18 იანვარი 2018 - 23:13

რატომ გვეშინია აცრების? ერთ-ერთი "შეთქმულების" ისტორია

ფოტო: shutterstock.com

2015 წელს გამოქვეყნდა ბრიტანელი ჟურნალისტის და მეცნიერის, რობ ბრაზერტონის წიგნი Suspicious Minds: Why We Believe Conspiracy Theories, რომელშიც ავტორი შეთქმულების სხვადასხვა თეორიას აანალიზებს: იმას, თუ საიდან ჩნდება ისინი და ზოგადად, რატომ იზიდავს ადამიანს კონსპიროლოგია. ამ წიგნის ერთ-ერთი თავი ეძღვნება ვაქცინაციას და მისგან გამომდინარე ფობიებს. ავტორი წერს, რომ აცრებთან დაკავშირებული შიშები, რომლებიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე არსებობს, 1970-იან წლებში წარმოიქმნა, თუმცა, ეჭვები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ვაქცინებს აწარმოებენ და ყიდიან, პირველი ვაქცინის აღმოჩენისთანავე გაჩნდა.

სტატისტიკა 1

ბრაზერტონი წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში წითელაზე აცრის ლიცენზია 1963 წელს გაიცა. მას შემდეგ ამ სენით დაავადებულთა რაოდენობა 95%-ით შემცირდა. წინა წლებში წითელათი თითქმის ყველა ბავშვი ავადდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა სერიოზული გართულებების გარეშე იკურნებოდა, ყოველწლიურად წითელასგან დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 100, ხოლო აშშ-ში - 400-ზე მეტი ბავშვი იღუპებოდა; ათობით ათასი - საავადმყოფოში ხვდებოდა, ზოგიერთი კი ბრმავდებოდა ან ტვინი უზიანდებოდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2000-2013 წლებში ვაქცინაციის წყალობით მთელ მსოფლიოში წითელას 15 მილიონზე მეტი ბავშვი გადაურჩა. დღეს არსებობს კომბინირებული ვაქცინა (MMR) წითელას, ეპიდემიური პაროტიტის (ყბაყურა) და წითურას წინააღმდეგ. დიდ ბრიტანეთში ამ კომბინირებული ვაქცინის გამოყენება 1988 წელს დაიწყეს, რასაც დადებითი შედეგები მალევე მოჰყვა. პირველ წელს მილიონი ბავშვი აცრეს. მომდევნო ათწლეულებში ვაქცინას ბავშვების 90%-სთვის იყენებდნენ.

ექიმი ენდრიუ უეიკფილდი

1998 წელს, ექიმმა ენდრიუ უეიკფილდმა თავის სამეცნიერო ჯგუფთან ერთად, ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალში The Lancet კვლევა გამოაქვეყნა. სტატიაში უეიკფილდი და მისი კოლეგები აცხადებდნენ, რომ რამდენიმე აუტისტი ბავშვის ნაწლავში წითელას ვირუსი აღმოაჩინეს და გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ვაქცინა MMR-ი შესაძლოა აუტიზმის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო, თუმცა იმავდროულად აღნიშნავდნენ, რომ ამ კავშირის დადასტურებისთვის მათ ხელთ არსებული მონაცემები საკმარისი არ იყო. მიუხედავად ამისა, უეიკფილდმა კვლევის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უამბო.

ჟურნალის ნომრის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე ჩატარდა პრესკონფერენცია, რომელზეც კვლევის თანაავტორების უმრავლესობა არ მივიდა. უეიკფილდი კი პრესის თანდასწრებით ამტკიცებდა, რომ ამ ვაქცინისგან მომავალი საფრთხე იმდენად დიდი იყო, რომ ის სასწრაფოდ უნდა ამოეღოთ ხმარებიდან და შეეცვალათ ცალკეული ვაქცინებით წითელას, წითურას და ყბაყურას წინააღმდეგ. უეიკფილდი აცხადებდა, რომ ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგი არ იყო, მას მიაჩნდა, რომ ის ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელია, უბრალოდ კომბინირებული ვაქცინის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა.

გაშუქების ეფექტი

მშობლების აუდიტორია მედიის გავლენის ქვეშ იოლად მოექცა და უეიკფილდის განცხადებებს პანიკა მოჰყვა. თავდაპირველად რეაქცია შედარებით ზომიერი იყო, თუმცა ვაქცინის გამოყენება იმ დღიდანვე შემცირდა, როდესაც უეიკფილდმა პრესკონფერენცია გამართა. 2001 წელს სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეს კომბინირებული ვაქცინა აუტიზმს იწვევდა, მედიამ გააშუქა იმაზე ფართოდ, ვიდრე რომელიმე სხვა სამეცნიერო მოვლენა.

