13 აპრილი 2018 - 20:48

როგორ დაიწყო ომი სირიაში და ვინ ვის ებრძვის?

ფოტო: shutterstock.com

ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება აშშ-ის შესაძლო სარაკეტო თავდასხმა სირიაზე. ამერიკის ხელისუფლების, ასევე დასავლეთის სხვა მთავრობების და უფლებადამცველების ვერსიით, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ძალებმა 7 აპრილს ქალაქ დუმაზე ქიმიური შეტევა მიიტანეს. ამერიკის მთავრობის საბრძოლო განცხადებების შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ოპერაცია არ დაწყებულა, რიტორიკა კი შერბილდა. [14 აპრილს, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამიზნეებზე ავიაიერიში მიიტანეს]

რა ხდებოდა სირიაში კონფლიქტამდე?

ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დაწყებამდე, სირიელების ნაწილი უმუშევრობის მაღალ დონეზე, ჩინოსნებს შორის კორუფციასა და პოლიტიკური თავისუფლებების არარსებობაზე ჩიოდა.

2011 წლის მარტში, მეზობელ ქვეყნებში „არაბული გაზაფხულით“ შთაგონებულმა მოზარდებმა, ქალაქ დარას სკოლის კედლებზე ანტისამთავრობო ლოზუნგები დაწერეს. ისინი ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დააპატიმრეს. ინციდენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომელსაც სამთავრობო ძალები სასტიკად ახშობდნენ, მათ შორის იარაღის გამოყენებითაც. სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა და ქუჩაში სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდიოდა ასადის გადადგომის მოთხოვნით.

როგორ დაიწყო ომი?

პროტესტის მონაწილეთა მიმართ რეპრესიებმა ოპოზიციურ ძალებს 2011 წლის ივლისში იარაღის ხელში აღებისკენ უბიძგა. მიუხედავად პრეზიდენტის დაპირებისა, რომ „მოსპობდა“ იმას, რასაც თავად ეძახდა „უცხოეთიდან დაფინანსებულ ტერორიზმს“, ძალადობა სირიაში სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენდა: სამთავრობო ძალებთან ბრძოლისათვის ამბოხებულთა ასობით ჯგუფი გაერთიანდა და სოფლებსა და ქალაქებზე კონტროლი მოიპოვა.

2012 წელს საბრძოლო მოქმედებებმა დამასკოს და სირიის მნიშვნელობით მეორე ქალაქს - ალეპოს მიაღწია. ამ დროისთვის კონფლიქტი მთავრობის და ოპოზიციის დაპირისპირებას გაცდა და იქცა კონფესიათშორის კონფლიქტად: სუნიტური მუსლიმური უმრავლესობა ებრძოდა ალავიტებს - უმცირესობას, რომელიც ქვეყანას აკონტროლებდა. კონფლიქტში სხვა ქვეყნებიც ჩაებნენ.

2013 წლის ივნისში გაერო თავის ანგარიშში წერდა, რომ სირიის კონფლიქტის დროს დაახლოებით 90 ათასი ადამიანი დაიღუპა.

ვინ ვის ებრძვის?

შეიარაღებული ამბოხებულების იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვალა კონფლიქტის დაწყების შემდეგ. ზომიერმა და სეკულარულმა ოპოზიციამ გავლენა დაკარგა და წინა პლანზე გამოვიდნენ რადიკალური და ჯიჰადისტური ჯგუფები, რომლებიც მოიცავდნენ „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულ ეგრეთ წოდებულ „ისლამურ სახელმწიფოს“ და „ფრონტ ან-ნუსრას“.

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა მოაწყვეს „ომი ომის შიგნით“ და დაუპირისპირდნენ ზომიერ ამბოხებულებს და „ფრონტ ან-ნუსრას“. ახლა ამ ტერორისტული დაჯგუფების საქმიანობა შეზღუდულია, მიუხედავად იმისა, რომ ის პერიოდულად ცალკეულ შეტევებს აწყობს.

კონფლიქტის მეორე მხარეა - ქურთი სამხედროები, რომლებსაც სირიის ჩრდილოეთში იარაღით და სამხედრო ავიაციით ეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები.  

2015 წელს სირიაში დაბომბვები დაიწყო რუსეთმა, რომელიც ასადის რეჟიმს რამდენიმე მარცხის შემდეგ დაეხმარა. რუსების ძალისხმევისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური „ჰესბოლას“ დახმარებით რეჟიმი აღდგა. ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელშიც ასადს რუსეთი დაეხმარა 2016 წლის დეკემბერში ალეპოზე კონტროლის დაბრუნება იყო, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ საყრდენ პუნქტად მიიჩნეოდა.

