14 დეკემბერი 2017 - 02:57

Instagram-მა პირადი მიმოწერისთვის ცალკე აპლიკაცია შექმნა

7 დეკემბერს, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, ისრაელსა და თურქეთში, სოციალურმა ქსელმა Instagram-მა პირადი შეტყობინებების გაცვლისთვის დამოუკიდებელი აპლიკაცია - Direct-ი გამოუშვა. ის ახლა ტესტირების რეჟიმშია. ქსელის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ამ აპლიკაციის საშუალებით, რომელიც კამერას ებმის, მომხმარებელი ფოტოების და ვიდეოს გაცვლისთვის ყველაზე სწრაფ და კრეატიულ სივრცეს შექმნის.

Instagram-ის ფეისბუქიზაცია

მას შემდეგ, რაც 2012 წელს Instagram-ი Facebook-მა იყიდა, სერვისს განვითარების რეალური შანსი გაუჩნდა და აგრესიულ მონეტიზაციაზე ფიქრი აღარ უწევს. მომხმარებლებს დღეს ვიდეოების ატვირთვის, მაღალი ხარისხის ფოტოების გაზიარების და “ისტორიების” გამოქვეყნების საშუალება აქვთ. მაგრამ სპეციალისტები Instagram-ის ფეისბუკიზაციის მინუსებზეც ლაპარაკობენ. 

მაგალითად, ფეისბუკიზაციის შედეგია ის, რომ მომხმარებელი ვერ ხედავს პოსტებს თანმიმდევრობით, რადგან კედელზე ისინი ალგორითმის გადაწყვეტილების მიხედვით ჩნდება. ალგორითმის პრინციპი კი გაურკვეველია - ზოგჯერ ის მეგობრის ფოტოებს მასობრივად გიჩვენებს, ზოგჯერ კი უახლოესი ადამიანის სელფის ჩვენება ავიწყდება. პრობლემაა ისიც, თუ უნებურად გვერდს განაახლებთ, რადგან პოსტი რომელსაც კითხულობდით, გაქრება და ფეისბუკის მსგავსად ქსელი პოსტების აბსოლუტურად ახალ ნაკადს შემოგთავაზებთ.

ინსტაგრამში გამაღიზიანებელია ასევე სპამის რაოდენობა და ის, რომ მას ცუდი საძიებო სისტემა აქვს. უამრავი სარეკლამო ექაუნთი ხდება შენი გამომწერი, შემდეგ იწონებს და კომენტარებს ტოვებს შენს ფოტოებზე, რომ როგორმე თავის პროფილზე შეგიტყუოს. ასევე რთულია პოსტების ძებნა, რაც მხოლოდ ჰეშთეგებით (დათაგული სიტყვა, რომელსაც წინ უძღვის სიმბოლო # და რომელსაც ქსელში შეტყობინების თემებად დაყოფისა და გავრცელებისთვის იყენებენ) შეიძლება, მაგრამ გარანტია, რომ თქვენთვის სასურველ პოსტს იპოვით, არ არსებობს.

Direct-ი რა არის?

აპლიკაცია პირადი შეტყობინებების გაცვლისათვის, რომელსაც თუ მომხმარებელი დააყენებს, შემდეგ იძულებული იქნება გამოიყენოს, რადგან Instagram-ის აპლიკაციიდან შესაბამისი ფუნქცია ავტომატურად გაქრება. ქსელის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დამოუკიდებელი აპლიკაციის საშუალებით, რომელიც კამერას ებმის, მომხმარებელი ფოტოების და ვიდეოს გაცვლისთვის ყველაზე სწრაფ და კრეატიულ სივრცეს შექმნის, მაგრამ ეს იგივეა, რაც Facebook-თან დაკავშირებით მოხდა, როდესაც მას მესენჯერი გამოეყო, რასაც სპეციალისტების თქმით, არანაირი განსაკუთრებული შედეგები არ მოჰყოლია.

მაშინ რით არის კარგი Instagram-ი?

პოპულარობით ის Facebook-ის შემდეგ პირველ ადგილზეა. 2016 წელს მისი მომხმარებლების რაოდენობამ მსოფლიოში 400 მილიონს გადააჭარბა. Instagram-ი თავისუფალია Twitter-ისთვის დამახასიათებელი სკანდალებისგან და არ არის ისეთი გადატვირთული როგორც Facebook-ი. ქსელი პოპულარულია საქართველოშიც. მოკლედ, Instagram-ი დღეს ყველაზე კარგ სოციალურ ქსელად მიიჩნევა, თუმცა კარგი ინსტაგრამის შექმნა და მისი სწორად მართვა ყველამ არ იცის.  

კარგი Instagram-ი როგორია?

