28 ნოემბერი 2017 - 21:03

ელისაბედ მეორე პრინც ჰარის ქორწინების წინააღმდეგი იყო? ხმაურიანი ნიშნობის ისტორია

27 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ოფიციალურად განაცხადა პრინც ჰარის და ამერიკელი მსახიობის, მეგან მარკლის ნიშნობის შესახებ. ნიშნობა დღის მთავარ მოვლენად იქცა. წყვილს მსოფლიოს ლიდერებმა მიულოცეს. კენსიგტონის სასახლის ინფორმაციით, ქორწილი მომავალი წლის მაისში უინძორის სასახლეში იქნება.

პრინცი ჰარი ვინ არის?



ჰარი - პრინც ჩარლზის და დიანა სპენსერის უმცროსი ვაჟია. ის 1984 წლის 15 სექტემბერს დაიბადა, როდესაც მისი მშობლების ქორწინება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ჰარიმ მძიმედ გადაიტანა დედის სიკვდილი 1997 წელს. ძმის, უილიამის მსგავსად, რომელსაც სამეფო ტახტი გარანტირებული აქვს, ჰარისაც ძალიან აწუხებდა მთელი მსოფლიოს ყურადღება მისი ოჯახის ტრაგედიის მიმართ. ცოტა ხნის წინ მან აღიარა, რომ მხოლოდ ახლახან გაუმკლავდა თავის ემოციებს ფსიქოთერაპიის დახმარებით.

პრინც უილიამის ქორწილამდე და მისი შვილის, ჯორჯის დაბადებამდე, პრინცი ჰარი ტახტის მემკვიდრეებს შორის მამის და ძმის შემდეგ მესამე იყო. ახლა ტახტზე ასვლა მას, სავარაუდოდ, საერთოდ არ მოუწევს. უილიამის შვილების შემდეგ ის რიგში მეხუთეა.

უილიამისგან განხვავებით, ჰარი ხშირად სკანდალებში ეხვეოდა და ტაბლოიდების საყვარელი პერსონაჟი იყო. ერთხელ ის კოსტუმირებულ წვეულებაზე ნაცისტის ფორმაში ჩაცმული გადაიღეს. 2006 წელს, სამხედრო სამსახურში წავიდა და საბრძოლო დავალებით ორჯერ გაემგზავრა ავღანეთში, სადაც ავიაციაში მსახურობდა. თუმცა, პირველად მალევე უკან დაბრუნდა მას შემდეგ, რაც გერმანულმა Bild-მა ავღანეთში პრინცის ადგილსამყოფელის შესახებ დაწერა. შემდეგ მან მამის და ძმის მსგავსად ვერტმფრენის მართვა ისწავლა და 2013 წელს პილოტის რანგში მორიგ მივლინებაში გაემგზავრა. არმიაში სამსახური 2015 წელს შეწყვიტა. მას კაპიტნის წოდება აქვს.

სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებული სამეფო ოჯახის სხვა წევრების მსგავსად ქველმოქმედებით დაკავდა და დააარსა "ძლიერთა თამაშები" - საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება ყოფილი და მოქმედი ინვალიდი სამხედროებისათვის (28 სექტემბერს, კანადაში გამართულ "ძლიერთა თამაშებში" ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდსაც შეხვდა). ბოლო წლებში პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარულ და საყვარელ წევრად იქცა.

მეგან მარკლი ვინ არის?



მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში, 1981 წლის 4 აგვისტოს დაიბადა. ახლა ის 36 წლისაა და საქმროზე 3 წლით უფროსია. მსახიობი, მწერალი, საკუთარი ონლაინ-ჟურნალის The Tig-ის მთავარი რედაქტორი (ეს ჟურნალი დაიხურა), კარგი მზარეული და ადამიანი, რომელსაც ხელით დაწერილი ჩანაწერების სჯერა - ასე ახასიათებდა თავის თავს მეგან მარკლი 2015 წელს ჟურნალ Elle-ს სვეტში. იმ დროის ტელეარხ USA Network-ზე უკვე გადიოდა სერიალ Suits-ის მეხუთე სეზონი, რომელშიც მარკლი ამბიციურ იურისტს თამაშობს, რომელმაც თავისი კარიერა ნულიდან შექმნა. სწორედ ამ სერიალის წყალობით გახდა მსახიობი პოპულარული. მანამდე ის რამდენიმე ფილმში თამაშობდა. კოლეგები მას ახასიათებენ, როგორც ჭკვიან, მტკიცე და იმავდროულად, ძალიან სასიამოვნო ადამიანს.

