18 მარტი 2018 - 15:54

როგორ აძევებენ დიპლომატებს ქვეყნებიდან. პროცედურა

ფოტო: shutterstock.com

დიდი ბრიტანეთი და რუსეთი ქვეყნებიდან ერთმანეთის დიპლომატებს აძევებენ. ლონდონმა ეს ნაბიჯი ინგლისურ ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი შვილის, იულიას ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის გამო გადადგა. მოსკოვმა მას სარკისებურად უპასუხა. BBC წერს, თუ რატომ აძევებენ ზოგჯერ სახელმწიფოები უცხოელ დიპლომატებს ქვეყნებიდან და რა ხდება მას შემდეგ, რაც საელჩოს თანამშრომელს ქვეყნის დატოვებას მოსთხოვენ?

დიპლომატის გაძევების მიზეზი რა შეიძლება იყოს?

დიპლომატები სარგებლობენ ხელშეუხებლობის იმუნიტეტით იმ ქვეყნებში, სადაც მუშაობენ. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კანონით დევნა შეუძლებელია. ამასთან, მათ შეიძლება ჩამოართვა მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება, თუ ისინი კანონს არღვევენ ან რაიმე ფორმით დაიპირისპირებენ ქვეყანას, რომელშიც მუშაობენ; ან ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების დროს, როგორც ეს ბრიტანეთის და რუსეთის შემთხვევაშია.

ქვეყნებს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია. ამ დოკუმენტის მე-9 მუხლის თანახმად, მიმღებ ქვეყანას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით შეუძლია დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანის კონკრეტულ ქვეყანაში დანახვა აღარ უნდათ.

ვინ წყვეტს, ვინ უნდა გააძევონ?

მიმღები ქვეყნის მთავრობა. ის წყვეტს რომელმა დიპლომატმა უნდა დატოვოს ქვეყანა და რომელი უნდა დარჩეს. მაგალითად, რუსეთში ბრიტანეთის ელჩს მოსკოვმა 17 მარტს ნოტა გადასცა, რის შემდეგაც ის საელჩოში დაბრუნდა და თანამშრომლებს ნოტის შინაარსი გააცნო. ანალოგურად მოეპყრნენ მანამდე ლონდონში რუსეთის ელჩს. 

მაგრამ, სინამდვილეში, დიპლომატების ინფორმირების რაიმე დადგენილი წესი და მათთვის იმის შეტყობინება, თუ ვინ გაემგზავრება და ვინ დარჩება, არ არსებობს. ელჩი შეიძლება დაიბარონ მიმღები ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ზეპირად გააფრთხილონ; შეიძლება წერილობითი ნოტა გაუგზავნონ ან დაიბარონ და ნოტა გადასცენ. არ არსებობს არცერთი კანონი, რომელშიც ეს პროცედურა გაწერილია.

მაგალითად, აშშ-ის ყოფილი ელჩი ვენესუელაში პატრიკ დადი 2008 წელს ხანმოკლე ვიზიტით იყო ჩასული ვაშინგტონში, როდესაც მას სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ის ვეღარ დაბრუნდებოდა კარაკასში, რადგან ქვეყნის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ამერიკელი ელჩის ქვეყნიდან გაძევების შესახებ ტელეეთერში განაცხადა.

რა ხდება მას შემდეგ, რაც ელჩს ქვეყნის დატოვებას მოსთხოვენ?

დიპლომატი ვალდებულია დატოვოს ქვეყანა მისთვის განსაზღვრულ ვადაში. უარი საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევად აღიქმება და შეიძლება ქვეყნებს შორის ურთიერთობები სერიოზულად გაართულოს. ასეთ დროს სახელმწიფოები ერთმანეთის დროით ჩარჩოებს ემორჩილებიან.

მაგალითად, რუსეთმა ბრიტანელ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის ერთი კვირა მისცა, მაგრამ ზოგჯერ დრო ბევრად ნაკლებიც შეიძლება იყოს - 72 საათი ან სულაც 24 საათი. 

1960 წელს, ერთ-ერთმა ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ დიპლომატებს მოსკოვიდან მოულოდნელი გაძევების დაზღვევა შესთავაზა. ელჩები ამბობენ, რომ ასეთ დროს ყველაზე დიდი პრობლემაა, თუ დიპლომატის ოჯახში სკოლის ასაკის ბავშვია.

პროცედურა ასეთია: მისთვის განსაზღვრულ კვირაში დიპლომატი არ მუშაობს. ის გასამგზავრებლად ემზადება და ემშვიდობება მეგობრებს და ნაცნობების მაქსიმალურ რაოდენობას. თუ გაუმართლა, ბოლოსკენ დასამშვიდობებელი წვეულების დროც შეიძლება დარჩეს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ აქვს თავისი თანამშრომლებისთვის კონკრეტული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ გაძევების შემთხვევაში, თუმცა უწყება ცდილობას მათ მხარდაჭერას და დახმარებას.

გაძევებულ დიპლომატებს იმავე ქვეყნებში დაბრუნება შეუძლიათ?

ძალიან იშვიათად. ნონ-გრატად გამოცხადებულა პერსონა, როგორც წესი აღარ ბრუნდება იმ ქვეყანაში, რომელთანაც კონფლიქტი იყო. ასეც რომ იყოს, არ არსებობს კონკრეტული ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც დიპლომატი შეიძლება ასეთ ქვეყანაში დაბრუნდეს. ამასთან, ასეთ გარემოებებში დაბრუნება მათთვის უსიამოვნოა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ასეთი დიპლომატები რას აკეთებენ?

მათ დიდხანს ცდა არ უწევთ, რადგან სხვა ქვეყნებში ანაწილებენ იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი ენობრივი ნიშა შეზღუდულია. დიპლომატების უმრავლესობა სპეციალიზდება ერთ-ერთ ეგრეთ წოდებულ "რთულ ენაში". მაგრამ მათ უფრო ფართო ცოდნასაც სთხოვენ. ბრიტანელ დიპლოამატებს თავისი საგარეო უწყებისთვის ბევრი სხვადასხვა უნარის შეთავაზება შეუძლიათ.

სხვა თემები