რა ჰკითხეს და რა უპასუხა მარკ ცუკერბერგმა სენატორებს. მთავარი
ფოტო: facebook@TheHamptonRoadsShow
10 აპრილს საღამოს Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი თითქმის ხუთი საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას ამერიკის სენატს. იურიდიული კომიტეტის, ასევე ვაჭრობის, მეცნიერების და ტრანსპორტის კომიტეტის წარმომადგენლები მას მომხმარებლების მონაცემებზე და სოცქსელის საშუალებით არჩევნებში ჩარევის შესახებ ეკითხებოდნენ. ცუკერბერგმა აღიარა, რომ კომპანიამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ პირობა დადო რომ მონაცემების უსაფრთხოების უკეთ კონტროლისათვის ზომებს მიიღებს. შესაძლებელია ცუკერბერგის გამოსვლის სრული სტენოგრამის წაკითხვა ან YouTube-ზე ყურება. გთავაზობთ მთავარ ფრაგმენტებს (სენატორების კითხვები და მარკ ცუკერბერგის პასუხები) Facebook-ის დამფუძნებლის ჩვენებიდან. 11 მარტს მარკ ცუკერბერგი წარმომადგენლობით პალატაში ჩვენებას მისცემს კონგრესმენებს.
შესავალი
მარკ ცუკერბერგი: „Facebook-ი იდეალისტების და ოპტიმისტების კომპანიაა“. ჩვენ შევქმენით ინსტრუმენტი ურთიერთობისათვის. მაგრამ ვერ დავიცავით თავი იმისგან, რომ ის ზიანისთვის არ გამოეყენებინათ. „ეს დიდი შეცდომაა. ეს ჩემი შეცდომაა. ვწუხვარ. მე შევქმენი Facebook, ვმართავ კომპანიას და მე ვარ პასუხისმგებელი მომხდარზე“.
ახლა ჩვენ სამი მთავარი მიზანი გვაქვს. პირველი - გავარკვიოთ ის, თუ როგორ იყენებდა ჩვენს მონაცემებს Cambridge Analytica და რამდენ მომხმარებელს შეეხო ეს. მეორე - შევამოწმოთ სხვა აპლიკაციები, რომლებიც მასობრივად გამოითხოვენ მონაცემებს. მესამე - აღვკვეთოთ მსგავსი გაჟონვები მომავალში. მე მზად ვარ ვუპასუხო ნებისმიერ კითხვას.
კიდევ რომელმა აპლიკაციებმა მოითხოვა ამ რაოდენობის მონაცემები? რამდენჯერ მოითხოვეთ მათი წაშლა?
ასეთი შემთხვევები იყო. მე არ ვიცი რამდენი. ჩემი თანამშრომლები მოგაწვდიან ინფორმაციას.
თქვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა შერილ სენდბერგმა მინიშნებით თქვა, რომ თუ მომხმარებლებს არ სურთ რომ მათი მონაცემები მიზნობრივი რეკლამისათვის გამოიყენონ, მაშინ თავად მოუწევთ ფეისბუკისთვის ფულის გადახდა. ეს როგორ?
პრინციპში ასეა. მაგრამ ახლა ამის შესაძლებლობა არ არის. ჩვენ გვინდა უფასო, ყველასთვის ხელმისაწვდომი სერვისის შენარჩუნება. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვეყოლებოდა მილიარდობით მომხმარებელი.
ფეისბუკი ყოველთვის უფასო იქნება?
„ყოველთვის იქნება ფეისბუკის უფასო ვერსია“.
როგორ აპირებთ ბრძოლას მომხმარებლების სიძულვილით გამსჭვალულ პოსტებთან?
ავტომატურად ასეთი პოსტების გამოყოფა ლინგვისტური თავისებურებების გამო ძალიან რთულია. წლის ბოლოსთვის პოსტების მონიტორინგზე კომპანიაში 20 ათასზე მეტი ადამიანი იმუშავებს. ჩვენ უკვე წარმატებით ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს ტერორისტული პროპაგანდის გამოსავლენად. ვფიქრობ, 5-10 წელიწადში ჩვენ შევძლებთ სხვა მიუღებელი გამონათქვამების ძიებასაც.
როგორ ებრძვით უცხო სახელმწიფოების გავლენას ჩვენს არჩევნებზე?
ჩვენ უკვე გამოვიყენეთ ხელოვნური ინტელექტი იმ ყალბი ექაუნთების მოსაძებნად, რომლებიც პოლიტიკურ აგიტაციას ავრცელებდნენ. ამ მეთოდმა გაამართლა მთელი მსოფლიოს არჩევნებზე 2017 წელს. „რუსეთში არიან ადამიანები, რომელთა მთავარი სამუშაო - ჩვენი და სხვა სისტემების გამოყენებაა. საბოლოო ჯამში ეს ჰგავს „გამალებულ შეიარაღებას“.
თქვენმა ვიცეპრეზიდენტმა ენდრიუ ბოსუორტმა განაცხადა, რომ სოქცქსელის ამოცანა - კავშირის უზრუნველყოფაა, იმის მიუხედავად, გამოიყენებენ თუ არა მას ტერორისტები და კვდება თუ არა ვინმე. ეთანხმებით მას?
