გეოპოლიტიკური სამკუთხედი. ანგელა მერკელს საქართველო უფრო უყვარს თუ რუსეთი?
ანგელა მერკელი
ფოტო: shutterstock.com
23 აგვისტოს გერმანიის კანცლერი საქართველოს ეწვევა. სამხრეთკავკასიურ ტურნეს ის თბილისიდან დაიწყებს. მანამდე ანგელა მერკელი გერმანიაში, მეზებერგის სამთავრობო რეზიდენციაში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკება სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა ილაპარაკეს თუ არა მათ საქართველოზე, უცნობია. გერმანიის კანცლერის და რუსეთის პრეზიდენტის განსახილველ საკითხთა საჯარო ჩამონათვალში საქართველო ნახსენები არ იყო. მოლაპარაკების ოფიციალურ თემებად უკრაინა, სირია და ირანი დასახელდა.
მერკელი და პუტინი მეგობრობენ?
The New York Times-მა მეზებერგის შეხვედრას ვრცელი სტატია მიუძღვნა. ამერიკული გაზეთი წერს, რომ გერმანიის კანცლერის და რუსეთის პრეზიდენტის პირადი ურთიერთობები რამდენიმე დასამახსოვრებელი ისტორიით შემოიფარგლება: მერკელის მკვეთრი რეპლიკებით რუსულ სპეცსამსახურებში პუტინის მუშაობაზე და პუტინის მცდელობებით, გამოეყვანა კანცლერი წონასწორობიდან დიდი შავი ლაბრადორის დახმარებით.
ურთიერთობებში დაახლოებისა და გაუცხოების ხანგრძლივი ისტორია მკაფიოდ გამოჩნდა 18 აგვისტოს შეხვედრაზე. ლიდერებს მოლაპარაკებების შედეგებზე განცხადებები არ გაუკეთებიათ. შეხვედრის დაწყებამდე მათ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მთავარი საკითხები იქნება: სიტუაციის სტაბილიზება უკრაინის აღმოსავლეთში და სირიაში, ასევე ირანული ბირთვული შეთანხმების მომავალი.
ცნობილია, რომ ლიდერებმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხებიც განიხილეს, კერძოდ, ენერგეტიკა და მილსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“ მშენებლობა.
ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ეს შეხვედრა, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში მეორე იყო, რამდენიმეწლიანი მზარდი დაძაბულობის შემდეგ რუსულ-გერმანულ ურთიერთობებს უფრო პრაგმატულ რელსებზე გადაიყვანდა. მანამდე პუტინი ამბობდა, რომ გერმანია უნდა ჩაერთოს სირიის ინფრასტრუქტურის აღდგენაში, რათა დევნილებმა ამ ომისგან დანგრეულ ქვეყანაში დაბრუნება შეძლონ (რუსეთი წლების განმავლობაში სამხედრო ძალით ეხმარება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმს).
თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობაზე მიანიშნა მერკელმაც, თუმცა დასძინა, რომ მოსკოვს გარკვეული ვალდებულებები აქვს შესასრულებელი. „გერმანია, მაგრამ განსაკუთრებით რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, ვალდებულია ეძებოს პრობლემის გადაწყვეტის გზები. მიმაჩნია, რომ სადავო საკითხების გადაჭრა მხოლოდ დიალოგით შეიძლება“, - თქვა გერმანიის კანცლერმა.
ამბობენ, რომ მერკელს რუსეთის მიმართ პირადი სენტიმენტებიც აქვს. მართალია?
ყველასთვის ცნობილია, რომ ანგელა მერკელი აღმოსავლეთ გერმანიაში გაიზარდა. მისი ბიოგრაფიის ამ პერიოდზე ბევრი დაიწერა, მათ შორის იმ ვრცელ პორტრეტებსა თუ სტატიებში, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი გამოცემები გერმანიის კანცლერს წლების განმავლობაში უძღვნიდნენ. მათ შორის ერთ-ერთი 2008 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა. გერმანულ Frankfurter Allgemeine Zeitung-ს აინტერესებდა, თუ როგორ უნდა ემოქმედა ბერლინს მოსკოვთან საქართველო-რუსეთის ომის ფონზე.
სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანიის კანცლერს პუტინთან გრილი ურთიერთობა აქვს, მაგრამ წინა კანცლერებისაგან განსხვავებით, ის კარგად იცნობს რუსეთს.
