17 იანვარი 2018 - 22:30

მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ Facebook-ზე ახალი ამბების წილს შეზღუდავს. რატომ არის ეს დარტყმა მედიისთვის?

ფოტო: shutterstock.com

Facebook-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა 12 იანვარს განაცხადა, რომ სოციალური ქსელი მომხმარებლებს უფრო ინტენსიურად შესთავაზებს ახლობლების და მეგობრების პოსტებს, ხოლო ნაკლებად - ახალ ამბებს, ასევე გვერდებს, რომლებიც დიდი ბრენდების, მათ შორის მედიასაშუალებების, სახელით იმართება. ცუკერბერგი ამტკიცებს, რომ ამას მომხმარებლების ინტერესებისთვის აკეთებს; რომ ადამიანები, რაც უფრო ნაკლებად წაიკითხავენ ახალ ამბებს, თავს უფრო ბედნიერად იგძნობენ. არსებობს ეჭვი, რომ გადაწყვეტილებას სხვა მოტივი აქვს: Facebook-ს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ვერ უმკლავდება ყალბ ცნობებს (fake news) და პროპაგანდას, რის გამოც კომპანიამ პრობლემის რადიკალურად გადაჭრა გადაწყვიტა. ცუკერბერგის განცხადების შემდეგ, Facebook-ის აქციების ფასი დაეცა, ხოლო ინფორმაციის მასობრივმა საშუალებებმა და გამოცემებმა კომპანია მკაცრად გააკრიტიკეს და სოციალურ ქსელს არასანდო პარტნიორი უწოდეს.

Facebook-ის გადაწყვეტილება მედიისთვის სერიოზული დარტყმაა

ცუკერბერგის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სერიოზულად დააზარალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. ამერიკის შეერთებული შტატების მცხოვრებლების დაახლოებით ნახევარი ახალ ამბებს Facebook-ზე კითხულობს. ეს სოციალური ქსელი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა სხვა ქვეყნების მედიასაშუალებებისთვისაც.

მართალია, საქართველოში ტელევიზია ჯერჯერობით ინფორმაციის მთავარ წყაროდ რჩება (ბოლო კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 72% ინფორმაციას ტელევიზიით იღებს და მხოლოდ 21% Facebook-ით და ინტერნეტით), მაგრამ ინტერნეტ გამოცემებისთვის ის ტრაფიკის მთავარი წყაროა - მომხმარებელთა დიდი ნაწილი გამოცემების ვებგვერდებზე სოციალური ქსელების საშუალებით გადადის.

Slate Group-ის მთავარი რედაქტორი ჯეიკობ ვეისბერგი ამბობს, რომ მართალია, ამ გადაწყვეტილების გავლენა ჯერ უცნობია, მაგრამ ის ძალიან ჰგავს სოციალური ქსელების დასასრულს. Slate Group-ში შედის გამოცემები Slate და Foreign Policy. ვეისბერგი ვარაუდობს, რომ ცვლილება ცუკერბერგის კომპანიას ჩინეთის ბაზარზე მოსახვედრად სჭირდება, მაგრამ ის ამას ვერ გააკეთებს თუ ახალ ამბებზე ცენზურას არ დააწესებს. “თქვენს პლატფორმაზე გამოჩნდება ახალი ამბები, რომლებსაც მომხმარებლები გააზიარებენ, მაგრამ იმ ქვეყნების მცხოვრებლებს, სადაც რეპრესიული რეჟიმებია, ნორმალურ ინფორმაციასთან წვდომა არ აქვთ, და ისინი ვერ გააზიარებენ მათ, რადგან კანონით ეკრძალებათ”, - ამბობს ვეისბერგი.

გაზეთ Boston Globe-ის სოციალურ ქსელებში მუშაობის დეპარტამენტის უფროსი მეტ კეროლაინი მიიჩნევს, რომ მედიამ აუდიტორიის გაზრდის სხვა მეთოდებზე უნდა იფიქროს. გამოცემა ცდილობს ყურადღება Facebook-ის გვერდებიდან სოციალური ქსელის სხვა სეგმენტებზე გადაიტანოს, მაგალითად ჯგუფებზე, რომელთა აუდიტორიაც მართალია ნაკლებია, მაგრამ სამაგიეროდ - ბევრად აქტიური.

ცვლილებებით Facebook-ი წააგებს

Bloomberg Media-ს გენერალური დირექტორი ჯასტინ სმიტი ფიქრობს, რომ ცვლილებებით თავად Facebook-ი წააგებს. მისი თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება ხარისხიანი საინფორმაციო კონტენტის გაქრობამ და მისი პირადი კომუნიკაციით შეცვლამ აუდიტორიის აქტიურობა გაზარდოს.
 
განცხადების შემდეგ, Facebook-ის აქციები თითქმის 4,5%-ით შემცირდა. ამგვარად, მთელი კომპანიის კაპიტალიზაცია 23 მილიარდ დოლარამდე დაეცა, ხოლო თავად ცუკერბერგის ქონება, რომელსაც კომპანიის აქციების 14% ეკუთვნის, 3,3 მილიარდით შემცირდა.

რამდენიმე წლის წინ, გამოცემა BuzzFeed სოციალურ ქსელ Facebook-ს “ინტერნეტის ახალ მთავარ გვერდს” უწოდებდა და აქტიურად ავრცელებდა თავის მასალებს სოციალური ქსელის საშუალებით. ახლა BuzzFeed-ი მომხმარებელს მოუწოდებს გამოცემის მობილური აპლიკაცია ჩამოიწეროს.

ცუკერბერგის გადაწყვეტილებას The Verge-ი სტატიით გამოეხმაურა. პუბლიკაციის ავტორი, ჟურნალისტი ქეისი ნიუტონი წერს, რომ ადამიანებს, რომლებსაც Facebook-ზე ახალი ამბების კითხვა უყვარდათ, ახლა ამ ქსელში შესვლის ნაკლები მიზეზი ექნებათ. თავისი გადაწყვეტილებით კომპანიამ დიდ ბრენდებსაც და მედიასაც ზურგი შეაქცია, შესაბამისად, ქსელი მათგან მიღებულ შემოსავლებსაც მნიშვნელოვნად დაკარგავს, - აღნიშნავს ნიუტონი და არ სჯერა, რომ ცუკერბერგის გადაწყვეტილება წარმატებული იქნება: “WhatsApp-ის მესინჯერში, რომელიც Facebook-ს ეკუთვნის, ახალი ამბები საერთოდ არ არის, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ჭორების და დეზინფორმაციის გავრცელებას. ამიტომ კურსის შეცვლის შემდეგ საეჭვოა კომპანიამ პრობლემა გადაჭრას, მას მაინც გალანძღავენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის”, - ნათქვამია სტატიაში.

სხვა თემები