31 მარტი 2019 - 19:00

რა ტიპის სასიყვარულო ურთიერთობის გჯერათ? ტესტი

შეყვარებული წყვილი

ფოტო: shutterstock.com

თუ თქვენ გჯერათ, რომ იპოვით იმ ერთადერთს, რომელიც თქვენს „მეორე ნახევრად“ წარმოგიდგენიათ, ურთიერთობის სევდიანი დასასრულისთვის მოემზადეთ. ამის შესახებ მკითხველს BBC აფრთხილებს და ფსიქოლოგების რჩევები მოჰყავს. მათ შეიმუშავეს ორი სკალა, რომლებიც აჩვენებს, თუ რა ფაქტორები მოქმედებს იმაზე, თუ როგორ იწყებს ადამიანი ურთიერთობას. პირველი სქემა ასახავს იმას, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანი პირველ შთაბეჭდილებასა და პარტნიორთან თავსებადობას ურთიერთობის საწყის ეტაპზე, მეორე კი - თუ რამდენად მაღალია ალბათობა, რომ ადამიანი მზად არის ურთიერთობისას წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად.

უფრო კონკრეტულად?

ფსიქოლოგები ორივე სკალას ურთიერთობის ფარულ თეორიას უწოდებენ, რადგან ამ თემაზე იშვიათად საუბრობენ. თქვენ შეიძლება შინაგანად გრძნობდეთ, რომ გჯერათ ერთადერთი სიყვარულის, რომელიც სადღაც გელოდებათ, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არ ლაპარაკობთ. ამაზე, როგორც წესი, ადამიანი არც ფიქრობს, როცა ახალ ურთიერთობას იწყებს. ორივე სკალას თქვენი შეხედულებებისა და მიდგომების შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია. მაგალითისთვის, ურთერთობაში არსებულ პრობლემებს განიხილავთ თუ არა პარტნიორთან ერთად, ეძებთ თუ არა კონფლიქტს იქ, სადაც არ არის ან იმედგაცრუების შემთხვევაში ურთიერთობას პარტნიორის შეურაცხყოფის გარეშე ასრულებთ თუ პირიქით?

რას ასახავს პირველი სკალა?

ილინოისის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეცნიერმა რენე ფრანიუკმა შეადგინა ერთგვარი ტესტი, რომელიც მისი წიგნის „ურთიერთობების თეორიის კითხვარის“ ნაწილია. მან პირველ სკალას „მეორე ნახევარი“ უწოდა. თქვენ შეგიძლიათ ქვემოთ დასმულ კითხვებს პასუხი გასცეთ ციფრებით 1-დან 7-მდე, სადაც 1 ნიშნავს „კატეგორიულად არ ვეთანხმები“-ს, 7 კი - „აბსოლუტურად ვეთანხმები“-ს. ბოლოს შეკრიბეთ ქულების რაოდენობა, გაყავით ათზე და სკალაზე საკუთარი ადგილი განსაზღვრეთ.

1. სასიყვარულო ურთიერთობა, როგორც წესი, დაფუძნებულია იმაზე, არის თუ არა პარტნიორი სწორად შერჩეული ანუ შეეფერება თუ არა წყვილი ერთმანეთს.

2. ჩემთვის იდეალური ან იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული პარტნიორი არსებობს, უბრალოდ ის უნდა ვიპოვო.

3. დაქორწინებული წყვილების უმრავლესობას ერთმანეთთან ღრმა სულიერი კავშირი აქვს.

4. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქორწილის შემდეგ მე და ჩემს ქმარს (ან ცოლს) ძველებურად გვიყვარდეს ერთმანეთი.

5. მე არ შევქმნი ოჯახს, თუ არ ვიქნები შეყვარებული.

6. თქვენთვის სრულად შესაფერისი ადამიანი არ არსებობს.

7. მე მინდა, რომ ჩემი მომავალი ქმარი (ან ცოლი) იყოს ყველაზე კარგი ადამიანი, ვისაც კი აქამდე შევხვედრივარ.

8. ადამიანები, რომლებიც იდეალურ პარტნიორს ეძებენ, დროს ტყუილად კარგავენ.

9. მიზეზი, რის გამოც ოჯახების უმრავლესობა ინგრევა არის ის, რომ წყვილი ერთმანეთს არ შეეფერება.

10. ორ ადამიანს შორის კავშირი არსებობს მანამ, სანამ ისინი ერთმანეთს შეხვდებიან.

და მეორე სკალა?

რენე ფრანიუკმა მეორე სკალას უწოდა „ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ“. პასუხის გაცემის პრინციპი აქაც ანალოგიურია. ბოლოს მიღებული ქულები შეკრიბეთ და 9-ზე გაყავით.

1. სასიყვარულო ურთიერთობის წარმატება დამყარებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად ცდილობს წყვილი ერთმანეთის მხარდაჭერას.

2. ოჯახში მცდელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავსებადობა.

3. სიყვარული ურთიერთობისას ვითარდება და იზრდება.

4. ადამიანები სათანადო ძალისხმევას რომ ხარჯავდნენლობდნენ, ნაკლები ოჯახი დაინგრეოდა.

5. ოჯახს შევქმნიდი ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც იქნებოდა გონიერი.

6. ოჯახების დანგრევის მთავარი მიზეზია ის, რომ ადამიანებს ურთიერთობის მოსაგვარებლად ძალისხმევის გაწევა არ სურთ.

7. რაც უფრო დიდხანს გაქვთ ადამიანთან ურთიერთობა, მით უფრო უკეთ იცნობთ მას.

8. არ ვარ წინააღმდეგი, ოჯახი შევქმნა შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ ადამიანთან.

