29 მარტი 2019 - 22:30

რატომ ბერდება სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა სხვადასხვა დროს?

მოხუცები

ფოტო: Shutterstock

მოსახლეობის დაბერება ნიშნავს ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობაში ხანდაზმული ასაკის ადამიანთა რაოდენობის ზრდას. ეს პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტუალურია. მართალია, ასაკი ერთნაირად იზომება, მაგრამ ასაკოვანი ადამიანების ცხოვრების ხარისხი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. მარტის დასაწყისში ჟურნალში The Lancet გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც დედამიწის მოსახლეობის დაბერებას ეძღვნება. კვლევა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა.

2050 წლისთვის მსოფლიოში ყოველი მეოთხე ადამიანი 65 წლისა და უფროსი ასაკის იქნება. რატომ?

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,
2017 წლისთვის 60 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანთა რაოდენობამ 962 მილიონს მიაღწია და მსოფლიო მოსახლეობის 13% შეადგინა. დღეისათვის მათი უმრავლესობა (25%) ევროპაში ცხოვრობს, თუმცა მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 3%-ით იზრდება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, 2030 წლისთვის 60 წლისა და უფროსი ასაკის 1.4 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს დედამიწაზე, 2050 წლისთვის კი მოსახლეობის მეოთხედი 65 წლისა და უფროსი ასაკის იქნება. ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დაბერების ზრდის ტენდიაციაზე წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც, რომლის მონაცემებითაც, ყველაზე სწრაფი და მკვეთრი დემოგრაფიული ცვლილებები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ემუქრებათ. 

შედარებისთვის, საფრანგეთის მოსახლეობაში 65 წლისა და უფროსი ასაკის პირთა წილი 7%-დან 14%-მდე რომ გაზრდილიყო, 100 წელზე მეტი დრო დასჭირდა, მაშინ როდესაც ბრაზილიასა და ჩინეთს ანალოგიური სხვაობის მისაღწევად 25 წელზე ნაკლებიც ეყოფა.

საქართველოს მოსახლეობა სწრაფად ბერდება?

65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში, 2014 წლის მონაცემებით, 14.3%-ს შეადგენდა. სწორედ ეს არის ერთადერთი ძირითადი კატეგორია, რომლის მაჩვენებელიც 1989 წლის აღწერის შემდეგ გაიზარდა. მაშინ ხანდაზმულთა წილი საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 8.8% იყო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამ მიმართულებით არსებული მონაცემები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია. მაგალითად, აჭარაში ხანდაზმულთა წილი 11%-ს შეადგენს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ეს ჯგუფი მოსახლეობის 28.3%-ა. კავკასიონის ქედის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე მუნიციპალიტეტებში ხანდაზმულთა წილი ყველაზე მაღალია, ურბანულ დასახლებებში კი პირიქით - ყველაზე დაბალი. სავარაუდოდ, რეგიონებს შორის არსებული სხვაობის მიზეზი ასაკით განპირობებული მიგრაციაა.

საქართველოში 65 წელს მიღწეული ადამიანის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა (რამდენ წელს იცოცხლებს პირი ამ ასაკის შემდგომ) კაცებისთვის 13.0 წელია, ქალებისთვის კი - 16.4 წელი. ანალოგიური მაჩვენებელი ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანაში ქართულ რეალობას 5 წლით აღემატება. რადგანაც ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საქართველოში კაცებისას აღემატება, 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა მამრობითისას საგრძნობლად აჭარბებს: ამ ასაკობრივ ჯგუფში ყოველ 100 ქალზე მხოლოდ 61 კაცი მოდის.

რა არის მოსახლეობის დაბერების მიზეზი?

ეს ერთდროულად სამ დემოგრაფიულ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს არის შობადობა, გარდაცვალება და მიგრაცია. ითვლება, რომ პირველი ორი მიზეზი ბევრად ძლიერია, თუმცა ფართომასშტაბიან მიგრაციას მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის მკვეთრი ცვლილება შეუძლია.

შობადობის შემცირება ერის დაბერებას ნიშნავს?

დაბალი შობადობა ახალგაზრდა თაობის რაოდენობის შემცირებას ნიშნავს, რის შედეგადაც, ქვეყნის მოსახლეობაში 65 წლამდე ასაკის ადამიანთა წილი მცირდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, დღეისათვის შობადობის ჯამური კოეფიციენტი საქართველოში ერთ ქალზე 1.81 ბავშვს შეადგენს, რაც ძალიან დაბალია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პროგნოზირების შემდგომი რაუნდების ფარგლებში ეს მაჩვენებელი გადაიხედება. სამოქალაქო რეგისტრაციის მონაცემებსა და მოსახლეობის აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით, შობადობის ჯამური კოეფიციენტი 1.98-სა და 2.4-ს შორის მერყეობს და უახლესი შეფასებით 2.0-ს (Hakkert, 2017) უტოლდება.

