19 აპრილი 2019 - 19:30

ვინ არიან ყველაზე პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის BTS-ის წევრები. ისტორია

ჯგუფი BTS

ჯგუფი BTS, 2013 წელი

ფოტო: Facebook@bangtan.official

2013 წელს სამხრეთ კორეაში შეიქმნა ბიჭების ბენდი BTS-ი, რომელიც ყველაზე პოპულარული კეი-პოპ ჯგუფია. კეი-პოპი (K-pop) სამხრეთ კორეაში დაბადებული მუსიკალური ჟანრია, რომელიც აერთიანებს ჰიპ-ჰოპს, საცეკვაო მუსიკას და რიტმ-ენდ-ბლუზსს. აპრილში ჯგუფის ვიდორგოლმა ახალი რეკორდი დაამყარა - პირველივე დღეს ნახვებმა 74 მილიონს მიაღწია. ბენდის წევრები სიტყვით გამოდიან გაეროში და სამხრეთ კორეისთვის მილიარდები მოაქვთ, ხოლო თაყვანისმცემლები გაცხარებულები კამათობენ საყვარელ სოლისტებზე და მათ სისხლით დაწერილ წერილებს უგზავნიან.

რა მოხდა?

16 აპრილს BTS-მა YouTube-ზე რეკორდი დაამყარა. ჯგუფის სიმღერაზე Boy with Luv გადაღებული ვიდეორგოლი პირველი 24 საათის განმავლობაში 74,6 მილიონჯერ ნახეს. ეს ჯგუფის მეოთხე ვიდეორგოლია, რომელიც YouTube-დებიუტების საუკეთესო ათეულებში მოხვდა და პირველი მუსიკალური ვიდეოა, რომელმაც 100-მილიონიანი ნახვის ზღვარი ორ დღეზე ნაკლებ დროში გადალახა.

სიმღერა Boy with luv („ბიჭი სიყვარულით“) ამერიკელ მომღერალ ჰოლზისთან ერთად არის ჩაწერილი. მუსიკოსები მღერიან შეყვარებულ ახალგაზრდაზე, რომელსაც თავისი გოგო ენატრება, მაგრამ ეს უფრო თაყვანისმცემელი გოგოებისადმი მიმართვას ჰგავს. BTS-ის ვიდეოში ჰოლზისთან ერთად თეტრ Persona-ს (ასე ჰქვია მათ ბოლო EP-ს) ირგვლივ ცეკვავენ, შემდეგ კი შედიან შენობაში, სადაც სცენაზე ჯგუფის ლიდერია და ყველა ერთად სადღესასწაულო კონცერტს მართავს.

ვინ არიან BTS-ის წევრები?

ჯგუფის სახელწოდებას BTS-ი სხვადასხვაგვარად შიფრავენ: Bangtan Boys, Beyond The Scene. ის დღეს ყველაზე პოპულარული კეი-პოპ ჯგუფია. პროექტი 2013 წელს სამხრეთკორეულმა ხმისჩამწერმა კომპანიამ Big Hit Entertainment-მა აამუშავა. დასაწყისში ბიჭების ბენდი მხოლოდ სამხრეთ კორეაში მუშაობდა, შემდეგ კი ცალკეული ადაპტირებული დისკებით იაპონურ და ჩინურ ბაზრებზე გავიდა. მაგრამ 2017 წელს აშშ-მა სამხრეთ კორეაში სარაკეტო სისტემა THAAD-ი განათავსა და ჩინეთში გაყიდვები შეწყდა. სწორედ ეს მომენტი მიიჩნევა გარდამტეხად ჯგუფის ისტორიაში - BTS-მა მუშაობა ამერიკულ ბაზარზე დაიწყო და ჯგუფის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო.

ჯგუფში 7 ვოკალისტია: ყოფილი რეპერი RМ (კიმ ნამ-ჯუნი), მსახიობი ჯინი (კიმ სოკ-ჯინი), ყოფილი კალათბურთელი შუგა (მინ იუნ-გი), ყოფილი საქსოფონისტი V (კიმ თე-ჰიონი) ყოფილი ბადმინტონისტი Jungkook (ჯონ ჯონ-გუკი), მოცეკვავეები J-Hope-ი (ჯონ ჰო-სოკი) და Jimin (პაკ ჯი-მინი). ბენდის ყველაზე უფროსი მონაწილე 27 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა - 22 წლის. ისინი კორეულ და ინგლისურ ენებზე მღერიან.

