20 მაისი 2018 - 20:55

რა გეგმა აქვთ სამეფო სახლს და ბრიტანულ პრესას ელისაბედ მეორის სიკვდილის შემთხვევაში?

ელისაბედ მეორე

ელისაბედ მეორე

ფოტო: shutterstock.com

ერთი წლის წინ, 2017 წლის მარტში, ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა ყოველგვარი კონკრეტული საბაბის გარეშე გამოაქვეყნა დეტალური სტატია დედოფლის სიკვდილის შესახებ. „მის სამეფოში რთული დღეებია, მისი მოქალაქეები კი უარს ამბობენ აღიარონ, რომ ერთ დღესაც მისი მმართველობა დასრულდება. ამიტომ სამეფო სასახლეს აქვს გეგმა“, - ასე იწყება ტექსტი იმის შესახებ თუ როგორ შეხვდება დიდი ბრიტანეთი ელისაბედ მეორის გარდაცვალების ცნობას. The Guardian-ის სტატიაში მოთხრობილია ის, თუ ვინ იქნება პირველი, ვინც მონარქის გარდაცვალების შესახებ შეიტყობს და როგორ ემზადება ბრიტანული პრესა.

დედოფლის სიკვდილზე ფიქრი და წერა ბრიტანეთისთვის დახურული თემაა

The Guardian-ი აღიარებს, რომ დედოფლის სიკვდილზე ფიქრი და მით უფრო, ამის შესახებ წერა - დიდი ბრიტანეთისათვის დახურული თემაა. გაზეთს მიაჩნია, რომ ამ თემისთვის გვერდის ავლის სურვილი აიხსნება არა მხოლოდ კარგი მანერებით, არამედ შიშებითაც. „ეს ტაბუ, ისევე როგორც ბევრი რამ, რაც მონარქიას უკავშირდება, რაციონალური არ არის და პარალელურ რეალობას ნიღბავს. სინამდვილეში, ის სერიოზული შოკი, რომელიც ბრიტანულ საზოგადოებრივ აზრს ელის, წუთებამდეა გაწერილი. ეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენაა, რომელიც გარდაუვალია და რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით დაფინანსდება. სტატისტიკის ნაციონალური სამსახურის მონაცემებით, ბრიტანელმა ქალმა, რომელმაც 91 წელს მიაღწია, შეიძლება იცოცხლოს საშუალოდ კიდევ 4 წელს და 3 თვეს. დედოფალი ასრულებს თავის მმართველობას ყველაზე მშფოთვარე დროს, როდესაც ბრიტანეთის ადგილი მსოფლიოში გაურკვეველია, ხოლო თავად სამეფოში შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობებია“, - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა აქვს ბუკინგემის სასახლეს, მთავრობას და BBC-ის.

როგორ ემზადება სასახლე?

გაზეთი წერს, რომ სავარაუდოდ, დედოფალი გარდაიცვლება ოჯახის წევრების გარემოცვაში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ. დედა-დედოფლის სიკვდილის დროსაც ასე იყო: ყველაფერი აღდგომის წინა დღეს მოხდა, დედა-დედოფალმა მოასწრო თავის მეგობრებთან ტელეფონით დამშვიდობება, ასევე თავისი ცხენების დარიგება.

მონარქის სოცოცხლის ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მის გარემოცვაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გახდება მისი ექიმი, გასტროენტეროლოგი, პროფესორი ჰიუ ტომასი. სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ უნდა შევიდეს მონარქის საძინებელში და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რა ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს.

სავარაუდოდ, სამეფო სასახლე მონარქის მდგომარეობის გაუარესების შესახებ რამდენიმე მოკლე განცხადებას გაავრცელებს. პირველი ჩინოსანი, რომელიც დედოფლის გარდაცვალების ამბავს შეიტყობს მისი პირადი მდივანი, სერ კრისტოფერ გეიდტი იქნება. სწორედ ის მოახსენებს მომხდარის შესახებ პრემიერმინისტრს კოდური ფრაზით „London Bridge is down“ („ლონდონის ხიდი დაეცა“). ამის შემდეგ დედოფლის გარდაცვალების შესახებ შეატყობინებენ იმ 15 ქვეყნის მთავრობებს, რომლებსაც ის მართავდა, და თანამეგობრობის 36 წევრი-ქვეყნის წარმომადგენლობებს, რომლებისთვისაც ბრიტანელი მონარქი სიმბოლური ფიგურა იყო.

როგორ ემზადება პრესა?

მთელი ამ ხნის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლებს მონარქის გარდაცვალების შესახებ არაფერი ეცოდინებათ. თუმცა, ელისაბედ მეორის შემთხვევაში სამწუხარო ცნობას ბრიტანეთის მოქალაქეები იმაზე სწრაფად შეიტყობენ, ვიდრე ოდესმე. BBC-ს ექსკლუზიური უფლება ასეთი ცნობის გავრცელებაზე აღარ აქვს, ამიტომ მონარქის გარდაცვალების შესახებ ახალი ამბავი გრიფით „სასწრაფო“ გადაეგზავნება ბრიტანეთის „პრესის ასოციაციის“ სააგენტოს და მსოფლიო მასშტაბის ყველა მედიასაშუალებას.

ბეჭდურ გამოცემებსა და ეთერებში გაიგზავნება ნეკროლოგები და უკვე გამზადებული მასალები. ცნობილია, რომ The Times-ს ასეთი სტატიების 11 დღის მარაგი აქვს, ხოლო ტელეარხებმა Sky News-მა და ITN-მა არაერთხელ გამართეს „ტრენინგები“, რომლებზეც მონარქის გარდაცვალების შემთხვევისათვის სამოქმედო გეგმას ამუშავებდნენ. მეტიც, ტელეარხებმა სამეფო ოჯახის საკითხების ექსპერტებთან ექსკლუზიურ თანამშრომლობაზე წერილობითი შეთანხმებები უკვე გააფორმეს.

BBC-ს თანამშრომლებს ასეთ „ტრენინგებს“ 30 წლის განმავლობაში უტარებენ, რომლებზეც სამეფო ოჯახის წევრების გარდაცვალების ათასგვარ სცენარებს ამუშავებენ. ამ რეპეტიციების მთავარი მიზანია, რომ ჟურნალისტებს სამწუხარო ამბისთვის შესაფერისი, სწორი სიტყვების შერჩევაში დაეხმარონ.

ვინ შეცვლის მონარქს?

თანამედროვე ბრიტანელების უმრავლესობა სამეფო ხელისუფლების წინა ცვლას არ მოსწრებია, ამიტომ ერთი მონარქის გარდაცვალება და ტახტზე ახალი მონარქის ასვლა დრამატული მოვლენა იქნება. დედოფალი ბრიტანელი ერის სიმბოლოდ იქცა და ეს არის ის ბოლო რამ, რაც ბრიტანეთს მის წარსულ დიდებასთან აკავშირებს, რომლის მთავარი ხაზი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაზე გადის.
 
„ის თვალებს დახუჭავს და მეფე გახდება ჩარლზი, რომელსაც მისი ძმები და და ხელზე ემთხვევიან“, - წერს The Guardian-ი.

სხვა თემები