01 ივლისი 2019 - 17:54

გადაუდებელი საქმე მაქვს, მაგრამ სოციალურ ქსელს ვერ ვწყდები. მიშველეთ!

პროკრასტინაცია

ფოტო: shutterstock.com

ძალიან ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ სოციალურ ქსელსა და თქვენს საყვარელ ინტერნეტგვერდებს ვერ წყდებით? არ იდარდოთ, თქვენ მარტო არ ხართ. ამ ტიპის დამოკიდებულებას პროკრასტინაცია ჰქვია და ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანს გადაუდებელი საქმე აქვს, მაგრამ ის მუდმივად სხვა რამით არის დაკავებული. ხანდახან ეს გაცნობიერული ქმედებაა, ზოგჯერ - არა, ხშირად კი ეს არის სოციალურ ქსელებში საათობით დროის გატარება. აქვს თუ არა პროკრასტინაციას მეცნიერული ახსნა? როგორ ვისწავლო ჩემი დავალების დროულად შესრულება და როგორ დავუსხლტდე მაცდურ ინტერნეტს?

აქვს თუ არა პროკრასტინაციას მეცნიერული ახსნა?

აქვს. საქმე იმაშია, რომ ემოციებს და კოგნიტური ქმედებებს ტვინის სხვადასხვა უჯრედიაკონტროლებს. ლიმბური სისტემა სიამოვნების ცენტრის მუშაობაზეა პასუხისმგებელი, დაგეგმვაზე, ყურადღებასა და კოგნიტურ ქმედებაზე კი - პრეფრონტალური ქერქი. როდესაც ადამიანს რთული და შესაძლოა, უსიამოვნო გადაწყვეტილების მიღება უწევს, ლიმბური სისტემა განგაშს ტეხს და დადებით ემოციებს ითხოვს. თუ ლიმბური სისტემა იმარჯვებს, პროკრასტინატორი თავის სამუშაოს სხვა დროისთვის გადადებს და კატების გიფების თვალიერებას იწყებს.

ბევრად მარტივად ახსნა ეს ფენომენი გამოცდილმა პროკრასტინატორმა, ბლოგ Wait But What-ის ავტორმა ტიმ ურბანმა TED-ის ერთ-ერთ კონფერენციაზე. მან დამსწრე საზოგადოებას ორგანიზებული ადამიანისა და პროკრასტინატორის ტვინის შედარება შესთავაზა. ურბანის განმარტებით, ტვინში არის ერთგვარი „შტურვალი“, რომელიც განსაზღვრავს, რისკენ არის კონკრეტულად ადამიანის ყურადღება მიმართული. ზოგიერთი ადამიანის „შტურვალთან“ დგას რაციონალურად მოაზროვნე ზრდასრული, რომელიც ცივი გონებით განიხილავს მოცემულ დავალებებს და შეუძლია განსაზღვროს, თუ რა შედეგს მოუტანს მას სამომავლოდ თითოეული მათგანი. პროკრასტინატორის ტვინშიც არის ასეთი ზრდასრული, მაგრამ მას მუდამ ყურადღებას უფანტავს პატარა მაიმუნი, რომელსაც გართობა და იმწამიერი სიამოვნება სურს. ეს გრძელდება იქამდე, ვიდრე პანიკური მონსტრი (ამა თუ იმ დავალების ბოლო ვადა) არ გამოჩნდება და მაიმუნს არ განდევნის. ბოლოს და ბოლოს პროკრასტინატორიც იწყებს საქმის კეთებას.

როგორ ვებრძოლო პროკრასტინაციას?

სასურველია, მოცემული დავალებების ჩამონათვალი გააკეთოთ. თუმცა გრანდიოზული მიზნების დასახვა, საჭირო არ არის. პირიქით, თითოეული დავალება არც ისე დიდ და მარტივ პუნქტებად უნდა დაყოთ. ასე ბევრად მარტივად გაართმევთ თავს თქვენს საქმეს. მაგალითად, თუ თქვენ დიდი მოცულობის სამეცნიერო ნაშრომი ან სტატია გაქვთ დასაწერი, პირველი დავალება იქნება „თემის სათაურისა და შესავლის დაწერა“. არაფერი იმაზე სასიამოვნო არ არის, ვიდრე შესრულებული სამუშაოების მონიშვნა, თუდაც ეს ძალიან მარტივი იყოს. სწორედ ეს შეგრძნებაა ერთგვარი სტიმული დავალების მორიგი პუნქტის შესასრულებლად.

