25 დეკემბერი 2017 - 23:56

რომელი ქვეყნები იღებენ ამერიკისგან ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებას და დასჯის თუ არა მათ ვაშინგტონი ტრამპის მუქარის შემდეგ?

დონალდ ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

ფოტო: shutterstock.com

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა დიდი უმრავლესობით დაგმო აშშ-ის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების და იქ საელჩოს გადატანის შესახებ. რეზოლუციას თეთრი სახლის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. კენჭისყრამდე კი პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ფინანსური დახმარება უნდა შეუწყვიტოს იმ ქვეყნებს, რომლებიც გაეროს რეზოლუციას აშშ-ის წინააღმდეგ მხარს დაუჭერენ. გაეროში ამერიკის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ ქვეყნები გააფრთხილა, რომ აშშ ამ დღეს დაიმახსოვრებს და გაიხსენებს მას გაეროს ბიუჯეტში საწევროს გადახდის და სახელმწიფოების ფინანსური დახმარებისას.

ვინ დაუჭირა მხარი და ვინ - არა გაეროს რეზოლუციას?

რეზოლუციას, რომელიც გაეროს ასამბლეისთვის იემენმა და ნატოს წევრმა თურქეთმა მომზადეს, მხარი დაუჭირა 128 ქვეყანამ, წინააღმდეგ ხმა მისცა - 9 სახელმწიფომ, 35-მა კი თავი შეიკავა. საქართველოს დელეგაცია კენჭისყრის პროცედურას არ დასწრებია.

რეზოლუციის მხარდამჭერ 128 ქვეყანას შორის არის ამერიკული სამხედრო დახმარების მიმღები თითქმის ყველა მთავარი ქვეყანა, უმთავრესის - ისრაელის გარდა და აშშ-ის მთავარი მოკავშირეების უმრავლესობა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია. კანადამ და ავსტრალიამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

იმავდროულად, აშშ გაეროს ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა. ორგანიზაციაში მისი შენატანი გაეროს ბიუჯეტის 22%-ია, რაც წლიურად 10 მილიარდ დოლარს უტოლდება. აშშ ფარავს ასევე გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ხარჯების თითქმის მესამედს.

რომელი ქვეყნები იღებენ ამერიკისგან ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებას?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის საბიუჯეტო განაცხადის თანახმად, ვაშინგტონისგან უსასყიდლოდ, გრანტების სახით, ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებას იღებენ:

ისრაელი (3 მილიარდ 100 მილიონი დოლარი), ეგვიპტე (1 მილიარდ 380 მილიონი დოლარი), იორდანია (1 მილიარდი დოლარი), ავღანეთი (780 მლნ დოლარი), კენია (640 მლნ დოლარი), ტანზანია (540 მლნ დოლარი), უგანდა (440 მლნ დოლარი), ზამბია (430 მლნ დოლარი), ნიგერია (420 მლნ დოლარი), ერაყი (350 მლნ დოლარი), პაკისტანი (340 მლნ დოლარი).

გრანტები “უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის”

ისრაელი (3 მილიარდ 100 მილიონი დოლარი), ეგვიპტე (1 მილიარდ 304 მილიონი), იორდანია (364 მლნ დოლარი), ერაყი (298 მლნ დოლარი), კოლუმბია (189 მლნ დოლარი), პაკისტანი (157 მლნ დოლარი), სომალი (130 მლნ დოლარი), სირია (122 მლნ დოლარი), ავღანეთი (86 მლნ დოლარი), უკრაინა (66 მლნ დოლარი), პერუ (49 მლნ დოლარი);

გრანტები “სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობისათვის”

ავღანეთი (430 მლნ დოლარი), სირია (62 მლნ დოლარი), უკრაინა (60 მლნ დოლარი), ერაყი (47 მლნ დოლარი), კოლუმბია (45 მლნ დოლარი), პაკისტანი (44 მლნ დოლარი), დასავლეთ სანაპირო და ღაზა (43 მლნ დოლარი), იორდანია (40 მლნ დოლარი), მექსიკა (39 მლნ დოლარი), გვატემალა (27 მლნ დოლარი), ჰონდურასი (27 მლნ დოლარი), ბანგლადეში (24 მლნ დოლარი);