და გარდაცვალება ფაქტორი არ არის?

მოსახლეობის დაბერებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიკვდილიანობის შემცირება, განსაკუთრებით კი - ხანდაზმულ ასაკში. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდის შედეგს არ წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ მეტი ადამიანი აღწევს ხანდაზმულობის ასაკს, არამედ ისიც, რომ თავად ხანდაზმული მოსახლეობაც უფრო დიდხანს ცოცხლობს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საქართველოში 1950-იან წლების დასაწყისში დაფიქსირებული 60.7 წლიდან გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა 2010-2015 წლებში 74.5 წელს მიაღწია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, დღეისათვის საქართველოში მცხოვრები ქალები საშუალოდ 77.8 წელს ცოცხლობენ, კაცები კი - 69.2. გარდაცვალების მიზეზების ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელია.

მიგრაცია?

მიგრაციის სახეობები კონკრეტულ ასაკობრივი ჯგუფთან ასოცირდება, ამიტომაც ამ ფაქტორს შეუძლია მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიგრაციის სტატისტიკა უნაკლოდ არ შეიძლება ჩაითვალოს, ფაქტია, რომ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი მიგრაციის ტალღა წარმოიშვა, რის შედეგადაც დაახლოებით მილიონამდე ადამიანი საზღვარგარეთ წავიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, საქართველოსა და სომხეთში უარყოფითი მიგრაციის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი დაფიქსირდა. მიგრაცია, ძირითადად, 65 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ფიქსირდება, ამ ასაკობრივი ჯგუფის პირების ქვეყნიდან გადინებამ კი, დიდი ალბათობით, მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია და ხანდაზმულთა წილის ზრდა გამოიწვია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო, მოსახლეობაში ხანდაზმულთა ხვედრითი წილის მიხედვით 210 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზეა. ეს მაჩვენებელი რუმინეთსა და ბულგარეთს ჩამოუვარდება, თუმცა მოსახლეობაში ხანდაზმულთა ხვედრითი წილის მიხედვით საქართველო საგრძნობლად უსწრებს სომხეთსა და მოლდოვას, განსაკუთრებით კი - აზერბაიჯანსა და თურქეთს.

ახალი კვლევით რა გაირკვა?

The Lancet გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა დაბრება ადამიანების ჯანმრთელობის მაჩვენებლების საფუძველზე შეაფასეს. ამისთვის მათ აირჩიეს დაბერებასთან დაკავშირებული 92 დაავადება და დათვალეს, სოცოცხლის რამდენ ჯანმრთელ წელს ართმევენ ისინი სტატისტიკით ადამიანებს.

ათვლის წერტილად აირჩიეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 65 წლის ადამიანები. მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ ათას ასეთ ადამიანზე ავადმყოფობის და ადრეული გარდაცვალების გამო დაკარგული საშუალოდ 393 წელი მოდის. გაიგეს რა მთელი პლანეტის ეს საერთო მაჩვენებელი, ნახეს ცალკეული ქვეყნების მცხოვრებლები რომელ ასაკში „აგროვებენ“ ამდენივე დაკარგულ წელს. მაგალითად, 76 წლის იაპონელები ისეთივე „დაბერებულები“ არიან, როგორც საშუალოდ დედამიწის 65 წლის მცხოვრებლები.

საქართველოსთან დაკავშირებული მონაცემები კვლევაში არ არის, თუმცა მაგალითად, ყველაზე ცუდი შედეგი პაპუა-გვინეის მცხოვრებლეს აქვთ, რომლებიც 45,6 წლისანი უკვე „ბერდებიან“. ლიდერი ქვეყნები კი არიან იაპონია, შვეიცარია, საფრანგეთი და სინგაპური - მათი შედეგი 76 წელია.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათი მეთოდიკა საშუალებას იძლევა ყურადღება მიექცეს არამხოლოდ მოსახლეობის ქრონოლოგიურ ასაკს, არამედ იმასაც, თუ რა ასაკში უჩნდებათ ადამიანებს დაბერების განცდა. „ასაკთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს შეიძლება მოჰყვეს ადამიანების ადრე გასვლა პენსიაზე, სამუშაო ძალის შემცირება და ჯანმრთელობაზე ხარჯების გაზრდა. ამიტომ ხელისუფლებებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ ის, თუ როდის განიცდიან ადამიანები საკუთარ თავზე დაბერების ნეგატიურ ეფექტებს“, - აცხადებენ მკველვრები.

სხვა თემები