14 დეკემბერი 2017 - 21:56

ისლამური სახელმწიფო აღარ არსებობს. ტერორისტები საბოლოოდ დამარცხდნენ?

სირია

სირია

ფოტო: shutterstock.com

12 დეკემბერს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის ხელმოწერისას განაცხადა, რომ აშშ-მა სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფო" დაამარცხა. მანამდე, 9 დეკემბერს, ტერორისტულ ორგანიზაციაზე გამარჯვების შესახებ გამოაცხადა ერაყის ხელისუფლებამაც, კიდევ რამდენიმე დღით ადრე კი - რუსეთმა. კერძოდ, 6 დეკემბერს რუსეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სირია "ისლამური სახელმწიფოსგან" გაათავისუფლა. მიუხედავად ამისა, ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლები გრძელდება.

ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია?

ფაქტობრივად, კი, თუ ვგულისხმობთ "ისლამურ სახელმწიფოს", როგორც ორგანიზებულ სტრუქტურას თავისი ჯარით, საგადასახადო სისტემით, შტაბ-ბინებით და საკუთარი "დედაქალაქით". "ისლამური სახელმწიფოს" მთავარი საყრდენი სირიულ ქალაქ რაქაში 17 ოქტომბერს გაანადგურეს, რამდენიმე თვით ადრე, ივლისში, ერაყის არმიამ საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით მოსული გაათავისუფლა. სწორედ ამ ერაყული ქალაქიდან დაიწყო "ისლამური ხალიფატი", რომლის შექმნის შესახებაც "ილსამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადიმ 2014 წლის ივნისში განაცხადა.

ახლა "ისლამური სახელმწიფო", როგორც ორგანიზებული სტრუქტურა, აღარ არსებობს, ის მანამდე დაპყრობილი ტერიტორიების მხოლოდ 3%-ს აკონტოროლებს. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი სავარაუდოდ მოკლულია მრავალრიცხოვანი ავიადარტყმების დროს. ყოველ შემთხვევაში, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ცნობილი არაფერია, ხოლო ალ-ბაღდადის შესაძლო მოკვლის შესახებ ცნობა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2017 წლის ივნისში გაავრცელა, არავის დაუდასტურებია, მაგრამ არც უარუყვია.

ვინ დაამარცხა?

სირიამაც, ერაყმაც, რუსეთმაც და საერთაშორისო კოალიციამაც აშშ-ის ხელმძღვანელობით, ასევე ადგილობრივმა მოხალისეებმა ქურთების შეარაღებულ რაზმებთან ერთად. სირიის არმია რუსეთის ავიაციის და ექსპერტების მხარდაჭერით ებრძოდა არამხოლოდ "ისლამურ სახელმწიფოს", არამედ სხვა ჯგუფებსაც, კერძოდ ბაშარ ასადის მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილ დაჯგუფებებს. აშშ მხარს უჭერდა ეგრეთ წოდებულ ზომიერ ოპოზიციას, რომლის დახმარებითაც აიღეს რაქა. ერაყის არმია საკუთარ ტერიტორიაზე იბრძოდა კოალიციის თვითმფრინავების და ამერიკელების დაახლოებით ხუთიათასკაციანი კონტინგენტის მხარდაჭერით. "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება ყველა მხარის დამსახურებაა, რადგან ოპერაციებს ისინი აწარმოებდნენ სხვადასხვა ტერიტორიაზე, სხვადასხვა მეთოდით და ხშირად, როგორც ეს რუსეთის და აშშ-ის შემთხვევაში იყო, ძალისხმევის კოორდინაციის გარეშე.

სირიაში რა ხდება? აღარ დაბომბავენ?

სირიიდან და ერაყიდან ჯარის გაყვანას არავინ აპირებს. მარტო ამერიკელებს სირიაში 2 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავთ, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დარჩებიან მანამ, სანამ პენტაგონი ამას საჭიროდ მიიჩნევს. რუსეთი იქ თავისი სამხედრო ბაზების (აეროდრომი ხმეიმიმი და სამხედრო საზღვაო ფლოტის ბაზა ტარტუსში) გაფართოებას გეგმავს.

გარდა ამისა, "ისლამური სახელმწიფო" სირიაში ერთადერთი ისლამისტური ძალა არ არის. ქვეყანაში მოქმედებს დაჯგუფება "ტაჰრირ ალ-შამი", რომელსაც სირიულ "ალ-ქაიდას" უწოდებენ. ის შეიარაღებულ ოპოზიციასაც ებრძვის და "ისლამურ სახელმწიფოსაც". ამასთან, სირიის ტერიტორიაზე საკუთარი ისლამური სახელმწიფოს შექმნა უნდა. ზუსტი ცნობები ამ დაჯგუფების წევრთა რაოდენობაზე არ არის. ის, სავარაუდოდ,  რამდენიმე ათასი მებრძოლისგან შედგება, რომლებიც ძირითადად იდლიბის პროვინციაში იბრძვიან, სადაც რუსული ავიაციაა აქტიური.

რაც შეეხება ზოგად სიტუაციას სირიაში, იქ სახელმწიფოს მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ ბაშარ ასადის ძალები, რომლის გადადგომასაც, როგორც ჩანს, განსაკუთრებით აღარავინ ითხოვს. ჩრილოეთის ტერიტორიები ეგრეთ წოდებულ "სირიულ ქურთისტანად" ან როჟავას რეგიონად გადაიქცა, რომელსაც ქურთულ-არაბული ალიანსი "სირიის დემოკრატიული ძალები" აკონტროლებენ. აშშ მხარს უჭერს ამ ავტონომიას, მეზობელი თურქეთი კი პირიქით, ქურთული რეგიონის შექმნის წინააღმდეგია, ბაშარ ასადს კი იმედი აქვს, რომ ოდესმე კონტროლს მთელ სირიაზე აღადგენს. მოკლედ, რეგიონში "ისლამური სახელმწიფო" დამარცხებულია, მაგრამ სირიაში მშვიდობაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა.

ისლამისტები როგორ იმოქმედებენ?

პენტაგონის მონაცემებით, დღეს სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" 3 ათასამდე წევრია დარჩენილი, რაც დაახლოებით ათჯერ ნაკლებია 2015 წლის მონაცემებზე, როდესაც "ისლამური სახელმწიფო" ვითარდებოდა და ახალ-ახალ ტერიტორებს იპყრობდა. ბევრი მოკლულია. მაგალითად აშშ-ში აცხადებენ, რომ მოკლულია 60-70 ათასი ტერორისტი, უფრო მეტი კი თავის სამშობლოში დაბრუნდა. დაბრუნებულები ამტკიცებენ, რომ ისლამისტები თურქეთის გავლით ევროპაში მიემგზავრებიან და ტერორისტულ საქმიანობას იქ განაგრძობენ. ამგვარად, "ისლამისტური სახელმწიფო" "ალ ქაიდას" ემსგავსება - ტერორისტულ ქსელს, რომელსაც კონკრეტული ცენტრი არ აქვს. "ისლამურ სახელმწიფოს" ტერიტორიების დაპყრობისა და ბრძოლების წარმოებისათვის რესურსი აღარ გააჩნია, მაგრამ ტერორისტებს ევროპულ და ამერიკულ ქალაქებში აფეთქებების და თავდასხმების მოწყობა, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იდეოლოგიური თანამოაზრეების გადაიბირება შეუძლიათ.

სხვა თემები