12 ივლისი 2017 - 15:15

მოსული თავისუფალია! “ისლამური სახელმწიფო” მარცხდება?

მოსული

მოსული

Oxfam: Sam Tarling

9 ივლისს, ერაყელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მოსული “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) მებრძოლებისგან გაათავისუფლეს. ჩრდილოეთ ერაყის ამ ქალაქს, სირიული რაქას შემდეგ, “ისლამური სახელმწიფოს” მეორე დედაქალაქს უწოდებდნენ. სწორედ მოსულში გამოაცხადა ისლამური ხალიფატის შექმნა ამ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ. ისლამისტები მოსულიდან გააძევეს და ახლა შეტევა “ისლამური სახლმწიფოს” მთავარ ქალაქზე, სირიულ რაქაზე გრძელდება.

მოსულისთვის ბრძოლა 9 თვე გრძელდებოდა

ერაყის ხელისუფლება არაერთხელ შეეცადა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ამ უმსხვილესი ქალაქიდან ტერორისტების გაძევებას. ომამდელ პერიოდში მოსულში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წლის შემდეგ მას “ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებდა. ბოლო ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. ერაყელ, ქურთ, ლიბანელ და ირანელ სამხედროებს ეხმარებოდა საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის ხელმძღვანელობით. ერაყში 2003 წლის ინტერვენციის შემდეგ ეს ყველაზე მსხვილი სამხედრო ოპერაცი იყო. ის წარმატებული აღმოჩნდა და უკვე 2017 წლის დასაწყისში ისლამისტი ტერორისტებისგან მდინარე ტიგროსის ერთ მხარეს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი გაათავისუფლეს.

რატომ დასჭირდა 9 თვე მოსულის გათავისუფლებას?

მოსულის დასავლეთ ნაწილისთვის ბრძოლა გაჭიანურდა. ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას ართულებდა ის, რომ მოსულის დასავლეთ ნაწილში, ვიწრო ქუჩებში მძიმე ტექნიკა ვერ გადაადგილდებოდა, ხოლო კოალიციის ავიაიერიშებისაგან ტერორისტები თავს იცავდენენ იმით, რომ სახურავებს შორის სივრცეს ქსოვილით ფარავდნენ და ქუჩებში არ ჩნდებოდნენ. იერიშებს დიდწილად მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსული ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა, ბევრმა წასვლა არ მოინდომა ან ვერ შეძლო. 2017 წლის მარტში აშშ-ის ავიაიერიშების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი ქალაქის ერთ-ერთი შენობის სარდაფში დაიღუპა. სამიზნის შესახებ ინფორმაცია კოალიციის ძალებს  ბაღდადიდან, ერაყელმა სამხედროებმა მაწოდეს. მათ არ იცოდნენ, რომ იქ მშვიდობიანი მოქალაქეები იმალებოდნენ.

მოსული - “ისლამური სახელმწიფოს” მეორე “დედაქალაქი” იყო

2014 წლის ივნისში "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა. მაშინ ერაყელმა სამხედროებმა ის ტერორისტებს ბრძოლის გარეშე დაუტოვეს. “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ხალიფატის შექმნა ჩრდილოეთ ერაყის და სირიის ტერიტორიებზე სწორედ მოსულში გამოაცხადა.
  
მოსულის დაკავების შემდეგ ალაპარაკდა ყველა “ისლამურ სახელმწიფოზე”. ხალიფატის გამოცხადებამდე ეს ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ქაიდაზე” და “თალიბანზე” ნაკლებად ცნობილი იყო. “ისლამური სახელმწიფოს” ექსპანსიისთვის მოსული მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. აქედან მათ ჩრდილოეთ ერაყში მიმდებრე ტერიტორიების დაპყრობა და კონტროლი უფრო იოლად შეეძლოთ.    

ქალაქში განადგურებულია სახლები და ისტორიული შენობები

ბოლო 9 თვის განმავლობაში მოსულს მუდმივად ბომბავდნენ. ხოლო რადიკალმა ისლამისტებმა, რომლებიც მას სამი წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ, რამდენიმე ისტორიული შენობა და მუზეუმი გაანადგურეს.

2015 წელს ააფეთქეს ერაყში სიდიდით მეორე, მოსულის მუზუმი, რომელშიც უძველესი ცივილიზაციის, შუამდინარეთის ეპოქის უამრავი ექსპონატი ინახებოდა.

BBC-ის ცნობით, ერაყის 12, 000 რეგისტრირებული არქეოლოგიური ძეგლიდან 1,800 ISIS–ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა.

"ისლამურმა სახელმწიფომ" სოციალური ქსელებით გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ანადგურებენ ისინი ერაყში, მოსულის მუზეუმში უძველეს არტეფაქტებს.

2017 წლის 21 ივნისის საღამოს ისლამისტმა ექსტრემისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს და დაანგრიეს მოსულში მე-12 საუკუნის ან-ნურის დიდი გუმბათოვანი მეჩეთი მაშინ, როცა მათი მეომრები იბრძოდნენ ერაყის მთავრობის ჯარისკაცების იერიშის შესაჩერებლად. სწორედ ამ მეჩეთიდან გამოაცხადა 2014 წელს ალ-ბაღდადიმ ხალიფატის შექმნა. ერაყი მეჩეთის დანგრევაში "ისლამურ სახელმწიფოს" ადანაშაულებს, ისლამისტები ამბობენ, რომ ის ქალაქის დაბომბვის დროს დაინგრა.

“ისლამური სახელმწიფო” ტერიტორიებს კარგავს. ის მალე დამარცხდება?

"ისლამური სახელმწიფოს" სირიულ “დედაქალაქ” რაქას ბოლო კვირების განმავლობაში სირიის შეიარაღებული ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული სირიის დემოკრატიული ძალები უტევენ, რომელსაც მხარს უჭერს აშშ და მისი პარტნიორების საერთაშორისო კოალიცია. ქალაქი ფაქტობრივად ალყაშია, ტერორისტებს გასაქცევი არსად აქვთ, მაგრამ რაქას გათავისუფლებით “ისლამური სახელმწიფო” არ დამარცხდება. ამერიკული მედია წერს, რომ დაჯგუფება უბრალოდ შეწყვეტს არსებობას როგორც “სახელმწიფო”, დაკარგავს კონტროლს სირიისა და ერაყის მთელ რიგ რეგიონებზე, მაგრამ გააგრძელებს ევროპაში მხარდამჭერების გადაბირებას და ტერატქების მოწყობას და “ალ-ქაიდას” ანალოგად გადაიქცევა.

სხვა თემები