06 აპრილი 2018 - 11:56

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც თქვენს ახლობელს დემენცია აქვს

ფოტო: shutterstock.com

დემენცია არის სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. მსოფლიოში მილიონობით მოხუცი ადამიანი აწყდება ამ პრობლემას. ეს დიდი გამოცდაა, როგორც თავად დაავადებული ადამიანისათვის, ასევე მისი ახლობლებისათვის.

დემენცია - მეხსიერების გაუარესებაა?

ყოველთვის არა. ასაკში ბევრ ადამიანს უჩნდება პრობლემები მოკლევადიან მეხსიერებასთან დაკავშირებით: უჭირს სიახლეების დამახსოვრება, სწავლა. ყოველდღიურ ცხოვრებაზე ეს არ აისახება და ის ჯანმრთელი დაბერების ნაწილად მიიჩნევა. მაგრამ თუ გულმავიწყობა ცხოვრების ჩვეულ მდინარებას არღვევს, ხელს უშლის ადამიანს მუშაობაში და ის ნელ-ნელა კარგავს ჩვევებს - ეს მხოლოდ დაბერების ნიშანი არ არის.

როგორ გავიგო რომ ადამიანს დემენცია აქვს?

დიაგნოზის დასმა - ექიმის საქმეა, მაგრამ არსებობს ნიშნები, როდესაც შეიძლება გაგიჩნდეთ ეჭვი, რომ თქვენს ახლობელს დემენცია ეწყება. ეს ნიშნებია:

- ხშირად კარგავს მნიშვნელოვან ნივთებს და მათ უცნაურ ადგილებში ინახავს;
- ხშირად სვამს ერთსა და იმავე კითხვას, მიუხედავად იმისა რომ პასუხი ახლახან მიიღო;
- ერევა დრო ან იკარგება ნაცნობ ადგილებში;
- კონცენტრაციის პრობლემები აქვს, ფინანსური გათვლები ეშლება;
- ვერ ითვისებს მარტივ ინსტრუქციებს, მაგალითად როგორ ირთვება სარეცხი მანქანა;

არსებობს დემენციის სხვა ნიშნებიც: შეიძლება ადამიანს უცებ მკვეთრად შეეცვალოს ხასიათი, ქცევა, განწყობები. დაავადების ადრეულ ეტაპზე აქტიური ადამიანი შეიძლება გახდეს აპათიური, უინიციატივო. მოგვიანებით, დაავადების განვითარებასთან ერთად, ზოგიერთი პაციენტი ხდება გაღიზიანებული, მოუთმენელი ან იმპულსური, სხვები - შფოთიანები და აგრესიულებიც კი. ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ბოდვითი აზრები (მაგალითად ის, რომ მეზობლები უთვალთვალებენ ან ნივთებს ჰპარავენ) და სექსუალური შეუკავებლობა (არაადეკვატურად მაღალი სექსუალური აქტივობა, მათ შორის ახლო ნათესავების მიმართ). ტვინის მუშაობის მოშლის შედეგად ადამიანის ქცევა გაუცნობიერებელი ხდება, პაციენტი ვერ ცნობს თავის ნათესავებს, ნელ-ნელა კარგავს მეტყველების აღქმის და ლაპარაკის უნარს.

ჩემს ახლობელს დემენციის ნიშნები აქვს. როგორ მოვიქცე?

რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმები აღნიშნავენ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ახანგრძლივებს ახლობლის ღირსეულ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ექიმს გვიან მიმართავს ანუ ისეთ დროს, როდესაც ის მცირერიცხოვანი წამლები, რომლებსაც შეუძლია დემენციის პროცესის განვითარების შენელება და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება, უკვე აღარ მოქმედებს.

დემენციის მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ იცის დემენტოლოგმა, რომელთანაც შეიძლება რაიონის ნევროლოგმა გაგაგზავნოთ, ნევროლოგთან კი - თერაპევტმა.

კარგი ექიმი როგორ შევარჩიო?

აქ მკაფიო რეკომენდაციების გაცემა რთულია. უფრო იოლად მიხვდებით იმას, გაწყობთ თუ არა კონკრეტული სპეციალისტი. მაგალითად, თუ ექიმი უმალ გეტყვით: „რა პრობლემაა? ამ ასაკისთვის ეს ნორმალურია“, სჯობს მას დროზე გაეცალოთ. ექიმმა არ უნდა ილაპარაკოს პაციენტზე აგდებით ან ისე, თითქოს ის კაბინეტში არ არის, გამოთქვას მკაფიო პროგნოზები სიცოცხლის ხანგრძლივობასა და დაავადების განვითარების სიჩქარეზე, ან გასცეს განკურნების პირობა. დემენციით დაავადებულ ადამიანებს სჭირდებათ ხანგრძლივი და რეგულარული დაკვირვება, ამიტომ მნიშვენლოვანია, რომ ექიმი მზად იყოს კითხვებზე პასუხი გაგცეთ და გახდეს თქვენი პარტნიორი ახლობელ ადამიანზე ზრუნვისას.

ჩემს ნათესავს მიაჩნია, რომ პრობლემა არ აქვს და ექიმთან არ მომყვება. რა ვქნა?