ჰყავს თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლები გაი და ბოგარტი, რომლებიც მუდმივად ჩნდებიან მარკლის Instagram-ზე, რის გამოც თავადაც ქსელის ვარსკვლავებად იქცნენ.

მარკლის დედა აფროამერიკელი დორია რეგლენდია. ახალგაზრდობაში ის ვიზაჟისტად მუშაობდა და ქმარი გადასაღებ მოედანზე გაიცნო. თომას მარკლი ბევრ ფილმსა და სერიალზე გამნათებლად მუშაობდა. ქორწილიდან ორ წელიწადში მათ მეგანი შეეძინათ, თუმცა ორი წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ და მეგობრებად დარჩნენ. მეგანი იხსნებს, რომ მშობლები არასდროს ჩხუბობდნენ და მამას ის ხშირად დაჰყავდა გადაღებებზე. მარკლი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ მისი ფესვები სხვადასხვა კულტურაშია, რაც მისი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

18 წლის მარკლმა ილინოისის უნივერსიტეტში თეატრის და საერთაშორისო ურთიერთობების კურსზე ჩააბარა. კარიერის დასაწყისში, სხვა დამწყები მსახიობების მსგავსად, ბევრს მუშაობდა: სწავლობდა კალიგრაფიას და შეკვეთით მისალოც ბარათებს ამზადებდა, მუშაობდა რესტორანში მიმტანად. პირველად გადაღებებში მონაწილეობა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, მაშინვე გაიცნო ჰოლივუდელი აგენტი და პროდიუსერი ტრევორ ენგელსონი. 2011 წელს ისინი დაქორწინდნენ, მაგრამ ორ წელიწადში დაშორდნენ. მიზეზი მარკლის სერიალ Suits-ში მონაწილეობა გახდა. მას გადაღებების გამო ტორონტოში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა და წყვილი შორ მანძილზე ურთიერთობებს ვერ გაუმკლავდა.

როგორ გაიცნეს ერთმანეთი პრინცმა და მსახიობმა?



2016 წლის ივლისში მეგანი და ჰარი ერთმანეთს ლონდონში საერთო მეგობარმა გააცნო. ეს იყო ტანსაცმლის დიზაინერი მიშა ნონუ (მეგანის გარდა ის, ჩოგბურთელის სერენა უილიამსის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია), რომელმაც წყვილს "ბრმა პაემანი" მოუწყო. ნიშნობის გამოცხადებამდე პირველ ოფიციალურ ინტერვიუში პრინცმა ჰარიმ თქვა, რომ მათ პირველ პაემანს უმალ მოჰყვა მეორეც. რამდენიმე კვირაში ჰარიმ დაარწმუნა მეგანი მასთან ერთად ბოტსვანაზე გამგზავრებულიყო. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში ძალიან ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ვიდრე ამის შესახებ პრესა შეიტყობდა.

მათი ქორწილი მოულოდნელი რატომ აღმოჩნდა?

ჰარის და მეგან მარკლის ურთიერთობის შესახებ პრესამ 2016 წლის ბოლოს შეიტყო. 31 ოქტომბერს, ჟურნალმა People დაწერა, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებიან. დეკემბრის ბოლოს კი პირველად მოხვდნენ ფოტობიექტივში - ლონდონში თეატრში ყოფნის დროს. ამის შემდეგ პრესა მათ ყურადღებით აკვირდებოდა. ოფიციალურ ღონისძიებაზე წყვილი პირველად 2017 წლის მაისში გამოჩნდა, ორ კვირაში კი ჰარი და მეგანი ქეით მიდლტონის დის, პიპას ქორწილშიც ერთად მივიდნენ.

პირველად, მარკლმა პრინცთან ურთიერთობაზე კომენტარი 2017 წლის სექტემბერში Vanity Fair-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში გააკეთა და თქვა, რომ მათ ეთმანეთი უყვართ და ამ ეტაპზე უბრალოდ ერთად ყოფნა სურთ. მაგრამ წყვილს ისეთი ინტენსივობით განიხილავდნენ პრესაში და სოცქსელებში, რომ 8 ნოემბერს სამეფო ოჯახმა მისთვის უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა თხოვნით, დაენებებინათ თავი წყვილისთვის და ეფიქრათ იმ ფსიქოლოგიურ ზიანზე, რომელსაც პრესა მათ თავისი პუბლიკაციებით აყენებდა. კერძოდ კი განცხადება ბრიტანულ ტაბლოიდში The Daily Star-ში გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა სათაურით "ჰარი განგსტერების ნათესავი ხდება: პრინცის ახალი სიყვარული წარმოშობით კრიმინალური კვარტლიდანაა".

სასახლესთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, განცხადება პრინც ჰარის დაჟინებული მოთხოვნის შედეგი იყო, რომელიც ძალიან ნერვიულობდა, რომ ვერ იცავდა მეგანს თავდასხმებისგან. მას მხარი დაუჭირა პრინცმა უილიამმაც.

27 ნოემბერს წყვილმა ნიშნობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ტაბლოიდები ამ მოვლენას დეტალურად განიხილავდნენ.

მართალია, რომ დედოფალი წინააღმდეგი იყო?



დიდი ბრიტანეთის ისტორიაში სამეფო ოჯახის წევრი ამერიკელზე, თანაც განქორწინებულზე, მხოლოდ ერთხელ დაქორწინდა. ბოლო დრომდე უინძორებისთვის ეს წარმოუდგენელი იყო. ედუარდ VIII, რომელიც 1936 წელს მხოლოდ ათ თვეს მეფობდა, აშშ-ის მოქალაქე უოლის სიმფსონზე იყო შეყვარებული და ტახტზე უარი სწორედ მის გამო თქვა. მას რომ მეფობის დროს მაინც გადაეწყვიტა განქორწინებული ქალის ცოლად მოყვანა, ის ანგლიკანური ეკლესიის წინააღმდეგ წავიდოდა, რომელიც მაშინ განქორწინებას არ აღიარებდა.

1772 წლის კანონით, ბრიტანელმა მონარქმა თანხმობა უნდა მისცეს, ან არ მისცეს სამეფო ოჯახის ყველა იმ წევრს ქორწინებაზე, რომლებიც რაიმენაირად ტახტის პრეტენდენტები არიან. მარკლის ბიოგრაფიას, ასევე იმას, რომ მისი დედა აფროამერიკელია, ბრიტანული ტაბლოიდები ასახელებდნენ მიზეზებად, რის გამოც ელისაბედ მეორე პრინც ჰარის არჩევანით უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო. თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი არ არსებობს. სავარაუდოდ, დედოფალი მათ ქორწილს არ დაესწრება, ისევე როგორც არ დასწრებია პრინც ჩარლზის და კამილა პარკერ-ბოულზის ქორწილს, თუმცა ჯერჯერობით ესეც უცნობია. ანგლიკანურმა ეკლესიამ განქორწინებები დიდი ხნის წინ აღიარა, ამიტომ ამ ქორწილის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მეტიც, მეგან მარკლი დედოფალს უკვე შეხვდა.

მეგან მარკლი პრინცესა იქნება?



არა. დიდ ბრიტანეთში პრინცების ცოლები პრინცესები არ ხდებიან, მათ ჰერცოგინიას ტიტულს ანიჭებენ; პრინცესის ტიტულით მხოლოდ იბადებიან. გამონაკლისია უელსის პრინცის ან პრინცესას ტიტული - მას ანიჭებენ სამეფო ოჯახის იმ წევრის მეუღლეს, რომელიც ტახტის პრეტენდენტების რიგში პირველია. მაგრამ ნამდვილი პრინცესის ტიტულს არც ეს ნიშნავს: არც დიანა სპენსერი და არც კამილა პარკერ-ბოულზი პრინცესები არ გამხდარან, მათ "უელსის პრინცესის" ტიტული უბრალოდ მეუღლისგან მიიღეს. ანალოგიური რამ ელის ქეით მიდლტონსაც მას შემდეგ, რაც პრინცი ჩარლზი გამეფდება, ხოლო მისი მეუღლე პრინცი უილიამი ტახტის პირველი პრეტენდენტი გახდება. სავარაუდოდ, წოდებას "უელსის პრინცესა" საერთოდ არ გამოიყენებენ, რადგან ის მტკიცედ დაუკავშირდა დიანას სახელს. მაგალითად, პარკერ-ბოულზი მას არ იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ უფლება აქვს.        

ჰერცოგინიას ტიტულს და პრინცის ცოლის სტატუსს ბევრი ვალდებულება ახლავს, რომლებიც ძირითადად საქველმოქმედო საქმიანობას უკავშირდება. მეგან მარკლმა უკვე განაცხადა, რომ ქორწილის შემდეგ სამსახიობო კარიერას შეწყვეტს და ჰუმანიტარულ პროექტებზე იმუშავებს. 

წყარო: Meduza

სხვა თემები