25 თებერვალი 2018 - 16:50

ოლიმპიური კრიზისი. რა პრობლემები გამოავლინა ფიონჩანგის თამაშებმა?

ფოტო: shutterstock.com

25 თებერვალს, სამხრეთკორეულ ფიონჩანგში ზამთრის ოლიმპიადა დასრულდა. ღონისძიება ბევრი თვალსაზრისით იყო საინტერესო: შთამბეჭდავი გახსნის ცერემონიით, მსოფლიო რეკორდებით, მექსიკელი მოთხილამურეებით, იამაიკელი ბობსლეისტი ქალებით, დისკვალიფიცირებული რუსებით. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ წლევანდელმა ფიონჩანგმა აჩვენა, რომ ოლიმპიურ მოძრაობას სერიოზული პრობლემები აქვს.

ძალიან ძვირადღირებული ღონისძიება

სტადიონი, რომელიც ფიონჩანგში ააგეს, ოლიმპიადის და პაროლიმპიადის მხოლოდ გახსნის და დახურვის ცერემონიისათვის, 110 მილიონი დოლარი დაჯდა. ამის შემდეგ ნაგებობას, რომელშიც 35 ათასი ადგილია, უბრალოდ დაშლიან. ოლიმპიადა მთლიანად 12,4 მილიარდი დოლარდი დაჯდა (თავდაპირველ ბიუჯეტზე ერთნახევარჯერ ძვირი) და ეს იმ ფონზე, როდესაც ამ თამაშების ერთ-ერთი სიმბოლო, ეკოლოგიურობასთან ერთად, ეკონომიურობა უნდა გამხდარიყო.

ოლიმპიურმა მემკვიდრეობამ შეიძლება ბიძგი მისცეს ტურიზმის ან სპორტის რომელიმე სახეობის განვითარებას, გააკეთილშობილოს დიდი ქალაქის დეპრესიული რაიონი, მაგრამ შეიძლება არაფერიც არ მოხდეს. ასეთ შემთხვევაში წელიწადში სულ მცირე ერთხელ მაინც მედიასაშუალებებში გამოჩნდება მიტოვებული ოლიმპიური ობიექტების ფოტოები, როგორც ეს ხდება ხოლმე რიო-დე-ჟანეიროს სტადიონებთან დაკავშირებით.

დოპინგი

მაღალი მიღწევების სპორტი დაკავშირებულია წამლის პრეპარატების მიღებასთან, რომელთაგან ნაწილი დოპინგად ჯერჯერობით მიჩნეული არ არის, ნაწილი - არის. ექიმების და მედიცინის ჩინოსნების ბრძოლის შედეგები ნაკლებად ეფექტიანია და ზოგჯერ აბსურდულიც. მაგალითად, აიკრძალა მელდონიუმი, რომლის ეფექტიანობაც საერთაშორისო კვლევებით არ არის დადასტურებული, მაგრამ მისი ერთჯერადი და სავარაუდოდ, არაგამიზნული მიღებისთვის სპორტმენებს მედლებს ართმევენ. სპეციალისტების თქმით, დოპინგი - ბოროტებაა, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ბრძოლის მეთოდები მასთან, სპორტის რეპუტაციას მხოლოდ აზიანებს.

არქაული გაშუქება

ოლიმპიადების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - სპორტის პოპულარიზაცია და მისი მრავალფეროვნების დემონსტრაციაა. ამისთვის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აწყობს ოლიმპიადებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, იწვევს თამაშებზე სპორტსმენებს, წარმატებით ყიდის ტრანსლაციაზე ლიცენზიებს მთელ მსოფლიოში. ამასთან, კომიტეტს ძალიან ხისტი პოლიტიკა აქვს ოლიმპიადის კონტენტის გავრცელებაზე. იმის ნაცვლად, რომ თავად "ჭრიდეს" და ავრცელებდეს ქსელში ყველაზე საინტერესო მომენტებს, როგორც ამას სხვადასხვა სპორტული ლიგები აკეთებენ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოლიმპიადის გაშუქებას ნებისმიერ პლატფორმაზე, გარდა ტელევიზიისა.

