10 დეკემბერი 2017 - 23:30

სახელმწიფოს მეთაურები, რომლებსაც ბრალი წაუყენეს ან გაასამართლეს. ისტორია

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ფოტო: Shutterstock.com

კიევში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, საქართველოში მისი ექსტრადიციის მოლოდინი გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ ეს საკითხი არ განიხილება - ოდესის ყოფილ გუბერნატორთან უკრაინის ხელისუფლებას თავისი სამართლებრივი პრეტენზიები აქვს. კიევი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე დანაშაულისთვის ედავება. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისშიც. როგორია სახელმწიფოს მეთაურების სამართლებრივი დევნის ისტორია? ვის, რისთვის და როგორ ასამართლებდნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში? ბრალდებები ძირითადად, კორუფციას, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება.

არგენტინა

არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის - კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის წინააღმდეგ საქმე პირველად 2016 წელს თაღლითობის ბრალდებით აღიძრა: მას არგენტინის ცენტრალურ ბანკში მაქინაციებთან კავშირში, უკანონო გამდიდრებასა და კორუფციაში ადანაშაულებდნენ. 2017 წლის 8 დეკემბერს კირშნერი ქვეყნის ფედერალურმა სასამართლომ სახელმწიფოს ღალატში დამნაშავედ ცნო და მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. საქმე ეხება 1994 წელს, ბუენოს-აირესში, არგენტინის ებრაულ კულტურის ცენტრში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც 85 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. კირშნერს ბრალი ედება იმაში, რომ “პოტენციურად ხელსაყრელი სავაჭრო შეთანხმების” სანაცვლოდ მან ამ თავდასხმაში ირანის როლი დამალა. დაპატიმრებულია კირშნერის სამი ყოფილი მომხრე და თანაშემწე, მათ შორის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელსაც შინაპატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლე ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელიც ახლა სენატორია, იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. კრისტინა კირშნერი არგენტინას 2007-2015 წლებში მართავდა.

1985 წელს, არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს, დიქტატორ ხორხე რაფაელ ვიდელას (1976-1981) არგენტინის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობებსა და წამებაში ეგრეთ წოდებული “ბინძური ომის” დროს, რომელსაც ის ოპოზიციის წინააღმდეგ აწარმოებდა. ამ “ომს” დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 1990 წელს დიქტატორი არგენტინის პრეზიდენტმა კარლოს მენემიმ შეიწყალა, მაგრამ 2006 წელს ეს შეწყალება ანტიკონსტიტუციურად მიიჩნიეს და გამოძიება განახლდა. 2006 წელს ვიდელა ისევ დააკავეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წელს 87 წლის ვიდელა ციხეში გარდაიცვალა.

ბრაზილია

2017 წლის ივლისში, ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ლულა და სილვას (2003-2010) სასამართლომ 9,5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მას კორუფციაში დასდეს ბრალი. ბრალდების მტკიცებით, 71 წლის პოლიტიკოსმა და მისმა მეუღლემ დეველოპერული კომპანიისგან 1,1 მილიონი დოლარის უკანონო შემოსავალი მიიღეს, ეს გარიგება კი ცნობილ ნავთობკომპანას Petrobras-ს აწყობდა. ამ კომპანიასთან კორუფციული კავშირის გამო 2016 წელს თანამდებობიდან გადააყენეს ბრაზილიის კიდევ ერთი პრეზიდენტი დილმა რუსეფი. პრეზიდენტებთან ერთად ბრალი წაუყენეს 83 ადამიანს, მათ შორის მოქმედ დეპუტატებს და მინისტრებს.

ნავთობკომპანია Petrobras-ის საქმის გამო იმპიჩმენტს გადაურჩა ბრაზილიის მოქმედი პრეზიდენტი მიშელ ტემერი. პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ტემერს კორუფციის ბრალდებით აღარ გაასამართლებენ, მაგრამ ვადის ამოწურვის შემდეგ მის მიმართ ბრალდება შეიძლება განახლდეს.

