28 აპრილი 2019 - 11:44

ახალი ფობია. რატომ ეშინიათ 5G-ინტერნეტის გამოსხივების?

ფოტო: shutterstock.com

შვეიცარიის მთავრობა საკუთარი მოქალაქეების დასამშვიდებლად, რომლებსაც კავშირგაბმულობის ახალი სტანდარტის 5G-ის მობილური ანტენების გამოსხივების ეშინიათ, მონიტორინგის სისტემას აამოქმედებს.

რა მოხდა?

გასულ კვირას შვეიცარია მესამე ქვეყანა გახდა სამხრეთ კორეის და აშშ-ის შემდეგ, სადაც მოქალაქეებს მეხუთე თაობის (5G) მობილური კავშირის მომსახურება შესთავაზეს. მაგრამ, ხელისუფლების ცნობით, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს მიაჩნია, რომ ახალი ტიპის კავშირისთვის განკუთვნლი ანტენები, შეიძლება საშიში იყოს.

შვეიცარიის მინისტრთა კაბინეტმა გარემოს დაცვის ფედერალურ სააგენტოს დაავალა გაზომოს ეგრეთ წოდებული არაიონიზებული რადიაცია, შეაფასოს მისი რისკები და დასკვნები რეგულარულად აცნობოს საზოგადოებას.

თებერვალში კავშიგრაბმულობის ფედერალურმა სააგენტომ აუქციონზე გაიტანა 5G-ის მომსახურება და სამ ოპერატორს - Salt-ს, Sunrise-ს და Swisscom-ს, მთლიანობაში 380 მილონი შვეიცარიული ფრანკის (377 მლნ დოლარი) ღირებულების, ახალი თაობის სიხშირეები გადასცა. აქედან მხოლოდ Swisscom-ი აცხადებს, რომ კავშირგაბმულობის ახალი სტანდარტით ყველა მსურველ შვეიცარიელს წლის ბოლომდე უზრუნველჰყოფს.

შიში საიდან გაჩნდა?

სმარტფონების გამოსხივება ყველგან და ყოველთვს არ იზომება - ამ საკითხზე სპეციალისტებს ერთიანი მოსაზრება არ აქვთ.

ელექტრომაგნიტური ველის ფიზიკოსთა ჯგუფმა, რომელიც მობილური კავშირის ახალი სტანდარტის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, შექმნა ვებგვერდი EMFscientist.org. ჯერ კიდევ 2015 წელს მათ გამოაქვეყნეს პრესრელიზი, რომლის თანახმად, მობილურმა გადამცემებმა შესაძლოა გაზარდოს კიბოს რისკი, უჯრედოვანი სტრესი და დამანგრევლად აისახოს გენებზე, ასევე მოადუნოს მეხსიერება და ადამიანების მიერ ცოდნის მიღების უნარი.

იმავე ჯგუფის ანგარიში, რომელიც შარშან გამოქვეყნდა, მოიცავს იმის დამადასტურებელ ფაქტებს, რომ გამოსხივების გავლენის ქვეშ ვირთხებს გულის კიბო უვითარდებათ.

კიბოსთან ბრძოლის ამერიკულმა საზოგადოებამ კი პირიქით, შეისწავლა რა მობილური კავშირის ადამიანებზე გავლენასთან დაკავშირებული კვლევების მეტაანალიზი, მობილური კავშირის აქტიური გამოყენების გამო კიბოს რისკის ზრდის მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა.

მათი ბრიტანელი კოლეგებიც ადასტურებენ იმას, რომ სუსტი გამოსხივება ანძებისგან და სმარტფონებისგან არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დეენემის მოლეკულებში ქიმიური კავშირები მოშალოს, რასაც კიბოს სიმსივნის პროვოცირება შეუძლია.

ესე იგი საშიში არაფერია?

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მობილურის გამოსხივების შესახებ ფობიების ახალი ტალღა 5G-სთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება.

რადიოგამოსხივებისადმი შიში საკმაოდ გავრცელებული ფობიაა ყველა ქვეყანაში, - აღნიშნავენ ექსპერტები. მათი თქმით, ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის და ეშინიათ იმის რის შესახებაც არაფერი იციან, რაც უცოდინრობის და განათლების დეფიციტის ბრალია. ბუნებრივია უშუალოდ 5G-სთან დაკავშირებული შიშიც, რადგან ის ახალი ტექნოლოგიაა. IT სპეციალისტები ფობიის ასეთ ტალღებს ყველა ქვეყანაში ელოდებიან.

იმავდროულად, მეოთხე ქვეყანა, რომელიც უახლოეს თვეებში კავშირგაბმულობის ახალ სტანდარტს დანერგავს, ჩინეთია.  

შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი თავად ოპერატორებს უკავშირდება: მაგალითად, ჩინური კომპანია Huawei უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო კორეის და აშშ-ის 5G-ბაზარზე არ შეუშვეს. 

იანვარში ამერიკის ხელისუფლებამ Huawei სამრეწველო ჯაშუშობასა და თაღლითობაში დაადანაშაულა. კომპანიაში კი ამტკიცებენ, რომ ის ჩინეთის ხელისუფლებას არ ეკუთვნის, არ კონტროლდება მისგან და შესაბამისად თავისუფალია მისი გავლენისაგან.

წყარო: BBC

სხვა თემები