21 მარტი 2018 - 15:02

როგორ დავიცვა ჩემი პირადი მონაცემები სოციალურ ქსელში? ინსტრუქცია

ფოტო: shutterstock.com

Facebook-სთვის ჩვენი პირადი მონაცემები ნავთობის ტოლფასია: სწორედ სოცქსელის მომხმარებლები არიან კომპანიის შემოსავლის წყარო, რადგან ისინი იზიდავენ რეკლამის დამკვეთებს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ Facebook-ს ნებისმიერი მომხმარებლის დეტალური პორტრეტის შედგენა შეუძლია: რა უყვარს მას და რა - არა, რა ცხოვრების წესი აქვს და რომელი პოლიტიკოსების მიმართ აქვს სიმპათია და პირიქით. პირადი მონაცემების უსაფრთხოების საკითხი ქსელში კვლავ აქტუალური გახდა კომპანია Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ პოლიტიკოსებზე მომუშავე ფირმამ ფეისბუკის საშუალებით 50 მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებზე წვდომა მოიპოვა. BBC წერს, თუ რის გაკეთება შეუძლიათ მომხმარებლებს საკუთარ პირად მონაცემებზე კონტროლის აღსადგენად და მისი გავრცელების შეზღუდვისათვის. 

ფეისბუკში ტესტების შევსება მართლაც სახიფათოა?

„ნიუსფიდში“ მუდმივად ჩნდება სხვადასხვა ტესტი, რომელიც მომხმარებლებს IQ-ს (ინტელექტის კოეფიციენტის) შემოწმებას ან საკუთარი თავის ჰოლივუდელ ვარსკვლავებთან შედარებას სთავაზობს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ტესტი გამოიყენა Cambridge Analytica-მ „ფეისბუკის“ მილიონობით მომხმარებელზე ინფორმაციის შეგროვებისათვის. ტესტს ერქვა This is Your Digital Life („ეს თქვენი ციფრული ცხოვრებაა“).

ასეთი ტესტების უმრავლესობას ახლავს განმარტება, რომ თქვენს პირად მონაცემებს არაფერი ემუქრება. ისინი სპეციალურად არის ისე მოწყობილი, რომ მომხმარებლების ყურადღება მიიპყროს და მას ბმულზე გადასვლა აიძულოს. მაგრამ ხშირად ეს მხოლოდ ფანდია მონაცემების მასობრივი შეგროვებისათვის. თანაც, „ფეისბუკი“ მათ ამას არ უკრძალავს.

პერსონალური მონაცემების დაცვის ორგანიზაცია Electronic Frontier Foundation-ის განმარტებით, მსგავსი ტესტების პირადი ინფორმაციის შეგროვებისათვის გამოყენება ასახავს იმას, თუ როგორ იყო ფორმულირებული „ფეისბუკის“ წესები იმ კონკრეტული მომენტისათვის.

მას შემდეგ სოცქსელმა მომხმარებელთან შეთანხმების პირობები შეცვალა, შეზღუდა რა ინფორმაციის წრე, რომელთან წვდომაც მესამე კომპანიებს შეუძლიათ. კერძოდ, ახლა, ამა თუ იმ მომხმარებლის მეგობრებზე ინფორმაციის მიღება არ შეიძლება. თუმცა ბოლომდე გარკვეული მაინც არა რის, კონკრეტულად რომელი და რა მოცულობის ინფორმაცია ჩაიგდო ხელში Cambridge Analytica-მ. ამას ახლა ბრიტანეთის ხელისუფლება არკვევს.

რის გაკეთება შეიძლება საკუთარი მონაცემების დასაცავად?

- მოქმედ ექაუნთში შედით მენიუში „პარამეტრები < აპლიკაციები“ (Settings <  Apps); დააჭირეთ ღილაკს „რედაქტირება“ (Edit) მენიუში „აპლიკაციები, ვებგვერდები და ფლაგინები“ (Apps, Websites and Plugins); აირჩიეთ ღილაკი „გათიშეთ პლატფორმა“ (Disable Platform). ამ მოქმედებით თქვენ გაუთიშავთ წვდომას თქვენს ექაუნთზე ყველა გარე ვებგვერდს, პროგრამას და აპლიკაციას, კერძოდ თქვენ ვეღარ შეძლებთ იქ აუთენტიფიკაციის გავლას „ფეისბუკით“.

თუ ეს ზედმეტად რადიკალური ნაბიჯია და გსურთ აპლიკაციების არა სრულად გათიშვა, არამედ მათი უფლებების შეზღუდვა და მათთვის წვდომის მინიჭება მხოლოდ აუცილებელ ინფორმაციაზე, ამისთვის სხვა ვარიანტიც არსებობს. 

- მობილურ ტელეფონზე მოქმედი ექაუნთიდან შედით პარამეტრებში (Settings) და ცალ-ცალკე გათიშეთ ინფორმაციის ყველა ის კატეგორია, რომელთანაც არ გინდათ რომ აპლიკაციას წვდომა ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს თქვენი ბიოგრაფია, დაბადების დღე, ოჯახის წევრები, რელიგიური შეხედულებები, ხართ თუ არა ქსელში, პოსტები თქვენს გვერდზე, თქვენი ჰობი და ინტერესები.

