14 თებერვალი 2018 - 21:04

ისრაელის პრემიერმინისტრს დაიჭერენ?

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ფოტო: shutterstock.com

ისრაელის პოლიციას მიაჩნია, რომ პროკურატურამ აუცილებლად უნდა წაუყენოს ბრალი ქვეყნის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციის, თაღლითობისა და ნდობის ბოროტად გამოყენებისთვის. პოლიციელების მონაცემებით, გამომძიებლებს საკმარისი მტკიცებულება აქვთ პრემიერის მექრთამეობაში დასადანაშაულებლად. თავად ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და აღნიშნა, რომ თანამდებობას არ დატოვებს. მისი თქმით, ეს ბრალდებები "არაფრით დასრულდება". პრემიერმინისტრს ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა.

რა დანაშაულისთვის ედავებიან?

მას ორ ეპიზოდზე ედავებიან. ერთ შემთხვევაში, ნეთანიაჰუმ თითქოს ისრაელის ყოველდღიური გაზეთის Yedioth Ahronoth ("ბოლო ამბები") გამომცემელს სთხოვა ისრაელის ხელისუფლების საქმიანობა პოზიტიურ ჭრილში გაეშუქებინა, სანაცვლოდ კი გაზეთის კონკურენტებთან გამკლავებას დაჰპირდა. პოლიციას მიაჩნია, რომ ამ საქმეზე ბრალი გაზეთის რედაქტორს, არნონ მოზესსაც უნდა წაუყენონ.

მეორე შემთხვევაში, ნეთანიაჰუ, რომელიც ისრაელის პრემიერმინისტრად 2009 წლიდან მუშაობს, ეჭვმიტანილია იმაში, რომ მილიონზე მეტი შეკელის (დაახლოებით 280 ათასი დოლარი) ღირებულების საჩუქრები მიიღო ჰოლივუდელი მაგნატისა და პროდიუსერის არნონ მილჩენისა და თავისი სხვა მხარდამჭერებისაგან.

Jerusalem Post-ი წერს, რომ საჩუქრებს შორის იყო სიგარები და შამპანური, რის სანაცვლოდაც პრემიერი მილჩენს აშშ-ის ვიზის მიღებაში დაეხმარა. მილჩენი ათობით ცნობილი ჰოლივუდური ფილმის პროდიუსერია. პოლიციას მიაჩნია, რომ კორუფციის ბრალდება პროდიუსერსაც უნდა წაუყენონ. 

პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჩუქრების მიღების შემდეგ, ნეთანიაჰუმ აქტიურად დაიწყო ეგრეთ წოდებული "მილჩენის კანონის" ლობირება, რომელიც უცხოეთიდან დაბრუნებულ ისრაელელებს 10 წლით ათავისუფლებდა გადასახადების გადახდისაგან. საბოლოო ჯამში, რეგულაციის მიღებას ისრაელის ფინანსთა სამინისტრომ შეუშალა ხელი.

პოლიციას ასევე ეჭვი აქვს, რომ პრემიერმინისტრი თაღლითობდა და ბოროტად იყენებდა თავის მდგომარეობას ავსტრალიელ მილიარდერთან, ჯეიმს პეკერთან დაკავშირებულ საქმეში. 2017 წლის დეკემბერში ისრაელური ტელეკომპანია Channel 10 იუწყებოდა, რომ პეკერმა გამომძიებლებს უამბო, თუ როგორ ჩუქნიდა საჩუქრებს პრემიერმინისტრს და მის მეუღლე სარას. ისრაელური მედიის ცნობით, ამ საქმეების ფარგლებში გამომძიებლებმა ბენიამინ ნეთანიაჰუ, სულ ცოტა, შვიდჯერ დაკითხეს.

პროკურატურა რას ამბობს?

ნეთანიაჰუსთვის ბრალის წაყენების საკითხი საბოლოოდ გენერალური პროკურატურის გადასაწყვეტია. ეს პროცედურა კი შეიძლება კიდევ რამდენიმე თვით გახანგრძლივდეს. იუსტიციის მინისტრის, აელედ შაკედის თქმით, პრემიერისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემთხვევაშიც, მას გადადგომის ვალდებულება არ აქვს. ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. 

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 2019 წლის ნოემბერში იგეგმება. დღეისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმაოდ მყიფე კოალიციას ხელმძღვანელობს, თუმცა სატელევიზიო გამოსვლის დროს მან მკაფიოდ თქვა, რომ ეს ბრალდებები მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს და ის 2019 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

დააპატიმრებენ?

ისრაელის ისტორიაში მაღალი რანგის პოლიტიკოსების სამართლებრივი დევნა სიახლე არ არის. 2011 წელს ისრაელის ყოფილ პრეზიდენტ მოშე კაცავს (2000-2007) თელ-ავივის საოლქო სასამართლომ 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. ის დამნაშავედ ცნეს უხამს საქციელში, ქვეშევრდომის სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში, ასევე მართლმასჯულებისთვის ხელის შეშლაში. 2011 წლის დეკემბერში ის დააპატიმრეს. 

68 წლის ნეთანიაჰუ მეორე ვადით არის პრემიერმინისტრი და ისრაელის მთავრობას 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ისრაელის პრემიერმინისტრი იყო 1996-1999 წლებშიც, შესაბამისად, მთლიანობაში მან ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელად უკვე 12 წელი იმუშავა.

მის წინააღმდეგ ბრალდება არაერთხელ გაისმა. პრემიერობის პირველი ვადის დროს, დაახლოებით 20 წლის წინ, პოლიცია ნეთანიაჰუს და მისი ცოლისთვის ბრალის წაყენებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ ისინი სახლში ინახავდნენ ოფიციალურ საჩუქრებს, რომლებიც სახელმწიფოსთვის უნდა გადაეცათ. საბოლოოდ ეს ბრალდებები მოიხსნა.

2015 წელს, პრემიერი და მისი მეუღლე იმაში დაადანაშაულეს, თითქოს წყვილმა ბიუჯეტიდან დაფარა იმ კომპანიის მომსახურება, რომელიც მათ პირადად ემსახურებოდა. ეს ბრალდებებიც მოიხსნა.   

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბოლოს პოლიციამ ნეთანიაჰუს საიდუმლო შემოწმება 2016 წლის ივნისში დაიწყო. შემოწმების მიზეზი მაშინ არ დასახელდა. 2016 წლის დეკემბერში, გენერალურმა პორკურორმა ავიჰაი მანდელბლიტმა გასცა სანქცია გერმანიაში წყალქვეშა ნავების ყიდვის საქმეში ნეთანიაჰუს როლის შესწავლაზე, რადგან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა. მანამდე, პროკურორმა დავალება გასცა გადაემოწმებინათ ცნობა ნეთანიაჰუს მიერ მილიონი ევროს შემოწირულების მიღებაზე ფრანგი ბიზნესმენის, არნო მიმრანისგან, რომელიც თაღლითობისთვის იყო გასამართლებული. 

2016 წლის ზაფხულში ხმაური იყო ასევე ნეთანიაჰუს ნიუ-იორკში ვიზიტის ხარჯებზეც. პრესა წერდა, რომ პრემიერმინისტრის მგზავრობა და ხუთი დღის ვიზიტი აშშ-ში ისრაელის ბიუჯეტს ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა.

სხვა თემები