რატომ დანიშნა ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნები 6 თვით ადრე?
ილჰამ ალიევი
ფოტო: shutterstock.com
ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი 6 თვით გადმოწია. კენჭისყრა ოქტომბრის ნაცვლად აპრილში გაიმართება. ალიევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის უფლება 2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ აქვს, რომელიც აზერბაიჯანის ოპოზიციამ მმართველი პარტიის მხრიდან ავტორიტარიზმის განმტკიცებად შეაფასა და რომლის თანახმადაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდა. ალიევი, რომელიც აზერბაიჯანს 14 წელია მართავს, აპრილის არჩევნებში მონაწილეობს. გასულ კვირაში ის კანდიდატად მმართველმა პარტიამ "ახალმა აზერბაიჯანმა" წარადგინა.
კიდევ ვინ მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში?
პარტია "მუსავათის" თავმჯდომარე ისა გამბარი და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის" ლიდერი ალი ქერიმლი.
ოპოზიცია რას ამბობს?
ისა გამბარი არჩევნების თარიღის შეცვლას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებს, რაც სამი წლის წინ ნავთობზე ფასების ვარდნით დაიწყო. მისი თქმით, ხელისუფლებას ესმის, რომ კრიზისი ღრმავდება და წლის ბოლოს საზოგადოების უკმაყოფილება და შესაბამისად, ელექტორატის საპროტესტო განწყობები გაიზრდება. ალი ქერიმლის აზრით კი ალიევი არჩევნების თარიღის გადმოწევით კონკურენტებს მოსამზადებელ ვადას უმცირებს.
ხელისუფლება რას ამბობს?
აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი ზაჰიდ ორუჯი ოპოზიციონერების ეჭვებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ეკონომიკა არაფერ შუაშია. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირველ რიგში უკავშირდება იმას, რომ რეფერენდუმის შედეგად, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, 2025 წელს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დრო ერთამენთს დაემთხვეოდა. ორუჯი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება სხვა კანდიდატების შანსებზე არ აისახება. "თუ რაღაც ძალები 25 წლის განმავლობაში ვერ ახერხებენ მომზადებას, რამდენიმე თვე მათთვის არაფერს შეცვლის", - თქვა ორუჯიმ.
კიდევ რა ვერსიებია?
არჩევნების მონიტორინგის და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ანარ მამედლი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული საზოგადოება ასეთი მოულოდნელი ცვლილებისთვის მზად არ არის. "შეიძლება ხელისუფლებას სწორედ ეს გათვლა ჰქონდა, როდესაც ასეთ ნაჩქარევ ნაბიჯს დგამდა. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდს აქტიურად ვაკვირდებოდით და არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ყველამ იცოდა როდის იქნებოდა ის, ავად თუ კარგად პოლიტიკური პარტიები ემზადებოდნენ დედაქალაქშიც და რეგიონებშიც, ახლა კი 2 თვით ადრე ეს ფიზიკურად შეუძლებელია".
მამედლის თქმით, არჩევნებამდელი პერიოდის მკვეთრი შემცირება სერიოზულად გაართულებს საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფების მუშაობას. მათ შეიძლება მანდატის მიღებაც ვერ მოასწრონ.
აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მათთვისაც მოულოდნელი იყო.
კვლევითი ცენტრის The Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსში (The Democracy Index), კატეგორიაში "ავტორიტარული ქვეყანა" აზერბაიჯანი 167 ქვეყნიდან 148-ე ადგილზეა.


