იტალიაში მაფიის წევრებს მასობრივად აკავებენ. იტალიური მაფია კიდევ არსებობს?
პალერმო, სიცილია, იტალია
ფოტო: shutterstock.com
მაფიასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, იტალიური პოლიცია სპეცოპერაციების სერიას ატარებს. ძალოვნებმა ათობით ადამიანი დააპატიმრეს ნეაპოლში, რომსა და სიცილიის აგრიჯენტოში. 22 იანვარს "კოზა ნოსტრასთან" კავშირის ბრალდებით სამართალდამცველებმა 56 ადამიანი დააკავეს. მანამდე, იანვრის დასაწყისში 169 ადამიანი დააპატიმრეს საპოლიციო რეიდების დროს იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. დაკავებულებს ადანაშაულებენ კონტრაბანდაში, გამომძალველობაში, შეკვეთილ მკვლელობებში, პოლიტიკოსების მოქრთამვაში, პროსტიტუციის ორგანიზებასა და ხელოვნების ნიმუშების მოპარვაში. BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ და როგორ მუშაობენ იტალიური დანაშაულებრივი კლანები თანამედროვე მსოფლიოში.
სიცილიური მაფია "კოზა ნოსტრა"
"კოზა ნოსტრა" ითარგმნება, როგორც "ჩვენი საქმე". ასე ეწოდებოდა პირველ მაფიას, რომელსაც საფუძველი ოჯახურმა კლანებმა ჩაუყარეს. სიცილიურმა ბანდებმა შექმნეს მოდელი, რომელიც შემდეგ მაფიოზურმა დაჯგუფებებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაიღეს. სიცილიაში ისინი მძლავრ ძალად 1800-იან წლებში ჩამოყალიბდნენ, მოგვიანებით - კიდევ უფრო გაძლიერდნენ.
"კოზა ნოსტრა" ცნობილია თავისი ღირსების კოდექსით, რომელსაც "ომერტა" ეწოდება და რომელიც აბსოლუტურ ლოიალობას მოითხოვს. დამსმენებს წამება და სიკვდილი, მათ ახლობლებსა და ნათესავებს კი დასჯა ემუქრებოდათ. სიცილიური მაფიის წევრებს კომერციული დავების და საქონლის მოპარული პარტიების მოსაძებნად დღესაც მიმართავენ, რადგან მათი "მომსახურება" სასამართლო მექანიზმზე სწრაფ და ეფექტიან ბერკეტად მიაჩნიათ.
აშშ-ში "კოზა ნოსტრა" ცნობილი გახდა რეკეტითა და სხვა ქალაქების, ჩიკაგოს და ნიუ-იორკის დაჯგუფებებთან შეტაკებებით. 1920-იან წლებში ის ამერიკაში მშრალი კანონის დროს სპირტიანი სასმელით ვაჭრობდა. "კოზა ნოსტრას" შემოსავლის მთავარი წყარო ჰერონია.
ზოგიერთი მაფიოზური იტალიური ორგანიზაცია უცხოეთში საქმიანობს და არანაკლებ სასტიკი ჩინური, რუსული, ალბანური და სხვა ქვეყნების მაფიოზური ბანდების კონკურენტია. ზოგჯერ ისინი კოორდინირებულადაც მუშაობენ. "კოზა ნოსტრამ" არამხოლოდ იტალიიის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაშიც შეაღწია.
ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, დღეს "კოზა ნოსტრა" და სამი სხვა მსხვილი მაფიოზური დაჯგუფება ("კამორე", "საკრა კორონა უნიტე" "ნდრანგეტე") 25 ათასი წევრისაგან შედგება. მათთან დაკავშირებული ადამიანების რიცხვი მსოფლიოში 250 ათასია.
როდესაც "კოზა ნოსტრას" ნათლიმამა სალვატორე რიინა ხელმძღვანელობდა, დაჯგუფება ფაქტორივად საომარ მდგომარეობაში იყო იტალიურ სახელმწიფოსთან. რიინა 1993 წელს პალერმოში დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ის 2017 წლის ნოემბერში ციხეში გარდაიცვალა.
"კოზა ნოსტრამ" ევროკავშირის ზოგიერთ ეკონომიკურ პროექტშიც შეაღწია. 2010 წელს BBC-ის გამოძიებით გაირკვა, რომ სხვა ბიზნეს-პროექტებთან ერთად მაფიოზური სტრუქტურა შემოსავალს ქარის ელექსტროსადგურებიდანაც იღებდა. სიცილიური საზოგადოება მათთან დაპირისპირებას სხვადასხვა აქტივობით ცდილობს. მაგალითად, არსებობს ანტიმაფიოზური დაჯგუფება Libera Terra რომლის ბიზნეს-პროექტებში შედის სასტუმრო ბიზნესი და ის მაფიისგან ამოღებული ფულით ფინანსდება.
