29 ოქტომბერი 2018 - 18:39

ინდონეზიაში განადგურდა ბოინგი, რომლის ბორტზეც 189 ადამიანი იყო. მთავარი

ავიაკატასტროფა ინდონეზიაში

კატასტროფის ადგილი

ფოტო: Twitter

ინდონეზიაში კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა Boeing 737 MAX 8, რომლის ბორტზეც 189 ადამიანი იყო. ყველა დაიღუპა. ლაინერით მიფრინავდა 181 მგზავრი, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი ჩვილი, ასევე ორი პილოტი და ეკიპაჟის ექვსი წევრი. ავიაკომპანია Lion Air-ის თვითმფრინავი იავანის ზღვაში, კუნძულ იავას დასავლეთ სანაპიროდან 15 კილომეტრში, 30-35 მეტრამდე სიღრმეში ჩავარდა. JT-610 რეისთან კავშირი მალევე გაწყდა მას შემდეგ რაც თვითმფრინავი ჯაკარტის აეროპორტიდან აფრინდა (ის ინდონეზიური პროვინციის ბანკა-ბელიტუნგის ქალაქ პალკანპინანგისკენ მიფრინავდა). კატასტროფის წინ პილოტებმა დისპეჩერებს შეატყობინეს, რომ ჯაკარტის აეროპორტში ბრუნდებოდნენ. არიან თვითმხილველები, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ ჩავარდა თვითმფრინავი ზღვაში.

თვითმფრინავი ზღვაში აფრენიდან 13 წუთში ჩავარდა

Boeing 737 MAX 8 აეროპორტიდან 29 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 6:20 საათზე აფრინდა და 6:33 საათზე კატასტროფა განიცადა. ვებგვერდ Flightradar24-ის დაუდასტურებელი მონაცემებით, თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან 6:21 საათზე აფრინდა, მიაღწია1524 მეტრის სიმაღლეს და ბოლო სიგნალი გამოსცა 6:32 საათზე. ამ მომენტში ლაინერი 1131 მეტრის სიმაღლეზე იყო, მისი სიჩქარე კი საათში 635 კილომეტრს აჭარბებდა. თვითმხილველებმა დაადასტურეს, რომ თვითმფრინავი წყალში 6:33 საათზე ჩავარდა.

კატასტროფის ადგილას მგზავრების ნივთები იპოვეს

კატასტროფის ადგილას თვითმფრინავის ფრაგმენტები და მგზავრების პირადი ნივთები იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს მაშველი ჟილეტები, თვითმფრინავის სავარძლები, ყურსასმენები და მობილური ტელეფონები ლაინერის სავარაუდო კატასტროფის ადგილიდან ორი მილის დაშორებით. ინდონეზიაში სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის საბჭოს წარმომადგენელმა პურვო ნუგრუჰომ Twitter-ზე გამოაქვეყნა ორი ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს თუ როგორ ტივტივებს წყალში თვითმფრინავის ფრაგმენტები და ჩანს ასევე საწვავის ლაქა.

ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა. ცნობილია, რომ ბორტზე სულ ცოტა 23 სამთავრობო ჩინოსანი იყო. უცხოელების დაღუპვის შესახებ ჯერჯერობით არაფერი თქმულა. მგზავრთა არაოფიციალურ სიებში მხოლოდ ინდონეზიური გვარებია.

ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია

თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, ახალი იყო, მაგრამ კომპანიამ ის ექსპლუატაციაში აგვისტოში მიიღო და ორი თვის განმავლობაში მხოლოდ 800 საათს იფრინა. Lion Air-ში აღნიშნავენ, რომ თვითმფრინავი ფრენისთვის ვარგისი იყო. ცნობილია, რომ წინა რეისის (ბალი-ჯაკარტა) დროს ლაინერს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რომელიც აღმოფხვრეს. ეკიპაჟის ხელმძღვანელს 6 ათასი საათის ფრენის გამოცდილება გააჩნდა, მეორე პილოტს კი - 5 ათას საათიანი ფრენის. რაიონში, სადაც ლაინერი რადარების ეკრანებიდან გაქრა, კარგი ამინდი იყო, - წერს CNN-ი. ინდონეზიის ტრანსპორტის უსაფრთხოების კომიტეტში განაცხადეს, რომ კატასტროფის მიზეზს ინფორმაციის, მათ შორის შავი ყუთების მონაცემების სრულად შესწავლის შემდეგ დაასახელებენ. ეს Boeing 737 MAX 8-ის მოდელის პირველი ავიაკატასტროფაა - მისი გამოყენება კომერციული რეისებისთვის 2017 წელს დაიწყეს.

სხვა თემები