Facebook-მა ბავშვებისთვის Messenger-ი შექმნა. ეს კარგია თუ ცუდი?
კომპანია Facebook-მა ბავშვებისთვის სპეციალური აპლიკაცია შექმნა. ამ ეტაპზე ის მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები iOS-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. Messenger Kids - უფროსების Messenger-ის გამარტივებული ვერსიაა და დამცავი მექანიზმებითაა აღჭურვილი. მისი გამოყენებისთვის საჭიროა მშობლების თანხმობა. თავად კომპანია აცხადებს, რომ პატარა მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას რეკლამის დამკვეთებს არ მიჰყიდის.
Facebook-ში დღეს 13 წლამდე ასაკის დაახლოებით 20 მილიონი ბავშვია რეგისტრირებული
Facebook-ის წესების თანახმად, ფორმალურად, სოცქსელში ექაუნთის გახსნა 13 წლამდე ბავშვებს არ შეუძლიათ. მაგრამ ამ წესისთვის გვერდის ავლა იოლია. ზოგიერთი მონაცემით, დღეს Facebook-ზე 13 წლამდე ასაკის დაახლოებით 20 მილიონი ბავშვია რეგისტრირებული.
პროექტ Messenger Kids-ის ავტორების თქმით, დღეს ბავშვები ხშირად იყენებენ მშობლების სმარტფონებს და პლანშეტებს, თუმცა უფროსებმა დანამდვილებით არც კი იციან, კონკრეტულად რას აკეთებენ მათი შვილები ქსელში და რა აპლიკაციებზე წვდომა არ არის მათთვის სასურველი. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი პროექტი მშობლებთან თანამშრომლობით და ექსპერტების ხელმძღვანელობით შეიქმნა; რომ აპლიკაციების გაუმჯობესებაზე რჩევებს მათთან კონსულტაციებით იღებდნენ.
Messenger Kids-ს დამცავი მექანიზმები აქვს
პროექტის ავტორების ინფორმაციით, საბავშვო მესენჯერში ჩართულია წინასწარ შერჩეული და ბავშვებისთვის უსაფრთხო GIF-სურათები, სტიკერები, ნიღბები და გრაფიკული რედაქტორი, რომელიც პატარებს კონტენტის რედაქტირების და თვითგამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.
უფროსები შეძლებენ იმ ბავშვებთან კონტაქტს, რომლებიც Messenger Kids-ს იყენებენ, თუმცა ამისთვის მათ მშობლებისგან თანხმობა დასჭირდებათ, ამასთან, უფროსები პატარებისგან შეტყობინებებს ჩვეულებრივ Facebook Messenger-ში მიიღებენ.
6-დან 12 წლამდე ბავშვები Facebook-ისთვის ყველაზე რთულად მისაწვდომი აუდიტორიაა
კომპანია Facebook-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ის ბავშვები, რომლებიც საბავშვო მესენჯერს მოიხმარენ, როდესაც გაიზრდებიან, ჩვეულებრივ მესენჯერებში გადავიდნენ. კომპანიაში უნდათ, რომ მათი პროდუქტი მომდევნო თაობებისთვისაც საყვარელ ქსელად დარჩეს. თუ Facebook-ი შეძლებს 6-დან 12 წლამდე მომხმარებლების ყურადღების მიპყრობას მანამ, სანამ ამას Snapchat-ი ან სხვა კონკურენტები გააკეთებენ, სავარაუდოდ ეს ბავშვები “ფეისბუქის” მომხმარებლებად დარჩებიან. სწორედ ამ ასაკის ბავშვები მიიჩნევა ყველაზე რთულად მისაწვდომ აუდიტორიად კომპანიისთვის.
Facebook-ი ამტკიცებს, რომ რეკლამის დამკვეთებს ბავშვებზე მონაცემებს არ მიაწვდის
ბუნებრივია, Messenger Kids-ი დააგროვებს მონაცემებს მომხმარებლებზე: მათ სახელებს, შეტყობინებების შინაარსს და ინფორმაციას მომხმარებლების ჩვევებზე. ამ ინფორმაციას Facebook-ი მესამე მხარეს გაუზიარებს, მაგრამ ინფორმაციის მიმღები კომპანიები უნდა შეესაბამებოდნენ Coppa-ს (Children's Online Privacy Protection Act) სტანდარტებს. Coppa აშშ-ის კანონია ინტერნეტში ბავშვების პირადი ცხოვრების დაცვის შესახებ.