გრანტები “ადამიანური კაპიტალის” განვითარებისთვის

კენია (565 მლნ დოლარი), ტანზანია (519 მლნ დოლარი), უგანდა (419 მლნ დოლარი), ნიგერია (365 მლნ დოლარი), ზამბია (358 მლნ დოლარი), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (310 მლნ დოლარი), მოზამბიკი (274 მლნ დოლარი), ეთიოპია (187 მლნ დოლარი), ავღანეთი (172 მლნ დოლარი), იორდანია (169 მლნ დოლარი), მალავი (161 მლნ დოლარი), კონგო (148 მლნ დოლარი);

გრანტები ეკონომიკის განვითარებისთვის

იორდანია (426 მლნ დოლარი), ავღანეთი (94 მლნ დოლარი), პაკისტანი (63 მლნ დოლარი), ბანგლადეში (57 მლნ დოლარი), დასავლეთ სანაპირო და ღაზა (49 მლნ დოლარი), უკრაინა (44 მლნ დოლარი), გვატემალა (44 მლნ დოლარი), ეთიოპია (42 მლნ დოლარი), კენია (42 მლნ დოლარი), ეგვიპტე (33 მლნ დოლარი), ჰონდურასი (28 მლნ დოლარი).

აშშ საქართველოს ფინანსურად ეხმარება?

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქართველოს უსასყიდლოდ მნიშვნელოვნად ეხმარებიან ფინანსურად როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე სხვადასხვა ევროპული ქვეყნები თუ გაერთიანებები. მაგრამ, ამ მხრივ, ვაშინგტონი ლიდერია.

ოფიციალური ინფორმაციით, 1995-2015 წლებში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია (912 მილიონ 140 ათასი დოლარი); 2016 წელს ამერიკამ, დახმარების სახით საქართველოს 77 მილიონი დოლარი გამოუყო; 2017 წელს - 90 მილიონი დოლარი.

დახმარება მოიცავს ისეთი მიმართულების დაფინანსებას, როგორებიცაა დემოკრატიის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, მმართველობის გაუმჯობესება, უსაფრთხოების და მშვიდობის საკითხები.
 
2018 წლისთვის ვაშინგტონმა საერთაშორისო მისიებისა და სხვა ქვეყნების დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა საგრძნობლად შეამცირა, თუმცა კავკასიის რეგიონში ყველაზე ნაკლებად - საქართველოსთვის. ბოლო ინფორმაციით, 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 34 მილიონ 100 ათასი დოლარით დაეხმარება.

ტრამპი მუქარას შეასრულებს?

ამერიკელები დიდი ხანია კამათობენ იმაზე, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მათ იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ეხმარებიან და ღირს თუ არა იმ სახელმწიფოების დასჯა, რომლებიც ზოგჯერ საერთაშორისო არენაზე ამერიკას ეწინააღმდეგებიან.

ტრამპი პირველი არ არის, ვინც “უმადური” ქვეყნებისთვის დაფინანსების შემცირებაზე ალაპარაკდა. 1981 წელს, აშშ-ის ხელისუფლებაში რონალდ რეიგანიც იმ იდეით მივიდა, რომ ვაშინგტონი სხვებს ეხმარება, შემდეგ კი მიღებული დახმარების სანაცვლოდ ეს ქვეყნები აშშ-ს ამცირებენ. არაფერი ახალი არ არის იმაშიც, რომ აშშ გაეროში იზოლაციაში აღმოჩნდა, რადგან ისრაელის საკითხის გამო, ეს არაერთხელ მომხდარა.

უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ საგარეო დახმარება ალტრუიზმი არ არის, არამედ აშშ-ის უსაფრთხოებისთვის გადახდილი ფასია და ამერიკული დახმარების შემცირება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა ეგვიპტე, იორდანია ან ავღანეთი, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, ისევ შეერთებული შტატების უსაფრთხოებას დააზიანებს.

რეზოლუციის მიღების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის ტონი საგრძნობლად შერბილდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ თავის დიპლომატებს დაავალა შეისწავლონ სხვა ქვეყნებთან შემდგომი ურთიერთობის სხვადასხვა ვარიანტი და რომ გაეროში კენჭისყრა არ იქნება ერთადერთი ფაქტორი, რომელსაც ადმინისტრაცია საგარეო ურთიერთობებში გაითვალისწინებს.

კომენტარები ()

სხვა თემები