26 ოქტომბერი 2018 - 23:00

პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები, რომლებმაც ამომრჩევლების განწყობა ბოლო წუთს შეცვალა. ისტორია

საპრეზიდენტო დებატები

დებატები საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 2018

ფოტო: მირიან მელაძე, 1tv.ge

სატელევიზიო დებატების ტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს სათავეს. თუმცა, ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმაციით, რომელიც The Wall Street Journal-თან ერთად რეგულარულად იკვლევს ამერიკელი ამომრჩევლების განწყობებს, 1992 წლის შემდეგ დებატებმა არსებითად იმოქმედა მხოლოდ ერთი, 2000 წლის საპრეზიდენტო კამპანიის შედეგებზე აშშ-ში; საფრანგეთში ქვეყნის საპრეზიდენტო კანდიდატების ტელედებატები 1974 წლიდან რეგულარულად იმართება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა 2007 წლის არჩევნების მეორე ტურის წინ გამართული დებატები. ბოლო წლებში საპრეზიდენტო დებატები სულ უფრო მეტ ქვეყანაში იმართება, მათ შორის მექსიკაში, ბრაზილიასა და ავღანეთში. ამასთან, ყველგან, როგორც წესი, მოქმედი ლიდერები მონაწილეობენ. 2009 წელს პირველად ისტორიაში საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები გაიმართა ირანში. 25 ოქტომბერს სამ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის დებატები გაიმართა საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერშიც. ეს იყო მეორე საპრეზიდენტო დებატები, რომელშიც ამ პოლიტიკური რბოლის რეალური ფავორიტები მონაწილეობდნენ.

რიჩარდ ნიქსონი ჯონ კენედისთან დამარცხდა. 1960


მიჩნეულია, რომ აშშ-ში 1960 წელს გამართული პირველი ტელედებატები დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჯონ კენედის და რესპუბლიკელ რიჩარდ ნიქსონს შორის, ყველაზე ნიშნეულად იქცა ისტორიაში, რადგან მან შეცვალა თამაშის წესები: გამარჯვებისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არა ის, თუ რას ამბობდა კანდიდატი, არამედ ის, თუ როგორ გამოიყურებოდა ის.

ნიქსონი ტელედებატებში დაბნეული იყო, შესამჩნევად ნერვიულობდა და ოფლიანობდა. მის ფონზე კენედი ბევრად კარგად გამოიყურებოდა. გარდა ამისა, დემოკრატი კანდიდატის შტაბში მუშაობდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც არა მხოლოდ ესმოდათ აუდიტორიაზე ტელევიზიის გავლენა, არამედ იცოდნენ, თუ როგორ ემოქმედათ ისე, რომ ადამიანი ეკრანზე უკეთ გამოჩენილიყო.

გავრცელებული ისტორიული მითის თანახმად, მათ, ვინც დებატებს რადიოთი უსმენდა, ნიქსონს გაამარჯვებინეს, მაგრამ სატელევიზიო აუდიტორიამ კენედის მიანიჭა უპირატესობა. მიჩნეულია, რომ ეს დებატები უშალოდ აისახა 1960 წლის არჩევნების შედეგზე, რომელშიც დემოკრატმა კენედიმ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა.

ხნიერმა რონალდ რეიგანმა ახალგაზრდა მონდეილს მოუგო. 1984


რესპუბლიკელი რონალდ რეიგანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად 1980 წელს აირჩიეს. მაშინ, მან დებატებში ჯიმი კარტერი უპრობლემოდ დაამარცხა. თუმცა 1984 წელს, როდესაც რეიგანი მეორე ვადით იყრიდა კენჭს, 73 წლის პოლიტიკოსს (ყველაზე ხნიერი ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტად უყრია კენჭი) ძველი დამაჯერებლობა აკლდა. დებატების პირველი რაუნდის შემდეგ დემოკრატების კანდიდატის და აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის უოლტერ მონდეილის წინააღმდეგ, რეიგანს რბოლის ფავორიტად არავინ აღარ მიიჩნევდა.

როდესაც ეთერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტს ჰკითხეს, მისცემს თუ არა მას ჯანმრთელობის მდგომარეობა თეთრ სახლში მუშაობის გაგრძელების საშუალებას, რეიგანმა განაცხადა: „მე არ ვაღიარებ ასაკს ამ კამპანიის ცენტრალურ თემად. ამიტომ პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის არასდროს გავაკეთებ აქცენტს ჩემი მოწინააღმდეგის ახალგაზრდობასა და გამოუცდელობაზე“. ამ რეპლიკაზე მონდეილმაც კი ბევრი იცინა.

ხუმრობის წყალობით რეიგანის დაბნეულობა მის რეიტინგზე აღარ ასახულა და 1984 წლის არჩევნებში მან ისევ გაიმარჯვა, გახდა რა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხნიერი პრეზიდენტი.

ბილ კლინტონმა უფროსი ჯორჯ ბუში დაამარცხა


1992 წლის საპრეზიდენტო დებატები აშშ-სთვის უჩვეულო ფორმატში წარიმართა: მასში სამი კანდიდატი მონაწილეობდა. ორ ძირითად მოწინააღმდეგეს, მოქმედ პრეზიდენტ უფროს ჯორჯ ბუშს და არკანზასის შტატის გუბერნატორ ბილ კლინტონს, მესამე, ექსცენტრული ბიზნესმენი როს პერო დაემატა. გარდა ამისა, ამ დებატებზე კანდიდატები პირველად ისხდნენ სავარძლებში და პოდიუმზე გადაადგილების საშუალება ჰქონდათ.

