22 იანვარი 2018 - 20:56

რა არის დოპინგი და როგორ მუშაობს ის?

ფოტო: shutterstock.com

2018 წლის 10 თებერვალს სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება. წლევანდელი ოლიმპიადა გამორჩეულია იმით, რომ საერთაშორისო ილიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრებს მასში მონაწილეობა აეკრძალა; რუსი სპორტსმენები ასპარეზობას მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ ინდივიდუალურად შეძლებენ. საერთაშორისო სპორტს დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული ბევრი სკანდალი ახსოვს, მაგრამ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დოპინგ-სკანდალის გამო, ოლიმპიადაზე აიკრძალა ქვეყნის, ამ შემთხვევაში, რუსეთის დროშის გამოყენება და გამარჯვების შემთხვევაში, არ დაუკრავენ ამ ქვეყნის ჰიმნს.

რა არის დოპინგი და როგორ მუშაობს ის?

ეს არის აკრძალული პრეპარატები და მეთოდები, რომლებსაც შეუძლია სპორტული შედეგი გააუმჯობესოს. პროფესიულ სპორტში დოპინგს უწოდებენ სხვადასხვა წამლებს და სამედიცინო მანიპულაციებს, რომლებიც ასე თუ ისე აფართოებს ორგანიზმის შესაძლებლობების ზღვარს. მაგალითად, ხელს უწყობს კუნთების მასის, ასევე მოძრაობის სიჩქარის და ამტანობის ზრდას. ასეთი პრეპარატები და მეთოდები შეჰყავთ wada-ს აკრძალულ საშუალებათა სიაში. ამასთან, wada-ს სია ეხება არა მხოლოდ დოპინგს, არამედ ზოგადად აკრძალულ ნივითიერებებს. ამიტომ ამ სიაში ხვდება ასევე ისეთი პრეპარატები და მეთოდები, რომლებიც დოპინგად არ მიიჩნევა, მაგალითად, ისეთები, რომლებიც დოპინგის გამოყენების კვალს შლის ან სპორტსმენებისთვის გამოსვლის დროს უსაფრთხო არ არის.

კონკრეტულად რა პრეპარატებია ამ სიაში?

აკრძალულია სტეროიდები და თითქმის ყველა სხვა ჰორმონი, სისხლის გადასხმა, არგონის და ქსენონის ინერტული გაზების შესუნთქვა, ეგრეთ წოდებული გენური დოპინგი. შეჯიბრების დროს არ შეიძლება სტიმულატორების (ალკოჰოლით დაწყებული ნარკოტიკით დასრულებული) გამოყენება. სია ძალიან დიდია და ის იყოფა კატეგორიებად. მაგალითად, არსებობს პრეპარატები და პროცედურები, რომლებიც სრულად აკრძალულია და არის ისეთებიც, რომლთა გამოყენებაც აკრძალულია მხოლოდ შეჯიბრების დროს.

ალკოჰოლიც დოპინგია?

არა. მიუხედავად ამისა, ალკოჰოლის მიღება აკრძალულია ზოგიერთი სპორტული შეჯიბრების დროს. მაგალითად, საავიაციო, საწყლოსნო-ძრავიანი, საავტომობილო სპორტის სახეობაში, ასევე მშვილდოსნობაში.

ინერტული აირები რას იწვევს?

სპორტსმენებს არგონის და ქსენონის “შესუნთქვა” ეკრძალებათ. ის მძიმე ვარჯიშის შემდეგ სპორტსმენებს იოლად მოდუნების საშაუალებას აძლევს, რაც შესაძლოა, მათ ამტანობას ზრდიდეს.

ზოგიერთ სპორტსმენს შეჯიბრების წინ საკუთარი სისხლის გადასხმა რაში ეხმარება?

სისხლის წითელი სხეულების ზედმეტი დოზა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჟანგბადის კუნთებისთვის მიწოდებას, რაც გარკვეული დროით მათ სიმძლავრეს ზრდის. საკუთარი სისხლი კი უბრალოდ ყველაზე უსაფრთხოა, რადგან ასეთ დროს შეუთავსებლობაზე რეაქცია გამორიცხულია.

გენური დოპინგი რა არის?

