23 ივნისი 2019 - 20:27

რუსი ტურისტები. როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე?

ფოტო: shutterstock.com

21 ივნისს, საღამოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანას უკრძალავს, რუსულ ტუროპერატორებს „ურჩიეს“ ამ თარიღის შემდეგ საგზურები აღარ გაყიდონ, რაც ფაქტობრივად საქართველოში ორგანიზებული ტურიზმის აკრძალვაა.

აკრძალვა მხოლოდ რუსულ კომპანიებზე გავრცელდება?

არა, ქართულ კომპნიებზეც. ბრძანებაში უცხოურ ავიაკომპანიებზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ მალევე მისი ხელმოწერის შემდეგ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გაახსენდა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა აერონავიგაციის ვალი (793 ათასი დოლარი და 592 ათასი რუბლი), მაგრამ დღემდე არ დაუფარავს. მეორე საბაბი - „საავიაციო უსაფრთხოების საკმარისი დონის უზრუნველყოფის აუცილებლობაა“ (ამასთან სამინისტრო არ განმარტავს, უსაფრთხოების რა პრობლემები წარმოიქმნა უცებ).

შესაბამისად, 8 ივლისს ქართულ Georgian Airways-ს და MyWay Airlines-ს ასევე აეკრძალება რუსეთში ფრენა.

ამასთან, რუს ტურისტებს ბილეთების და საგზურების ფულის დაბრუნებაც შესთავაზეს. „როსტურიზმმა“ შესაბამისი განმარტებები უკვე გამოსცა, ბილეთების ფულის დასაბრუნებლად მზად არიან რუსული ავიაკომპანიებიც - ისინი სრულად თანხას იმ მგზავრებს დაუბრუნებენ, რომლებმაც ბილეთები 8 ივლისის შემდეგ დაგეგმილ რეისებზე იყიდეს, ამ თარიღამდე ნაყიდზე ავიკომპანის კონკრეტული ტარიფის წესები იმოქმედებს.

რუსი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ შეძლებენ?

შეძლებენ, მათ შორის თვითმფრინავითაც, ოღონდ მესამე ქვეყნების გავლით. Georgian Airways-მა უკვე განაცხადა, რომ ერევნის გავლით სატრანზიტო მარშრუტს აამოქმედებს, რუსულ კომპანიებს ჯერ მსგავსი გეგმების შესახებ არაფერი უთქვამთ. სატრანზიტო რეისები შესაძლებელია ასევე მინსკის, ბაქოს და სტამბოლის გავლით, ამასთან თითქმის იმავე ფასად, როგორც პირდაპირი ფრენებისას. შესაძლებელია ასევე გადამკვეთი რეისებით ევროპის გავლით, მაგალითად, რიგადან.

იმავდროულად, აკრძალვა არ ვრცელდება ტრანსპორტის სხვა სახეობებზე, მაგალითად, ავტობუსზე, ავტომობილზე.

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის წესები შეიცვალა?

არა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ვიზა ძველებურად არ სჭირდებათ. 

ამასთან, აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან შემოსვლა 2008 წლის შემდეგ არღვევს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს. მაგრამ იმის გამო, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის მოქალაქეების სტუმრობა მათ პასპორტებში არ აღინიშნება, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვიზიტის დამტკიცება რთულია, და კანონი ფაქტობრივად ვერ მოქმდებეს. მაგრამ მისი დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.

საქართველო რუს ტურისტებში პოპულარულია?

ძალიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანას 1,4 მილიონი რუსი სტუმრობდა, რაც მეორე ადგილია აზერბაიჯანის შემდეგ. 2019 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, რუსეთმა გაასწრო აზერბაიჯანს და პირველი ადგილი დაიკავა, გააგზავნა რა საქართველოში უკვე 539 ათასი ტურისტი.

საქართველოსთან ფრენების სრული შეწყვეტით მიღებული სავარაუდო ზიანი ქვეყნის ეკონომიკისთვის წინასწარ შეფასდა დაახლოებით $250-დან $300 მილიონით, რაც ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების 8-9%-ა.

რაც შეეხება იმას, თუ რა თანხას ხარჯავს რუსი ვიზიტორი საშუალოდ საქართველოში, ტურიზმის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წელს ეს თანხა იმაზე ნაკლებია, ვიდრე თანხა, რომელიც საქართველოში ევროპელმა ტურისტებმა დახარჯეს.

ამასთან, რუსების უმრავლესობა საქართველოს სტუმრობს არა ტურისტული სააგენტოების საშუალებით, არამედ დამოუკიდებლად. რუსეთის ტუროპერტორების ასოციაციის ინფორმაციით, 21 ივნისს საქართველოში იყო 5-7 ათასი ორგანიზებული ტურისტი და ორ-სამჯერ მეტი ისეთი ვიზიტორი, რომელმაც მოგზაურობა თავად დაგეგმა. „როსტურიზმს“ ორგანიზებულ ტურებთან დაკავშირებით უფრო მოკრძალებული მონაცემები მოჰყავს: უწყების ცნობით, საქართველოში საგზურით მხოლოდ 1500 რუსეთის მოქალაქეა.

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას პირველად წყვეტს?

არა. პირდაპირი ფრენები გაუქმებული იყო 2006-2008 წლებში, მოგვიანებით კი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 2008 წლის აგვისტოდან 2010 წლამდე. სრულად აღდგა მხოლოდ 2015 წლიდან.

მაგრამ წინა აკრძალვების გავლენის შეფასება ტურისტულ ბაზარზე რთულია, რადგან საქართველოში მოგზაურობა რუსებში პოპულარული გახდა ამ აკრძალვების გაუქმების შემდეგ. 2011 წლიდან (უფრო ადრეული მონაცემები საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს გამოქვეყნებული არ აქვს) რუსი ტურისტების რაოდენობა ექვსჯერ გაიზარდა.

აკრძალვა როდის გაუქმდება?

უცნობია. პუტინის ბრძანების ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ აკრძალვის გასაუქმებლად „საქართველოში სიტუაცია უნდა გახდეს ნორმალური და გაქრეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოველგვარი საფრთხე“. რას მიიჩნევენ კრემლში „ნორმალიზებად“ და რა ფაქტობრივი საფრთხეები ემუქრებათ რუსეთის მოქალაქეებს პესკოვს არ დაუკონკრეტებია.

სხვა თემები