18 თებერვალი 2018 - 04:21

ციფრული სულები. როგორ ზრუნავენ სოცქსელები გარდაცვლილი მომხმარებლების ექაუნთებზე

ფოტო: shutterstock.com

უკვე 2012 წელს, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის Facebook-ის გარდაცვლილი მომხმარებლების რაოდენობამ დაახლოებით 30 მილიონს მიაღწია. ექსპერტები ამბობენ, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც სოცქსელების გარდაცვლილი მომხმარებლების რიცხვი ცოცხლებს გადააჭარბებს. ასეთი ვირტუალური მემკვიდრეობის მართვას კი სპეციალური რეგულაციები და ოფიციალური კოდექსები დასჭირდება. კომპანიებმა ამ პრობლემაზე ფიქრი უკვე დაიწყეს. 

Facebook-ი მომხმარებლებს ციფრული ანდერძის შექმნას სთავაზობს

Facebook-ი მომხმარებლებს ციფრული ანდერძის წინასწარ დაწერას და ექაუნთის პარამეტრებში იმ ადამიანის მითითებას სთავაზობს, რომელიც გვერდის მართვას განაგრძობს. ამასთან "მემკვიდრე" ვერ ნახავს თქვენს მიმოწერას, ვერ წაშლის ჩანაწერებს, მაგრამ შეძლებს ახალი პოსტების გამოქვეყნებას. იმ შემთხვევაში თუ გაუთვალისწინებელი რამ მოულოდნელად მოხდა, არსებობს ორი ვარიანტი:

- გვერდის წაშლა შეუძლია ნათესავს, თუ ის დაამტკიცებს, პირველ რიგში იმას, რომ თქვენი ნათესავია და შემდეგ უკვე დამტკიცებს თქვენი გარდაცვალების ფაქტს;
- ან იგივე ნათესავი მომხდარის დადასტურების შემთხვევაში შეძლებს "მემორიალური სტატუსის" დაყენებას და თქვენი გვერდი დარჩება ძველი სახით. თუმცა, გვერდის ახალი განმკარგავი შეძლებს პროფილის ფოტოს გამოცვლას, ახალი სტატუსების გამოქვეყნებას, ახალ მომხმარებლებთან დამეგობრებას, ამასთან თქვენ შეიძლება სამახსოვრო ფოტოებზე მოგნიშნონ, რომელიც შესაბამისად, თქვენს კედელზე გამოჩნდება. ამასთან, სახელის გვერდით, პროფილზე, გაჩნდება სპეციალური ნიშანი Remembering, რაც მემორიალური სტატუსია.

Instagram-ი თქვენს გვერდს მემორიალურ გალერეად აქცევს

Instagram-ზე გარდაცვლილი ადამიანის გვერდი მემორიალურ გალერეად გადაიქცევა. გარდაცვლილის ნათესავებს შეუძლიათ ექაუნთის გაუქმების მოთხოვნა, იმ პირობით, თუ ისინი დოკუმენტურად დაადასტურებენ გვერდის მეპატრონესთან ნათესაურ კავშირს და ზოგადად მისი დაბადების ფაქტს.

Twitter-ის ექაუნთი შეიძლება გაგიტეხონ

2016 წელს, Twitter-ან დაკავშირებით ასეთი სკანდალი მოხდა: ორი წლით ადრე გარდაცვლილი The New York Times-ის ჟურნალისტის დევიდ კარას ექაუნთი სპამ-ბოტმა გატეხა და მისი სახელით დაიწყო ისეთი სისულელეების წერა, რომ ფოლოუერები შოკში ჩააგდო.

ასეთი შემთხვევის მიუხედავად, ჯერჯერობით Twitter-ზე ექაუნთის დეაქტივაცია მომხმარებლის მხოლოდ ახლო ნათესავებს შეუძლიათ. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი რჩება ძველებურად იმ იმედით, რომ გარდაცვლილს ექაუნთს არ გაუტეხავენ.

Google-ი ბოლო სურვილს შეგისრულებთ

"ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით..." - ამ სიტყვებით იწყება Google-ის ექაუნთებისთვის სერვისების აღწერა სახელწოდებით "ყოველი შემთხვევისათვის". მასში შეიძლება "უმოქმედობის პერიოდის" დაყენება, ანუ თუ თქვენ მკვეთრად შეწყვეტთ გვერდებით სარგებლობას და არ იქნებით ონლაინ ხანგრძლივი დროის განმავლობაში (ვადის მითითება თავად შეგიძლიათ), Google-ი გიგზავნით შეტყობინებას, რომ თქვენი უმოქმედობის ვადა იწურება, ხოლო რამდენიმე დღეში აღასრულებს თქვენს "ბოლო სურვილს", რომლის დაწერაც წინასწარ შეგიძლიათ. ამ გზავნილში შეგიძლიათ "მემკვიდრეების" (თუნდაც ათი ადამიანის) მითითება, რომლებსაც ექაუნთებს დაუტოვებთ.

თქვენ გარდაიცვლებით, მაგრამ თქვენი ციფრული სული დარჩება

არსებობს ვებგვერდი Eterni.me, რომელიც თავისთან ტვირთავს მთელ ციფრულ ინფორმაციას გარდაცვლილის სოცქსელიდან: ყველა მის შეტყობინებას, ვიდეოგზავნილს, თითოეულ ფოტოს, კომენტარს, ყველა დოკუმენტს და ქმნის ბოტს - ადამიანის ასლს, რომლსაც შეუძლია ორიგინალურად აზროვნება. მასთან შეიძლება რეალურ დროში მიმოწერა, ის ცოცხალი ადამიანივით შეაფასებს და გამოეხმაურება თქვენს შეტყობინებებსა და ნაამბობს. 

თუ ასეთი სერვისები განვითარდება, ადამიანები მომავალში თავიანთ წინაპრებს, როგორც ცოცხლებს ისე დაეკონტაქტებიან. ხოლო ცნობილ ადამიანებს, ამა თუ იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შეფასებასაც სთხოვენ.​​​​

...

არსებობს მოსაზრება, რომ დღევანდელ თაობებს გაუმართლათ, რადგან მათ უკეთ შეუძლიათ გააცნონ საკუთარი თავი შთამომავლებს: შვილთაშვილებს განსხვავებული და ბევრად ადეკვატური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდებათ წინაპრების მიმართ, როდესაც ნახავენ მათ ფოტოებს წვეულებებიდან, სასაცილო სტატუსებს და სულელურ გიფებს. თუ რამდენიმე წლის წინ ფსიქოლოგები ამტკიცებდნენ, რომ შეუძლებელია გადავიდეთ მომავალში თუ წარსულს არ დავტოვებთ, დღეს მეცნიერებს მშვენიერ იდეად მიაჩნიათ ის, რომ ცხოვრება მუდმივ ონლაინ-კავშირშია თავის გარდაცვლილ ახლობლებთან, რომლებიც ამ ფორმით მაინც, არსებობას განაგრძობენ.

სხვა თემები