ტერიტორიებს დამოუკიდებელი სახელმწიფო სტატუსი ვერ ექნებათ, სახელმწიფოს ფედერალიზაციას და კონსტიტუციაში ქვეყნის უბლოკო სტატუსის ჩანაწერს სთხოვენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ვერ გაწევრდება ნატოში, ხოლო ავტონომიური რეგიონები თავიანთი საშინაო პოლიტიკის წარმოებას შეძლებენ, სურვილის შემთხვევაში კი საგარეო პოლიტიკის წარმოებასაც. მაგალითად, დონბასი და სხვა ტერიტორიები, სადაც დიდწილად რუსულენოვანი მოსახლეობაა, შეძლებენ რუსეთთან ურთიერთობის დამოუკიდებლად წარმოებას. კიევი ამას არ ეთანხმება, რადგან მსგავსი სიტუაცია ქვეყნის მთლიანობას საფრთხეს უქმნის და გარდაუვლად დააბრუნებს უკრაინას მოსკოვის გავლენის ქვეშ.
რუსეთისთვის არ აქვს მნისვნელობა, ვინ იქნება ამ სეპარატისტული რეგიონების სათავეში. არც პლოტნიცკი და არც ზახარჩენკო არ წყვეტენ არაფერს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში. მნიშვნელობა მხოლოდ კრემლის პოლიტიკისადმი ლოიალურობას აქვს. ლუგანსკის ირგვლივ შექმნილ ვითარებაში საინტერესო ის არის, რომ სეპარატისტ მმართველებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთი კურატორი ჰყავთ.
და ვინ არის კრემლში მათი კურატორი?
რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი. ის არის დონბასის და ზოგადად, კრემლში უკრაინის მიმართ პოლიტიკის კურატორი. არაღიარებულ რესპუბლიკებთან მისი მუშაობის ხისტი მეთოდების შესახებ, თავად სეპარატისტებსაც არაერთხელ უთქვამთ. მათი თქმით, ნებისმიერი ზარი მოსკოვიდან აღიქმებოდა, როგორც ზარი ღმერთის კანცელარიიდან და გაცემული დავალება, უპირობოდ და სასწრაფოდ უნდა აღსრულებულიყო. სურკოვი ხშირად ხვდება დონეცკის და ლუგანსკის მოქმედ თუ ყოფილ დეფაქტო ლიდერებს და საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს. ასეთი შეხვედრების და ერთობლივი ღონისძიებების ამსახველი ფოტომასალა ხშირად გამოქვეყნებულა, როგორც რუსულ, ასვე უკრაინულ მედიაში.
იმავდროულად, ვლადისლავ სურკოვი არამხოლოდ უკრაინელი სეპარატისტების კურატორია, არამედ ის აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტ ლიდერებთანაც. 2017 წლის 3 ივლისს, სურკოვი აფხაზეთს “სამუშაო ვიზიტით” სტუმრობდა, მანამდე, 9 ივნისს კი ცხინვალში იყო.