ბილ კლინტონმა ახალი ფორმატი წარმატებით გამოიყენა. ჯერ კიდევ ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ადამიანად, რომელსაც ხალხთან კონტაქტის დამყარების არ ეშინოდა და თანამოსაუბრეს ყოველთვის თვალებში უყურებდა. ამ დროს უფროსი ჯორჯ ბუში თავს კომფორტულად აშკარად არ გრძნობდა: ის მუდმივად ისწორებდა კოსტიუმს და სულ საათს დაჰყურებდა. მორიგ ჯერზე პრეზიდენტი საათით მაშინ დაინტერესდა, როდესაც დარბაზიდან ქალმა განსაკუთრებით უხერხული შეკითხვა დაუსვა: „როგორ აისახა აშშ-ის ეკონომიკური პრობლემები პირადად თქვენზე?“

საბოლოო ჯამში, მოქმედი პრეზიდენტი დებატებში დამარცხდა და ის მეორე ვადით აღარ აირჩიეს. ბოლო 35 წლის განმავლობაში ეს ერთადერთი მსგავსი შემთხვევა გახლდათ.

უმცროსმა ჯორჯ ბუშმა ელ გორს მოუგო. 2000


ტელეკომპანია NBC News-ის მონაცემებით, 1992 წლის შემდეგ დებატებმა არსებითად იმოქმედა მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო კამპანიის შედეგებზე აშშ-ში. თუ დებატების დაწყებამდე 2000 წლის არჩევნებამდე ფავორიტად ელ გორი მიიჩნეოდა (მისი რეიტინგი იყო 45%, ხოლო უმცროსი ჯორჯ ბუშის - 42%), არჩევნებისთვის კანდიდატების რეიტინგი ფაქტობრივად გათანაბრდა (2000 წლის არჩევნებში ხმების უმრავლესობა გორმა მიიღო, მაგრამ ბუშმა საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმების რაოდენობით გაიმარჯვა).

ამერიკულმა აუდიტორიამ ელ გორის ქცევა დებატების დროს შეაფასა როგორც ქედმაღლური და უპატივცემულო: ის ოპონენტის რეპლიკებზე დემონსტრაციულად რეაგირებდა ღრმა ამოსუთქვებით. რაღაც მომენტში გორი ადგა და ბუშს მიუახლოვდა, თითქოს მისთვის ხელის კვრას ან დარტყმას აპირებდა. რესპუბლიკელმა მას უბრალოდ თავი დაუქნია და ლაპარაკი განაგრძო. შედეგად, ბუშმა, რომელსაც ყველა სუსტ ორატორად მიიჩნევდა, გორის აგრესიული ქცევა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და დებატებში გაიმარჯვა.

სეგოლენ რუაიალი ნიკოლა სარკოზისთან დამარცხდა


საფრანგეთში ქვეყნის საპრეზიდენტო კანდიდატების ტელედებატები 1974 წლიდან რეგულარულად იმართება. ამასთან, ბოლო არჩევნების ჩათვლით, რომელიც 2017 წელს ჩატარდა, დებატებს მეორე ტურის წინ აწყობდნენ ხოლმე, ანუ მასში მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე საკმარისი რაოდენობის ამომრჩეველთა ხმები ჰქონდათ მოპოვებული.

ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა 2007 წლის არჩევნების მეორე ტურის წინ გამართული საპრეზიდენტო დებატები. 1958 წელს მეხუთე რესპუბლიკის ჩამოყალიბების მომენტიდან დებატები მხოლოდ მეხუთედ იმართებოდა. მასში ცენტრისტი ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი სეგოლენ რუაიალი მონაწილეობდნენ. დებატების მთავარ თემად სამუშაო კვირის შემცირება იქცა: სარკოზი ამტკიცებდა, რომ 35-საათიანი სამუშაო კვირა შესაცვლელი იყო. დებატები 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მისი აუდიტორიის რაოდენობამ კი 20 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. დებატებიც და არჩევნებიც სარკოზიმ მოიგო.

მაჰმუდ აჰმადინეჯადმა მირ-ჰოსეინ მუსავის მოუგო

2009 წელს, პირველად ისტორიაში საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები გაიმართა ირანში. წინასაარჩევნო კამპანიის ოთხი მონაწილე ტელეეთერში წყვილებად მონაწილეობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა მაჰმუდ აჰმადინეჯადის და მისი მთავარი მოწინააღმდეგის, ირანის ყოფილი პრემიერმინისტრის და ირანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, მირ-ჰოსეინ მუსავის დებატები.

დებატების დროს მუსავიმ აჰმადინეჯადს დიქტატორი უწოდა, ჰოლოკოსტის უარყოფის გამო გააკრიტიკა და ირანისთვის მავნე საგარეო პოლიტიკის წარმართვაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა თავისი ოპონენტის მეუღლეს ბრალი დასდო იმაში, რომ მან სამეცნიერო ხარისხი ასპირანტურაში გამოცდების ჩაბარების გარეშე მიიღო. ამის შემდეგ ირანში მუსავის მომხრეების დემონსტრაციები დაიწყო, რომლებიც არჩევნების დღემდე გაგრძელდა. მასში აჰმადინეჯადმა გაიმარჯვა.

სხვა თემები