სამხრეთ კორეა

2017 წლის მარტში დააპატიმრეს სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ხე. მანამდე ის იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს მექრთამეობაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონფიდენციალური ინფორმაციის უცხო ადამიანისთვის გადაცემაში ადანაშაულებს. ამ კორუფციული სკანდალის გამო, თებერვალში კორპორაცია Samsung-ის ვიცეპრეზიდენტი ლი ჯეიონიც დააპატიმრეს.

სამხრეთ კორეის უახლეს ისტორიაში კორუფციისთვის კიდევ ორ პრეზიდენტს ედავებოდნენ. რო დე უს თანამდებობის დატოვების შემდეგ 22-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, ნო მუ ხიონმა კი მექრთამეობაში დადანაშაულების შემდეგ თავი მოიკლა.

პერუ

2017 წლის დასაწყისში პერუში დაპატიმრების ორდერი გაიცა ყოფილ პრეზიდენტ ალეხანდრო ტოლედოზე (2001-2006), რომელსაც ბრაზილიურ სამშენებლო კომპანია Odebrecht-ისგან ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქრთამის საერთო მოცულობა 20 მილიონი დოლარია. ტოლედო სან-ფრანცისკოში, სტენფორდის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია, მისი მეუღლე ელიან კარპი ისრაელის მოქალაქეა. პერუელ ჩინოსნებს ტოლედოს დაკავებაში დახმარებისთვის ფულადი ჯილდო აქვთ გამოცხადებული.

2000 წელს კორუფციაში დაადანაშაულეს პერუს მოქმედი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორიც, რომელიც იაპონიაში, თავისი მშობლების სამშობლოში გაიქცა. პოლიტიკოსი გადადგა და განცხადება პერუში ფაქსით გაგზავნა, მაგრამ პარლამენტმა ასეთი გადადგომა არ მიიღო. პერუს მოთხოვნით ფუხიმორი ჩილეში ყოფნის დროს 2005 წელს დააკავეს, მოგვიანებით კი პერუს გადასცეს, სადაც მექრთამეობისთვის 7,5 წლით პატიმრობა შეუფარდეს. მთლიანობაში მას 200 მილიონი დოლარის მითვისებაში სდებდნენ ბრალს. მოგვიანებით კორუფციის ბრალდებას ადამიანების წამებისა და “სიკვდილის ბრიგადების” შექმნის ბრალდებებიც დაემატა, რისთვისაც მას დამატებით 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 79 წლის ფუხიმორი ახლაც ციხეშია.

ლიბერია

2011 წელს, ჰააგაში, საერთაშორისო სასამართლომ ლიბერიის პრეზიდენტ ჩარლზ ტეილორს (1997-2003) 50 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მას აფრიკული სიერა-ლეონეს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებთან, წამებასთან, გაუპატიურებასა და სხვა დანაშაულებებთან კავშირში სდებდნენ ბრალს. სიერა-ლეონეში 1992-2001 წლებში სამოქალაქო ომი იყო, რომლის დროსაც დაახლოებით 120 ათასი ადამიანი დაიღუპა.

კენია

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში სდებდნენ ბრალს კენიის მოქმედ პრეზიდენტ უჰურუ კენიატას. საქმე ეხებოდა კენიაში 2007-2008 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს ჩადენილ დანაშაულებს, როდესაც კენიატა სახელმწიფოს მეთაური ჯერ არ იყო. 2014 წელს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ კენიატას ბრალი მოუხსნა.

საფრანგეთი

2011 წელს, საფრანგეთის ყოფილ პრეზეიდენტ ჟაკ შირაკს (1995-2007) 2 წლით პირობით პატიმრობა შეუფარდეს. ლაპარაკი იყო პერიოდზე, როდესაც შირაკი ჯერ კიდევ პარიზის მერის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოძიება მას ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნას ედავებოდა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და საჯარო სახსრების გაფლანგვაში.