Facebook-ი პირობას დებს, რომ პატარა მომხმარებლებზე ინფორმაციას “დიდების ფეისბუქის” განვითარებისთვის არ გამოიყენებს. საქმე ის არის, რომ ამ მონაცემების გამოყენება შეიძლება რეკლამის დაგეგმვისთვის: მაგალითად, მშობლებს შეიძლება შესთავაზონ პროდუქტები, რომლებზეც მათი შვილები ლაპარაკობენ. მეორე ვარიანტია - საბავშვო მიმოწერის შინაარსის გამოყენება პერსონალიზებული რეკლამის მოსამაზადებლად თავად 13 წლის ბავშვებისთვის, როგორც კი ისინი “დიდების ფეისბუქში” გადაინაცვლებენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ არც ერთს და არც მეორეს არ გააკეთებენ. გარდა ამისა, საბავშვო მესენჯერი არ მოითხოვს ასაკის მითითებას და 13 წლამდე ბავშვებს არ შესთავაზებენ გადასვლას "დიდების" აპლიკაციაზე. როდესაც მომხმარებელი საბავშვო მესენჯერიდან ჩვეულებრივ “ფეისბუქში” გადავა, ის ახალ პროფილს შექმნის და საბავშვო მესენჯერის მონაცემები არ გადაჰყვება.
სოცქსელი ბავშვებზე არასასურველ გავლენას ახდენს
Facebook-ის ერთ-ერთმა პირველმა ინვესტორმა შონ პარკერმა ახლახან გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ვებგვერდი, რომლის შექმნასაც მან ხელი შეუწყო, შეიძლება ბავშვებზე არასასურველ გავლენას ახდენდეს. პარკერმა “ლაიქების” გავლენაზე ილაპარაკა, რომელიც საბავშვო მესენჯერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. მისი აზრით, 6 წლის ბავშვი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ინტერნეტში თავი მოაწონოს თანატოლებს, რომ ამ ასაკის ბავშვები ეზოში უნდა თამაშობდნენ და არ უნდა ნერვიულობდნენ ქსელში "საინტერესო" ამბების გამოტოვებაზე.
სხვები საბავშვო მესენჯერს პირადი ცხოვრების უფლების დაცვის მხრივ არასაკმარისი გამჭვირვალების გამო აკრიტიკებენ. Facebook-ის განცხადებაში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ იმ უამრავ ექსპერტთან და ინსტიტუტებთან მუშაობა, რომლებიც ბავშვების უფლებებს იცავენ, კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის საკვანძო ნაწილია.
ახალ პროექტს სიფრთხილით უყურებენ
მთლიანობაში, საბავშვო მესენჯერის პროექტს სიფრთხილით შეხვდენ. განწყობა ასეთია: თუ ბავშვები მაინც იყენებენ სოცქსელებს, სჯობს ამ პროცესის რეგულირება და საფრთხეებისგან დაზღვევა.
ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Common Sense Media, რომლის მიზანი "მშობლების და ბავშვების" ცხოვრების გაუმჯობესებაა, დეტალურად შეისწავლა ის, თუ როგორ იყენებენ ბავშვები სოციალურ ქსელებს. მათი აზრით, მესენჯერის შექმნა 13 წლამდე ბავშვებისთვის, რომელსაც მშობლები გააკონტროლებენ, ერთი შეხედვით კარგი იდეაა. მათი აზრით, კარგია ისიც, რომ ის თავისუფალია რეკლამისგან და ისეა გაკეთებული, რომ მშობლებს მისი გაკონტროლება სრულად შეუძლიათ, თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენლების აზრით, ეს არ არის საკმარისი იმის დასაჯერებლად, რომ Facebook-ი ბავშვების ინტერესებისთვის მოქმედებს.
სკეპტიკოსებს You Tube-ის მაგალითი მოჰყავთ, როდესაც პალატფორმაზე YouTube Kids არასაბავშვო ვიდეორგოლები აღმოაჩინეს. უსაფრთხო საბავშო ონლაინ-სივრცის შექმნა რთულია. გამოცდილება აჩვენებს, რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეზღუდვებისთვის გვერდის ავლას შეეცდებიან.
Facebook-ში აცხადებენ, რომ ესმით ის, თუ როგორი ყურადღებით დააკვირდება საზოგადოება ყველაზე ახალგაზრდა და მოწყვლადი კატეგორიის მომხმარებელთა უფლებების დაცვას. თუ საბავშვო პლატფორმაზე რაიმე მავნე ან უხამსი კონტენტი მოხვდება, კომპანიას სერიოზული პრობლემები ელის.
წყარო: BBC