ხშირი შემთხვევაა. დემენციით დაავადებული ადამიანები არასკმარისად კრიტიკულად აფასებენ თავის მდგომარეობას და ექიმთან ვიზიტზე უარს ამბობენ. ზოგჯერ ადამიანისთვის უფრო იოლია დათანხმდეს კონსულტაციას, თუ მიაჩნია, რომ სპეციალისტთან მისვლის მთავარი საბაბი მაგალითად, უძილობაა და არა ისეთი სიმპტომები, რომლებიც მეხსიერების და კოგნიტური უნარების გაუარესებას უკავშირდება. სპეციალისტების რეკომენდაციაა, მაქსიმალურად გამოავლინოთ ტაქტი და შეძლებისდაგვარად არ მოატყუოთ ახლობელს. თუ პაციენტის დაყოლიება შეუძლებელია, შეგიძლიათ ფსიქიატრი სახლში მიიყვანოთ.

დემენციის განკურნება შეუძლებელია?

მეცნიერებმა მის წინააღმდეგ ეფექტიან საშუალებას ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს. სიბერის დემენციის ყველაზე გავრცელებული მიზეზი - ალცჰაიმერის დაავადებაა. ზუსტად არავინ იცის თუ რატომ და როგორ ვითარდება ეს დაავადება, ამიტომ მკურნალობის გზებს ვერ პოულობენ.

ერთადერთი რაც ექიმს შეუძლია - ეს ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. სწორმა მკურნალობამ შეიძლება ზოგიერთი სიმპტომი შეამსუბუქოს, მაგალითად დეპრესია, შფოთი, გაღიზიანება, აგრესია. გარდა ამისა, არსებობს წამლები, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების დროს პაციენტის მეხსიერებას აუმჯობესებს და ძირითად უნარებს უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნარჩუნებს.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ალცჰაიმერის დაავადების დროს ექვს თვეში ერთხელ ბიოლოგიურად აქტიური დანამატების, ნოოტროპების და წვეთოვნების ეფექტიანობა დადასტურებული არ არის.

წამლების გარდა კიდევ რა არის საჭირო?

ზრუნვა და მოვლა. დემენციით დაავადებულ ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია ადეკვატურად თავის მოვლა. ზოგჯერ მას უჭირს დამოუკიდებლად ჩაცმა და მაღაზიაში გასვლაც. მნიშვნელოვანია, თვალი ადევნოთ იმას, რომ მან თავი არ დაიზიანოს. რეკომენდებულია, რაც შეიძლება შორს გადამალოთ პოტენციურად საშიში საშუალებები (წამლები, გამწმენდი საშუალებები). შეეცადეთ, რომ არ წაიქცეს, ამისთვის სახლში კარგი განათება უნდა იყოს და იატაკი - სადენებისაგან და სრიალა ხალიჩებისაგან თავისუფალი. თუ სახლში გაზია, ისეთი ქურა უნდა აარჩიოთ, რომელიც გაზის მიწოდებას თავად თიშავს, თუ თქვენს ახლობელს მისი ანთება დაავიწყდა და ა.შ. სამწუხაროდ, გარკვეული დროის შემდეგ მსგავსი ზომების მიღება აუცილებელია ხოლმე, თქვენს ახლობელს მუდმივი მომვლელი დასჭირდება.

როგორ უნდა მოვექცე დემენციით დაავადებულ ადამიანს?

ეს მართლაც რთული საკითხია. მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შეიკავოთ თავი მასზე გაღიზიანებისაგან. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ის ვერ აკონტროლებს სრულად თავის ქმედებებს. ამ თემაზე რჩევების ერთ მასალაში თავმოყრა შეუძლებელია. თუმცა რთული არ არის ამ მხრივ სასარგელო რეკომენდაციების მოძებნა, მაგალითად ინტერნეტში.

მთელი დღის განმავლობაში სახლში ვერ ვიქნები. როგორ მოვიქცე?

შეიძლება დამხმარე ადამიანის, მოხუცების მოვლის სპეციალისტის აყვანა, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება ბევრს არ აქვს, სახელმწიფო კი მოქალაქეებს მსგავსს სერვისს არ სთავაზობს. მაგრამ თუ ფინანსური შესაძლებლობა არის, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ შესაფერისი ადამიანის დაქირავება ძალიან რთულია და არსებობს რისკი იმისა, რომ თვითმარქვიას გადაეყრებით. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კანდიდატს მთავარია ჰქონდეს არა სამედიცინო განათლების დამადასტურებელი ცნობა, არამედ იყოს კეთილგანწყობილი, ჯანსაღად მოაზროვნე, მომთმენი და მზად იყოს ექიმების რეკომენდაციების შესასრულებლად.

დემენციის დროს ადამიანი იურიდიული გადაწყვეტილებების მიღების უფლებას კარგავს?

სახელმწიფოს თვალსაზრისით ადამიანი იურიდიულ დამოუკიდებლობას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ ის სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო, ანუ გადაწყვეტილებების მიღებასა და საკუთარი ქმედებების მნიშვნელობის გააზრებასა და მართვაში უუნაროდ. ასეთ დროს ადამიანი კარგავს უფლებას გააფორმოს შეთანხმებები და განკარგოს ქონება. მას უნიშნავენ მეურვეს, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს სხვადასხვა საკითხები, მათ შორის დაკავშირებული მის მკურნალობასთან, ჰოსპიტალიზებასთან, ასევე დაეხმაროს მას სახლის საქმეებში და იზრუნოს მის უსაფრთხოებაზე.   

მნიშვნელოვანია გამოძებნოთ მეთოდი, რომლითაც თქვენს ახლობელთან იურიდიულ საკითხებს წინასწარ გაივლით, რადგან ნელ-ნელა მისი მდგომარეობა გაუარესდება.

წყარო: Meduza

სხვა თემები