მარტივი დავალებებისთვის მკაცრი ვადები უნდა დათქვათ. მნიშვნელოვანია, ისინი მარტივად და სასიამოვნოდ დაიცვათ. დავალების შესრულების ჩამონათვალში შეიტანეთ არა მარტო საქმესთან დაკავშირებული პუნქტები, არამედ ჩართეთ „ლირიკული გადახვევებიც“. ისეთი როგორიც არის, სახლში დარეკვა, ექიმთან ჩაწერა, სადილზე გასვლა, 15 წუთი დივანზე წამოწოლა და სხვ.

დავალებების ჩამონათვალმა არ მიშველა. რა ვქნა?

ხელს ნუ ჩაიქნევთ. დასახმარებლად პანიკურ მონსტრს მოუხმეთ. ხშირად ადამიანები თავინთ საქმეს იმიტომ გადადებენ, რომ იციან: არაფერიც რომ არ გააკეთონ, ამით არაფერი დაშავდება. შესაძლებელია ისეთი სიტუციის შექმნა, რომელიც დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში უხერხულობას შეგიქმნით. მაგალითად, თუ თქვენ წიგნს წერთ, ყველა სოციალურ ქსელში დაწერეთ: ელოდეთ, მე წიგნს ვწერ! ამ შემთხვევაშუ უკანდასახევი გზა აღარ გექნებათ. 

არსებობს ნაკლებ რადიკალური მეთოდები. მაგალითად, ვინმეს სთხოვოთ თქვენი გაკონტროლება - დაგირეკოთ ან გკითხოთ, როგორ მიდის საქმე. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ მეთოდის გამოყენებისას შეიძლება „მაკონტროლებელთან“ იკამათოთ.

მთელ ჩემს დროს Facebook-ზე ვატარებ. ესაა ჩემი მთავარი პრობლემა!

სოციალურ ქსელებსა თუ ვიდეოპორტალ Youtube-ის მსგავს ვებგვერდებზე დამოკიდებულება მარტივი საქმე არ არის. პროკრასტინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ინტერნეტში ეფექტიანი მეთოდები მოიგონეს. არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც დროებით ბლოკავენ იმ ვეგბვერდებს, რომლებზეც შესვლა პროკრასტინატორისთვის რეკომენდებული არ არის. მაგალითისთვის, SelfControl, რომელიც Mac OS-თვის მუშაობს და Cold Turkey, რომელიც Windows-ის მომხმარებლებზეა გათვლილი. ასეთივე პროგრამები არსებობს ბრაუზერებისთვის: Stay Focused-ი Chrome-თვის და  LeechBlock-ი Firefox-თვის.

არსებობს სხვა ვარიანტებიც. ეს არის აპლიკაციები, რომლებიც თქვენ გაგაფრთხილებენ, რომ მავნე ვებგვერდებზე ძალიან ბევრ დროს ატარებთ ან შეგიდგენენ სტატისტიკას, რა დრო დახარჯეთ ამ ვებგვერდებზე ვიზიტისთვის.

კომპიუტერსა და ტელეფონში სოციალური ქსელები დავბლოკე. კიდევ რა ვქნა?

დაბლოკეთ ყველა უსარგებლო აპლიკაცია ტელეფონში. ამისათვის თქვენ გამოგადგებათ Offtime, რომელიც მუშაობს როგორც iOS-ისთვის, ასევე Android- ისთვის. ის საშუალებას გაძლევთ ტელეფონისთვის რამდენიმე რეჟიმი გამოიყენოთ - მაგალითად, სამუშაო რეჟიმი, როდესაც თქვენ ყურადღების გამფანტველი ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანა გსურთ. ამავე აპლიკაციას აქვს დასვენების დღის რეჟიმი, როდესაც შეგიძლიათ Instagram-ში ჩაიძიროთ.

არსებობს სხვა საშუალებაც. ეს არის აპლიკაცია BreakFree, რომელიც iOS-ისა და Android-ისთვის არის მიღებული. თუ თქვენ Facebook-ზე ან მობილურ თამაშებზე დიდ დროს ხარჯავთ, პროგრამა ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. ეს აპლიკაცია ადგენს სტატისტიკასაც, რა დროს ატარებთ მობილურ აპლიკაციებში. ის ამავდროულად, მობილურ ტელეფონზე თქვენი „დამოკიდებულების დონეს“ განსაზღვრავს.

გასაგებია. სულ ეს არის?

თითქმის. ეცადეთ, პროკრასტინაციის გამო თავი ძალიან არ დაიდანაშაულოთ. დანაშაულის შეგრძნება ნამდვილად არაფერში დაგეხმარებათ. ის მხოლოდ გაიძულებთ, მნიშვნელოვანი საქმეები ხვალისთვის გადადოთ.

სხვა თემები