11 თებერვალი 2019 - 23:05

ამბობენ, რომ B ჰეპატიტი სიმპტომების გარეშე ვითარდება. როგორ დავიცვა მისგან თავი?

ფოტო: shutterstock.com

2019 წელს 50 წელი ხდება მას შემდეგ, რაც ვურუსული В ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. იდეის ავტორები არიან ბარუხ ბლამბერგი და მისი კოლეგა, მიკრობიოლოგი ირვინგ მილმანი. ბლამბერგმა პირველმა აღმოაჩინა ვირუსი და მოგვიანებით ამისთვის ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია მიიღო. ვაქცინას, რომლის მთავარი პრინციპი 1969 წელს მოიგონეს, საბოლოოდ ვირუსის გარე გარსისგან (ზედაპირული ანტიგენი) აკეთებდნენ, რომელსაც დონორების სისხლისგან იღებდნენ და წმენდნენ. თანამედროვე ვაქცინებს აბსოლუტურად სხვაგვარად ამზადებენ - აუცილებელი კომპონენტებია მოდიფიცირებული საფუარი ან ძუძუმწოვართა უჯრედების კულტურები.

ჰეპატიტი B - ბოტკინია?

არა. ყოველდღიურობაში ბოტკინს ხშირად ვირუსულ А ჰეპატიტს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაავადებას ორგანიზმში ჰეპატიტის ვირუსების მოხვედრა იწვევს, ისინი სხვადასხვაგვარად გადაიცემა და განსხვავებულად მიმდინარეობს. ზოგიერთ შემთხვევაში მსგავია მხოლოდ სიმპტომები: კანის და თვალების გაყვითლება. სწორედ ამის გამო ერევათ ისინი ერთმანეთში.

B ჰეპატიტის ვირუსი სისხლით და სხვა ბიოლოგიური სითხეებით გადაიცემა. ინფექცია აზიანებს ღვიძლს და შეიძლება გამოიწვიოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადება. მეტიც, B ჰეპატიტი ონკოგენურ დაავადებად მიიჩნევა, რომლის გამოც შეიძლება ღვიძლის კიბო განვითარდეს.

B ჰეპატიტის სხვა სიმპტომებია დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში. ჩვეულებრივ სიმპტომები 1-3 თვის შემდეგ გადის. ასეთი მკვეთრი სიმპტომები მწვავე ფორმისას ვლინდება ხოლმე, თუმცა შეიძლება ის არც გამოვლინდეს. ქრონიკული ფორმის დროს ეს კიდევ უფრო ხშირია: თუ სიმპტომები ვლინდება, ის ჩვეულებრივ დაღლილობით შემოიფარგლება ხოლმე. თუ რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ჰეპატიტმა ციროზის ან სხვა გართულებების პროვოცირება არ მოახდინა - ასეთ დროს სიმპტომები შეიძლება იყოს საკმაოდ ცხადი.

C ჰეპატიტი ღვიძლის ყველაზე მძიმე ინფექციაა და მას კიდევ სხვა ვირუსი იწვევს. C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ბევრად მაღალია ღვიძლის ქრონიკული დაავადების რისკი, ვიდრე B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებისას. საქართველოში C ჰეპატიტისგან როგორც დაცვის, ასევე ამ ვირუსის მკურნალობის ეფექტიანი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელმაც ამოქმედებიდან დღემდე ვირუსისგან განკურნების 98%-ან მაჩვენებელს მიაღწია.

როგორ გავიგო B ჰეპატიტი მაქვს თუ არა?

სისხლის ანალიზით. თუ ვირუსის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) ანალიზის პასუხი დადებითი იქნება, ეს შეიძლება მიუთითებდეს მწვავე ან ქრონიკულ ინფექციაზე. ზოგიერთ ქვეყანაში უმალ აფასებენ HBcAb-საც (ეს იმის მაჩვენებლია, ჰქონდა ორგანიზმს რეაქცია B ჰეპატიტის ვირუსზე თუ არა). ზოგჯერ HBsAg-ის ანალიზზე პასუხი უარყოფითია, ხოლო HBcAb-ზე - დადებითი. ესეც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ადამიანი B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულია.

