09 დეკემბერი 2017 - 19:25

არაბები და ებრაელები იერუსალიმს ვერ იყოფენ. ვინ და რა პრინციპით ირჩევს დედაქალაქებს?

იერუსალიმი

იერუსალიმი

ფოტო: Shutterstock.com

იერუსალიმი დღეს მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ის ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა, რეგიონში შეტაკებები არ წყდება. ისრაელმა მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს მოუწოდა, აშშ-ს მიბაძონ და საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ. ამ უნიკალური ქალაქის სტატუსი ისრაელს და არაბებს შორის კონფლიქტის მთავარი თემაა. იერუსალიმში არის ადგილები, რომლებსაც საკუთარ სიწმინდეებად მიიჩნევენ იუდეველები, ქრისტიანები და მუსლიმები. ისრაელი დიდი ხანია, მას თავის დედაქალაქად მიიჩნევს: აქ განთავსებულია ისრაელის მთავრობის შენობა, პრემიერმინისტრის და პრეზიდენტის რეზიდენციები.

იოლად მისადგომი და სიმბოლური

ინგლისური სიტყვა Capital, ანუ დედაქალაქი, ლათინური Capitalis-იდან მოდის და მისი მნიშვნელობა “თავთან” არის დაკავშირებული. ეს არის კონკრეტული ტერიტორიის ხელმძღვანელი ქალაქი, რომელიც ძალაუფლების სიმბოლოა და რომელშიც სახელმწიფო დაწესებულებებია განთავსებული. მონარქიებში ასეთ ქალაქებში სამეფო ოჯახები ცხოვრობენ.

დედაქალაქიდან გაიცემა ბრძანებები, ის ერთიანობის სიმბოლოა. ამიტომ ბევრი დედაქალაქი გეოგრაფიულად ქვეყნის ცენტრშია განთავსებული - ასე მასთან მიღწევა ყველა კუთხიდან უფრო იოლია და იმავდროულად, ის წარმომადგელობით როლს ასრულებს.

მაგალითად, მადრიდი ზუსტად იბერიის ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარეობს. ასევე, აბუჯა, რომელიც 1991 წელს ოფიციალურად გახდა ნიგერიის დედაქალაქი, ქვეყნის ცენტრში, ფაქტობრივად, ნულიდან ააშენეს. მიზანი - რელიგიური კონფლიქტებისგან დანაწევრებული და დიდ ტერიტორიაზე განსახლებული ერისათვის ერთიანობის სიმბოლოს შექმნა იყო. ამავე პრინციპით, 1961 წელს ბრაზილიამ დედაქალაქი ხალხმრავალი და მჭიდროდ დასახლებული საპორტო ქალაქ რიო-დე-ჟანეიროდან ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბრაზილიაში გადაიტანა.

კომპრომისის შედეგი

ის, რომ ვაშინგტონი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქია, ეს 1790 წლის პოლიტიკური კომპრომისის შედეგია. ჩრდილოეთის შტატებს ალექსანდრ ჰამილტონის ხელმძღვანელობით სურდათ, რომ ფედერალურ მთავრობას მათი ვალის ნაწილი თავის თავზე აეღო, რისთვისაც თომას ჯეფერსონს და ჯეიმს მედისონს გაურიგდა. ჯეფერსონს და მედისონს სურდათ, რომ ქვეყნის დედაქალაქი სამხრეთში ყოდფილიყო. მდინარე პოტომაკთან ადგილი, სადაც შემდეგ ვაშინგტონი აშენდა, პირადად ჯორჯ ვაშინგტონმა შეარჩია.

ბევრისთვის დღესაც გაუგებარია, რატომ არის ავსტრალიის დედაქალაქი კანბერა და არა სიდნეი. ქალაქ კანბერას (ტყის დედაქალაქი) მთავარ ქალაქად აღიარება კონტინენტის ორ მსხვილ ქალაქს - სიდნეის და მის სამხრეთელ კონკურენტ მელბურნს შორის კომპრომისული არჩევანი იყო. კიდევ ერთი ვერსიით, კანბერა დედაქალაქად კლიმატის გამო შეარჩა, რადგან მელბურნის და სიდნეის სანაპიროებზე ზაფხულში ძალიან ცხელა.

ისტორიული არჩევანი

1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, გაერთიანებულ გერმანიას დედაქალაქი უნდა აერჩია. გერმანელები არჩევანს ბონს და ბერლინს შორის აკეთებდნენ. ცივი ომის დროს, როდესაც ქვეყანა გაყოფილი იყო, ბონი - დასავლეთის, ბერლინი კი აღმოსავლეთის დედაქალაქი გახლდათ. 1991 წლის 20 ივნისს ბუნდესტაგში კენჭისყრის დროს ბერლინს უპირატესობა 17-ით მეტმა დეპუტატმა მიანიჭა: ბონს მხარი დაუჭირა - 320-მა, ხოლო ბერლინს - 387-მა დეპუტატმა.

გერმანელებს თუ არჩევანის გაკეთება ორ ქალაქს შორის უწევდათ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ფაქტობრივად სამი დედაქალაქი აქვს. ქვეყნის სახელისუფლებო შტოები სხვადასხვა ქალაქშია განთავსებული: კეიპატაუნშია - პარლამენტი, პრეტორში - მთავრობა და ადმინისტრაციული ორგანოები, ხოლო მთავარი სასამართლოები გარდა საკონსტიტუციოსი - ბლუმფონტეინში. საკონსტიტუციო სასამართლო იოჰანესბურგშია.

ეს პოსტკოლონიალური მემკვიდრეობის შედეგია. 1910 წელს, როდესაც სამხრეთ-აფრიკული კავშირი იქმნებოდა, ოთხი ბრიტანული კოლონია გაერთიანდა, რომლებიც დედაქალაქზე ვერაფრით შეთანხმდენენ. 1994 წელს, აპარტეიდის პოლიტიკის დასრულებასთან ერთად ახალი დედაქალაქის შექმნისათვის მოძრაობა დაიწყო, როგორ ეს ბრაზილიაში ან ავტრალიაში მოხდა, მაგრამ ცდა უშედეგოდ დასრულდა.

მმართველების ახირება

1997 წელს ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა გახდა. ეს ფუტურისტული ქალაქი, რომელიც თოვლიან სტეპებში მდებარეობს, ქვეყნის ავტორიტარი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ახირების ნაყოფია. ნაზარბაევი ყაზახეთს 1991 წლიდან მართავს. იმ ქალაქს, რომელსაც დღეს ასტანა ჰქვია ადრე აკმოლა ერქვა, მაგრამ აკმოლა “თეთრ საფლავს” ნიშნავს, ამიტომ მას სახელი გადაარქვეს.

კიდევ ერთი გეოგრაფიულად იზოლირებული დედაქალაქია ნეიპიდო. მიანმარის დედაქალაქი 2005 წელს მაშინდელმა სამხედრო მთავრობამ თავისთვის აიშენა. ქალაქი უზარმაზარია, ფართო გზებით, ზოოპარკით და გოლფ-კლუბით, მაგრამ ქუჩებში ძალიან ცოტა ადამიანია.

სხვა თემები