15 აპრილი 2018 - 15:42

როგორ ველაპარაკოთ შვილებს სექსზე?

ფოტო: shutterstock.com

და საერთოდაც, უნდა ველაპარაკოთ თუ არა მათ ამ თემაზე? ამ კითხვაზე სპეციალისტების პასუხი დადებითია: ეს დაიცავს მათ სექსთან დაკავშირებული ბევრი პრობლემისა და კომპლექსისაგან. პრობლემებია, მაგალითად: ადრეული ორსულობა, ვენერიული დაავადებები და სხვ. კომპლექსები - სექსზე ლაპარაკის არცოდნა, იმის განცდა, რომ ეს სამარცხვინო რამ არის და მისი განხილვა უხერხული და მიუღებელია.

ასეთ ლაპარაკს მართლა შეუძლია მათი დაცვა?

ამას იმ ქვეყნების გამოცდილება მოწმობს, სადაც სკოლებში სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებული საგნებია. ცოდნა და ღიაობა უკეთ იცავს ბავშვს, ვიდრე აკრძალვა და პრობლემის მიჩუმათება. გერმანიასა და ნიდერლანდებში სექსუალური აღზრდის პროგრამები ჯერ კიდევ 1970 წელს შემოიღეს. ბავშვები სწავლობენ არამხოლოდ სხეულის აგებულების, სექსის ფიზიოლოგიის და კონტრაცეფციის თავისებურებებს, არამედ განიხილავენ ფსიქოლოგიურ საკითხებს - როგორ მოელაპარაკონ პარტნიორს, როგორ დაიცვან თავიანთი ინტერესები და არ შეეშინდეთ უარის თქმის. შედეგად, ამ ქვეყნებში ყველაზე დაბალია მოზარდების დაფეხმძიმების სტატისტიკა ევროპაში.

იქნებ ჯობს, ბავშვმა თავად ნახოს ინტერნეტში პორნოგვერდები და თვითონ გაერკვეს ყველაფერში?

არა. პორნოგრაფია მოზარდებში სექსუალურ აქტივობას აჩქარებს და ხშირად საკუთარ თავზე არასწორ წარმოდგენებს უყალიბებს. მოზარდებს ზოგჯერ რცხვენიათ თავიანთი სხეულის, ფიქრობენ, რომ თუ მათი სხეული ისეთი არ არის, როგორც პორნომსახიობების, ესე იგი რაღაც წესრიგში არაა. გარდა ამისა, პორნო-ვებგვერდები ძალიან საეჭვო სახელმძღვანელოა პარტნიორებს შორის ურთიერთობისათვის. ამის მიუხედავად, თუ შემთხვევით გაიგეთ, რომ ბავშვმა პორნოგრაფიას უყურა, ამის გამო არ უნდა დასაჯოთ. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი ინტერესია, მისი გამოხატვა კი - კარგი საბაბი სექსზე სასაუბროდ.

წიგნები რომ შევთავაზო?

წიგნი კარგია. კარგი წიგნი სექსუალურ განათლებაზე - უკეთესი. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ წიგნის გამოყენება იმისთვის, რომ პირდაპირ კითხვებზე გულწრფელ პასუხს თავი აარიდოთ, არასწორია.

როდიდან უნდა დავიწყო შვილთან სექსზე ლაპარაკი?

როდესაც ის გკითხავთ, ან როცა საბაბი გაჩნდება. ზოგიერთ ბავშვს 4-5 წლისას აინტერესებს, როგორ დაიბადნენ და საერთოდ, საიდან ჩნდებიან ბავშვები, რაც სხვათა შორის, არა სექსზე, არამედ უფრო სიცოცხლის წარმოქმნაზე ლაპარაკს ნიშნავს.