ერთრდოულად რამდენიმე საქმეს იძიებდა საფრანგეთის პროკურატურა კიდევ ერთი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის (2007-2011) და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. 2012 წელს სკანდალი აგორდა სარკოზის 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე. გაჩნდა ეჭვი, რომ პოლიტიკოსმა ფინანსური დახმარება - 50 მილიონი ევროს ოდენობით - ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფისგან მიიღო. ამ საქმის სასამართლო განხილვა დღესაც მიმდინარეობს. იმავდროულად, გამომძიებლებმა მას ბრალი წაუყენეს ქრთამის გაცემაში, თანამდებობის პირადი მიზნებით გამოყენებასა და პროფესიული საიდუმლოს დარღვევის დაფარვაში. მას L'Oreal-ის მფლობელის ლილიან ბეტანკურის ნდობის ბოროტად გამოყენებაშიც ადანაშაულებდნენ. ბეტანკური სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. 2017 წლის აგვისტოში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდების შესახებ გახდა ცნობილი. ქვეყნის პროკურატურა ეჭვობს, რომ სარკოზიმ 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის კატარში ჩატარების მხარდაჭერის სანაცვლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლებისგან ქრთამი აიღო.    

ისრაელი

2011 წელს ისრაელის ყოფილ პრეზიდენტ მოშე კაცავს (2000-2007) თელ-ავივის საოლქო სასამართლომ 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. ის დამნაშავედ ცნეს უხამს საქციელში, ქვეშევრდომის სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში, ასევე მართლმასჯულებისთვის ხელის შეშლაში. 2011 წლის დეკემბერში ის დააპატიმრეს.

ეგვიპტე

ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის (1981-2011) წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ამ ქვეყანაში რევოლუციის შედეგი იყო. მას დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნაზე ბრძანების გაცემაში ადანაშაულებდნენ. თავდაპირველად უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ეს განაჩენი გააუქმეს. მოგვიანებით ის კორუფციისთვის გაასამართლეს. საბოლოო განაჩენი 2015 წელს გამოუტანეს, მაგრამ ჩაუთვალეს დრო, რომელიც საპატიმროში გაატარა და ციხიდან გაათავისუფლეს.

სასამართლოში აღმოჩნდა მუბარაქის შემცვლელის, პრეზიდენტ მუჰამედ მურსის (2012-2013) საქმეც, მას შემდეგ რაც მან მორიგი სახალხო მღელვარების შემდეგ ძალაუფლება დაკარგა. მურსის ბრალი წაუყენეს ციხიდან გაქცევისა და არეულობების მოწყობის გამო, რაც მუბარაქის ხელისუფლების დამხობით დასრულდა. მას კატარის სასარგებლოდ ჯაშუშობაშიც დასდეს ბრალი. თავდაპირველად მურსის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, თუმცა შემდეგ სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. 

ერაყი

ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს (1979-2003), რომელიც ქვეყანაში ამერიკელების ინტერვენციის შემდეგ დაამხეს, 2006 წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და ეს განაჩენი აღასრულეს კიდეც. ჰუსეინი დამნაშავედ ცნეს 1982 წელს ერთ-ერთი ერაყული სოფლის მოსახლეობის მასობრივ განადგურებაში - ამ სოფელში მანამდე მის ესკორტზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. 2006 წლის 30 დეკემბერს დიქტატორი სიკვდილით დასაჯეს, რაც ერაყის ტელევიზიამ პირდაპირი ეთერით გადასცა.

უკრაინა

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან 2014 წელს მაიდნის მოვლენების დროს გაიქცა. 2015 წლის თებერვალში კი ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო და რუსეთს მისი ექსტრადიცია სთხოვა. იანუკოვიჩის წინააღმდეგ უკრაინის სამართალდაცველები სისხლის სამართლის ხუთ საქმეს იძიებენ, მათ შორის ერთ-ერთი საბიუჯეტო თანხების მითვისებაა.

პოლონეთი

ვოიცეხ იარუზელსკი პოსტკომუნისტური პოლონეთის პირველი პრეზიდენტი იყო. 1990 წლის შემდეგ მის წინააღმდეგ რამდენჯერმე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ბრალდებები ძირითადად მისი თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდს ეხებოდა, მაგრამ დავები ჭიანურდებოდა და უშედეგოდ სრულდებოდა. 2006 წელს იარუზელსკის და მის თანამებრძოლებს პოლონეთის კონსტიტუციის დარღვევაში დასდეს ბრალი, კერძოდ ყოფილ პრეზიდენტს ედავებოდნენ “შეიარაღებული ტიპის დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელობას, რომლის მიზანიც დანაშაულების ჩადენა იყო” (ლაპარაკი იყო 1981 წელს პოლონეთში სამხედრო მდგომარეობის შემოღებასა და 1970 წელს მუშათა აქციის ჩახშობაზე, რასაც 44 ადამიანი ემსხვერლა). სასამართლო პროცესი 2008 წელს დაიწყო. 2011 წელს კი ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის სასამართლომ იარუზელსკის ნება დართო არ დასწრებოდა სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ყოფილი პრეზიდენტი ზემოთხსენებულ საქმეებზე ბრალდებულების სიიდან საერთოდ ამოშალა.