ცოცხალი, მრავალფეროვანი და ისეთი, რომელიც ქსელის მომხმარებლებს თქვენ შესახებ ისტორიას მოუყვება - თქვენს ცხოვრებაზე, მოგზაურობებზე და საქმიანობაზე (ისტორია თქვენი ასარჩევია). ყველაზე კარგი ის ინსტაგრამია, რომლის დათვალიერებაც ფოტოალბომივით საინტერესოა. ასეთი ინსტაგრამები ხშირად ძალიან პოპულარულიც ხდება.

Instagram-ის სწორად მართვა რას ნიშნავს?

კარგ ინსტაგრამს ერთიანი კონცეფციით (ან თემატიკით), ცნობადი სტილით და როგორც წესი, ლამაზი ფოტოებით გამოარჩევენ. თუ თქვენ ათასობით ფოლოუერი გჭირდებათ, აუცილებელია რაღაც საინტერესო სვლის ან თემის მოფიქრება, რომელსაც თქვენი ყველა პოსტი თუ არა, მათი უმრავლესობა მაინც უპასუხებს. ასეთ დროს გამომწერები თქვენს გვერდს აუცილებლად დაუბრუნდებიან. კარგი ინსტაგრამის, ისევე როგორც ნებისმიერი ხარისხიანი ბლოგის ნიშანი - მისი რეგულარულად, მაგრამ ზომიერად განახლებაა. რამდენიმე ფოტოს ერთდროულად გამოქვეყნება - ცუდი ტონია, ეს გამომწერებს აღიზიანებს. ოპტიმალური სიხშირე - დღეში ერთი-ორი ფოტოა. მიჩნეულია, რომ გამოქვეყნებისთვის საუკეთესო დრო - დღე და ადრე საღამოა, როდესაც ფოლოუერების უმრავლესობა აქტიურია.

საკუთარ თავს ქსელის აქტიური მომხმარებლები ერთ-ერთ უფასო ინსტრუმენტით ამოწმებენ, რომელიც ინსტაგრამის ექუნთებს აანალიზებს. აქ ათასგვარ სტატისტიკას ნახავთ, დაწყებულს იმით, თუ რომელი თქვენი ფოტოა ყველაზე პოპულარული, დამთავრებულს იმით, თუ რა დღეებში და საათებში ღირს მათი გამოქვეყნება. აღსანიშნავია, რომ ინსტაგრამის ხარისხს ათასობით “ლაიქი” არ განსაზღვრავს, რადგან “ლაიქების” სიმრავლე მხოლოდ ცნობადობის მაჩვენებელია.

ფოტო

ინსტაგრამს ფოტოს დამუშავებისთვის ბევრი ფილტრი აქვს, მაგრამ მათი გამოყენება აუცილებელი არ არის, მით უფრო თუ მიგაჩნიათ, რომ ისინი რეალობას ამახინჯებს. მაგრამ ზოგადი პრაქტიკა აჩვენებს, რომ დამუშავებული ფოტო უფრო მომგებიანია. არსებობის განმავლობაში ინსტაგრამი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა და ფოტოების დამუშავებისთვის ინსტრუმენტების სპექტრი გააუმჯობესა - ახლა შეგიძლიათ არამხოლოდ სასურველი ფილტრის არჩევა და ინტენსივობის განსაზღვრა, არამედ ექსპოზიციის, კონტრასტის და სიმკვეთრის რედაქტირებაც. მაგრამ ეს ინსტრუმენტები გამოსახულებას მაინც აუხეშებს, ამიტომ დამუშავებისთვის უკეთესია გარე აპლიკაციების გამოყენება, რომლებიც უფრო დახვეწილ ტექნოლოგიებს იყნებენ და რომლითაც ფერის და კონტრასტის რედაქტირება იოლად შეიძლება. ასეთი აპლიკაციებია, მაგალითად VSCO, Retouch, Mextures, Matter, Brushstroke, Lorystripes.

მთავარი ფოტოგრაფიისთვის - კარგი განათებაა. მასზეა დამოკიდებული თქვენი ფოტოს ხარისხი, ფერი და ჩრდილების სილამაზე. არ გადაიღოთ ფოტო ბნელ სივრცეებში და აბაზანებში. საუკეთესო დღის განათებაა, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივები.

ვიდეო

ახლახან ინსტაგრამზე ერთწუთიანი ვიდეოების ატვირთვის შესაძლებლობა გაჩნდა (ადრე მხოლოდ 15-წამიანის ატვირთვა შეიძლებოდა). ინსტაგრამმა სტატისტიკაც გახსნა, რომლითაც ვიდეონახვებს შეამოწმებთ. ქსელმა ვიდეოს დამუშავებისთვის ორი საკუთარი აპლიკაციაც შექმნა. შეგიძლიათ ასევე ისეთი ვიდეორედაქტორების გამოყენება როგორებიცაა მაგალითად, Hyperlapse, iMovie, VivaVideo, Splice.

----

მოკლედ, შეეცადეთ არ გამეორდეთ და არ მოგერიდოთ ბევრი სურათის გადაღების, რადგან საუკეთესოს ასე უფრო შეარჩევთ, ზედმეტს კი წაშლით.

სხვა თემები