16 იანვარი 2018 - 02:41

როგორ წერენ რობოტები ახალ ამბებს

ფოტო: shutterstock.com

2017 წლის ზაფხულში, საერთაშორისო სააგენტო Press Association-მა რობოტი-ჟურნალისტების სისტემის შესამუშავებლად კომპანია Google-სგან 706 ათასი ევროს გრანტი მიიღო. პროექტის მიზნად დასახელდა ახალი ალგორითმის შექმნა, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მედიასაშუალებებისათვის 30 ათასამდე სიახლის დაწერას შეძლებს. 2017 წლის იანვარში, პეკინის უნივერსიტეტში შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი სტატია, გაზეთ Southern Metropolis Daily-ში გამოაქვეყნდა. ტექსტი 300 იეროგლიფისგან შედგებოდა და მის დასაწერად რობოტს მხოლოდ ერთი წამი დასჭირდა.

ესენი ადამიანის მსგავსი რობოტები არიან?

არა. სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამები. რობოტების მიერ შექმნილ საინფორმაციო ტექსტებს უკვე რამდენიმე წელია აქვეყნებენ ისეთი გამოცემები და საინფორმაციო სააგენტოები, როგორებიცაა The Los Angeles Times-ი, Associated Press-ი და Yahoo News-ი. არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს არამხოლოდ ურთიერთდაკავშირებული, არამედ გააზრებული ტექსტების შექმნაზე. ესენია Narrative Science-ი, Automated Insights-ი და Yseop-ი.

რობოტები ამინდის პროგნოზზე რთულ ტექსტებს წერენ?

დიახ. ამერიკული კომპანია Narrative Science-ი წლების განმავლობაში ქმნიდა პლატფორმას Quill, რომელიც თავიდან ახალი ამებების სათაურების წერით დაიწყო. 2015 წლისთვის ის ფინანსური კომპანიებისთვის, მაგალითად შვეიცარიული Credit Suisse-სთვის, უკვე 10 ან 15-გვერდიან ანგარიშებს ქმნიდა.

და ეს ყველაფერი როგორ მუშაობს?

სქემა, რომლითაც ახალი ამბები ავტომატურად იწერება, ქმედებათა მარტივ თანმიმდევრობაზეა აგებული. რობოტი იღებს მონაცემთა მორიგ პარტიას მოსახერხებელი, სტანდარტიზებული და სტრუქტურირებული ფორმით. შემდეგ ის იწყებს საინფორმაციო შემადგენლის გამოთვლას (ფაქტობრივად თვლას): ადარებს ქალაქში ტემპერატურის რყევებს, აკვირდება კომპანიების ღირებულების მკვეთრ ცვლილებებს ბაზარზე, ადარებს ბუქმეკერების ფსონებს და თამაშის შედეგებს, აფასებს კონკრეტული მოთამაშეების შედეგს და ასე შემდეგ. რობოტი ფორმალური ნიშნებით არჩევს ახალი ამბის მეტნაკლებად პრიორიტეტულ რაკურსს, შემდეგ კონტექსტს და საბოლოო ჯამში, აყალიბებს დაკავშირებულ ტექსტს. არსებობს ალგორითმები, რომლებსაც შეუძლია ნეიტრალურ ახალ ამბებს ემოციური ელფერი შესძინოს და ტექსტს ოპტიმისტური ან პესიმისტური ტონი მისცეს.

რობოტები ჟურნალისტებს შეცვლიან?

არა. რობოტები ადამიანებზე უკეთ უმკლავდებიან ამოცანებს მხოლოდ იქ, სადაც მონაცემთა მოცულობით დიდი და სტაბილური ნაკადია (ამინდი, ფინანსები, სპორტი), ხოლო, სადაც საწყისი მონაცემების მკაცრად ფორმალიზება ან ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინება არ შეიძლება, შაბლონის მიხედვით მოქმედი რობოტი ადამიანს ვერასდროს შეცვლის. თუმცა, სავარაუდოდ, ზოგიერთ ჟურნალისტს მოუწევს რობოტ-რედაქტორად გადაკვალიფიცირება და ის გენერირებულ ტექსტს სტილისტურად გაასწორებს.

რობოტის დაწერილი ტექსტის ამოცნობა შეიძლება?

ინგლისური ენა თუ იცით, შეგიძლიათ ეს ამ ტესტის საშუალებით შეამოწმოთ.

სხვა თემები