24 დეკემბერი 2017 - 23:41

რა სხვაობაა კათოლიკურ და მართლმადიდებლურ შობას შორის?

რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპი ფრანცისკე

ფოტო: shutterstock.com

25 დეკემბერს ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს შობას ზეიმობენ არამხოლოდ კათოლიკეები და პროტესტანტები, არამედ საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, სირიის, ლიბანის და ეგვიპტის მართლმადიდებელი ეკლესიებიც. საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის, სერბეთის და ათონის მართმადიდებლები კი ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ.

რატომ აღნიშნავენ შობის დღესასწაულს სხვადასხვა დროს?

ეს XVI საუკუნეში გრიგოლის კალენდრის შემოღებასთან არის დაკავშირებული. მანამდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო. მაგრამ საუკუნეების და წლების განმავლობაში ასეთ კალენდარში ყოველ 128 წელიწადში ერთხელ 1 დღე-ღამე ცდომილება იყო. ამიტომ 1582 წელს, რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ იულიუსის კალენდარი უფრო ზუსტი კალენდრით შეცვალა.

მას შემდეგ, იმ მართლმადიდებლურ ქვეყანებში სადაც ეკლესიებმა კალენდრული რეფორმა წარმატებით ჩაატარეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, სადაც - არა, 7 იანვარს.

საქართველოს ეკლესიაში კალენდრული რეფორმა არ ჩატარებულა?

კალენდრული რეფორმა საქართველოში 1918 წელს ჩატარდა, როდესაც საქართველოს საერო ხელისუფლებამ მოქმედი კალენდარი შეცვალა და გრიგოლის კალენდარი შემოიღო. მაშინ საქართველოს ეკლესიამ ეს შესწორება არ მიიღო და ძველ კალენდარზე დარჩა. ანუ მანამდელი 25 დეკემბერი იქცა სამოქალაქო კალენდრის 7 იანვრად. კალენდრის რიცხვების 13 დღით გადატანა ყველა უძრავ დღესასწაულს შეეხო.

მოგვიანებით კალენდრული რეფორმის გატარება საქართველოს ეკლესიამ ორჯერ სცადა და ახალი სტილის კალენდარი ქართულ ეკლესიაში 1923-1925 და 1927-1928 წლებში მოქმედებდა კიდეც, მაგრამ რეფორმა ორჯერვე ჩავარდა. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის სინოდმა ახალი სტილის კალენდრის დროებით შეჩერებისა და კვლავ ძველ სტილზე დაბრუნების განჩინება მიიღო და გადაწყვეტილება მრევლის მოუმზადებლობით და არაინფორმირებულობით ახსნა, რომელიც ახალი კალენდრით დღესასწაულებისა და მარხვების შესრულებას სარწმუმუნოების შელახვად აღიქვამდა. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, თუმცა საკითხი დღემდე სადავოა და მასზე დისკუსია პერიოდულად განახლდება ხოლმე.

კომენტარები ()

სხვა თემები