10 ივნისი 2019 - 22:00

როგორ გავიგო, რომ ადამიანს გაფანტული სკლეროზი აქვს?

გაფანტული სკლეროზი

ფოტო: shutterstock.com

ეს დაავადება ჩვენს ყოველდღიურობაში არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა. ბევრ ჩვენგანს სმენია, რომ გაფანტული სკლეროზით მხოლოდ ასაკოვანი ადამიანები ავადდებიან. რამდენად სწორია ეს? რა არის გაფანტული სკლეროზი? როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და შესაძლებელია თუ არა ამ დაავადებისგან სრულად განკურნება?

რა არის გაფანტული სკლეროზი და არის თუ არა ის ასაკთან დაკავშირებული?

გაფანტული სკლეროზი არის დაავადება, რომელსაც ასაკობრივ დემენციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს. ავადმყოფობა აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რომელიც ნერვული უჯრედების - ნეირონებისგან შედგება. ისინი ერთმანეთსა და სხეულის სხვა ნაწილებს ნერვული ბოჭკოებით ელექტრონულ სიგნალებს უგზავნიან. სწორედ ამ გაცვლის წყალობით შეუძლია ადამიანს ფიქრი, საუბარი, მოძრაობა და საჭმლის მონელება.

ყოველ ნერვულ ბოჭკოს გარს აკრავს მიელინი, რომელიც ლიპიდებისა და ცილებისგან შემდგარ გარსს წარმოადგენს. მიელინი ნერვულ ბოჭკოებს იცავს. ის ნერვულ უჯრედებსა და სხეულს შორის ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს. გაფანტული სკლეროზის დროს მიელინი დაშლას იწყებს. სწორედ ამ დროს ნერვების „იზოლაცია“ იწყება. ამიტომ იკლებს სიჩქარე, რომლითაც სხეული და ტვინი სიგნალებს ცვლიან, ზოგ შემთხვევაში კი ეს სიგნალები საერთოდ იბლოკება.

გაფანტული სკლეროზით 20-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანები ავადდებიან. შესაბამისად, ეს ხდება აქტიურ ასაკში, როდესაც ისინი უმაღლეს განათლებას იღებენ, ქმნიან ოჯახებს და აწყობენ კარიერას. გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების 5%-ს კი ბავშვები წარმოადგენენ. გაფანტული სკლეროზის საწყის ეტაპს, როგორც წესი, სიმპტომები არ ახასიათებს. თუმცა როდესაც მიელინი სერიოზულად ზიანდება, ადამიანს მხედველობისა და საუბრის უნარი უქვეითდება, წარმოიქმნება პრობლემები ფიქრთან, სწავლასა და დაგეგმვასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ეტაპობრივად ხდება და საბოლოოდ დაავადება შეიძლება ინვალიდობის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

რატომ ავადდებიან ადამიანები გაფანტული სკლეროზით?

ამ დაავადების წარმოქმნის მიზეი ექიმებმა და მეცნიერებმა დღემდე ზუსტად არ იციან. ითვლება, რომ დაავადება იმუნური სისტემის შეცდომის გამო ვითარდება: მავნე უჯრედებზე თავდასხმის ნაცვლად, იმუნიტეტი ანადგურებს უჯრედებს, რომლებიც მიელინის სინთეზზე არიან პასუხისმგებელნი. სწორედ ამიტომ გაფანტულ სკლეროზს აუტოიმუნურ დაავადებას უწოდებენ.

რისკის ფაქტორების შესწავლისას ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაბადების ადგილი - ითვლება, რომ სკლეროზის განვითარების რისკი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მატულობს. მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორიც. გაფანტული სკლეროზის რისკს ზრდის მოწევა და გაცხიმოვნება ბავშვებსა თუ მოზარდებში.

როგორ გავიგო, რომ ადამიანს გაფანტული სკლეროზი აქვს?

არ არსებობს ერთი ანალიზი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აჩვენებდა, რომ ადამიანს გაფანტული სკლეროზი დაეწყო. დიაგნოზის დასასმელად ექიმს პაციენტის ისტორიის შესწავლა, მისი გასინჯვა, ნევროლოგიური გამოკვლევა, თავის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება და ქცევითი ტესტის ჩატარება მოუწევს. გაფანტულ სკლეროზს აქვს სიმპტომები და რა თქმა უნდა, მათ ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუმცა მსგავსი პრობლემები სხვა დაავადებებსაც ახლავს. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

გაფანტული სკლეროზის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, ტვინის რომელ ნაწილში დაიწყო მიელინის დაზიანება, ამიტომ ის სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულია. ყველაზე ხშირად ზიანდება ნერვული ბოჭკოები, რომლებიც მხედველობასა და მოძრაობაზე არიან პასუხისმგებელნი. 

