საერთაშორისო სანქციები სახელმწიფოების დასჯის ეფექტიანი მეთოდია? გარჩევა

მოსკოვი, რუსეთი
ფოტო: shutterstock.com
2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციას არაერთი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქცია დაუწესეს. რუსეთის გარდა, დღეს სანქციები მოქმედებს სამხრეთ აფრიკის, ლიბიის, ზიმბაბვეს, კუბის, ერაყის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის წინააღმდეგ.
სანქციები ვინ მოიგონა?
სპეციალისტების თქმით, სანქციები ანტიკური პერიოდიდან არსებობს, მაგრამ მათი მნიშვნელობა გაიზარდა და გასულ საუკუნეში გაჩნდა იმედი, რომ დასჯის ამ მეთოდით კაცობრიობა ომების წარმოქმნას ხელს შეუშლიდა ან სულაც, მათგან გათავისუფლდებოდა.
სანქციების პოლიტიკის გატარება მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთა ლიგამ (გაეროს წინაპარი ორგანიზაცია) დაიწყო. მაშინ ორგანიზაციამ სხვადასხვა მიმართულების სანქციები დაამკვიდრა. არსებობდა იმედი, რომ ამ გზით სახელმწიფოებს საომარ ინსტრუმენტებზე უარს ათქმევინებდნენ და სუფთა ეკონომიკური საშუალებებით ქცევას შეაცვლევინებდნენ.
მოგვიანებით სანქციების პოლიტიკა განაგრძო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო), მათი შემოღება უშიშროების საბჭოს საქმეა. საკუთარი წესები შეიმუშავა ევროკავშირმაც და სანქციები თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცია.
გაიზარდა ზეწოლის ინსტრუმენტებიც. დიპლომატიურ დონეზე ეს შეიძლება იყოს სავიზო და საკონსულო შეზღუდვები, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვა; სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შეწყვეტა. სანქციების ამოქმედებით წყდება სავაჭრო ურთიერთობები, ფინანსური მხარდაჭერა, იყინება აქტივები. ეკონომიკურ დონეზე საქმე ეხება საქონელსა და მომსახურებას, კომუნიკაციურ ნაკადებს, მთელ ფინანსურ სფეროს, ანუ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობას.
ეს პუნქტი განსაკუთრებით ქმედითია, რადგან ეკონომიკური კავშირები მძლავრადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული. მაგრამ როდესაც სავაჭრო ნაკადები წყდება, ეს სავაჭრო ჯაჭვის ორივე ბოლოზე აისახება, სწორედ ამიტომ არის ასეთი მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება და კენჭისყრა სანქციების ამოქმედებაზე.
არსებობს ზემოქმედების თეორია, რომლის თანახმად, ეკონომიკური ზიანი შეიძლება პოლიტიკურ დათმობად გარდაქმნა. ამიტომ, ეკონომიკურ ბმებს განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობენ ისეთი ადგილების მოსაძებნად, რომ ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის შემდეგ „დამსჯელი“ ქვეყანა „დასასჯელზე“ ნაკლებად დაზიანდეს.
სანქციები ყოველთვის ეფექტიანი არ არის?
ყოველთვის არა. ყოველ შემთხვევაში, მეცნიერები დიდი ხანია ამ დასკვნამდე მივიდნენ. 1985 წელს ამერიკელმა მკვლევრებმა სანქციების გამოყენების ასზე მეტი შემთხვევა გააანალიზეს და დაადგინეს, რომ დასახულ მიზანს გატარებული სანქციების მესამედზე ნაკლებმა მიაღწია. ხელახალ კვლევაში, რომელიც 2007 წელს ჩატარდა, უკვე 200-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს, მაგრამ შედეგი ფაქტობრივად იგივე იყო. 1997 წელს ამერიკელმა პოლიტოლოგმა რობერტ პეიპმა დაწერა სტატია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში სანქციები ეფექტიანი იყო მისი წინამორბედების მიერ განხილული შემთხვევების მხოლოდ 5%-ში.
მაინც როდის არის სანქციები ეფექტიანი?
ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ სანქციები უკეთ მუშაობს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც დემოკრატიის ხარისხი უფრო მაღალია. სწორედ ამიტომ გაუძლეს სანქციებს ათწლეულების განმავლობაში ისეთმა დიქტატურებმა, როგორებიცაა კუბა და ჩრდილოეთ კორეა, ხოლო სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა მხოლოდ პირდაპირი ინტერვენციის გზით გახდა შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ 1990 წელს ჰუსეინის ჯარების ქუვეითში შეჭრის შემდეგ ერაყის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები ამოქმედდა (2003 წელს სადამ ჰუსეინი ამერიკულმა არმიამ დაამხო, რის შემდეგაც ის სიკვდილით დასაჯეს). სამაგიეროდ ირანი, სადაც შედარებით თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები ტარდება, 2015 წელს იძულებული გახდა სანქციების შერბილების სანაცვლოდ ბირთვულ პროგრამაზე უარი ეთქვა.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი (ეს ის კნაისლია, ვის ქორწილშიც პუტინმა იცეკვა) ამბობდა, რომ სინამდვილეში სანქციები ეფექტიანი ისტორიაში მხოლოდ ერთხელ იყო, როდესაც 1980-იანი წლების ბოლოს 25-მა დასავლურმა ქვეყანამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას აპარტეიდის გაუქმება (1994 წელს) აიძულა. რასობრივი პოლიტიკის მიუხედავად, იქ დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარებული იყო.
სანქციების წარმატების ცხადი წინაპირობაა მათი ერთდროულად ამოქმედება მაქსიმალურად ბევრი სახელმწიფოს მხრიდან, ისე რომ დასასჯელ ქვეყანას ეკონომიკური მანევრის საშუალება არ დარჩეს. მაგრამ პრაქტიკაში ეს თითქმის არასდროს ხდება. კუბა, რომლის წინააღმდეგაც აშშ-მა სანქციები ჯერ კიდევ 1960 წელს აამოქმედა, სსრკ-ს მიეკედლა, ჩრდილოეთ კორეა - საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს. ირანსაც ჩინეთი დაეხმარა. რუსეთთან თანამშრომლობაზეც მის ეკონომიკურ პარტნიორებს სრულად უარი არ უთქვამთ, მათ შორის ევროკავშირის ყველაზე დიდ ქვეყნებს.
თუ სანქციები არაეფექტიანია, რატომ იყენებენ მათ სისტემატურად?
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი გაეროში ჯერემი გრინსტოკი განმარტავდა, რომ სანქციები ეს არის „ოქროს შუალედი ფუჭ დეკლარაციებსა და ომის გამოცხადებას შორის“. მათი გამოყენებით სახელმწიფოები აჩვენებენ იმას, რომ საფრთხე აშფოთებთ, არ აპირებენ მასთან შეგუებას, თუმცა უფრო რადიკალური ნაბიჯებისათვის მზად არ არიან.
ამასთან, ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ სანქციების ეფექტიანობა არ უნდა შეფასდეს ფორმალურ-სტატისტიკური პრინციპით, არამედ „არშემდგარი მოვლენებით“. მაგალითად, ანტირუსული სანქციების მთავარ წარმატებად ხშირად მიიჩნევა ის, რომ მოსკოვმა 2014 წელს დაწყებული ექსპანსიის გაგრძელება ვერ გარისკა. ამასთანავე, ტექნოლოგიური შეზღუდვების გამო რუსეთის სამხედრო სფეროს განვითარება შეიძლება მნიშვნელოვნად შეფერხდეს, რაც მისგან მომავალ გრძელვადიან საფრთხეს შეამცირებს.
სანქციები მუშაობს ასევე, როგორც გაფრთხილება სხვა ქვეყნებისთვის. ამერიკელი პოლიტოლოგის, დენიელ დრეზნერის აზრით, სანქციების გამოყენების საფრთხე სახელმწიფოებზე იმაზე მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე მათი რეალური გამოყენება. კერძოდ, მუქარა მუშაობს შემთხვევათა 56%-ში, ხოლო სანქციები - 33%-ში.
კონტრსანქციები ეფექტიანია?
მოპასუხე სახელმწიფოს და მის ეკონომიკურ რესურსს გააჩნია. მაგალითად, რუსეთის კონტრსანქციებმა რუსების ცხოვრება და ამ ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა უფრო გაართულა. სასურსათო ემბარგოს ამოქმედებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში რუსეთში პროდუქტებზე ფასების ზრდამ 30%-ს გადააჭარბა. კონტრსანქციებმა გარკვეული ზიანი ევროპულ ეკონომიკასაც მიაყენა, თუმცა ევროპული კომპანიები რუსეთთან ვაჭრობაზე თავიანთი ქვეყნების მიერ ამოქმედებული შეზღუდვების გამო უფრო დაზიანდნენ, ვიდრე საპასუხო სანქციებით.
რუსეთის ეკონომიკის მოცულობა ათჯერ ჩამოუვარდება ევროპულს და თითქმის ამდენჯერვე - ამერიკულს, შესაბამისად ასიმეტრიული ეკონომიკური ზომების ამოქმედების ნებისმიერი მცდელობა სიტუაციას რუსეთისთვის უფრო ართულებს. დასავლურ ქვეყნებს იოლად შეუძლიათ იმ შეფერხებების კომპენსაცია, რომელიც სანქციების ამოქმედების შედეგად წარმოიქმნება.