13 იანვარი 2018 - 22:41

დასაკეცი ტელევიზორი, ჭკვიანი კარადა და ბალიში, რომელიც სუნთქავს. ლას-ვეგასის ყოველწლიური გამოფენის ყველაზე საინტერესო სიახლეები

ფოტო: businessline.com

9-12 იანვარს ლას-ვეგასში ელექტრომოწყობილობების ყოველწლიური გამოფენა CES-2018 ჩატარდა - მთავარი ღონისძიება, რომელზეც მსხვილი კომპანიები და ნაკლებად ცნობილი სტარტაპები თავიანთ ახალ პროდუქციას და პროტოტიპებს წარადგენენ. გთავაზობთ გამოფენაზე წარდგენილ 7 ყველაზე საინტერესო მოწყობილობას.

ტელეფონი, რომელიც ნოუთბუქად გადაიქცევა

კომპიუტერების და სათამაშო აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია Razer-მა წარადგინა ტელეფონის პროტოტიპი Project Linda, რომელიც ნოუთბუქად გადაიქცევა, რაც შემდეგნაირად ხდება: იმ ადგილზე, სადაც ჩვეულებრივ ნოუთბუქს “თაჩპადი” აქვს, Razer-ის Android-ტელეფონი მაგრდება. ამის შემდეგ ტელეფონის პროცესორი ნოუთბუქის პროცესორი ხდება, მისი ეკრანი კი თაჩპადი. “ნოუთბუქის” ნაწილშია ჩამალული აკუმულატორი და 200-გიგაბაიტიანი მყარი დისკი.

დასაკეცი ტელევიზორი

კომპანია LG-მ გამოფენაზე წარადგინა 65-დუიმიანი ტელევიზორის პროტოტიპი, რომელსაც შეუძლია ჩაიკეცოს და დაიმალოს ყუთში (ან ავეჯში). პულტის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ტელევიზორი მთლიანად ან ნაწილობრივ დამალოს და შესაბამისად, ეკრანის მხოლოდ ის ნაწილი დაიტოვოს, რომლის ყურებაც უნდა, მაგალითად, ამინდის პროგნოზის გრაფიკა.

რობოტი, რომელიც სუნთქავს

ნიდერლანდულმა კომპანია Somnox-მა შექმნა რობოტი, რომელიც ადამიანს უძილობის დაძლევაში დაეხმარება. მოწყობილობას ბალიშის ფორმა აქვს და სუნთქვის იმიტირებას ახდენს. ნავარაუდებია, რომ ადამიანი, რომელიც საწოლში რობოტს ჩაიხუტებს, იმავე სიხშირით ისუნთქებს, როგორც რობოტი და დაიძინებს.



Somnox-ში ასევე ჩამონტაჟებულია დინამიკი, რომლიდანაც შეიძლება თეთრი ხმაურის ან დამამშვიდებელი ბგერების მოსმენა. მართალია, მოწყობილობა ცოტა მძიმე და მკვრივია, მაგრამ, მაგალითად, The Verge-ის ჟურნალისტის თქმით, რობოტი მას მოდუნებაში დაეხმარა და მასთან ერთად სამი ღამე მშვიდად ეძინა.

რობოტის შექმნაზე ფული ე.წ. ქრაუდფანდინგით (ბევრი ადამიანის მიერ ერთიანი ძალებით მსხვილი პროექტების განხორციელება) შეგროვდა. კამპანიის პირველ მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ რობოტს 2018 წლის ივლისში უკვე შეიძენენ. ის 450 ევრო ღირს.

რობოტი კარადა

კომპანია Seven Dreamers-მა წარადგინა დიდი კარადა Laundroid-ი, რომელსაც (თეორიულად) შეუძლია სუფთა ტანსაცმლის დახარისხება, დაუთოება და ერთმანეთზე დალაგება. პრაქტიკაში Laundroid-ი ჯერ ბოლომდე კარგად ვერ მუშაობს: ის მხოლოდ მაისურებზე (ისიც ფერადზე) რეაგირებს, ამასთან, მათ სათითაოდ იღებს და ერთი მაისურის დაკეცვაზე დაახლოებით 5-10 წუთი სჭირდება. რობოტი 16 ათასი დოლარი ღირს. შემქმნელები პირობას დებენ, რომ 2018 წლის მარტში, როდესაც გაყიდვები დაიწყება, კარადა უკეთ იმუშავებს.

რობოტი იხვი

გამოფენაზე წარმოდგენილი კიდევ ერთი რობოტი My Special Aflac Duck-ი კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. სადაზღვევო კომპანია Atlac-ის და სათამაშოების მწარმოებელი Sproutel-ის მოწყობილობას იხვის ფორმა აქვს, გრძნობს შეხებას და მადლობის ნიშნად ყიყინებს.



ბავშვებს ასევე შეუძლიათ თავიანთი განწყობის შესახებ იხვს სპეციალური უსადენო ნიშნების საშუალებით შეატყობინონ და ის თანაგრძნობას გამოხატავს. რობოტს შეუძლია ასევე ქიმიოთერაპიის გავლის პროცედურის სიმულაცია, რომ ბავშვს მისი ნაკლებად შეეშინდეს.
  
My Special Aflac Duck-ი არ გაიყიდება - Atlac-ი აპირებს რობოტი იხვი აშშ-ში დაურიგოს ბავშვებს, რომლებსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

ღვინის ბოთლის გასახსნელი

ამერიკულმა კომპანია Coravin-მა CES-ზე ღვინის ბოთლის გასახსნელი ჩაიტანა. ის 1000 დოლარი ღირს, მაგრამ ეს ტრადიციული გასახსნელი არ არის. Coravin-ი იყენებს თხელ ნემსს, რომელიც საცობს ხვრეტს და ბოთლს, საიდანაც ღვინო ისხმება, ტენის არგონის ინერტული აირით, რომლის წყალობითაც, როგორც მწარმოებელი ამტკიცებს, ღვინის გემო პირველიდან ბოლო ჭიქამდე ერთნაირად კარგია.

Home-ის გარე ღილაკი

გამოცემა 9to5Mac-ის რედაქტორმა მაიკლ სტიბერმა გამოფენაზე აღმოაჩინა Home-ის გარე ღილაკი iPhone X-სთვის, რომელშიც ეს ღილაკი არ არის.

TouchID ამ ღილაკით არ მუშაობს, მაგრამ მისი საშუალებით მთავარ ეკრანზე და აპლიკაციებზე გადასვლა შესაძლებელია. მოწყობილობაში გათვალისწინეულია ასევე პორტები დატენვის და ყურსასმენებისათვის.



წყარო: Meduza

კომენტარები ()

სხვა თემები