დოპინგი, რომელიც უშუალოდ გენებზე მოქმედებს. ის უკვე შექმნილია, მაგრამ პირველი სუბსტანციები სახიფათო აღმოჩნდა და ნაკლებად ეფექტიანია. მეცნიერებმა ისწავლეს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შექმნა, გენების “ჩართვა” და “გამორთვა” სურვილის მიხედვით. იმავე ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება სპორტსმენების ორგანიზმის “წახალისებისათვის”. გენური დოპინგის პრეპარატები უკვე არსებობს, მაგრამ ის, რაც უკვე შექმნილია, არაეფექტიანი და ძალიან სახიფათოა. თუმცა, ზოგადად, ადამიანის სხეულში ნებისმიერ გენზე გავლენისათვის რამის მოფიქრება შეიძლება, რაც გარედან შეიძლება გამოჩნდეს, როგორც კუნთების უჯრედების უფრო ძლიერი და სწრაფი მუშაობა ბევრი ვარჯიშის შედეგად. Wada გენური დოპინგის გამოყენების გამოსავლენად ტესტების შემუშავებაზე აქტიურად მუშაობს.

თუ პრეპარატი აკრძალული არ არის, მისი გამოყენება შეიძლება?

არა. წესი - “რაც აკრძალული არ არის, ნებადართულია”, აქ არ მუშაობს. ჯერ ერთი, wada-ს სია მოიცავს არა მხოლოდ აკრძალულ სუბსტანციებს, არამედ ავტომატურად კრძალავს  მსგავსი თვისებების მქონე სხვა პრეპარატებსაც. მეორეც, აკრძალულია ყველა პრეპარატი, რომელიც კლინიკური გამოცდის ეტაპზეა, ასევე სპორტსმენების შეკვეთით ფარმაკოლოგების მიერ შექმნილი, ეგრეთ წოდებული დიზაინერული მოლეკულები.

თუ წამალი აკრძალულთა სიაში არ არის, ავად ყოფნის დროს სპორტსმენს შეუძლია ის მიიღოს?

არა. პროფესიონალ სპორტსმენს ნებისმიერი პრეპარატის მიღებაზე თანხმობა სპორტულმა ექიმმა ან ფარმაკოლოგმა უნდა მისცეს (და არა მწვრთნელმა).

შეჯიბრების დროს ფსიქოსტიმულატორები აკრძალულია, მაგრამ ყავის დალევა მაინც შეიძლება?

შეიძლება. კოფეინი, ნიკოტინი, ბუპროპიონი, რომელსაც ნიკოტინური დამოკიდებულებისგან მკურნალობისთვის იყენებენ და კიდევ რამდენიმე მეტ-ნაკლებად უვნებელი საშუალება ფსიქომასტიმულირებელი აქტივობით, შეჯიბრების დროს ნებადართულია. ამასთან ისინი wada-ს სიაში შეტანილია, იმისთვის რომ სპორტსმენების მიერ მათი გამოყენების დონე გაკონტროლდეს. სპორტსმენს არ დასჯიან არც კანაბინოიდების გამოყენებისთვის შეჯიბრების დროს.

დოპინგი იმდენად ეფექტიანია, რომ მისი გამოყენებისთვის ასეთი სკანდალების ატეხა ღირს?

დიახ. სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენებას შეუძლია კარდინალურად გააუმჯობესოს სპორტული შედეგი და მათ რეკორდის მიღწევაშიც დაეხმაროს.

დოპინგის სახით ყველაზე ხშირად რა პრეპარატებს იყენებენ?

კუნთების მასის გაზრდის საშუალებებს (ანაბოლურ სტეროიდებს და ზრდის ჰორმონს) და პრეპარატებს სისხლის წითელი სხეულების (ერითროპოეტინები) რაოდენობის გაზრდისათვის.

ამ საშუალებების შესახებ მეტ-ნაკლებად ცნობილია. გენური დოპინგის გარდა კიდევ არის რამე ახალი?

არის. მაგალითად, კუნთების ქსოვილის ზრდის ძლიერი გამააქტიურებლები და ახალი საშუალებები ჰორმონალური აქტივობისთვის.

რა გამოდის, რომ სპორტი მართლაც “ფარმაკოლოგების შეჯიბრებაა”?

ამაზე მკაფიო პასუხი არ არსებობს, რადგან უცნობია დოპინგის გამოყენების რეალური სიხშირე. იმ შემთხვევაშიც, თუ ჩემპიონების მიერ მისი გამოყენების ფაქტები ირკვევა, იმის დადგენა, თუ რამ განსაზღვრა დიდწილად შედეგი - თანდაყოლილმა უნარებმა, ეფექტიანმა წვრთნებმა, დოპინგმა თუ იღბალმა - ფაქტობრივად, შეუძლებელია.

სხვა თემები