სპეციალისტების თქმით, ახლა "კოზა ნოსტრა" სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მიგრანტების ღამის გასათენებლების მფარველობითაა დაკავებული. მაგრამ მიგრანტების ზოგიერთი ბანდა მაფიასთან კონკურენციას ცდილობს ისეთ სფეროებში, როგორიც, მაგალითად, პროსტიტუციაა.
ნეაპოლური მაფია "კამორე"
ნეაპოლსა და კაზერტეში "კამორეს" კლანებში დაახლოებით 4500 ადამიანია. მათი საქმიანობის მთავარი სფერო - ნარკოტიკია. ბანდის წევრები განსაკუთრებულად სასტიკები არიან. ისინი ფულს სძალავენ სამშენებლო ფირმებს, კომპანიებს, რომლებიც ტოქსიკურ ნარჩენებს მარხავენ, ასევე ტანსაცმლის მწარმოებლებს, მათ შორის სახელოსნოებს, რომლებშიც დიდწილად ჩინელები მუშაობენ და პოპულარული ბრენდების ტანსაცმლის ყალბ ასლებს ქმნიან.
"კოზა ნოსტრასგან" განსხვავებით "კამორეს" და "ნდრანგეტეს" იერარქია ნაკლებად მკაცრია, ლიდერები - ბევრად ახალგაზრდა, ხოლო საქმიანობა უფრო სასტიკი. სპეციალისტების თქმით, დღეს ეს ორი დაჯგუფება "კოზა ნოსტრაზე" უფრო ძლიერია და პოლიტიკაში ნაკლებად არის ჩართული.
"კამორეს" ნარკომოვაჭრეთა განტოტვილი ქსელი ესპანეთშიც მუშაობს, მაგრამ სინდიკატის ცენტრი ყოველთვის ნეაპოლის ისეთ ღარიბ რაიონებშია, როგორებიცაა სკამპია და სეკონდილიანო.
"კამორეს" კლანების სტრუქტურაში, ტრადიციულად, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქალები, რომლებიც, როგორც წესი, ასრულებენ კურიერების, ასევე "ბუღალტრების" როლებს და კლანის წევრებს ფულს გადასცემენ.
კალაბრიული მაფია "ნდრანგეტე"
კალაბრია იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია. პროვინცია სიცილიის მეზობლად მდებარეობს, ხოლო "ნდრანგეტე" შეიქმნა, როგორც "კოზა ნოსტრას" ერთ-ერთი განშტოება. სიტყვა "ნდრანგეტე" მოდის ბერძნული სიტყვიდან "ანდრაგატია" და მამაცობას, სიქველეს ნიშნავს.
FBI-ის შეფასებით "ნდრანგეტეს" დღეს დაახლოებით 6 ათასი წევრი ჰყავს. დაჯგუფება, რომლის საქმიანობაც კოკაინის კონტრაბანდაა, პირდაპირ კავშირშია მექსიკურ და კოლუმბიურ ბანდებთან. ზოგიერთი გათვლით, "ნდრანგეტე" ევროპაში კოკაინით ვაჭრობის 80%-ს აკონტროლებს. ამ დაჯგუფების გავლენა იტალიის ჩრდილოეთზეც ვრცელდება - ის აკონტროლებს კრიმინალური ბიზნესის ნაწილს ტურინის შემოგარენში, კალაბრიაში კი მას ღარიბებისთვის განკუთვნილი დახმარების დიდი ნაწილის ძარცვაში ადანაშაულებენ.
აპულიური მაფია "საკრა კორონა უნიტე"
ეს ყველაზე პატარა იტალიური მაფიოზური კლანია. "საკრა კორონა უნიტე", რაც ნიშნავს "გაერთიანებულ წმინდა გვირგვინს", იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აპულიაშია.
FBI-ის შეფასებით, დაჯგუფება დაახლოებით 2 ათასი წევრისგან შედგება და მისი საქმიანობა სიგარეტის, იარაღის, ნარკოტიკის და ადამიანების კონტრაბანდაა.
აპულიის გეოგრაფიის გამო რეგიონი იდეალური პორტია ბალკანეთიდან კონტრაბანდისათვის. მიჩნეულია, რომ აპულიური კლანები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი აღმოსავლეთ ევროპის დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფებთან.


