03 დეკემბერი 2018 - 23:00

ვინ არიან „ყვითელი ჟილეტები“, რომლებიც საფრანგეთში მასობრივ არეულობებს აწყობენ

ყვითელი ჟილეტები

პარიზი, 1 დეკემბერი

ფოტო: shutterstock.com

ბოლო ორი კვირაა, საფრანგეთში საწვავზე ფასის ზრდას მიტინგებით აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები წვავენ მანქანებს, არბევენ მაღაზიებს და ბლოკავენ ბენზინგასამართ სადგურებს. 3 დეკემბერს მარსელში გარდაიცვალა ქალი, რომელიც დემონსტრანტებს და პოლიციას შორის შეტაკებისას ცრემლმდენი გაზის ყუმბარით დაიჭრა. ამ მოვლენების ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სერბეთი დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

დემონსტრაციები როდის დაიწყო?

დემონსტრანტები აწყობენ მიტინგებს და მსვლელობებს, კეტავენ ქუჩებს, ბლოკავებ ბენზინგასამართ სადგურებს, საწვავის საწყობებს და სავაჭრო ცენტრებს. პირველი მანიფესტაციები 17 ნოემბერს დაიწყო. მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 280 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მას შემდეგ აქციები არცერთ დღეს არ შეწყვეტილა, თუმცა პიკს შაბათობით აღწევდა. 24 ნოემბერს გამოსვლებში დაახლოებით 106 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, 1 დეკემბერს - 136 ათასი. ორკვირიანი საპორტესტო აქციების გამავლობაში, სულ ცოტა, 800 დემონსტრანტი დააკავეს; სამი ადამიანი დაიღუპა, ასობით - დაშავდა.

რამ გამოიწვია პროტესტი?

ბოლო წლის განმავლობაში საფრანგეთში დიზელის საწვავი 23%-ით, ხოლო ბენზინი - 15%-ით გაძვირდა. 2018 წლის დასაწყისში საფრანგეთის ხელისუფლებამ საწვავზე გადასახადი გაზარდა - ერთ ლიტრ დიზელის საწვავზე 7,6 ევროცენტით და ერთ ლიტრ ბენზინზე - 3,9 ევროცენტით. 2019 წლის იანვარში გადასახადი კიდევ ერთხელ გაიზრდება - 6,5 და 2,9 ევროცენტრით შესაბამისად. ჩინოსნების ჩანაფიქრით, ეს ფრანგებს საკუთარი ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომას ან ელექტროძრავიანი ავტომობილების ყიდვას აიძულებს, რაც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ვინ არიან „ყვითელი ჟილეტები“?

დემონსტრაციების ორგანიზატორები მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წევრები არიან. ეს სახელწოდება მათ მიიღეს იმის გამო, რომ დემონსტრანტებს აცვიათ ყვითელი ჟილეტები, რომლებიც სინათლეს ირეკლავს. 2008 წლიდან ასეთი ჟილეტის მაქანით ტარების ვალდებულება ყველა ფრანგ მძღოლს აქვს. მოძრაობა სოცქსელების საშუალებით ჩამოყალიბდა, არ ჰყავს მკაფიოდ გამოხატული ლიდერი, სამაგიეროდ, მას სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა აქვს. „ყვითელი ჟილეტები“ ითხოვენ საწვავზე ფასების გაყინვას, ასევე საფრანგეთის მთავრობის და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას.

რა დააზიანეს დემონსტრანტებმა?

პარიზში დემონსტრანტები ბარიკადებს აწყობდნენ ელისეს მინდვრებზე, არბევდნენ მაღაზიებს, წვავდნენ საბურავებს და ავტომობილებს, ამტვრევდნენ საგზაო ნიშნებს და პოლიციელებს ქვებს უშენდნენ. საპასუხოდ პოლიცია იყენებდა ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს. 1 დეკემბრის აქციის დროს დაზიანდა ტრიუმფალური თაღი, რომლის შიგნითაც დაარბიეს მუზუმი, დალეწეს და საღებავი შეასხეს რამდენიმე ქანდაკებას. გარდა ამისა, მონუმენტზე გაჩნდა წარწერები „მაკრონი უნდა წავიდეს“ და „ყვითელი ჟილეტები გამარჯვებენ“. მეორე დღეს მონუმენტი საფრანგეთის პრეზიდენტმა მოინახულა.

საფრანგეთის მთავრობა რას აკეთებს?

საფრანგეთის პრეზიდენტი საწვავზე გადასახადის გაზრდის იდეას იცავს და სანაცვლოდ პირობას დებს, რომ ეკოლოგიურად უფრო სუფთა ავტომობილების ყიდვაზე სუბსიდიებს და სხვა შეღავათებს გასცემს. მან დაგმო აქციების დროს დარბევები და არეულობა, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ „ყვითელ ჟილეტებთან“ დიალოგს შეძლებს. 2 დეკემბერს მაკრონმა კრიზისის დაძლევის მიზნით პრემიერმინისტრ ედუარდ ფილიპს დემონსტრანტების ლიდერებთან და მათი მხარდამჭერი საპარლამენტო პარტიების წევრებთან შეხვედრა სთხოვა.

კიდევ ვინ დაზარალდა აქციების გამო?

„ყვითელი ჟილეტების“ აქციებმა ბიზნესს ზიანი მიაყენა. იმ მაღაზიების და რესტორნების მფლობელებმა, რომლებიც აქციის მონაწილეებმა ბლოკადაში მოაქციეს ან არეულობის ზონაში მოექცნენ, განაცხადეს, რომ გაყიდვები 20-70%-ით შეუმცირდათ. განსაკუთრებით დაზარალდნენ ელისეს მინდვრებზე მდებარე მაღაზიები, რომელთა ნაწილი დაარბიეს და გაძარცვეს. კომპანია Total-მა განაცხადა, რომ „ყვითელი ჟილეტების“ მიერ დაბლოკილი ბენზინგასამართი სადგურების ნაწილი საწვავის გარეშე დარჩა. სასტუმროებმა ვიზიტორების რაოდენობის შემცირების შესახებ განაცხადეს.

სხვა თემები