16 ივნისი 2019 - 18:30

ხელების კანკალი პარკინსონის დაავადების უტყუარი ნიშანია?

პარკინსონი

ფოტო: Shutterstock

პარკინსონის დაავადება ადამიანების 1%-ს აქვს, მაგრამ მასზე საჯაროდ იშვიათად საუბრობენ. ნიშნავს თუ არა აუცილებლად ხელების კანკალი პარკინსონის დაავადებას? რა სიმპტომების ახასიათებს მას? არის თუ არა შესაძლებელი ამ დაავადებისგან განკურნება?

ხელების კანკალი პარკინსონის დაავადების უტყუარი ნიშანია?

ყოველთვის არა. პარკინსონის დაავადების დროს, გარკვეული ნეირონების ეტაპობრივი დაღუპვის შედეგად ტვინში დოფამინის უკმარისობაა. ეს პროცესი სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად ვლინდება. პაციენტების ნაწილს ხელების კანკალი მაშინ ეწყება (თავდაპირველად ცალი ხელი, შემდეგ ორივე), როდესაც არაფერს აკეთებს. ამას სიმშვიდის ტრემორი ეწოდება.

პარკინსონის დაავადებას ამ სიმპტომის გარდა სხვა თავისებურებებიც ახასიათებს. ეს შეიძლება იყოს მოძრაობის თავისუფლების შეზღუდვა (სიარულისას ადამიანი ხელებს არ ამოძრავებს) და შენელებული მოძრაობა. თუ ამ სამი სიმპტომიდან ორი სახეზეა, ამ მდგომარეობას „პარკინსონიზმი“ ეწოდება. თუმცა ეს თავისებურებები მხოლოდ პარკინსონის დაავადებას არ ახასიათებს, არამედ ტვინის სიმსივნის, თავის ტრავმისა და სხვა დაავადებების დროსაც ვლინდება.

პარკინსონის დაავადება გენეტიკურია?

ამ შემთხვევაში გენეტიკურობა მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პარკინსონით დაავადებულთა 10-15%-ს ანალოგიური პრობლემის მქონე ახლო ნათესავი ჰყავს. დაავადების გენეტიკურობის ალბათობა უფრო მაღალია, თუ ის ადამიანს 50 წლამდე უვითარდება. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, პარკინსონის დაავადება ყველაზე ხშირად აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით რძის პროდუქტებს მიირთმევდნენ ან ისინი, ვინც პესტიციდების ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

პარკინსონის დაავადების თავიდან აცილების გზები ექიმებმა ჯერ არ იციან, მაგრან გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად რეგულარულად ვარჯიშობენ და კოფეინს იღებენ, იშვიათად ავადდებიან.

როგორ მივხვდე, რომ ეს სწორედ პარკინსონის დაავადებაა?

ეს არც ისე ადვილია, განსკუთრებით კი ადრეულ ეტაპზე, როდესაც სიმპტომები არც ისე აშკარაა და ხან ჩნდება, ხან ქრება. პარკინსონის დაავადებას სხვადასხვა სიმპტომი აქვს. შესაბამისად, სხვადასხვა ადამიანს ის განსხვავებული ფორმით უვლინდება. ექიმი დიაგნოზს სწორედ სიმპტომებზე დაყრდნობით სვამს - მაგნიტო-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია ამის საშუალებას არ იძლევა. გამოკვლევა შეიძლება დაინიშნოს იმისთვის, რომ სხვა დაავადებები გამოირიცხოს.

55 წელს გადაცილებულ ადამიანებში პარკინსონის დაავადების ეჭვს ასიმეტრიული პარკინსონიზმი იწვევს. იმავდროულად, აუცილებლად უნდა ფიქსირდებოდეს შენელებული მოძრაობა. მეორე აუცილებელი სიმპტომია მოძრაობის თავისუფლების შეზღუდვა და უნებლიე კანკალი. შეიძლება იყოს დაავადების სხვა გამოვლინებებიც. ეს შეიძლება იყოს დეპრესია, უძილობა, სუნზე მგრძნობელობის შეზღუდვა ან საერთოდ დაკარგვა. კარგი მინიშნებაა დადებითი რეაქცია წამალზე, რომელიც სწორედ ამ დაავადების მკურნალობისკენ არის მიმართული.

როგორ უნდა განვიკურნო პარკინსონის დაავადებისგან?

პარკინსონის დაავადებისგან განკურნება ან მისი პროგრესირების შეჩერება რაიმე პრეპარატით, დღეისათვის შეუძლებელია. მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია სიმპტომებზე, ასაკზე, პაციენტის მიზანსა და სხვა ფაქტორებზე.

არსებობს პრეპარატების ძირითადი ჯგუფი, რომელსაც პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. მათ განსხვავებული ეფექტი აქვთ. ზოგიერთ პაციენტში ესა თუ ის წამალი არასასურველ შედეგს იწვევს (ჰალუცინაციებსაც კი), ამიტომ მათი შერჩევა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. ამისათვის კი საერთო სქემა არ არსებობს. 

მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა პარკინსონის დაავადებასთან საბრძოლველად ფიზიკურ და მეტყველების თერაპიასაც მიმართავენ. სპეციალისტების აზრით, არსებობს მონაცემები, რომ სწორედ ეს მეთოდებია საკმაოდ ეფექტიანი გარკვეული ფიზიკური სიმპტომების დასაძლევად ან მეტყველების გაუარესების შემთხვევაში. ექიმების განმარტებით, საწყის ეტაპზე ფიზიკური აქტივობა საკმარისია, მაგრამ გადაღლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამიტომ აუცილებელია ვარჯიშს სპეციალისტი აკვირდებოდეს.

რა არის ნეიროსტიმულაცია?

ეს არის მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც ტვინში შეჰყავთ ელექტროდები და მათ იქ ტოვებენ. სტიმულაციის ეს მეთოდი პაციენტს ეხმარება, დაავადებისთვის დამახასიათებელი ფიზიკური სიმპტომები შეასუსტოს. პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ექიმები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს მეთოდი პარკინსონის დაავადებასთან საბრძოლველად ეფექტიანი არ არის.

პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დამისვეს. რა ვქნა?

პარკინსონის დაავადება ყველა ადამიანს სხვადასხვა სისწრაფითა და მიმართულებით უვითარდება, თუმცა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ის დიდად არ აისახება. თანდათან სიტუაცია შეიძლება ისე გართულდეს, რომ ექიმის დახმარება გარდაუვალი იყოს. ამიტომაც მაქსიმალურად ზუსტად დაიცავით სამედიცინო ინსტრუქცია და თქვენი ყოველდღიურობა სპეციალისტის რეკომენდაციის მიხედვით დაგეგმეთ.

სხვა თემები