გაფანტული სკლეროზისთვის დამახასიათებელი მოძრაობის პრობლემები. ეს შეიძლება იყოს სხეულის ერთ მხარეს ან ფეხისა და ხელის, ან ორივე კიდურის დასუსტება-გაშეშება; პრობლემები კისრის მოძრაობისას - განსაკუთრებით თავის წინ გადაწევისას, ადამიანი გრძნობს „დენის დარტყმას“, რომელიც თავიდან ფეხებამდე ხერხემლის გავლით ფიქსირდება; ხელების კანკალი, კოორდინაციის დარღვევა და სიარულის არამყარი მანერა;

გაფანტულ სკლეროზს ახლავს მხედველობის გაუარესებაც. ეს შეიძლება იყოს მხედველობის როგორც ნაწილობრივი, ასევე სრული დაკარგვა - ყველაზე ხშირად ცალ თვალში. ამ დროს თვალების მოძრაობას ახლავს ტკივილი. გაფანტული სკლეროზის ერთ-ერთი სიმპტომია მხედველობის „გაორება“ და ბუნდოვანება. ამ ყველაფრის პარალელურად ნიშანდობლივია გაუგებრად საუბარი და თავბრუსხვევა. ზოგიერთი პაციენტი სწრაფ გადაღლას, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ტკივილს, სექსუალური ფუნქციის დარღვევას, ნაწლავებისა და საშარდე ბუშტის პრობლემებს უჩივის. 

იმის გაგება, რომ ადამიანს გაფანტული სკლეროზი ეწყება, არ არის მარტივი იმიტომაც, რომ დაავადება სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად ვლინდება. ექიმებს უწევთ ორიენტირება არა იმდენად ანალიზებსა და გამოკვლევებზე, რამდენადაც თავად პაციენტის მდგომარეობაზე. არც თუ ისე იშვიათად ექიმს სჭირდება დრო, რომ ზუსტი დიაგნოზი დასვას. გაფანტული სკლეროზის 85-90%-ი იწყება რეციდიულ-რემისიული ფორმით, რაც გულისხმობს პერიოდულად სიმპტომების ერთგვარ შემსუბუქებას და პაციენტი თითქოს თავს უკეთ გრძნობს. მხოლოდ 10-20 წლის შეიძლება დაიწყოს მორიგი ეტაპი, რომელსაც მეორადად პროგრესული გაფანტული სკლეროზი ჰქვია. ამ შემთხვევაში სიმპტომები ყოველი შეტევის დროს მწვავდება. შესაძლოა, გაუმჯობესების პერიოდი საერთოდ არ დადგეს - პაციენტი სულ უფრო ცუდად ხდება.

პაციენტები დაახლოებით 10%-ს დაავადება თავიდანვე მძიმე ფორმით უვლინდება. ამ შემთხვევას პირველადად პროგრესულ გაფანტულ სკლეროზთან გვაქვს საქმე. დაავადების ეს ფორმა შედარებით გვიან ასაკში წარმოიქმნება (დაახლოებით 40 წლის შემდეგ), თუმცა შეუძლია ორჯერ უფრო სწრაფად პროგრესირება, ვიდრე რეციდიულ-რემისიულ გაფანტულ სკლეროზს. ამ დროს ადამიანის მდგომარეობა თავიდანვე სისტემატურად უარესდება და მომჯობინების თუნდაც დროებითი პერიოდი არ არსებობს.

პირველადად პროგრესული გაფანტული სკლეროზის ყველაზე ხშირი სიმპტომია გადაადგილების პრობლემა, რომელიც ეტაპობრივად კიდევ უფრო რთულდება. ეს ხშირად ერევათ მოძრაობის გართულებაში, რომელიც 40-50 წლის ადამიანებს სხვადასხვა მიზეზების გამო არც თუ ისე იშვიათად აქვთ. ამიტომ ზუსტი დიაგნოზისთვის აქაც დროა საჭირო.

გაფანტული სკლეროზისგან განკურნება მართლაც შეუძლებელია?

გაფანტული სკლეროზისგან განკურნება დღეისათვის ნამდვილად შეუძლებელია. თუმცა არსებობს პრეპარატები, რომლებიც დაავადების პროგრესირებას აფერხებს და ადამიანს სიმპტომების გაკონტროლებაში ეხმარება. წამალი აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს. მაგალითად, რეციდივთან გასამკლავებლად იღებენ სტეროიდულ პრეპარატებს, რომლებიც ანთებასა და შეშუპებას აცხრობს, ამავდროულად, ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.

