01 იანვარი 2019 - 17:30

როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს. რჩევა

ნაბახუსევი

ფოტო: shutterstock.com

ნაბახუსევის ანუ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შეგრძნებებია: თავის ტკივილი, პირღებინება, პირის სიმშრალე და უსიამოვნო გემო, წყურვილი, უღონობა, ხშირად გულის გამალებული მუშაობა, რითმის დარღვევა, ვეგეტატიური აშლილობა, შემცივნება და სხვა. როდესაც ადამიანი ალკოჰოლს სვამს, ამ დროს ოთხჯერ მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს, რაც გაუწყლოვნებას იწვევს. ნაბახუსევი - ორგანიზმის თავისებური თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც ტკივილის სიმპტომებით მოწამვლის შესახებ სიგნალებს აგზავნის. ამ დროს ადამიანის ორგანიზმს, პირველ რიგში, სითხე არ ჰყოფნის. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მიზეზია ის, რომ ღვიძლი დიდი რაოდენობით მიღებული ეთილის სპირტის ორგანიზმისთვის უსაფრთხო ნახშირმჟავის აირად გადამუშავებას ვერ ასწრებს, ამიტომ სისხლში რჩება ამ რეაქციის შუალედური ნივთიერება, აცეტალდეჰიდი, რომელიც უფრო ტოქსიკური ნივთიერებაა, ვიდრე სპირტი და ადამიანს შეუძლოდ ხდის.

როგორ ავარიდო თავი ნაბახუსევს?

სწორი, მაგრამ ფუჭი რჩევა ასეთია: არ დალიოთ. მაგრამ თუ სვამთ, მაშინ

- ყურადღება მიაქციეთ სასმელის რაოდენობას. ეს შეიძლება რთული იყოს, თუ თქვენ სხვადასხვა სასმელს ან კოქტეილს სვამთ. ზოგიერთ ადამიანს სპეციალური მობილური აპლიკაციები ეხმარება - ისინი ითვალისწინებენ დალეული სასმელის რაოდენობას სპირტის ეკვივალენტში.

- შეეცადეთ ნორმას არ გადააჭარბოთ;

- გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ნელა დათვრეთ; მაგალითად, სასმელთან ერთად რამე ჭამეთ;

- დალიეთ მეტი უალკოჰოლო სასმელი, მათ შორის იმისთვისაც, რომ გაუწყლოვანებას თავი აარიდოთ.

არსებობს მოსაზრება, რომ მუქი ფერის სასმელმა, რომელიც მინარევებს მოიცავს, რაც მას სპეციფიკურ ფერს და გემოს აძლევს, შეიძლება ნაბახუსევი დაამძიმოს. ზოგიერთი პატარა კვლევა ამ ჰიპოთეზას ადასტურებს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ეთილის სპირტის მიღების მოცულობაზეა დამოკიდებული.

გრადუსი უნდა გავზარდო თუ შევამცირო?

სავარაუდოდ, გაზრდა უკეთესია. მაგრამ აქაც ყველაფერი ისევეა, როგორც მუქი ფერის სასმელების შემთხვევაში - ნაბახუსევის სიმძიმე დამოკიდებულია სპირტის რაოდენობაზე და არა იმაზე, თუ რა თანმიმდევრობით სვამდით სხვადასხვა სასმელს. არსებობს ვერსია, რომ „გრადუსის შემცირება არ შეიძლება“, მაგრამ ინგლისურ ენაში საპირისპირო წესია (Beer before liquor, never been sicker; liquor before beer, youʼre in the clear): იქ მიაჩნიათ, რომ არყის დალევა ლუდის დალევამდე სჯობს. კვლევები ცხადად არ ამბობს, თუ რომელი წესია მართალი. მაგრამ ზოგიერთი ექიმის აზრით, თუ სმას უფრო სუსტი ალკოჰოლური სასმელით ან სულაც უალკოჰოლო სასმელით დაიწყებთ (ან ალკოჰოლურ და უალკოჰოლოს ერთმანეთის მონაცვლეობით მიიღებთ), შედეგად ნაკლებს დალევთ და შესაბამისად ნაბახუსევი ისეთი მძიმე აღარ აღმოჩნდება.

როგორ დავეხმარო თავს ნაბახუსევს?

სამწუხაროდ, ჯადოსნური რეცეპტი არ არსებობს: მეცნიერები ამ საკითხს დიდად არც სწავლობენ. ექიმების რჩევაა წვენების, სპორტული სასამელების, ბოსტნეულის სუპების მიღება, დასვენება და უბრალოდ მოცდა, ვიდრე ნაბახუსევი გაივლის.

წამლებიდან შეიძლება ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლების მიღება თუ უკუჩვენება არ არის. მაგრამ პარაცეტამოლის მიღება არ ღირს. ექიმების თქმით, ალკოჰოლთან კომბინაციაში (ან ზედოზირებისას) მას იოლად შეუძლია ფულმინანტური ჰეპატიტის გამოწვევა, რომლის დროსაც მთავარი მკურნალობა - ღვიძლის გადანერგვაა. იმის გათვალისწინებით, რომ ნაბახუსევს თან ახლავს სისტემური ანთებითი რეაქცია, გამართლებულია იბუპროფენის მიღება - მისი ეფექტიანობა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის წინააღმდეგ შესწავლილი არ არის, მაგრამ ეს პრეპარატი თავის ტკივილს ხსნის და არ არის ისეთი სახიფათო, როგორც პარაცეტამოლი.

ცოტა ალკოჰოლის მიღება დამეხმარება?

გასტროენტეროლოგების თქმით, ჩვეულებრივ ადამიანს ეს ნაბახუსევს არ უშველის, უფრო პირიქით. მაგრამ ადამიანებისთვის, რომლებიც რეგულარულად ალკოჰოლის დიდ დოზას მოიხმარენ, მართლაც გრძნობენ შვებას ნაბახუსევს ერთი ჭიქა სპირტიანი სასმლის მიღებით. ალკოჰოლური ინტოკსიკაციისას ამგვარი მოთხოვნილება „მოახლოებული ალკოჰოლიზმის“ ნიშანია.

სხვა თემები