„მერკელი რუსულ ლიტერატურასაც იცნობს. მის მაგიდაზე ეკატერინე მეორის პორტრეტი დევს. რამდენიმე კვირის წინ ის თავის სახლში შეხვდა აღმოსვლეთევროპელ და პირველ რიგში, რუს პოლიტოლოგებს, ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს. მთელი საღამოს განმავლობაში ისინი რუსულ ენაზე ლაპარაკობდნენ.
...წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება - ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირის და მეორე მხრივ, რუსეთის მიმართ, აისახა მერკელის წარმოდგენაზე დიდი აღმოსავლური იმპერიის შესახებ. მან რუსეთის მიმართ სიმპათიები შეინარჩუნა, მაგრამ ეს გრძნობა არასდროს გადასულა ფანატიზმში“.
ბოლოს და ბოლოს გერმანია და რუსეთი მეგობრები არიან თუ მტრები?
ამ სახელმწიფოებს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „მოსისხლე“ მეგობრები, რომელთა ეკონომიკურ, კულტურულ და ინტელექტუალურ კავშირებს ძალიან ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. მე-18 საუკუნიდან დაწყებული მათ ურთიერთობებში ერთმანეთს ცვლიდა კონფლიქტები და შერიგებები, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეორე მსოფლიო ომი და ცივი ომი, - წერს The New York Times-ი.
საბჭოთა ეპოქაში გერმანია მოსკოვის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი იყო. ბევრ გერმანელს მიაჩნია, რომ ცივი ომის დასრულებასა და გერმანიის გაერთიანებაში გადამწყვეტი როლი მოსკოვთან პოზიტიურმა კავშირებმა ითამაშა. როდესაც ბერლინის კედელი დაეცა, გერმანიამ მოსკოვთან დიალოგი დაიწყო, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებისთვის ევროკავშირში ინტეგრირება გაემარტივებინა. და მან არა მხოლოდ განამტკიცა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, არამედ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაშიც მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო.
მაგრამ როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ 2011-2012 წლებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ჩაახშო, მოსკოვი-ბერლინის ურთიერთობებში პირველი ბზარები გაჩნდა, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმი დაიპყრო და უკრაინის აღმოსავლეთში “აჯანყებულებს” მხარი დაუჭირა.
მიუხედავად ამისა, მერკელს და პუტინს შორის რეგულარული კონტაქტი არ შეწყვეტილა. მაისში, გერმანიის კანცლერი სოჭში, რუსეთის პრეზიდენტს საზაფხულო რეზიდენციაში შეხვდა და შაბათს ჟურნალისტებს უთხრა კიდეც, რომ პუტინთან მეზებერგის რეზიდენციაში შეხვედრას სოჭის მოლაპარაკებების გაგრძელებად მიიჩნევს.
რა უნდათ გერმანიას და რუსეთს ერთმანეთისაგან?
ექსპერტების თქმით, ორივე ქვეყნის ლიდერი სერიოზულ ურთიერთსარგებელს ნახავს, თუ სირიაში პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის გზებს გამოძებნის. ასეთ შემთხვევაში გერმანია დევნილებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, ხოლო პუტინი ბერლინისა და ევროკავშირსაგან სირიის აღდგენაზე მხარდაჭერას მიღებს.
მერკელისთვის ამ საკითხს ძალიან დიდი შიდაპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. მის გადაწყვეტილებას მილიონ დევნილზე მეტი (მათი უმრავლესობა სირიის ომის საშინელებისგან ცდილობდა თავის დაღწევას) მიეღო გერმანიაში, სადაც მათ თავშესაფარს მისცემდნენ, მტკიცე წინააღმდეგობა შეხვდა როგორც საზოგადოების, ასევე მისი მთავრობის მხრიდანაც. რაც შეეხება პუტინს, ის ვერ პოულობს სირიის კონფლიქტის დარეგულირებისათვის მისაღებ გადაწყვეტილებას. საერთო ინტერესებმა შეიძლება ეს ორი ქვეყანა ხანგრძლივი დაპირისპირებების შემდეგ დააახლოვოს.