2001 წლიდან 2003 წლამდე ვაქცინის გამოყენება 80%-ით შემცირდა, რასაც მოჰყვა დაავადების გავრცელება. განსაკუთრებით გავრცელდა წითელა, რადგან ის კონტაქტით იოლად გადამდებია. დაავადების პირველი აფეთქება 2000 წელს დუბლინში დაფიქსირდა, სადაც წითელათი დაავადების 1600 შემთხვევა გამოვლინდა, 100-ზე მეტი ბავშვი გართულებებით საავადმყოფოებში მოხვდა, ხოლო 3 ბავშვი დაიღუპა. 2006 წელს ინგლისში გარდაიცვალა 13 წლის ბიჭი, რომელიც 1994 წლის შემდეგ წითელას პირველი მსხვერპლი გახდა; 2008 წელს, პირველად 14 წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში წითელას ეპიდემია გამოცხადდა; 2012 წლისთვის ინგლისსა და უელსში ექიმებმა წითელას დიაგნოზი დასვეს 2000-ზე მეტ შემთხვევაში, ის დიდწილად აღმოაჩნდათ ბავშვებს და მოზარდებს, რომელთა მშობლებმაც რამდენიმე წლით ადრე მათ აცრაზე უარი თქვეს; 2013 წელს წითელას ეპიდემიის კიდევ ერთი აფეთქება მოხდა უელსში - დაავადდა 1000-ზე მეტი ადამიანი, 88 - ჰოსპიტალიზებული იყო, ერთი - 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

ტყუილი

2004 წელს გაირკვა, რომ ყველა დავა MMR-ის ვაქცინასთან და აუტიზმთან დაკავშირებით სიცრუეზე აიგო. ჟურნალისტმა ბრაიან დირმა გამოძიება ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ უეიკფილდმა, ვიდრე თავის ცნობილ კვლევას დაიწყებდა, საპატენტო განაცხადი წარადგინა MMR-ის კომპლექსური ვაქცინის თითქოსდა უფრო უსაფრთხო ალტერნატივაზე; თავისი კვლევებისთვის მან დაახლოებით ნახევარი მილიონი ფუნტის დაფინანსება მიიღო საადვოკატო ფირმიდან, რომელიც ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე მუშაობდა. იმავე ოფისმა გაუგზავნა უეიკფილდს მშობლები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ მათი შვილები ვაქცინაციის გამო დაზარალდნენ, ისე რომ ექიმს შეძლებოდა მათი კვლევებისთვის გამოყენება. ინტერესთა კონფლიქტის დამალვა - უეკფილდის დარღვევებში ყველაზე უმნიშვნელო რამ აღმოჩნდა. დირმა გაარკვია, რომ კვლევა, რომელშიც უეიკფილდმა გამოიყენა გონებრივი განვითარების პრობლემის მქონე ბავშვები, ეთიკურმა კომისიამ დაიწუნა. და ბოლოს, გაირკვა, რომ უეიკფილდს შეეძლო ბავშვების ავადმყოფობის ისტორიის დეტალების გაყალბება ისე, რომ ისინი თავისი “ცრუ” თეორიისთვის მოერგო. ამასთან, ექიმის კოლეგამ ივარაუდა, რომ უეიკფილდმა წინასწარ გაყალბებული შედეგები გამოაქვეყნა. საბოლოო ჯამში, უეიკფილდს, დიდ ბრიტანეთში პროფესიული ლიცენზია ჩამოართვეს და ექიმობა აუკრძალეს.

სტატისტიკა 2

უეკფილდის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ათობით დამოუკიდებელ და მასშტაბურ კვლევაში, რომლებშიც ასობით ათასი ბავშვი მონაწილეობდა სხვადასხვა კონტინენტიდან, არანაირი კავშირი MMR-ის ვაქცინას და აუტიზმს შორის არ დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის გამომწვევი ზუსტი მიზეზები მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, ექიმები დარწმუნებით აცხადებენ, რომ ვაქცინები “ეჭვმიტანილთა სიიდან” უნდა ამოიღონ.

მიუხედავად იმისა, რომ უეიკფილდის კვლევა არასარწმუნოა, ხოლო საწინააღმდეგო მოსაზრებები - დამაჯერებელი, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში დღემდე არსებობს შიშები MMR-ის ვაქცინასთან დაკავშირებით. ამასთან, ანტივაქცინური კამპანიის მხარდაჭერა დაიწყეს ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც არიან ჯენი მაკარტი და მისი იმდროინდელი მეგობარი ჯიმ კერი. ეს წარმოდგენები ნელ-ნელა იცვლებოდა და მათ სხვა შიშებიც ემატებოდა. კვლევებმა არაერთი მსგავსი შიშის უსაფუძვლობა დაადასტურა, მაგრამ ბევრი შფოთიანი მშობლის თვალში ასეთმა დავებმა ზოგადად ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაცია გამოიწვია.

2009 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელი მშობლების 10%-ზე მეტი უარს ამბობს რეკომენდებული აცრიდან ერთზე მაინც და ამაზე ორჯერ მეტი მშობელი აჭიანურებს შვილების აცრას, რითაც ბავშვებს ხანგრძლივი დროით დაუცველს ტოვებს. 

ექიმი ჯონ უილსონი

უეიკფილდი პირველი ბრიტანელი ექიმი არ არის, რომელმაც მედიას აცრების მავნებლობაზე მოგონილი ისტორიით მიმართა. მსგავსი რამ 1970-იან წლებშიც მოხდა.