- არასდროს დააჭიროთ თითი ღილაკს Like („მომწონს“) რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ვებგვერდზე, ხოლო თუ ონლაინ-თამაშის თამაში ან ტესტის შევსება გინდათ, არასდროს შეხვიდეთ იქ „ფეისბუკით“ (Login with Facebook) და სოცქსელის ბმულით, არამედ პირდაპირ იმ ვებგვერდის მისამართზე შედით. აუთენტიფიკაციის გავლა „ფეისბუკით“ ბევრად იოლია, მაგრამ ამ გზით თქვენ აპლიკაციის შემქნელებს აძლევთ წვდომას სხვადასხვა ინფორმაციაზე თქვენ შესახებ.

სინამდვილეში, საკუთარი მონაცემების აბსოლუტური პრივატულობის დაცვის ერთადერთი გზა „ფეისბუკის“ მოხმარებაზე უარის თქმაა. კომპანია თავისი მომხმარებლების დაცვისათვის უფრო მეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაკეთებს, თუ ადამიანები სოცქსელიდან გასვლას დაიწყებენ. ამ მომენტისთვის კომპანიას არ აქვს განსაკუთრებული მიზეზები რაიმე შეცვალოს.  

Cambridge Analytica-ს სკანდალის ფონზე Twitter-ზე აქტიურად იკრებს ძალას ჰეშთეგი #DeleteFacebook (#წაშალეფეისბუკი). მაგრამ ამ ნაბიჯს სავარაუდოდ ბევრი არ გადადგამს, განსაკუთრებით ისინი, ვისაც „ფეისბუკი“ ქსელში თავისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიაჩნია.

როგორ გავიგო რა მონაცემებია ჩემს შესახებ შენახული?

მოქმედი კანონმდებლობით, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს ნებისმიერ კომერციულ კომპანიას და მოსთხოვოს მას თავის შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მას გააჩნია. როდესაც 2011 წელს Facebook-ს მსგავსი რამ მოსთხოვა ავსტრიელმა აქტივისტმა მაკს შრემსმა, მას პასუხად გადასცეს CD, რომელზეც 1200 ფაილი იყო ჩაწერილი. ასე გაარკვია მან, რომ სოცქსელი ინახავდა ინფორმაციას ყველა იმ მოწყობილობის IP-მისამართზე, საიდანაც ის ოდესმე შესულა „ფეისბუკის“ ვებგვერდზე, მისი მიმოწერის მთელ არქივს, მისი გადაადგილების სრულ ისტორიას და იმ ინფორმაციასაც კი, რომელზეც დარწმუნებული იყო რომ წაშალა - ზოგიერთი პირადი მიმოწერა, სტატუსები და პუბლიკაციები თავის კედელზე. თუმცა სამყაროში, რომელშიც Facebook-ი აქტიურად უზიარებს ინფორმაციას მესამე კომპანიებს, გაურკვეველია ვის შეიძლება კონკრეტულად მსგავსი მოთხოვნით წერილი გაუგზავნო.

BBC-ის ინფორმაციით, ვითარება სავარაუდოდ, ამ ზაფხულში შეიცვლება, როდესაც ევროპაში პერსონალური მონაცემების დაცვაზე ახალ ნორმატიულ აქტს მიიღებენ. ის სერიოზულად გაუიოლებს მომხმარებლებს საკუთარი პირადი ინფორმაციის კონტროლს, ხოლო მსგავსი ნორმების დარვევაზე მნიშვნელოვანი ჯარიმების დაწესება ხელს შეუწყობს იმას, რომ კომპანიები მომხმარებლებს მათ პირად ინფორმაციას მიაწვდიან, თანაც ეს ისეთი ფორმით უნდა გააკეთონ, რომ ინფორმაცია მკაფიოდ და იოლად იკითხებოდეს.

რამდენ ხანს ინახება ინფორმაცია და შეიძლება თუ არა ისტორიის სრულად წაშლა?

ინფორმაციის დაცვის შესახებ ევროპული კანონებით, კომპანიებს მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შენახვა შეუძლიათ "იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც აუცილებელია", მაგრამ ამის ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარად შეიძლება. „ფეისბუკის“ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მომხმარებელი თავად არ წაშლის თავის პოსტს, ის ნამდვილად დარჩება ონლაინ.

რაც შეეხება ისტორიის სრულად წაშლას, მომხმარებლებს შეუძლიათ თავისი ექაუნთების წაშლა, რამაც თეორიულად ყველა პოსტი უნდა „გააქროს“. მაგრამ Facebook-ი მათ, ვისაც სოცქსელისგან დასვენება უნდა, ურჩევს პროფილი არ წაშალონ, არამედ „დეაქტივაციის“ ღილაკი გამოიყენონ იმ შემთხვევისთვის, თუ დაბრუნება მოუნდებათ. ამასთან თქვენ შესახებ ქსელში მაინც უმრავი ინფორმაცია რჩება თქვენი მეგობრების პოსტებში.

პერსონალური მონაცემების დაცვის ახალ რეგულაციაში ერთ-ერთი არსებითი ცვლილება უნდა გახდეს ადამიანის უფლება „ქსელმა“ დაივიწყოს. თეორიულად, ამან ინტერნეტში ნებისმიერი პირადი ინფორმაციის სამუდამოდ წაშლა უნდა გააიოლოს.

სხვა თემები