კიდევ რომელი ქვეყნები მონაწილეობენ კონფლიქტში?

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს აშშ ასადს არაადამიანურ სისასტიკეში ადანაშაულებდა და მშვიდობის პირობად მის გადადგომას ასახელებდა. როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ვაშინგტონმა პოზიცია შეცვალა. ახალმა ადმინისტრაციამ მთელი ყურადღება „ისლამურ სახლმწიფოსთან“ ბრძოლისკენ მიმართა. თუმცა, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქალაქ ხან-შეიხუნში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის შემდეგ 2017 წლის აპრილში ტრამპის დამოკიდებულება ასადის მიმართ უფრო გამკაცრდა და ის ოპოზიციას შეტევების განხორციელებაშიც ეხმარებოდა.

მაგრამ ყველაზე გავლენიან მოთამაშედ რჩება რუსეთი, რომელიც ასადს თავისი სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარე უჭერს მხარს. სირიაში რუსეთის საზღვაო და საავიაციო ბაზებია.

ასადს მხარს უჭერს შიიტური ირანიც. სირია - ძირითადი გზაა, რომლითაც ირანი იარაღით ამარაგებს თავისი მოკავშირის - „ჰესბოლას“ მებძოლებს ლიბანში. „ჰესბოლამ“ სირიის სამთავრობო ძალებს მხარდაჭერისათვის ათასობით მებრძოლი გაუგზავნა. სავარაუდოდ, თეირანმა ასადის არმიის მხარდაჭერაზე მილიარდობით დოლარი დახარჯა.

მეორე მხრივ, ირანის მთავარი მოწინააღმდეგე ახლო აღმოსავლეთში, საუდის არაბეთი ეხმარება ამბოხებულებს, თანაც მათგან ყველაზე რადიკალურებს. 

მართალია თურქეთი მხარს უჭერდა სირიული ოპოზიციის ზოგიერთ ჯგუფებს, თუმცა ის ქურთების წინააღმდეგია. თურქეთი უტევს მათ პოზიციებს, რადგან სირიელ ქურთებს ქურთისტანის მშრომელთა პარტიის მოკავშირეებად მიიჩნევს. ეს გასამხედროებული ჯგუფი თურქეთში უკვე ათწლეულებია რაც ანკარასთან შეიარაღებულ დაპირისპირებაშია.

რატომ ჭიანურდება ომი?

მთავარი მიზეზი - უცხო ქვეყნების მონაწილეობაა. რეჟიმის ან ოპოზიციის სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა პირდაპირ აისახება კონფლიქტის ხანგრძლივობასა და ესკალაციაზე სირიაში. ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ გარე ჩარევა აძლიერებს რელიგიათაშორის კონფლიქტებს. განხეთქილება სუნიტებს და ალავიტებს შორის ნოყიერ ნიადაგს უქმნის სისატიკეს, რომელსაც ორივე მხარე იჩენს და შედეგი არამხოლოდ დაღუპული ადამიანები, არამედ მოშლილი კავშირები და გაერთიანებებია, რის გამოც კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაზე ყველა იმედი ფუჭია.

როგორია ამ ომის შედეგი?

მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ციფრები არ არსებობს, მაგრამ პოლიტიკური კვლევების სირიული ცენტრის მონაცემებით, დაღუპულია 470 ათასი ადამიანი, გაეროს ინფორმაციით - 400 ათასი.  

გაერო ამტკიცებს, რომ სირიიდან 5 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა, და სულ ცოტა 12 მილიონი (ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი) იძულებულია კონფლიქტის გამო სახლები დატოვოს.

ეს სირიელი დევნილების ყველაზე მასობრივი ნაკადია ბოლო წლებში, რაც დაძაბულობას ძრდის მეზობელი ქვეყნებისთვისაც: ლიბანის, იორდანიის, თურქეთის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც დევნილებს იღებენ.

სულ ცოტა დევნილების 10% თავშესაფარს ეძებდა ევროპაში, რის გამოც იქ ქვეყნების პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებზე დავები გაჩაღდა.

გაეროს პროგნოზით, სირიაში ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება 13,5 მილიონ ადამიანს, მათგან 6 მილიონი ბავშვია. ასეთი დახმარების ღირებულება 3,2 მილიარდი დოლარია. არსებული ინფორმაციით, სირიის მოსახლეობის 70%-ს სასმელი წყალი არ აქვს, ხოლო ყოველი მესამე სირიელი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. სულ ცოტა 2 მილიონი ბავშვი სკოლაში არ დადის.

უფრო არასტაბილურ რეგიონებში განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა, რადგან კონფლიქტის მხარეები თავის ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს არ უშვებენ.

სხვა თემები