ჩილე

გენერალი აუგუსტო პინოჩეტი ჩილეს 1974-1990 წლებში მართავდა. ის ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალების შედეგად მივიდა და დიქტატურა დაამყარა. 1998 წელს პინოჩეტი ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ დაწვა, სადაც დააპატიმრეს. მას 100-ზე მეტ ეპიზოდზე ედავებოდნენ, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანთა მკვლელობებს, გატაცებებს და წამებას. 2001 წელს სასამართლომ მიიჩნია, რომ ასაკის გამო მას გონებრივი სისუსტის პრობლემები ჰქონდა და სისხლისსამართლებრივი დევნისგან გაათავისუფლა. 2005 წელს ჩილეს უმაღლესმა სასამართლომ პინოჩეტი საბოლოოდ გაამართლა და გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ დიქტატორის მიმართ წარდგენილი ბრალდებები სასამართლო წესით განხილვისთვის მიუღებელი იყო. 

იუგოსლავია

სლობოდან მილოშევიჩს, რომელიც ჯერ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი (1990-1997), შემდეგ კი იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკის პრეზიდენტი (1997-2000) იყო, ჰააგის ტრიბუნალმა 1999 წელს კოსოვოში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დასდრო ბრალი. 2001 წელს ის იუგოსლავიაში დააპატიმრეს და მალევე გადასცეს ჰააგის ტრიბუნალს. მისი საქმის განხილვა საერთაშორისო სასამართლომ 2002 წელს დაიწყო, მაგრამ 2006 წლის 11 მარტს ის საკუთარ საკანში გულის შეტევისგან გარდაცვლილი იპოვეს.

პანამა

სამხედრო ხუნტის მმართველობის დროს მანუელ ნორიეგა პანამაში საიდუმლო პოლიციას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი იყო. 1990 წელს პანამაში ამერიკელების ინტერვენციის დროს ის დააპატიმრეს, 1992 წელს კი გამოძალვის და მექრთამეობის ბრალდებით 40-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. მოგვიანებით, კარგი ქცევის გამო სასჯელი ჯერ 30 წლამდე, შემდეგ კი 17 წლამდე შეუმცირეს, რის შემდეგაც სასჯელის მოსახდელად საფრანგეთს გადასცეს, სადაც ამ ქვეყანაში 2,3 მილიონი ევროს შემოსავლის გათეთრების გამო გაასამართლეს. საფრანგეთიდან ის კვლავ პანამაში დააბრუნეს.

რუმინეთი

1989 წელს სახალხო რევოლუციის დაწყების შემდეგ რუმინეთში პრეზიდენტი ნიკოლაე ჩაუშესკუ (1974-1989) და მისი მეუღლე ელენა ბუქარესტიდან გაიქცნენ, მაგრამ ისინი დაიჭირეს და დააპატიმრეს. 1989 წლის 25 დეკმებერს ცოლ-ქმარი ტირგოვიშტის სამხედრო ნაწილში გაასამართლეს და ბრალად წაუყენეს გენოციდი, რომელსაც 60 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ხალხის წინააღმდეგ შეიარაღებული აქციების ორგანიზება, სახელმწიფო ქონებისთვის ზიანის მიყენება, გაქცევის მცდელობა უცხოეთის ბანკებში შენახული თანხების საშუალებით, რომელიც მთლიანობაში მილიარდი დოლარი იყო. სასამართლომ პრეზიდენტს და მის მეუღლეს სიკვდილით დასჯა შეუფარდა, ისინი განაჩენის გამოტანის დღესვე დახვრიტეს.

სხვა თემები