ვინ შეიძლება გახდეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი მარტივი სტატისტიკით?
ფოტო: shutterstock.com
14 ივნისს რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც 32 გუნდი მონაწილეობს. BBC Sport-მა წინა ჩემპიონატების სტატისტიკა და კანონზომიერება გააანალიზა და განსაზღვრა, თუ რომელი ორი გუნდი გავა ფინალში და ვინ გაიმარჯვებს.
32 – 24 = 8
2018 წლის ჩემპიონატში შემდეგი ქვეყნების ეროვნული ნაკრებები მონაწილეობენ: საფრანგეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი, რუსეთი, პერუ, მაროკო, ინგლისი, კოლუმბია, ნიგერია, კოსტა-რიკა, სერბეთი, საუდის არაბეთი, ესპანეთი, ავსტრალია, სენეგალი, სამხრეთ კორეა, ირანი, დანია, შვედეთი, იაპონია, ხორვატია, მექსიკა, შვეიცარია, ტუნისი, პანამა, ურუგვაი, ეგვიპტე, ისლანდია.
32 გუნდის მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში 1998 წლიდან დაუშვეს. მას შემდეგ ყოველთვის ის ნაკრები იმარჯვებდა, რომელიც წილისყრის წინ პირველ „კალათში“ ხვდებოდა. მისით განისაზღვრება 7 გუნდი, რომელსაც, „ფიფას“ ვერსიით, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ასევე, ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა.
ბოლოს გუნდმა, რომელიც ამ „კალათიდან“ არ იყო, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა. ეს იყო არგენტინა დიეგო მარადონას გოლით. ამ ლოგიკით, 32 გუნდიდან 24-ის გამორიცხვა თავიდანვე შეიძლება და რჩება 8 გუნდი მასპინძელი ქვეყნის ჩათვლით. ესენი არიან: საფრანგეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი, რუსეთი.
8 – რუსეთი = 7
რუსეთი წილისყრის პირველ „კალათში“ მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. სხვაგვარად ის ყველაზე ძლიერ რვა გუნდს შორის ვერ მოხვდებოდა. მისი ნაკრები „ფიფას“ რეიტინგში 66-ე ადგილზეა.
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია ცხადყოფს, რომ ღონისძიების მასპინძელ ქვეყანას გამარჯვების განსაკუთრებული შანსი არ აქვს. პირველი 11 ჩემპიონატის დროს, 1930 წლიდან 1978 წლის პერიოდში, მასპინძლებმა სულ ხუთჯერ გაიმარჯვეს, მაგრამ ბოლო ცხრა ჩემპიონატის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები 1998 წელს მხოლოდ საფრანგეთი გახდა.
როდესაც ჩემპიონატები აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ტარდებოდა, მასპინძლების გამარჯვებაზე არავის უფიქრია. სამაგიეროდ, 1990 წელს იტალიას, 2006 წელს გერმანიას და ოთხი წლის წინ ბრაზილიას გამარჯვების რეალური შანსები ჰქონდათ. რუსეთის ნაკრები, რომლის პერსპექტივები ისედაც სადავოა, პროგნოზიდან შეიძლება გამოირიცხოს. რჩება 7 გუნდი.
7 – პოლონეთი = 6
32-გუნდიან ჩემპიონატებზე მსოფლიოს ხუთი ჩემპიონიდან არცერთისთვის არასდროს გაუტანიათ შვიდივე მატჩის დროს ოთხ გოლზე მეტი. სტატისტიკურად ერთ თამაშში პოლონეთის გუნდის კარში მეტოქეს 1,4 გოლი გააქვს; გერმანიის და პორტუგალიის კარში - მატჩში 0,4 გოლი; ბელგიის და საფრანგეთის კარში - 0,6; ბრაზილიის კარში - 0,61, არგენტინის კარში - 0,88. ამ პროგნოზით, დარჩენილი 7 ნაკრებიდან ვარდება პოლონეთი, რომელსაც ყველაზე სუსტი დაცვა ჰყავს. რჩება 6 გუნდი.
6 – ბრაზილია და არგენტინა = 4
მსოფლიო ჩემპიონატებში გაუმარჯვიათ მხოლოდ ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს. ბოლო დრომდე ევროპული გუნდები იმარჯვებდნენ მხოლოდ მშობლიურ კონტინენტზე, თუმცა ტენდენცია დაირღვა, როდესაც ესპანეთმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ხოლო გერმანიამ ბრაზილიაში გაიმარჯვა.