ყივანახველას ყველაზე ხშირი სიმპტომი - უკონტროლო ხველაა. სასუნთქი გზების შევიწროების გამო პაციენტს სუნთქვა უჭირს, ხოლო ამოსუნთქვას ხშირად მკვეთრი ხველა მოსდევს. ხველა ისეთი ძლიერია ხოლმე, რომ შეიძლება თვალში სისხლის ჩაქცევა, ნეკნების დაზიანება და თიაქარის წარმოქმნაც გამოიწვიოს. ცალკეულ შემთხვევებში ხველა შეიძლება ოთხ თვემდე გაგრძელდეს და ზოგჯერ კვების ნაკლებობის გამო ორგანიზმი დაასუსტოს, ადამიანს მხედველობა, სმენა და ტვინიც კი დაუზიანოს. მაგრამ ყივანახველა ყველაზე საშიში ჩვილი ბავშვებისთვისაა. ისინი არ ახველებენ და იმის გამო რომ ვერ სუნთქვავენ, შეუმჩნევლად ლურჯდებიან და კვდებიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად ყივანახველათი დაახლოებით 200 000 ადამიანი იღუპება - ძირითადად, ბავშვები განვითარებადი ქვეყნებიდან.

დღეს არსებობს ვაქცინა, რომელიც ადამიანს იცავს არამხოლოდ ყივანახველასგან, არამედ დიფტერიისა და ტეტანუსისგანაც - კომბინირებული ვაქცინა AKDS. 1970-იან და 1980-იან წლებში AKDS-იც მწვავე კამათის და კონსპიროლოგიური ხასიათის შიშების საგანი გახდა.

1973 წელს, ბრიტანელმა ექიმმა ჯონ უილსონმა სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინა ანგარიში, რომელშიც ამტკიცებდა, რომ AKDS ვაქცინაში ყივანახველას კომპონენტი ჩვილ ბავშვებში იწვევს კრუნჩხვას და ტვინს აზიანებს. უილსონის კვლევაში ცოტა ბავშვი მონაწილეობდა, ამასთან გაირკვა, რომ ბევრს დიაგნოზი არასწორად დაუსვეს, ხოლო ზოგიერთისთვის აცრა AKDS საერთოდ არ გაუკეთებიათ. მიუხედავად ამისა, უილსონმა თავისი კვლევა აჩვენა მედიას, გამოჩნდა ტელევიზიით პრაიმ-ტაიმში, გადაცემაში, რომელშიც აჩვენებდნენ დაავადებული ბავშვების შემაძრწუნებელ ფოტოებს, უილსონი კი ყვებოდა, რომ AKDS-ის ვაქცინისგან ასობით პატარა ბრიტანელს ტვინი უზიანდებოდა.

ამ ამბის ფონზე, AKDS-ის ვაქცინის გამოყენება რამდენიმე წლის განმავლობაში 80%-დან 31%-მდე შემცირდა. 1978-1979 წლებში გავრცელდა ყივანახველას ეპიდემია, რომლის დროსაც ინგლისსა და უელსში დაავადების ასობით ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიას დაახლოებით 600 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბარბარა ფიშერი

მიუხედავად იმისა, რომ უილსონის კვლევა დაუსაბუთებელი იყო, ხოლო იზრდებოდა ისეთი კვლევების რიცხვი, რომლებშიც AKDS-ის ვაქცინას და ტვინის დაზიანებას შორის კავშირი არ დასტურდებოდა, 1980-იანი წლების დასაწყისში შიში ამერიკასაც გადაედო. 1982 წელს, აშშ-ში აჩვენეს დოკუმენტური ფილმი DPT: Vaccine Roulette, რომელშიც ბრიტანული ანალოგის მსგავსად იყო უამრავი ემოციური კადრი ბავშვების გამოსახულებით, რომლებიც თითქოს AKDS-ის ვაქცინით დაზარალდნენ. ფილმში ამტკიცებდნენ, რომ მთავრობა და სამედიცინო დაწესებულებები შეგნებულად უგულებელყოფდნენ და მალავდნენ არსებულ ზიანს.

ფილმის ერთ-ერთმა მაყურებელმა, ბარბარა ფიშერმა დაიჯერა, რომ თავისი შვილი ამ ვაქცინისგან დაზარალდა და სხვა თავის თანამოაზრე მშობლებთან ერთად დააფუძნა ჯგუფი “უკმაყოფილო მშობლები ერთად”. ეს ჯგუფი დღემდე არსებობს, თუმცა ახლა სხვა სახელი ჰქვია - “ვაქცინების შესახებ ინფორმაციის ნაციონალური ცენტრი”.

წლების განმავლობაში, ფიშერის მოძრაობამ და სხვა მსგავსმა ორგანიზაციებმა ეჭქვეშ დააყენეს თითქმის ყველა არსებული ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა. ბარბარა ფიშერის ორგანიზაცია ენდრიუ უეიკფილდის საქმესაც გამოეხმაურა და ყოფილი ექიმი “მეცნიერული სიმამაცისთვის” დააჯილდოვა.

სხვა თემები