რეციდიულ-რემისიული გაფანტული სკლეროზი სხვადასხვანაირად ვითარდება - ძალიან მსუბუქი ვარიანტიდან აგრესიულ ფორმამდე, ამიტომაც ხანდახან მედიკამენტები საჭირო არ არის. თუ დაავადება ნელ-ნელა ვითარდება, წამალმა შეიძლება უფრო დააზიანოს პაციენტი, ვიდრე მას რაიმე სარგებელი მოუტანოს.

სხვა შემთხვევაში ექიმს შეუძლია ისეთი პრეპარატის დანიშვნა, როგორიც არის ინტერფერონი. ეს არის წამალი, რომელსაც იმუნიტეტის რეგულირება შეუძლია და იმუნურ უჯრედებს ცოტა უფრო აგრესიულს ხდის. თუ ადამიანს პირველადად პროგრესული გაფანტული სკლეროზი აქვს, მკურნალობა თავიდანვე დაინვალიდების რისკის შემცირებისკენ არის მიმართული. ამისათვის პაციენტს სჭირდება ანტი-B-უჯრედული თერაპია, რომელიც კონკრეტულ იმუნურ უჯრედებზე ზემოქმედებს და ამით იმუნიტეტს აქვეითებს.

გაფანტული სკლეროზის დროს რეაბილიტაცია საჭიროა?

საჭიროა და აუცილებელიც. გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებისთვის ფიზიკური დატვირთვის მნიშვნელობა ჯერ კიდევ 1996 წელს დაამტკიცეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ვარჯიშობდნენ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქცია და კუნთების მოძრაობა გაუუმჯობესდათ. მათ გადაღლილობა და დეპრესია ნაკლებად აწუხებდათ და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც ხშირად იყვნენ ჩართული.

კანადელი მეცნიერების რეკომენდაციით, სასარგებლოა კვირაში ორჯერ ვარჯიში და დამატებით კუნთების ძირითადი ჯგუფისთვის სასარგებლო კონკრეტული მოძრაობების რამდენჯერმე გაკეთება. ეს სახლის პირობებშიც სავსებით შესაძლებელია. თუმცა დღეს ითვლება, რომ ყველაზე კარგია კომპლექსური რეაბილიტაცია, რომელსაც ფიზიკური თერაპევტი, რეაბიტოლოგი და ნეიროფსიქოლოგი (საჭიროების შემთხვევაში ლოგოპედიც) ერთობლივად ადგენენ.

არსებობს თუ არა გაფანტული სკლეროზის შემაფერხებელი სპეციალური დიეტა?

ასეთი დიეტა არ არსებობს. თუმცა დაბალანსებული ჯანსაღი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს აფერხებს. ექსპერტების რეკომენდაციით, გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებმა კვების რაციონში რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი და მარილი უნდა შეიტანონ. ვიტამინების მიღება კი გაფანტულ სკლეროზს არ შველის. მეტიც, ისინი საზიანო უფროა ამ შემთხვევაში, ვიდრე სასარგებლო. ერთადერთი გამონაკლისია D ვიტამინი. არსებობს მტკიცებულება, რომ გაფანტული სკლეროზის დროს D ვიტამინის მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ, მაგრამ მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.

გაფანტული სკლეროზის მქონე ქალისთვის ფეხმძიმობა საშიშია?

გაფანტული სკლეროზის მქონე ქალებს ადრე ფეხმძიმობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ. ითვლებოდა, რომ დაავადება ამ შემთხვევაში უფრო რთულად წარიმართებოდა. მაგალითად, აშშ-ში ეს პრაქტიკა 1950 წლამდე არსებობდა. თუმცა მას შემდეგ მეცნიერებმა ბევრი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ყველაფერი პირიქით არის - ფეხმძიმობას შეუძლია დაავადების რეციდივების რაოდენობა შეამციროს, განსაკუთრებით კი მეორე და მესამე ტრიმესტრში.

მშობიარობის შემდეგ რეციდივების ალბათობა იზრდება, მაგრამ დაინვალიდების რისკი არ იმატებს. აქვე უნდა ითქვას, რომ გაფანტული სკლეროზის დროს ფეხმძიმობა ჩვეულებრივზე რთულად მიმდინარეობს. გადაადგილების პრობლემებთან ერთად სხვადასხვა ორგანოს ფუნქციონირებაც რთულდება. სწორედ ამიტომ ფეხმძიმობა ექიმის რეკომენდაციის სრული გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს.

სხვა თემები