12 აპრილი 2018 - 00:15

მოსალოდნელია თუ არა აშშ-რუსეთის სამხედრო შეტაკება სირიაში. პროგნოზი

ფოტო: shutterstock.com

აშშ-ის მთავრობა სირიის ხელისუფფლებას 7 აპრილს ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. დაუდასტურებელი მონაცემებით, ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაიღუპა დაახლოებით 70 ადამიანი, 43 - მოიწამლა, ხოლო 500 ადამიანს აქვს მოწამვლის სიმპტომები. სირიის და რუსეთის მთავრობები ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფენ. 11 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ამერიკული არმია სირიაზე სარაკეტო იერიშს მიიტანს.

ოპერაციის მიზანი

ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის აზრით, ოპერაციის მთავარი მიზანია აიძულოს სირია უარი თქვას ქიმიურ იარაღზე.

ერთ-ერთი ვერსიით, თეთრ სახლში 2017 წლის 7 აპრილთან შედარებით უფრო მასშტაბური ოპერაციის ჩატარება სურთ. მაშინ, ბაშარ ასადის ძალების მიერ სავარადუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებას იდლიბში ვაშინგტონმა ხმელთაშუა ზღვიდან სირიის სამხედრო აეროდრომისკენ 59 „ტომოჰავკის“ გაშვებით უპასუხა. ეს იყო პირველი ცნობილი ფაქტი, როდესაც ამერკელებმა სირიის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენეს. დაიღუპა 15 ადამიანი, განადგურდა რამდენიმე თვითმფრინავი, მაგრამ აეროდრომის გამოყენება მალევე დაიწყეს, ხოლო იერიში, ამერიკული სარდლობის აზრით, არანაირად არ აისახა სირიის მხრიდან ქიმიური თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობებზე.  

The New York Times- წერს, რომ ოპერაციის მასშტაბების გაზრდა შეიძლება ერთდრულად რამდენიმე მიზნის არჩევას ან რამდენიმედღიან იერიშს გულისხმობდეს. ამასთან, გამოცემის წყარო ამბობს, რომ ვაშინგტონი შეეცდება არ ჩაებას ხანგრძლივ ოპერაციაში - აპრილის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვეში სირიიდან თავისი სამხედროების გაყვანას აპირებს.

პოტენციური სამიზნეები

შარშანდელი იერიშის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაახლა სირიაში პოტენციური სამხედრო და სამთავრობო სამიზნეების სია. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. ლაპარაკია როგორც სანგრებზე და საწყობებზე, ასევე სასარდლო პუნქტებზე. Stratfor-ის აზრით, სამიზნეებად შეიძლება იქცნენ აეროდრომები დუმაირში, მარჯ რუჰაილსა და დამასკოს შემოგარენ მეზეში. სამიზნეებზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც ილაპარაკა, რომელიც ოპერაციაში მონაწილეობას არ გამორიცხავს. მაკრონის თქმით, იერიში ქიმიური იარაღის საწყობებზე უნდა მიიტანონ. კიდევ ერთი ვერსიით, თუ ოპერაცია შედარებით მასშტაბური იქნება, აშშ-ის სამიზნე შეიძლება გახდეს სირიის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები.

ოპერაციის შესაძლო შედეგები და რისკები

ხმელთაშუა ზღვაშია ამერიკული საესკადრო ნაღმოსნები „პორტერი“ და „დონალდ კუკი“. ორივე აღჭურვილია დაახლოებით 24 „ტომოჰავკით“. 11 აპრილს რეგიონში გაიგზავნა საესკადრო ნაღმოსანი „ჰარი ტრუმენი“, რომელსაც ადგილზე ჩასვლისთვის დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. ამერიკული პრესა წერს, რომ ოპერაციაში ავიაციის მონაწილეობას პენტაგონი სარისკოდ მიიჩნევს, რადგან სირიას ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებები აქვს - პილოტის დაღუპვა ან მისი ტყვედ ჩავარდნა კონფლიქტს მხოლოდ გააღრმავებს. სარისკოდ მიიჩნევა ასევე სირიაში ქვეითი ძალების გაგზავნა. იმავდროულად, ამერიკულ ავიაციას შეუძლია გამოიყენოს რაკეტები „ჰაერი-დედამიწა“ და არ შევიდეს სირიის საჰაერო სივრცეში. ამასთან ავიაციის ამოქმედებამ შეიძლება გაზარდოს რუსი სამხედროების დაღუპვის რისკი.

შესაძლო მოკავშირეები

უფრო მასშტაბური ოპერაციის ჩატარება, სავარაუდოდ, აშშ-ის მოკავშირეების მონაწილეობას მოითხოვს, - წერს Stratfor. დიდმა ბრიტანეთმა უკვე თქვა უარი მონაწილეობაზე და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ქიმიური თავდასხმის დამადასტურებელი მტკიცებულებები არასაკმარისია. საფრანგეთს თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არ უთქვამს, თუმცა მედიის ცნობით, ოპერაციის ხელმძღვანელი შეიძლება სწორედ საფრანგეთი იყოს და არა აშშ. შესაძლებელია ოპერაციაში, თავისი რესურსის შეთავაზებით, მონაწილეობა მიიღონ საუდის არაბეთმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. ოპერაცია მოითხოვს თანამშრომლობას თურქეთთან, იორდანიასთან და ერაყთან. ამასთან Stratfor-ის აზრით, ერაყმა იერიშისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის მიწოდებაზე შეიძლება უარი თქვას ირანთან მჭიდრო კავშირების გამო, რომელიც ბაშარ ასადის მოკავშირეა.

აშშ-რუსეთის სამხედრო შეტაკების რისკი

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ქიმიური თავდასხმისთვის პასუხი უნდა აგონ მათაც, ვინც ბაშარ ასადს მხარს უჭერს, მათ შორის რუსეთმაც.

დასავლური გამოცემები რუსეთთან სამხედრო შეტაკების რისკს ამერიკული ოპერაციის დაგეგმვისას ერთ-ერთ მთავარ შემაკავებელ ფაქტორად ასახელებენ, თუმცა Stratfor აღნიშნავს, რომ მოსკოვის პასუხის მასშტაბი რუსების დაღუპვაზე დამოკიდებულია იმაზე, ეს დაღუპულები დაქირავებულები იქნებიან თუ სამხედროები. 2018 წლის თებერვალში დეირ-ეზ-ზორას რაიონში დაქირავებულების ჯგუფზე იერიშს რუსეთმა არ უპასუხა.

სხვა თემები