გერმანიის მზადყოფნა უპირობოდ დაეჭირა მხარი აშშ-ის ანტირუსული სანქციებისათვის ყირიმის ანექსიის, უკრაინის აღმოსავლეთში ინტერვენციის და მალაიზიური თვითმფრინავის განადგურების გამო, კრემლისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა. რუსეთის ლიდერები მიხვდნენ, რომ გერმანიასთან განსაკუთრებული ურთიერთობები, რომლის იმედიც მათ მანამდე ჰქონდათ, აღარ არსებობს. ამის შემდეგ გერმანია რუსი ჰაკერების და რუსული მედიის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც რუსების შეხედულებები გერმანიაზე საგრძნობლად გაუარესდა.
17 აგვისტოს გამოცემამ „ვედომოსტი“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელმაც ეს ტენდენცია დაადასტურა: რუსების სიმპათია გერმანიის კანცლერისადმი მნიშვნელოვნად შემცირდა: თუ 2011 წელს მისი მოწონების რეიტინგი 60% იყო, 2016 წლის აგვისტოში ის 11%-მდე დაეცა.
ტრამპი ამტკიცებს, რომ გერმანია „რუსეთის მძევალია“. სიმართლეს ამბობს?
ოფიციალური მონაცემების თანახმად, გერმანიას თავისი ბუნებრივი გაზის 40% რუსეთიდან შეაქვს. ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაგრამ ეს არ არის 60% და 70%, რაზეც ტრამპმა ილაპარაკა ნატოს ივლისის სამიტზე, როდესაც ბერლინს „რუსეთის მძევალი“ უწოდა.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტრამპის ეს გამონათქვამი ვაშინგტონში გავრცელებული სტერეოტიპის გამოძახილია, რომლის თანახმად, გერმანია რუსეთთან თავისი ეკონომიკური კავშირების გამო, მოსკოვის მიმართ „უფრო სუსტ“ პოზიციას იკავებს.
18 აგვისტოს, პუტინმა მოიყვანა არაერთი სტატისტიკური მონაცემი, რომლებიც რუსეთ-გერმანიის ეკონომიკური კავშირების სიძლიერეს მოწმობს. მაგალითად, ის რომ 2017 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 22%-ით, 55 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. პუტინმა აქცენტი გააკეთა ასევე მილსადენზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, რომლის მშენებლობაც ტრამპმა გააკრიტიკა. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მილსადენი სუფთა ეკონომიკური პროექტია და აუცილებელია „ენერგორესურსებზე ევროპის ეკონომიკის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“.
ის განცდა, რომ გერმანია რუსეთის „მძევლად“ იქცა, კიდევ უფრო განამტკიცა გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის პუტინთან ახლო კავშირებმა და მისმა გადაწყვეტილებამ რუსეთის სახელმწიფო კომპანიის „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გამხდარიყო.
მაგრამ მერკელმა აჩვენა, რომ მკაფიო ხაზის გავლებისთვის მზადაა, როდესაც ჯერ 2015 წელს ანტირუსულ საქნციებს, ხოლო მოგვიანებით სკრიპალების ბრიტანეთში მოწამვლის საქმეზე დასავლეთის რეაქციას მხარი დაუჭირა. ექსპერტების თქმით, მერკელი, რომელიც თავისებურად ავლენს იმას, რომ რუსების და პუტინის კარგად ესმის, იმავდროულად არანაირი ილუზია რუსებთან, პუტინთან და მათ მოტივებთან დაკავშირებით არ აქვს.
გერმანია-საქართველოს ურთიერთობაში რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვანია?
დიახ, და ერთ-ერთი მიზეზი ამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ენერგეტიკული კავშირებიცაა. გერმანია საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა და ამას მხოლოდ საჯარო განცხადებები არ ადასტურებს. ოფიციალური ინფორმაციით, 1995-2015 წლებში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ პირველი სახელმწიფო გერმანიაა. ბერლინი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს რუსეთის ქართულ პოლიტიკას და აქტიურად თანამშრომლობს თბილისთან სხვადასხვა რეფორმებზე.
მიუხედავად ამისა, გერმანია (საფრანგეთთან ერთად) ის დასავლეთ ევროპული ქვეყანაა, რომელიც ყველაზე სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართ. ანალიტიკოსები ხშირად სწორედ ამ გერმანულ სკეპტიციზმს აბრალებენ იმას, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) არ მიანიჭეს. გერმანიას ასევე სკეპტიკური მიდგომა აქვს ევროკავშირის გაფართოებისადმი და ბერლინის დაყოლიება რთული აღმოჩნდა მაშინაც, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლებას ანიჭებდნენ. ამ ფაქტებს ბევრი სწორედ ბერლინისა და მოსკოვის განსაკუთრებულ ურთიერთობებს უკავშირებს.
