13 მარტი 2018 - 19:56

ვინ არის ამერიკის დაზვერვის ახალი უფროსი ჯინა ჰესპელი. დოსიე

ჯინა ჰესპელი

ჯინა ჰესპელი

ფოტო: YouTube

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორად პრეზიდენტმა ტრამპმა ჯინა ჰესპელი დანიშნა. ის პირველი ქალია ისტორიაში, რომელიც ამერიკულ დაზვერვას უხელმძღვანელებს. ჰესპელი 2000-იანი წლების დასაწყისში ტაილანდში CIA-ს "საიდუმლო ციხეს" ხელმძღვანელობდა. ამ ციხის პატიმრები ტერორიზმში ეჭვმიტანილები იყვნენ და მათ აწამებდნენ. 2017 წლის თებერვლიდან ჰესპელი CIA-ს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მის დანიშვნას სენატორების ჯგუფი აპროტესტებდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჰესპელი "საიდუმლო ციხეებში" წამების შესახებ დოკუმენტების განადგურებასთან იყო დაკავშირებული.

Cat’s Eye

2000-იანი წლების დასაწყისში, ჯინა ჰესპელი ხელმძღვანელობდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ ტაილანდის ტერიტორიაზე ტერორიზმში ეჭვმიტანილებისათვის შექმნილ ციხეს. ამ ციხეში, რომელსაც "კატის თვალს" (Cat’s Eye) უწოდებდნენ, ისევე როგორც სხვა მსგავს დაწესებულებებში, "დაკითხვის გაფართოებულ მეთოდებს", ანუ წამებას მიმართავდნენ. პატიმრებს სცემდნენ, არ აძინებდნენ და უწყობდნენ დახრჩობის იმიტაციებს. "კატის თვალის" პატიმრებს შორის იყო აბუ ზუბეიდა, რომელსაც, ამერიკელები "ალ ქაიდას" ტერორისტული დაჯგუფების მაღალჩინოსნად მიიჩნევდნენ.

ზუბეიდა გახდა "საიდუმლო ციხეების" პირველი ცნობილი პატიმარი, რომლის მიმართაც ამერიკის ხელისუფლებამ "დაკითხვის განსაკუთრებული მეთოდების" გამოყენება დაუშვა. ის CIA-ს ერთი ციხიდან მეორეში გადაჰყავდათ და იმდენად სასტიკად აწამებდნენ, რომ თვალიც დაკარგა. მას იმ ციხეშიც აწამებდნენ, რომელსაც იმ დროს ჰესპელი ხელმძღვანელობდა. ესწრებოდა თუ არა პირადად ის მსგავს დაკითხვებს, უცნობია.

ვიდეოჩანაწერების განადგურება

"კატის თვალის" პატიმრების დაკითხვებს და წამებას ვიდეოფირზე იღებდნენ. მთლიანობაში ასეთი 92 ჩანაწერი გაკეთდა. 2005 წელს CIA-ს დირექტორის მოადგილემ ხოსე როდრიგესმა გასცა ბრძანება დაკითხვების ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაენადგურებინათ.

მედიის ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერების განადგურებაზე განკარგულების პროექტი ჰესპელმა მოამზადა, რომელიც 2003 წელს როდრიგესის აპარატის უფროსად დაინიშნა. როდესაც CIA-ში დირექტორის მოდგილედ ჰესპელის დანიშვნის საკითხი განიხილებოდა, მისი კოლეგები დაზვერვის უწყებიდან ამტკიცებდნენ, რომ ვიდეოჩანაწერებზე განკარგულების მომზადებისას ის მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელობის ბრძანებას ასრულებდა და დარწმუნებული იყო, რომ კანონს არ არღვევდა. ჰესპელის კოლეგების თქმით, იმ ფაქტს რომ დაკითხვების გადაღების დროს ის "კატის თვალს" ხელმძღვანელობდა, მნიშვნელობა არ აქვს.

პატიმრების წინააღმდეგ "დაკითხვის განსაკუთრებული მეთოდების" გამოყენებით ფორმალურად კანონი არ ირღვეოდა, რადგან ის აშშ-ის ხელისუფლების მიღებული იყო, მაგრამ ვიდეომტკიცებულებების განადგურება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების საფუძველი გახდა. 2010 წელს საქმე დახურეს ისე, რომ ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

„საუდუმლო ციხეების“ დაბრუნება

მიუხედავად იმისა, რომ ჰესპელის სახელი ჩანაწერების განადგურების საქმეში და მასთან დაკავშირებულ გამოძიებაში ფიგურირებდა, ის განაგრძობდა CIA-ში მაღალ თანამდებობაზე მუშაობას. კერძოდ, 2013 წლის თებერვალ-მაისში ის ნაციონალური საიდუმლო სამსახურის (CIA-ს შიდა სტრუქტურა, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალია) ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. თუმცა მაშინ ის ამ თანამდებობაზე მუდმივად არ დანიშნეს, მათ შორის იმის გამოც, რომ მისი სახელი წამებებსა და "საიდუმლო ციხეებში" დოკუმენტების განადგურებას უკავშირდებოდა.

2017 წელს, როდესაც დონალდ ტრამპმა ჰესპელი CIA-ს დირექტორის მოადგილედ წარადგინა, ქალს კვლავ "დაკითხვის გაფართოებული მეთოდებით ჩატარების" პროგრამასთან კავშირი გაუხსენეს. მანამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკულ მედიას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტის პროექტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ის საზღვრებს მიღმა „საიდუმლო ციხეების" აღდგენის შესაძლებლობას განიხილავდა. CIA-მ ეს ციხეები ოფიციალურად 2009 წელს დახურა. ჰესპელის არჩევა მაშინ აღქმული იყო როგორც სიგნალი იმისა, რომ ტრამპი ასეთი ციხეების გახსნას აპირებს.

სხვა თემები