სირიის კრიზისი. ვინ და როგორ იძიებს ქიმიურ თავდასხმებს

ფოტო: shutterstock.com
სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ქიმიურ შეტევებზე ცნობები ბევრჯერ გავრცელდა. 2012 წელს ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქიმიური იარაღის მნიშვნელოვანი მარაგები აქვს, თუმცა პირობა დადო, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მას არასდროს გამოიყენებდა. პასუხად აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებდა, რომ საბრძოლო მოქმედებებში ქიმიკატების გამოყენება იმ „წითელ ხაზად“ გადაიქცეოდა, რომლის შემდეგაც საერთაშორისო თანამეგობრობა ამერიკის ხელმძღვანელობით სირიის სამხედრო კონფლიქტში ჩაერეოდა.
ვინ და როგორ იძიებს ქიმიურ თავდასხმებს
ქიმიურ თავდასხმებთან დაკავშირებული გარემოებებს „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან“ (OPCW) არსებული ფაქტების დამდგენი სპეციალური მისია იძიებს. ის ეყრდნობა როგორც საკუთარ ანალიზს უშუალოდ შემთხვევის ადგილიდან, ასევე თვითმხილველების, ვოლონტიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეგროვებულ ინფორმაციას. მისიის მონაცემებს გაეროს და OPCW-ს მიერ შექმნილი გამოძიების ერთობლივი მექანიზმით სწავლობენ.
გარდა ამისა, 2011 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ დააფუძნა სირიაში ადამიანის უფლებების სფეროში დანაშაულების გამოძიების კომისია. ამ ორგანოების საქმიანობის პერიოდში გაერომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების 33 ფაქტი დააფიქსირა; ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აქედან 27 შემთხვევაში იარაღი ბაშარ ასადის რეჟიმმა გამოიყენა.
2017 წლის ნოემბერში გაეროს უშიშროების საბჭოში უთანხმოების გამო ერთობლივმა კომისიამ მუშაობა შეწყვიტა.
10 აპრილს უშიშროების საბჭოს წევრებმა კვლავ ვერ მოილაპარაკეს სირიაში ქიმიური თავდასხმების გამოძიების ახალი მექანიზმის შექმნაზე. რუსეთმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით დასავლეთის ქვეყნებმა წარადგნეს, ხოლო რუსულ რეზოლუციას საბჭოში მხარდაჭერისთვის ხმები დააკლდა.
OPCW-ს წევრებმა განაცხადეს, რომ სირიის დუმაში ჩასვლას გეგმავენ, რომ დამოუკიდებლად გამოიძიონ მონაცემები 70 დაღუპულის შესახებ, რომლებიც ახალ ქიმურ თავდასხმას ემსხვერპლნენ.
ქიმიური თავდასხმების ქრონიკა სირიაში
2012 წლის 23 დეკემბერს სირიის ოპიზიციამ განაცხადა, რომ ბაშარ ასადის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ჰომსში გამოიყენეს მომწამვლელი ნივთიერება "აგენტი 15“, რის შედეგადაც დაიღუპა 5 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.
2014 წელს სირიაში გამოიყენეს ზარინი. 19 მარტს ალეპოს შემოგარენში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 აგვისტოს ღუტაზე მასშტაბური ქიმიური შეტევა მიიტანეს. ამ შემთხვევის დროს სხვადასხვა მონაცემებით, დაიღუპა 300-დან 1700-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. სამთავრობო ძალები და მოხალისეები პროვოკაციაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. გაერომ ინციდენტების საერთაშორისო გამოძიება დაიწყო, ბარაკ ობამამ კი კონგრესს სირიაზე ავიადარტყმის განხორციელების ნებართვა სთხოვა. ობამამ ადამიანების დაღუპვაში ბაშარ ასადი დაადანაშაულა, თუმცა ამის პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობდა.
სამხედრო ჩარევა რუსეთმა შეაჩერა, რომელმაც განაცხადა, რომ სირიის ქიმიურ განიარაღებაში შუამავლის როლს ითამაშებდა. 2014 წელს არაბული ქვეყანა შეუერთდა ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციას და თავისი ტერიტორიიდან ყველა დეკლარირებული მარაგი OPCW-ის ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ გაიატანა. ქიმიური იარაღის სრული განადგურების შესახებ ოფიციალურად 2016 წლის იანვარში განაცხადეს.
მიუხედავად ამისა, ცნობები ახალ ქიმიურ თავდასხმებზე არ შეწყვეტილა. მათგან ყველაზე მასშტაბური 2017 წელს იდლიბის პროვინციაში მოხდა, სადაც ზარინის ბომბის აფეთქებას 80 ადამიანი ემსხვერპლა, 550-ზე მეტი - დაშავდა. გაეროს და OPCW-ს შემდგომმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ თავდასხმაში დამნაშავე ასადის არმია იყო.
შეტევა დუმაზე
აშშ-ის ახალი პრეზიდენტი არ დაელოდა გამოძიების შედეგებს და სირიაზე საპასუხო ავიადარტყმის შესახებ ბრძანება გასცა. ამასთან მან თავისი წინამორბედი სიმტკიცის ნაკლებობისთვის გააკრიტიკა. 2017 წლის 7 აპრილს ამერიკელმა სამხედროებმა ხმელთაშუაზღვის სამხედრო გემებიდან სირიის შაირატის სამხედრო აოროდრომისკენ 59 რაკეტა „ტომოჰავკი“ გაუშვეს, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა და რუსეთის მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა.
დღეს, ერთი წლის შემდეგ გაჩნდა ახალი ცნობები დუმაში ქიმიური თავდასხმის შესახებ. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, დაბომბვის დროს დაღუპულებს და დაშავებულებს გამოუვლინდათ ქიმიური ნივთიერებით დაშავების ნიშნები, სავარაუდოდ, ქლორით ან ზარინით. იმავეს ადასტურებს ფოტო- და ვიდეომასალები სირიიდან. შემთხვევის რაიონზე საერთაშორისო დამკვირვებლებს ჯერ წვდომა არ აქვთ. სირიელი და რუსი სამხედროები აცხადებდნენ, რომ ყველა ვიზუალური მტკიცებულება დადგმულია.
სიტუაცია უკვე მესამედ ქმნის აშშ-ის და რუსეთის დაპირისპირების საფრთხეს. ტრამპი ღიად აცხადებს, რომ პუტინს ასადის მხარდაჭერა „ძვირად დაუჯდება“. პრეზიდენტმა რუსეთს შესთავაზა მოემზადოს ამერიკული რაკეტების მოგერიებისათვის, რომლებიც მალე სირიისკენ გაფრინდება.