13 მარტი 2019 - 19:48

რისგან კვდებიან ადამიანები ყველაზე ხშირად?

ხალხის მასა

ფოტო: shutterstock.com

მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2017 წელს დაახლოებით 56 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი 1990 წლის ანალოგიურ მონაცემებს 10 მილიონით აღემატება. ამის მიზეზად სპეციალისტები ასახელებენ იმ ფაქტს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად პლანეტის მოსახლეობის რაოდენობაც გაიზარდა.

რა არის ადამიანების დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზი მსოფლიოში?

ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო გლობალური მაჩვენებელი 1950 წლის მონაცემებით, 46 წელი იყო. 2015 წლისთვის ეს ციფრი საგრძნობლად შეიცვალა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თანამედროვე ადამიანი საშუალოდ 71 წელს ცოცხლობს.

ეს მაჩვენებელი ქართული რეალობისგან არ განსხვავდება. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 73.5-ს შეადგენს. ეს ციფრი ქალებისა და კაცების შემთხვევაში განსხვავებულია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ქალები საშუალოდ 77.8 წელს ცოცხლობენ, კაცები კი - 69.2.

საქართველოში ყოველწლიურად გარდაცვლილთა რიცხოვნობა ბოლო წლების განმავლობაში დრამატულად არ შეცვლილა, თუმცა 2008 წლის შემდეგ (50 490 გარდაცვლილი) ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2017 წელს (47 822) დაფიქსირდა. 

ადამიანების გარდაცვალების რაოდენობის გარდა სტატისტიკური მონაცემები სიკვდილის გამომწვევ მიზეზებსაც ასახავს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტერორიზმის, ომისა და სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვალების ფაქტები საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ა.

რისგან კვდებიან ადამიანები ყველაზე ხშირად?

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა 70%-ზე მეტი არაგადამდებ, ქრონიკულ დაავადებებს ემსხვერპლა. სიკვდიალიანობის ყველაზე ხშირი გამომწვევი კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია, რომლებიც გულსა და არტერიას აზიანებენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მესამე ადამიანი სწორედ ამ მიზეზით კვდება. სისხლის მიმოქცევის სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები სიკვდილის უმთავრესი მიზეზია საქართველოშიც.

სიკვდილის გამომწვევი მიზეზების ჩამონათვალში მეორე ადგილზეა კიბო. სწორედ ეს არის ყოველი მეექვსე სიკვდილის მიზეზი. ამავე ჩამონათვალში მოწინავე პოზიციებზეა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, დიაბეტი, სასუნთქი გზების ინფექციები და დემენცია.

ადამიანები თანამედროვე სამედიცინო მიღწევების ფონზეც კი საკმაოდ ხშირად კვდებიან ისეთი დაავადებებისგან, რომლებიც სრულად იკურნება. 2017 წელს დაახლოებით 1.6 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა დიარეასთან დაკავშირებულ დაავადებებს, რომლებიც დღემდე სიკვდილის გამომწვევი მიზეზების პირველ ათეულშია. ზოგიერთ ქვეყანაში სწორედ დიარეა არის გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი.

სტატისტიკური მონაცემებით, ნეონატალურ ანემიებს, რაც დაბადებიდან 28 დღის განმავლობაში ჩვილის სიკვდილს გულისხმობს, 2017 წელს 1.8 მილიონი ახალდაბადებულის სიცოცხლე ემსხვერპლა. სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, იაპონიაში 1000 ახალდაბადებული ბავშვიდან ნეონატალური ანემიით 1 ჩვილი კვდება. მაშინ როდესაც მსოფლიოს რამდენიმე ღარიბ ქვეყანაში ყოველი 20 ახალდაბადებულიდან 1 სწორედ ამ ვადებში წყვეტს არსებობას.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვალების ფაქტებს, ის მაღალია როგორც მდიდარ, ასევე ღარიბ ქვეყნებში. 2017 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიზეზით 1.2 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მიერ გატარებული სამუშაოების შედეგად, საგზაო შემთხვევით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ზოგადი მაჩვენებელი იგივე დარჩა.

ამავდროულად, თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა მთელ მსოფლიოში სუიციდისა და მკვლელობის შედეგად. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში თვითმკვლელობა 16-ჯერ გახშირდა. 20-დან 40 წლამდე კაცების სიკვდილის მიზეზი ხშირ შემთხვევაში სწორედ სუიციდია.

წარსულში ინფექციური დაავადებებით უფრო ხშირად კვდებოდნენ, ვიდრე დღეს. 1990 წელს სიკვდილის ყოველი მესამე შემთხვევის მიზეზი გადამდები და ინფექციური დაავადებები იყო. 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი შემცირდა. ამჯერად უკვე ეს მიზეზი ყოველი 5 გარდაცვლილიდან ერთის შემთხვევაში დაფიქსირდა.

როგორია ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი?

ინფექციური დაავადება განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ყოველი მესამე ბავშვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5 წლამდე გარდაიცვალა. სპეციალისტების განმარტებით, ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ვაქცინაციის, ჰიგიენური პირობებისა და კვების სისტემის გაუმჯობესების, სამედიცინო მომსახურებასა და წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შედეგად დაიკლო. დღეს უკვე ბავშვთა სიკვდილიანობა განვითარებულ ქვეყნებში იშვიათი მოვლენაა, მაშინ როდესაც ღარიბ რეგიონებში ეს მაჩვენებელი ისეთივეა, როგორიც დიდ ბრიტანეთსა და შვედეთში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. თუმცა ზოგადი ტენდენციით, ბავშვთა სიკვდილიანობის კლება თანამედროვე მედიცინის ყველაზე დიდ მიღწევებს შორის ერთ-ერთია.

ბოლო ათწლეულში გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა განახევრდა. თუმცა ამ დადებით ტენდენციას გარკვეული მოულოდნელობები საფრთხეს უქმნის. ამის მაგალითი იყო 1980-იან წლებში აივ ინფექციის გავრცელება. ეპიდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა, თუმცა განსაკუთრებით მძიმე ფორმებში აფრიკაში იჩინა თავი. ამ მიმართულებით გატარებულმა სამუშაოებმა ის შედეგი გამოიღო, რომ ბოლო ათწლეულში შიდსით დაავადებულთა გარდაცვალების შემთხვევები განახევრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა 2-დან 1 მილიონამდე შემცირდა.

სხვა თემები