საბოლოო ჯამში, ტრანსლაციით შემოსავლების მიღების ამოცანა ეწინააღმდეგება სპორტის პოპულარიზაციას, რადგან არაფერი ისე არ მიიზიდავდა სპორტთან ახალ მაყურებელს, როგორც ღონისძიების ყველაზე შთამბეჭდავი კადრების გავრცელება. ოლიმპიადამ, რომელიც ძალიან ვიზუალური ღონისძიებაა, თითქოს ინტერნეტის არსებობა არ იცის.

ოლიმპიადების ჩასატარებელი ადგილები შეზღუდულია

ეს პრობლემა უფრო ზამთრის ოლიმპიადებს ეხება, ვიდრე ზაფხულისას. მსოფლიოში ისედაც შეზღუდული იყო ისეთი ადგილების რაოდენობა, სადაც ზამთრის შეჯიბრებების ჩატარება შეიძლებოდა, ახლა კი დათბობის გამო, მათი რიცხვი კიდევ უფრო შემცირდა. მაგალითად, 2050 წლისთვის, სავარაუდოდ, საკმარისი თოვლი აღარ იქნება გრენობლის ოლიმპიურ კურორტზე, არ იქნება არც - სარაევოში, ვანკუვერსა და ოსლოში. ბუნებრივი თოვლის ხელოვნურით შეცვლა ალბათ შეიძლება, მაგრამ ეს ძვირიცაა და სადავოა ეკოლოგიის თვალსაზრისით.

სპორტის ბევრ ოლიმპიური სახეობას პრობლემები აქვს

ტემპერატურის ზრდა მასობრივ სპორტზეც აისახება, მაგალითად, ჰოლანდიელებს სულ უფრო უჭირთ არხებზე ციგურაობა, რადგან ისინი სულ უფრო იშვიათად იყინება. გამოკითხვები ადასტურებს, რომ ჰოლანდიელების მესამედს სახლში აქვს სპორტული ციგურაობისთვის აუცილებელი ინვენტარი, მაგრამ ზამთრის განმავლობაში უმრავლესობა მას არ იყენებს, 17%-მა კი მხოლოდ ერთხელ გამოიყენა.

განვითარებულ ქვეყნებში სამთო-სათხილამურო სპორტის მიმართ ინტერესმა, როგორც ჩანს პიკს მიაღწია: ასეთ კურორტებზე სპორტით დაკავებულთა რაოდნეობა შემცირდა აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, იტალიაში და იაპონიაში. ერთ-ერთი მიზეზი - მოსახლეობის დაბერებაა.  

სპორტის სხვა სახეობებს, სხვა პრობლემები აქვთ. ბიატლონში მუდმივად დოპინგური სკანდალებია; ჰოკეიში - ტელეტრანსლაციის რეიტინგი არ იზრდება; რამდენიმე ოლიმპიურ სახეობაში ათწლეულების განმავლობაში არ იცვლება ლიდერი-გუნდები - მაგალითად, კერლინგს ათობით ქვეყანა თამაშობს, მაგრამ ყოველთვის იმარჯვებენ შვედები, კანადელები და ზოგჯერ ნორვეგიელები.

მასპინძლობის პრეტენდენტები

ეს პრობლემები არ ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში ოლიმპიური თამაშების ჩატარებას საფრთხე ემუქრება. 2022 წელს ოლიმპიადის ჩატარებისთვის აქტიურად იბრძოდნენ პეკინი და ალმა-ატა, 2026 წლის თამაშებს ჰყავს უამრავი პრეტენდენტი, როგორც განვითარებადი ასევე განვითარებული ქვეყნებიდან.

წყარო: Meduza

სხვა თემები