მან ეს შიდა მიმოწერაში აღნიშნა. მე მას არ ვეთანხმები. ჩვენს კომპანიაში ყველას შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა.
თუ მე არ მომწონს ჩემი Ford-ი, შემიძლია ვიყიდო Chevrolet-ი. მაგრამ თუ მე არ მომწონს Facebook-ი, სად წავიდე? ვინ არის თქვენი კონკურეტი? თქვენ მონოპოლისტი ხართ.
არსებობს სხვადასხვა პლატფორმები: Google, Apple, Amazon, Microsoft. ჩვენ ბევრ ადგილას ვიკვეთებით. არ ვფიქრობ, რომ Facebook - მონოპოლისტია.
როგორ ფიქრობთ, ვინმე კითხულობს თქვენს სამომხმარებლო შეთანხმებას?
საეჭვოა მას ჩვეულებრივ კითხულობდნენ. ვფიქრობ, საჭიროა მომხმარებლებისათვის უფრო გასაგები და მოკლე ვარიანტის შეთავაზება.
მზად ხართ შემოიღოთ წესი, რომლის თანახმად მომხმარებლებს სისტემაზე თავდასხმის ნებისმიერ შემთხვევას 72 საათის განმავლობაში შეატყობინებენ?
გონივრული წინადადებაა. განვიხილავთ.
მართალია, რომ 2014 წლამდე თქვენი დევიზი იყო „იმოქმედე სწრაფად და დალეწე ყველაფერი ირგვლივ“?
„არ მახსოვს როდის შევცვალეთ, მაგრამ ახლანდელი დევიზია „იმოქმედე სწრაფად სტაბილური ინფრასტრუქტურით“.
ფეისბუკი მუდმივად ბლოკავს მომხმარებლებს კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე გამონათქვამებისათვის. რამდენი დემოკრატი დაგიბლოკავთ? რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს თქვენს 20 ათას მოდერატორს?
მე მესმის, რომ თქვენ აზრით, Silicon Valley-ში მხოლოდ მემარცხენე შეხედულებების ადამიანები არიან. ჩვენ არ ვეკითხებით ჩვენს მოდერატორებს თუ რა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ და რომელ პოლიტიკურ პარტიებს უჭერენ მხარს.
თქვენ უკვე თქვით, რომ მომავალში სიძულვილის ენის დაბლოკვა გინდათ. ხომ არ გამოვა ისე, რომ თქვენ ადამიანებს მათი შეხედულებების გამო დაბლოკავთ? მაგალითად, აბორტების მოწინააღმდეგეებს აუკრძალავთ თავისი მოსაზრებების გამოხატვას.
ეს ძალიან არ მინდა. ჩვენ ერთად უნდა მოვიფიქროთ კომპანიისთვის პრიორიტეტების სისტემა, რომლებზეც მათ მოუწევთ ორიენტირება.
თქვენ გადაწყვიტეთ შეამოწმოთ თუ ვინ ათავსებს პოლიტიკურ რეკლამას. მაგრამ როგორ შეამოწმებთ მას, თუ განმთავსებელი იქნება ირიბი კომპანია? თუ მას დელავერის შტატში კორპორაცია განათავსებს, თქვენ ხომ ვერ გაიგებთ, რომ ფირმის უკან რუსები დგანან?
„დიახ სენატორო... თქვენ მართალი ხართ“.
თუ მე WhatsApp-ზე დავწერე რაღაც „შავ პანტერაზე“, შემდეგ ამის შესახებ რეკალამას მაჩვენებენ?
არა. ის, რასაც თქვენ WhatsApp-ზე წერთ, რეკლამაზე არ აისახება.
რას აკეთებთ სხვა ქვეყნებში იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ ხელისუფლებებს ოპოზიციაზე ზეწოლაში?
პირველ რიგში ვზრდით ადგილობრივი ენის ცოდნის მხარდაჭერის სამსახურის შტატს. ასეა მაგალითად, მიანმარში როჰინჯების შევიწროებასთან დაკავშირებით. მეორეც, ასეთ ქვეყნებში როგორც წესი აქტიურია სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც გვეხმარება იმათ გამოვლენაში, ვინც მიუღებელ კონტენტს ავრცელებს. მესამეც, ჩვენ ვგეგმავთ მედიაწიგნიერების გაზრდას.
იყენებს თუ არა ფეისბუკი მობილური მოწყობილობებით საუბრის ჩანაწერებს მომხმარებლების პორტრეტების შესადგენად?
არა. თქვენ, როგორც ჩანს, ლაპარაკობთ შეთქმულების თეორიაზე, რომ ჩვენ ვრთავთ მიკროფონს და ვიყნებეთ ჩანაწერს სარეკლაო მიზნებისთვის. ეს ასე არ არის.
თქვენ მუდმივად ლაპარაკობთ მომხმარებლის მიერ ინფორმაციის კონტროლზე. თავად აკონტროლებთ მას? ფეისბუკი უსაფრთხოა?
მიმაჩნია, რომ Facebook უსაფრთხოა. „მე, ჩემი ოჯახი და ყველა ის ადამიანი, რომელიც მიყვარს და ძვირფასია ჩემთვის, მისი მუდმივი მომხმარებლები ვართ“.