Time-ის ყდა და გაეროში გამოსვლა

BTS-ს თაყვანისმცემელთა მძლავრი ბაზა აქვს (მათ შორის საქართველოშიც). 2018 წელს ჯგუფის ფანებმა, რომლებიც თავის თავს უწოდებენ A.R.M.Y-ს ან „არმის“, აქტიურობისთვის iHeartRadio Music Awards-ის პრემიაც კი მიიღეს. ბენდის წევრები მუდმივად ეკონტაქტებიან სოციალურ ქსელებში თავის თაყვანისმცემლებს, რის გამოც ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა BTS-ის წევრები ინტერნეტში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში შეიყვანა და მათ „შემდეგი თაობის ლიდერები“ უწოდა.

BTS-ი მუდმივად მონაწილეობს ტელეშოუებში და მთელ მსოფლიოში მართავს გასტროლებს. მათზე კინოც გადაიღეს: 2019 წელს ფილმი-კონცერტი BTS World Tour: Love Yourself in Seoul 95 ქვეყანაში აჩვენეს.

2017 წელს კვლევითმა ინსტიტუტმა Hyundai-მ დათვალა, რომ BTS-ს სამხრეთ კორეის ეკონომიკისთვის წლიურად 3,63 მილიარდი დოლარი მოაქვს, ხოლო ყოველი მეცამეტე ტურისტი სამხრეთ კორეაში სწორედ BTS-ის გამო ჩადის.

ბიჭების ბენდი იმდენად პოპულარულია, რომ მისი წევრები ერთხელ გაეროში სიტყვითაც გამოვიდნენ. ჯგუფის და ორგანიზაცია „იუნისეფის“ სახელით მათ დაგმეს ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობა და ილაპარაკეს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გიყვარდეს საკუთარი თავი.

BTS-ი - ალტერნატიული სამყარო

ჯგუფის თაყვანისმცემლების უმრავლესობა გოგოა. „არმი“ აღიარებს, რომ ხშირად უყვარდებათ ბენდის წევრები და მათთან ემოციურ კავშირს გრძნობენ. BTS-ის ყველა გამოსვლის წინ კერპების სანახავად შეკრებილი თაყვანისმცემელი გოგოებისგან გრძელი რიგები იქმნება. ასე მოხდა ჯიმი კემელის შოუს გადაღებების წინაც.

BTS-ი დიდი ხანია რაც მხოლოდ მუსიკალური პროექტი არ არის. ჯგუფის ირგვლივ Big Hit Entertainment-ის მიერ შექმნილი ალტერნატიული სამყარო ჩამოყალიბდა, რომელიც შვიდივე ვოკალისტის ისტორიებს, მათ ვიდეორგოლებს, ფოტოებს და ჯგუფის შესახებ გადაღებულ ფილმებს ერთმანეთთან აკავშირებს. ახლახან ბენდის შესახებ გამოიცა წიგნი Notes 1 და ვებტუნი (კორეული კომიქსი) „გადამარჩინე“, რომელიც ბიჭების შესახებ მოგონილ ისტორიებს გვიამბობს.

ქარხნული შემსრულებლები

BTS-ს, ისევე როგორც მთელ კეი-პოპს, ერთფეროვნებისა და როგორც თავად არტისტების, ასევე აუდიტორიის მიმართ უსულგულო მარკეტინგულ დამოკიდებულბაში ადანაშაულებენ. თაყვანისმცემლები ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ თავად BTS-ის წევრებს, შესაძლოა, დეპრესია აქვთ, ხმისჩამწერი კომპანია კი მათ მონებივით ეპყრობა. ბევრი ამას უკავშირებს იმას, რომ 2017 წელს სამხრეთკორეელმა მომღერლმა კიმ ჯონჰენმა თავი მოიკლა. სიკვდილის წინ მან მეგობარ გოგოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის „პოპულარობასთან თავისი ბრძოლის“ შესახებ წერს.

BTS-ი ერთადერთი ასეთი პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფი არ არის

ყველაზე წარმატებული მუსიკალური YouTube-დებიუტების ათეულში შვიდი პოზიცია კეიპოპ-ჯგუფებს უკავიათ. აქედან სამი სიმღერა BTS-ისაა: Boy With Luv, Fake Love და IDOL. BTS-ის მსგავსი ჯგუფია, ოღონდ გოგოების მონაწილეობით, BLACKPINK, რომელიც ათეულში ორი სიმღერით მოხვდა: Kill This Love და DDU-DU DDU-DU. კიდევ ორი სიმღერაა მომღერლის Psy („Gentleman“) და ჯგუფის TWICE („Yes or Yes“).

დარჩენილ სამ პოზციაზე არიან არიანა გრანდე, ტეილორ სვიფტი და ემინემი.

წყარო: Meduza

სხვა თემები