ამ ფონზე კანცლერის საქართველოში ვიზიტისგან განსაკუთრებულ გარღვევას არავინ მოელის, მაგრამ იმაზეც არავინ დავობს, რომ ვიზიტი დიდი მოვლენაა და ის, რომ მერკელი საქართველოში სწორედ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩამოდის, გერმანიის ძლიერ მხარდაჭერაზე მიუთითებს.
მერამდენედ ჩამოდის მერკელი საქართველოში?
გერმანიის კანცლერის რანგში ეს მისი მეორე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. თუმცა გერმანულ პრესას თუ დავუჯერებთ, მერკელი თბილისში უკვე მესამედ ჩამოდის. „1980-ანების შუა წლებში, 30 წლის მერკელი კარვითა და ცოტაოდენი ფულით კავკასიაში მოგზაურობდა, მათ შორის საქართველოშიც. თბილისში ის ღამეს ათევდა სადგურის უსახლკაროთა თავშესაფარში. საბჭოთა კავშირის სამხრეთით მან დაინახა, თუ რამდენად ჩამორჩებოდა აქაურობას სოციალიზმის პრუსიული ვარიანტი“, - წერდა Frankfurter Allgemeine Zeitung-ი 2008 წელს.
მერკელი კანცლერის რანგში საქართველოში პირველად ომის დამთავრებისთანავე 2008 წლის 17 აგვისტოს ჩამოვიდა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე გერმანული პრესა ხშირად წერდა. „სააკაშვილის შეტევა სამხრეთ ოსეთზე ფედერალური კანცლერის უწყებაში ხარაკირის ტოლფას ქმედებად აღიქვეს - სააკაშვილი პირდაპირ რუსების დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდა“, - წერდა FAZ-ი. მაგრამ გამოცემა აღნიშნავდა, რომ მერკელს სააკაშვილი ომამდეც არ მოსწონდა და მათი პირველი შეხვედრის დეტალებს აღწერს:
„ანგელა მერკელი შოკირებული იყო. 2006 წლის თებერვალში ის პირველად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის დასრულების შემდეგ, სააკაშვილი მას სიტყვიერად თავს დაესხა და საქართველო ლამის სამოთხედ წარმოადგინა - განვითარებული ეკონომიკით და უნაკლო სამართლებრივი სისტემით. როდესაც კანცლერი გერმანიაში განსწავლული ქართველი მოსამართლეების ბედით დაინტერესდა, რომლებიც სააკაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მის ქვეყანაში მხოლოდ საუკეთესო იურისტები მუშაობენ. სააკაშვილი ბერლინში ოფიციალური ვიზიტით ამ საუბრიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაპატიჟეს, ისიც ამერიკელების ხათრით“.
თბილისში ხშირად აწუხებთ კითხვა, თუ რატომ აღმოჩნდა დასავლეთის რეაქცია უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტსა და ყირიმის ანექსიაზე იმაზე ბევრად მტკიცე, მწვავე და თანმიმდევრული, ვიდრე 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის პასუხი ასეთია:
„საქართველო-რუსეთის ომის მიზეზებთან დაკავშირებით ამერიკის მთავრობაში კონსენსუსი არ არსებობდა. როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ეჭვები იმის თაობაზე, თუ ვინ იყო დამნაშავე და რამდენად სერიოზული იყო საერთაშორისო დანაშაული, არ არსებობდა და სანქციების და იზოლაციის საკითხების გადაწყვეტაც უფრო იოლი იყო. მაგრამ 2009 წელს, ბევრი ჩემი კოლეგა აშშ-ის მთავრობაში, მათ შორის ისინიც, ვინც მანამდე ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობდა, მიიჩნევდა, რომ ამ ომში თავისი წვლილი სააკაშვილის უგუნურებამაც შეიტანა“.
საქართველოს ოკუპაცია და ქვეყნის ევროინტეგრაცია ის თემებია, რომლის განხილვასაც ქართველი პოლიტიკოსები გერმანიის კანცლერის დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში აპირებენ. ამ საკითხებში საქართველოს დასავლეთის ქვეყნებიდან გერმანიის მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება.