9. მხოლოდ დროთა განმავლობაში გაიგებთ სინამდვილეში როგორია თქვენი პარტნიორი.

რომელ კატეგორიას მივეკუთვნები?

ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ მეორე ტიპს მიეკუთვნება, მაგრამ სინამდვილეში ბევრი მათგანი სწორედ თავის „მეორე ნახევარს“ ელოდება. ეს ტერმინი ბევრს აფრთხობს, რადგან არამეცნიერულად ჟღერს, თუმცა ზოგი მკვლევარი განსხვავებულ შეფასებებს იყენებს. მაგალითად, პირველ კატეგორიას „ბედს“ უწოდებს, მეორეს კი - „ზრდას“.

როდესაც ურთიერთობაში პრობლემა  წარმოიქმნება, მას უკეთ უმკლავდებიან ისინი, ვინც მეორე სკალაში მეტ ქულას დააგროვებენ. ამ ადამიანებისთვის კონფლიქტი ურთიერთობას აუმჯობესებს, რადგან პრობლემა ერთობლივი ძალისხმევით გვარდება. ასეთი წყვილები ამბობენ, რომ კონფლიქტის მოგვარებამ მათი ურთიერთობა განამტკიცა. მათთვის პერიოდულად აუცილებელია პატარ-პატარა პრობლემები, რათა ერთობლივად დაძლიონ ისინი - ეს მათ ქორწინებას ერთგვარს ტონუსს ჰმატებს და ცოლ-ქმარი ამ ურთიერთობას უფრო მეტად აფასებს. ასეთ წყვილებს სირთულეების დაძლევა მოსწონთ. ამ მიზეზით, „ზრდის“ თეორიის მომხრეები პიროვნული თვისებების სერიოზულ შეუთავსებლობასაც კი არაფრად მიიჩნევენ. მათი აზრით, თავსებადობა დროთა განმავლობაში მიიღწევა და ეს ურთიერთობა ცდად ნამდვილად ღირს.

მათთვის კი, ვისაც „ბედის“ უფრო სჯერა, ურთიერთობაში აბსოლუტურად საპირისპირო რამ არის ღირებული. ამ კატეგორიისთვის, ნებისმიერი უმნიშვნელო პრობლემაც კი ურთიერთობის საწყის ეტაპზე, შეიძლება მისი დასრულების მიზეზი გახდეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც „ბედის“ თეორიის მიმდევარი აღმოაჩენს, რომ მისი იდეალური პარტნიორი იდეალური სულაც არ არის. ამ დროს კი, შესაძლოა, წყვილი სავსებით შესაფერისი იყოს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ შეუძლიათ ურთიერთობის არც თუ ისე კარგად დასრულება.

ადამიანები, რომლებსაც „ნამდვილი სიყვარულის“ სჯერათ, დიდი ალბათობით თავიანთ ყოფილ პარტნიორებს გაურბიან, თითქოს ვერ ამჩნევენ მათ. ეს ხდება იმიტომ, რომ მათი შეხედულებით, აზრი არ აქვს რაიმე სახის ურთიერთობას იმ ადამიანთან, რომელიც იდეალური არ არის. ფსიქოლოგთა შეფასებით, რაც უფრო მაღალია თქვენი ქულები „ზრდის“ სკალაზე, მით უფრო შორს ხართ მსგავსი საქციელისგან.

თუ ის ადამიანები, ვისაც ბედისწერის სჯერა, პრობლემის არსებობის შემთხევაში ურთიერთობას არ ასრულებენ, ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კონფლიქტს უგულებელყოფენ. მათ სწამთ, რომ მათი პარტნიორი „მონათესავე სულია, მათი მეორე ნახევარი.“ ამის გამო ისინი რჩებიან იმ ადამიანთან, რომელიც მათ არ შეეფერებათ და სერიოზული პრობლემის წინაშე დგებიან.

ის ადამიანები, ვისაც „ნამდვილი სიყვარულის“ სჯერა, წლების განმავლობაში არსებული ურთიერთობის შემთხვევაში თავს იტყუებენ, აშკარა პრობლემებზე თვალს ხუჭავენ და თავს აჯერებენ, რომ მათი პარტნიორი ის არის, ვინც უნდათ, რომ იყოს. მათ ხომ ამდენი წელი იცხოვრეს ერთად. ეს ადამიანები ხშირად ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, რადგან მეცნიერთა განმარტებით, სხვები მათ ადგილზე პრობლემას დიდი ხნის წინ გადაწყვეტდნენ და ურთიერთობას გაწყვეტდნენ.

იმედგაცრუებების მიუხედავად, ნამდვილი სიყვარულის მაინც მჯერა. რატომ?

სიყვარულზე რომანტიკული წარმოდგენა დროთა განმავლობაში არ იცვლება: თუ თქვენ „თქვენი ცხოვრების სიყვარულის“ არსებობის გჯერათ, ეს სამუდამოა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი სკალის არსებობა, მათ სინთეზს სულაც არ გამორიცხავს.

ერთი მხრივ, თქვენ, შესაძლოა, გჯეროდეთ, რომ ურთიერთობის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება, თუ ამას წყვილი მოინდომებს და მეორე მხრივ, გწამდეთ, რომ თქვენი „მეორე ნახევარი“ თქვენი იდეალური პარტნიორია. ასევე თქვენ, შესაძლოა, სიყვარულზე რომანტიკული წარმოდგენა გქონდეთ, მაგრამ უხეშად არ გაწყვიტოთ ურთიერთობა, რომელიც უპერსპექტივოდ მიგაჩნიათ. ყოველი ჩვენგანი ხომ გარკვეული თვისებების ერთგვარი სინთეზია და სწორედ ეს სირთულე უბიძგებს ადამიანს ჯანსაღი ურთიერთობისკენ.

სხვა თემები