თუ B ჰეპატიტი არ მაქვს, მაგრამ მომავალში როგორ დავიცვა მისგან თავი?

პირველ რიგში უნდა აიცრათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თანამედროვე ვაქცინა ძალიან ეფექტიანი და უსაფრთხოა. ალასკაზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ აცრის შემდეგ დამცავი იმუნიტეტი შეიძლება 30 წელს და კიდევ უფრო მეტხანს შენარჩუნდეს.

საქართველოში B ჰეპატიტზე აცრა უფასოა და ის პროფილაქტიკური აცრების ნაციონალურ კალენდარში შედის. 

ვაქცინაციის მნიშვნელოვანი „ბონუსია“ დაცვა D ჰეპატიტის ვირუსისაგან (HDV), რომელიც მხოლოდ B ჰეპატიტის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გამრავლდეს. კოინფექცია HDV-HBV - ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის ყველაზე მძიმე ფორმაა: ღვიძლის დაავადებებიდან ის ყველაზე სწრაფად იწვევს სიკვდილს და ჰეპატოცელულარულ კარცინომას.

B ჰეპატიტისგან თავის დასაცავად ასევე მნიშვნელოვანია პრეზერვატივის გამოყენება თუ თქვენ არ იცით პარტნიორს ეს ინფექცია აქვს თუ არა; სტომატოლოგიური კლინიკების ფრთხილად არჩევა. მნიშვნელოვანია, ექიმი ყველა პაციენტთან მუშაობდეს ახალი ხელთათმანით, ცვლიდეს ნემსებს და ამუშავებდეს ინსტრუმენტებს. თუ ექიმი ამას არ აკეთებს, ეს კარგის ნიშანი არ არის.

თუ თქვენ ინფიცირების რისკი გქონდათ, მაგრამ აცრილი არ ხართ, უნდა მიმართოთ ექიმს. ის გადაწყვეტს უნდა აიცრათ და უნდა გაიკეთოთ თუ არა იმუნოგლობულინი. თუ აცრას გაიკეთებთ, ის კიდევ უნდა გაიმეოროთ 1,2 და 12 თვის შემდეგ. შეძელით თუ არა თავის დაცვა, ამის შემოწმება საჭიროა 6 თვეში ან უფრო ადრე, თუ საეჭვო სიმპტომები გამოგივლინდათ. B ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით 45-180 დღეს გრძელდება.

B ჰეპატიტი აღმომაჩნდა. ის იკურნება?

ჩვეულებრივ, B ჰეპატიტი თავად გადის. დაავადება ორ სტადიად იყოფა: მწვავე და ქრონიკული. 95%-ზე მეტი ზრდასრულის ორგანიზმი ვირუსს დამოუკიდებლად უმკლავდება და დაავადება არ გადადის ქრონიკულ ფორმაში. B ჰეპატიტის სპეციალური მკურნალობა არ არსებობს. სამედიცინო დახმარება ძირითადად მიმართულია იმისკენ, რომ პაციენტს დისკომფორტი არ ჰქონდეს.

ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პაციენტებს ურჩევს ტენოფოვირის ან ენტეკავირის გამოყენებას. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი-ინფექციონისტი. თერაპიის დანიშვნის ძირითადი ნიშნებია: ვირუსული დატვირთვა უნდა აღემატებოდეს 2000 МЕ-ს და ღვიძლში უნდა იყოს ანთების ნიშნები. თერაპია ვირუსს სრულად ვერ კლავს, არამედ თრგუნავს მის გამრავლებას, ამიტომ ბევრ პაციენტს წამლებს უნიშნავენ სიცოცხლის ბოლომდე ციროზის ან ღვიძლის კიბოს თავიდან ასაცილებლად. კარგი ამბავია ის, რომ დღეს ამუშავებენ 50-ზე მეტ მოლეკულას, და ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება სრულად განკურნოს ადამიანი B ჰეპატიტისაგან.

სხვა თემები