ევროპაში ჩატარებული 10 მსოფლიო ჩემპიონატიდან, 9-ში ევროპულმა გუნდებმა გაიმარჯვეს. მხოლოდ 1958 წელს გაიმარჯვა შვედეთში ბრაზილიამ. შესაბამისად, ის და არგენტინა ამ პროგნოზიდან შეიძლება ამოვარდნენ.
4 – პორტუგალია = 3
არსებობს წარმოდგენა, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატებს ძლიერი თავდამსხმელი ფეხბურთელები იგებენ, მაგრამ 1982 წლის შემდეგ მხოლოდ ორჯერ გახდა ჩემპიონი ნაკრები, რომლის გუნდშიც „ოქროს ბუცის“ მფლობელი თამაშობდა: 2002 წელს ბრაზილიის ნაკრებში თამაშობდა რონალდო, 2010 წელს ესპანეთის ნაკრებში - დავიდ ვილია.
სინამდვილეში, ჩემპიონატებს იგებენ ისინი, რომელთაც ძლიერი მეკარეები ჰყავთ. ბოლო 5 მსოფლიო ჩემპიონატიდან, 4-ში გამარჯვებული ნაკრებების მეკარეები „ოქროს ხელთათმანის“ მფლობელები გახდნენ.
შესაბამისად დარჩენილი ოთხი გუნდიდან პროგნოზს პორტუგალია ეთიშება, რადგან რთული წარმოსადგენია, პორტუგალიელმა მეკარემ რუსი პატრისიუმ „ოქროს ხელთათმანი“ მოიპოვოს. სამაგიეროდ, ამ ჯილდოს პრეტენდენტები არიან გერმანელი მანუელ ნოიერი, ფრანგი უგო ლორისი და ბელგიელი ტიბო კურტუა.
3 – საფრანგეთი = 2
1998 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატებში 32 გუნდი მონაწილეობს, გამარჯვებული კი ყოველთვის უფრო გამოცდილი ნაკრებია. ასე მაგალითად, 1998 წელს ჩემპიონატში გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრების თითოეული ფეხბურთელის ანგარიშზე საშუალოდ საერთაშორისო დონეზე ჩატარებული 22,77 მატჩია. ოთხი წლის წინ გამარჯვებული გერმანიის ეს მაჩვენებელი 42,21 მატჩს შეადგენდა; 2002 წელს გამარჯვებული ბრაზილიის ფეხბურთელების ანგარიშზე - 28,04 მატჩი, იტალიელების (2006 წლის ჩემპიონი) - 32,91 მატჩია, ესპანელებმა (2010 წლის ჩემპიონი) ნაკრებისთვის, საშუალოდ, 38,3 მატჩი ითამაშეს.
დარჩენილი სამი გუნდიდან საერთაშორისო შეხვედრების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ გერმანიის (43,26 მატჩი) და ბელგიის (45,13 მატჩი) ნაკრების ფეხბურთელებს. პროგნოზს ტოვებს საფრანგეთი, რომლის საშუალო მაჩვენებელი - 24,56 მატჩია.
2 – გერმანია = ბელგია
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ორჯერ ზედიზედ ჩემპიონის ტიტული მხოლოდ ერთმა გუნდმა მოიპოვა: ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონი გახდა 1958 და 1962 წლებში.
მას შემდეგ მხოლოდ ორმა მსოფლიო ჩემპიონმა გადალახა მეოთხედფინალი: არგენტინამ 1990 წელს და ბრაზილიამ 1998 წელს.
გერმანიას მსოფლიო ჩემპიონატებში ასპარეზობის შესანიშნავი ისტორია აქვს. ბოლო 9 ტურნირის განმავლობაში გერმანელებმა ორჯერ გაიმარჯვეს, სამჯერ ითამაშეს ფინალში და კიდევ ორჯერ მესამე ადგილზე გავიდნენ. მაგრამ რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორია გერმანიის წინააღმდეგია - ისინი ბრაზილიაში მოპოვებულ ტიტულს იცავენ.
ამგვარად, სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ბელგიის ნაკრებია.