გოგოების სქესობრივი სიმწიფე 10 წლიდან იწყება, ბიჭების - 12 წლიდან. ამ დროს მოზარდებს უყალიბდებათ სექსუალური სწრაფვა, რაც კარგი საბაბია იმაზე სალაპარაკოდ, თუ რა არის ეს. მშობლის ამოცანაა, ბავშვს გააგებინოს, რომ ყველაფერი, რაც მის თავს ხდება, ნორმალური მოვლენაა, ზრდის პროცესის ბუნებრივი ეტაპები, რასაც არ უნდა შეუშინდეს. თუ თქვენი რელიგიური ან სხვა შეხედულებები ცხოვრებაზე არ გაძლევთ სექსზე ან რაიმე მსგავსზე კონკრეტული ლაპარაკის საშუალებას, მაინც შეეცადეთ ეს ისე გააკეთოთ, რომ ბავშვს არ გაუჩინოთ სირცხვილის განცდა ბუნებრივი სურვილებისათვის, რომელთა მართვაც მას ჯერ არ უსწავლია. მაგრამ თუ ბავშვს თქვენთან სექსზე ლაპარაკი მოუნდება, ნუ გამოეკიდებით მას პრეზერვატივებით. ასე ის თავის დაცვას მაინც ვერ ისწავლის, თქვენთან კი ურთიერთობა გაუფუჭდება.

როგორ ველაპარაკო სექსზე პატარა ბავშვს?

როგორც წესი, პატარებს აინტერესებთ ხოლმე, საიდან გაჩდნენ ისინი. ამ კითხვაზე პასუხისას მთავარია ტყუილი არ თქვათ, დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია. არ არის საჭირო წეროებზე ისტორიების მოყოლა, მაგრამ არც ის - თუ როგორ ფუნქციონირებს კაცის სასქესო ორგანო. გამოდგება ყველაფერი, რაც შეესაბამება დედის მუცელში უჯრედის წარმოქმნას და მის განვითარებას. მაგალითად, „მამას და დედას მოუნდათ შენი დაბადება, ამიტომ მათ დედის მუცელში პატარა მარცვალი შეინახეს, სადაც შენ იზრდებოდი“. ამავდროულად, შეიძლება იმის მოყოლაც, თუ როგორ ხდება ეს სხვა ძუძუმწოვრებში - კვერცხისმდებლებში და ჩანთოსნებში. ამასთან, ნუ უამბობთ ბავშვს იმაზე მეტს, რაც აინტერესებს. ისტორიები წეროებსა და კობოსტოზე - ჩიხია. ბავშვი მაინც გაიგებს სიმართლეს - საბავშვო ბაღში, სკოლაში ან კიდევ სადმე - მშობლის ავტორიტეტი და მის მიმართ ნდობა კი უკვე შელახული იქნება.

როგორ ველაპარაკო სექსზე მოზარდს?

მშვიდად. და ყოველთვის უპასუხეთ დასმულ შეკითხვას. თუ გრძნობთ, რომ მისი ინტერესი უფრო ფართოა, ჰკითხეთ კიდევ რა აინტერესებს. ლექციებს ნუ წაუკითხავთ, კითხვებს უპასუხეთ. არაა გამორიცხული, მისი ცოდნა თქვენსაზე ბევრად დიდი და რთული იყოს. თქვენი ამოცანაა დაეხმაროთ მას იქ, სადაც სჭირდება და არ გადახვიდეთ იმ ველში, სადაც დახმარება არ უთხოვია. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს შესაძლო საფრთხეებზე - მაგალითად, პედოფილებზე და ვენერიულ დაავადებებზე. უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემებით არ გაერთოთ, გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება შეყვარებული იყოს და თქვენგან ელოდებოდეს რჩევას არა სექსზე, არამედ ურთიერთობებზე. თუმცა, შეიძლება ასეც არ იყოს. თქვენ შეგიძლიათ თავად მონიშნოთ საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე. შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი აზრით, სექსი - სასიყვარულო ურთიერთობების განვითარების შედეგია, ან რომ ეს თვითკმარი გართობაა, ან ცოლქმრული ვალი, ან თქვენი რწმენით აკრძალულია ქორწინებამდე, ან კიდევ სხვა რამ.

ამ საუბრების გამო რომ ბავშვი სექსით ადრე დაკავდეს?

თქვენ ვერასდროს გაიგებთ, სექსით ის ადრე დაკავდა ამ საუბრების წყალობით, თუ პირიქით - ასეთი საუბრების არარსებობის გამო. სპეციალისტების მტკიცებით, ასობით საგანმანათლებო პროგრამის შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მოზარდები, რომლებმაც სკოლებში სექსუალური განათლება მიიღეს, როგორც წესი, გვიან იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას. და კვლევების ასეთი შედეგები იშვიათი არ არის.

წყარო: Meduza

სხვა თემები