09 მაისი 2018 - 19:40

გადარჩება თუ არა ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება? მთავარი

თეირანი, ირანი

თეირანი, ირანი

ფოტო: shutterstock.com

ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება მრავალწლიანი მოლაპარაკებების შედეგია

მოლაპარაკებები 2003 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც დასავლეთის ქვეყნებმა თეირანი სამხედრო ბირთვული პროგრამის განვითარებაში დაადანაშაულეს. ოფიციალურად შეთანხმების სახელწოდებაა „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა“. ის 2015 წელს მიიღეს. ერთი მხრივ შეთანხმებას ხელს აწერს ირანი, მეორე მხრივ - საერთაშორისო შუამავლების ექვსეული: აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი.

რა ვალდებულებები აიღო ირანმა ამ შეთანხმებით

თეირანი ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე სანქციების მოხსნის სანაცვლოდ დათანხმდა. ირანის ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ ქვეყნიდან გაიტანდა გამდიდრებული ურანის 98%-ს (ნებადართული იყო არაუმტეს 300 კილოგრამის დატოვება), შეამცირებდა ურანის გამდიდრებისათვის ცენტრიფუგების რაოდენობას 20 ათასიდან 5 ათასამდე; არ შექმნიდა მაღალგამდიდრებულ ურანს, რომელსაც ბირთვული იარაღისთვის იყენებენ და ქვეყანაში დაუშვებდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (International Atomic Energy Agency, IAEA) ინსპექტორებს.

გარიგების სანაცვლოდ, გაეროს უშიშროების საბჭომ, აშშ-მა და ევროკავშირმა ირანს სანქციები ნაწილობრივ მოუხსნეს, რისი წყალობითაც ქვეყანას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაყიდვის და ვაჭრობისათვის გლობალური ფინანსური სისტემის გამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდა. გარდა ამისა, სანქციები მოეხსნა ირანის გაყინულ აქტივებს უცხოეთში, რომლის მოცულობაც 100 მილიარდ დოლარზე მეტი გახლდათ.

რა არ მოსწონდა დონალდ ტრამპს

ირანისთვის ბევრი შეზღუდვა დროებითია და 10-15 წლის შემდეგ ის მოიხსნება, რაც არ მოსწონდა დონალდ ტრამპს. როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც 2016 წლის ნოემბერში მან არაერთხელ გააკრიტიკა ირანის ბირთვული შეთანხმება, უწოდებდა რა მას „სამარცხვინოს“. ტრამპი აცხადებდა, რომ შეთანხმება ვერ აგვარებდა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს 2025 წლის შემდეგ, კერძოდ ამ ქვეყანაში ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და ახლო აღმოსავლეთში ირანის ხელისუფლების ქმედებებს. აშშ ირანს იემენში ამბოხებული-ჰუსიტების მხარდაჭერასა და “თალიბანის“, მოზრაობა „ჰამასისის“ და „ჰესბოლას“ დაფინანსებაში ადანაშაულებს.

ირანი ამტკიცებს, რომ არასდროს უცდია ბირთვული იარაღის შექმნა

ირანი ამტკიცებს, რომ არასდროს უცდია ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა. ისრაელი ამას უარყოფს. 2018 წლის აპრილის ბოლოს ირაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც ირანთან შეთანხმების წინააღმდეგია, განაცხადა, რომ გარიგების გაფორმების მომენტისთვის თეირანმა დამალა, რომ ბირთვულ იარაღზე მუშაობდა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის დაზვერვამ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები სახელწოდებით „პროექტი ამადი“ მოიპოვა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნეთანიაჰუს გამოსვლას „ბავშვური და სულელური წარმოდგენა" უწოდა.

აშშ შეთანხმებიდან გავიდა

8 მაისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან გადის. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, გარიგების გაფორმების დღიდან ირანმა თავისი სამხედრო ბიუჯეტი 40%-ით გაზარდა, დაიწყო ბირთვულქობინებიანი ბალისტიკური რაკეტების შექმნა, ხოლო უცხოეთში აქტივებზე სანქციების მოხსნის შემდეგ რესურსები ტერორიზმის დაფინანსებისათვის გამოიყენა. ასევე ტრამპმა მხარი დაუჭირა ისრაელის პოზიციას იმის შესახებ, თითქოს შეთანხმების გაფორმების მომენტისთვის ირანმა დამალა, რომ ბირთვულ იარაღზე მუშაობდა.

ოფიციალური განცხადების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. სანქციები 180 დღის განმავლობაში ამოქმედდება და შეეხება ირანის ვაჭრობის, ენერგეტიკის და საბანკო სექტორებს. შეერთებული შტატების თქმით, სანქციები გავრცელდება სხვა ქვეყნებზეც თუ ისინი ირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობაში დაეხმარებიან.

დანარჩენი მონაწილეები შეთანხმების დატოვებას არ აპირებენ

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ შეთანხმებას დაიცავს, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი გაუქმების შემთხვევაში ირანი „კვირების განმავლობაში“ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე განაახლებს ურანის გამდიდრებას. გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა განაცხადეს, რომ წუხან აშშ-ის გადაწყვეტილების გამო და შეთანხმების შენარჩუნებას შეეცდებიან. იმავეს აცხადებს რუსეთიც.

უცნობია, გადარჩება თუ არა შეთანხმება

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის შეთანხმების ხელმომწერმა შვიდიდან ექვსმა ქვეყანამ განაცხადა, რომ დაიცავენ მას, ამერიკულმა სანქციებმა შეიძლება დაუხუროს ირანს დასავლური ბაზრები და აიძულოს ხელისუფლებები უარი თქვან გარიგებაზე. ამას თავის მხრივ შეიძლება მოჰყვეს გამალებული შეიარაღება ახლო აღმოსავლეთში. ექსპერტები ფიქრობენ, რომ გაუგებარია რატომ გხდა საჭირო შეთანხმებიდან გასვლა დღეს, როდესაც ვაშინგტონს მიაჩნია რომ ირანს ბირთვული ბომბის შემქნა 15 წლის შემდეგ უნდა. მათი თქმით, შეიქმნა ვითარება, რომელშიც ირანი მსხვერპლია, ხოლო აშშ - ჩხუბისთავი.

სხვა თემები