02 იანვარი 2018 - 18:07

ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება. მთავარი

ირანი

ირანი

ფოტო: [email protected]

ირანში საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს დაიწყო და დღემდე არ წყდება. პირველი აქციები მოეწყო მეშჰედში, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქია. შემდეგ მასობრივი დემონსტრაციები და პოლიციასთან და ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოს ძალებთან შეტაკებები სხვა ქალაქებში გაგრძელდა და 30 დეკემბერს არეულობა დაიწყო თეირანშიც. დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს. 2 იანვრის დილის მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი. მარტო თეირანში, სამი დღის განმავლობაში დაპატიმრებულია 450-მდე ადამიანი. აქციებში მონაწილეობისა და ანტირელიგიური ლოზუნგებისთვის მათ შეიძლება სიკვდილით დასჯაც ემუქრებოდეთ.

გამოსვლები ფასების ზრდის გამო დაიწყო, შემდეგ პოლიტიკური ლოზუნგებიც გაჩნდა

BBC-ის სპარსული სამსახურის ბოლოდროინდელი გამოძიების თანახმად, საშუალო ირანული ოჯახი ბოლო ათწლეულის განმავლობაში 15%-ით გაღარიბდა. ამასთან, პურის, რძის და ხორცის მოხმარება 30-50%-ით შემცირდა. ახლახან, ირანში, რამდენიმე პოპულარულმა საკრედიტო კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. შედეგად, ათასობით ადამიანმა ბოლო დანაზოგი დაკარგა და უსახსროდ დარჩა. ირანში უმუშევრობის ოფიციალური დონე 12%-ია. ამასთან, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსახლეობის 60%-მდე უმუშევარია.

საპროტესტო აქციების დაწყებამდე ერთი კვირის განმავლობაში ქათმის კვერცხზე ფასი ორჯერ გაიზარდა. დემონსტრანტების თავდაპირველი მოთხოვნა ფასების ზრდის შეწყვეტა იყო. პოლიტიკური ლოზუნგები - პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა და პოლიციის თავნებობის აღკვეთა - მოგვიანებით გაჩნდა.

ბოლო დღეებში უკმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ 2015 წელს ირანს და დასავლურ ქვეყნებს შორის ბირთვულ პროგრამაზე გაფორმებული შეთანხმების შედეგებს. ირანელები ელოდნენ, რომ ყველა შეზღუდვა მოიხსნებოდა, რაც არ მოხდა. შემდეგ გაჩნდა ანტისახელისუფლებო ლოზუნგებიც, მათ შორის "სიკვდილი [პრეზიდენტ ჰასან] როუჰანის". ამასთან, აღნიშნავენ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მკაფიოდ გამოკვეთილი ლიდერები არ ჰყავთ. ამით განსხვავდება საახალწლო საპროტესტო აქციები 2009 წლის მასშტაბური გამოსვლებისაგან, რომლის დროსაც ოპოზიციის მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

თეირანმა დემონსტრანტების წაქეზებაში აშშ და მისი მოკავშირეები დაადანაშაულა

პრეზიდენტმა როუჰანიმ თავის გამოსვლაში 1 იანვარს განაცხადა, რომ ეს არის აშშ-ის და [ისრაელის] სიონისტური რეჟიმის რეაქცია ირანის მიღწევებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. როუჰანის აზრით, აქციის მონაწილეების უკან სავარაუდოდ, საუდის არაბეთიც დგას - 2016 წელს ერ-რიადმა თავის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, საბოლოოდ გაწყვიტა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა. ირანის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ დააკავა რამდენიმე "ჯაშუში", რომლებსაც არეულობის პროვოცირებაში სდებს ბრალს. როუჰანის მიაჩნია, რომ გამოსვლები "პატარა ჯგუფის" მოწყობილია. იმავდროულად, პრეზიდენტმა თქვა, რომ ყურადღებას მიაქცევს ფასების ზრდას და უმუშევრობის პრობლემას ქვეყანაში. 2 იანვარს, ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლების უკან დგანან "ქვეყნის მტრები", რომლებიც ამისთვის იყენებენ "ფულს, იარაღს, პოლიტიკურ განცხადებებს და დაზვერვას".

გამოსვლების შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზიაც არ მალავს

საპროტესტო აქციების პროცესში ირანში დაბლოკეს Instagram-ი და Telegram-ი. Telegram-ი ქვეყნის მთავარი არაოფიციალური საინფორმაციო საშუალებაა. მაგრამ გამოსვლების შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზიაც არ მალავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადგილობრივ მედია საშუალებას ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს. ტელევიზიის ცნობით, დემონსტრანტები იარაღის ხელში ჩაგდების მიზნით პოლიციის განყოფილებებს ესხმიან თავს. თითქოს, სწორედ ამის გამო მოკლეს ექვსი ადამიანი. მთლიანობაში, ინფორმაციის ისეთი წყაროები, რომელთა გადამოწმებაც შეიძლება, ძალიან ცოტაა, რის გამოც სოციალურ ქსელში ყალბი ცნობები ვრცელდება. მაგალითად, ეს ვიდეო არა ირანში, არამედ 2011 წელს ბაჰრეინშია გადაღებული.

დონალდ ტრამპმა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს მხარი დაუჭირა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს მხარი დაუჭირა. "ბოლოსდაბოლოს ხალხი მიხვდა, რომ მათ ფულს და სიმდიდრეს იპარავენ და ტერორისტებს უგზავნიან", - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე 31 დეკემბერს. ამერიკული არხის Fox News-ის მტკიცებით, ტელევიზიამ აიათოლა ხამენეისთან ჩატარებული თათბირის დეტალები იცის, რომლის თანახმადაც ხელისუფლება თითქოს რეჟიმის უსაფრთხოებაზე ღელავს.

სხვა თემები